ნინო ნადაშვილი
სსიპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფ. დარბაზის საჯარო სკოლის კონსულტანტი მასწავლებელი
არაქართულენოვან სკოლაში ვასწავლი 2015 წლიდან. თავდაპირველად ჩემი მოსწავლეები მხოლოდ საშუალო და საბაზო საფეხურის მოსწავლეები იყვნენ, რომელთაც აღენიშნებოდათ კითხვის, წერის, მოსმენისა და ლაპარაკის პრობლემები (ჰქონდათ მწირი ლექსიკა, უჭირდათ სიტყვების ამოკითხვა, ვერ გამოჰქონდათ აზრი წაკითხულიდან, არ შეეძლოთ ელემენტარული შეკითხვების გაგება და პასუხის გაცემა, ხშირად კითხულობდნენ „რომელი დ დავწეროთ – დიდი თუ პატარა“). ბუნებრივია, დავიწყე სხვადასხვა სტრატეგიისა და მიდგომის გამოყენება სასწავლო პროცესში, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ჩემს შრომას დიდი შედეგი არ მოუტანია.
მომდევნო სასწავლო წელს (2016-2017) მუშაობა დავიწყე პირველ კლასთან და მაშინ მივხვდი, თუ რა გამოწვევის წინაშე ვიდექი. კითხვისა და წერის სწავლა-სწავლება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო მიზანია. ის ახალი ცოდნის შეძენის, ლიტერატურის გაცნობის, ყოველდღიური, ყოფითი ამოცანების შესრულების აუცილებელი წინაპირობაა. კითხვის უნარის დაუფლება ხუთი ძირითადი კომპონენტის განვითარებას მოიცავს. ეს კომპონენტებია: ფონოლოგიური უნარ-ჩვევები, ანბანის ცოდნა, ლექსიკური მარაგი, გაწაფული/გამართული კითხვა და გაგება-გააზრება. ეს ხუთი კომპონენტი იდენტურია ანბანური დამწერლობის მქონე ენებისთვის. არ აქვს მნიშვნელობა კითხვას მშობლიურ ენაზე ეუფლება თუ მეორე ან მესამე ენაზე (კითხვისა და წერის სწავლება დაწყებით საფეხურზე (I-VI კლასები). სასწავლო მეთოდური რესურსების კრებული 2015).
ფონოლოგიურ უნარებში, ძირითადად, იგულისხმება სიტყვის შემადგენელ ბგერებსა (ფონემები) და მარცვლებზე ფოკუსირების, ასევე ამ ბგერებით მანიპულირების უნარები. ფონოლოგიური უნარის მქონე ბავშვმა უნდა შეძლოს: სიტყვის პირველი და ბოლო ბგერების იდენტიფიცირება, მსგავსი ბგერების ერთმანეთისაგან გარჩევა, ბგერების ერთმანეთზე გადაბმა, სიტყვის ბგერებად ან მარცვლებად დანაწევრება და სხვა. ფონოლოგიური უნარები სმენითია და არ უკავშირდება დაწერილ ტექსტთან ურთიერთობას.
კითხვის სწავლა აუცილებლად გულისხმობს კონკრეტული ენის დეკოდირების წესების სწავლას, ანუ ენის გრაფიკული ერთეულების (ასოს, სიმბოლოს, პიქტოგრამის) ფონემურ ერთეულებთან (ბგერასთან, ბგერათა ერთობლიობასთან) შესატყვისობის გაგებას. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვნად მივიჩნიე, მემუშავა ჩემი მოსწავლეების ფონოლოგიური უნარების განვითარებაზე, რადგან თუ მოსწავლე ვერ ახერხებს ენის გრაფიკული ერთეულის დაკავშირებას მის ფონემურ ერთეულთან, კითხვის შემდგომი კომპონენტების განვითარება საკმაოდ გაჭირდება.
სამეულების (ბ-ფ-პ, დ-თ-ტ, გ-ქ-კ, ძ-ც-წ, ჯ-ჩ-ჭ, ასევე ხ, ყ, ღ, ბგერების) ათვისების მიზნით, დაწყებით საფეხურზე, ანბანის შესწავლამდე, ვცდილობ მოსწავლეებს თანხმოვნები გავუაქტიურო ხმოვნებთან ერთად (მაგ. და-დე-დი-დო-დუ, თა-თე-თი-თო-თუ, ტა-ტე-ტი-ტო-ტუ… ამას ვამბობ მე და ვთხოვ მოსწავლეებს, წაიმღერონ ჩემთან ერთად). ძალიან სახალისოა და დიდი ინტერესით ასრულებენ მსგავს სავარჯიშოებს. ეს აქტივობა მეხმარება, ბავშვებმა სმენით აღიქვან ბგერა, მიაჩვიონ ყური, წარმოთქვან და შემდეგ, უკვე ანბანის შესწავლისას, დააკავშირონ მის გრაფიკულ გამოსახულებასთან.
ასეთივე სავარჯიშოებს ვაკეთებთ სხვა სამეულებზეც (ბ-ფ-პ, გ-ქ-კ, ძ-ც-წ, ჯ-ჩ-ჭ, ასევე ღ, ხ, ყ ბგერებზე).
შემდეგ ცოტა ვართულებ. ასე მაგ.:
დრი ტრი თრი
დრე ტრე თრე
დრა ტრა თრა
დრო ტრო თრო
დრუ ტრუ თრუ
ეს სავარჯიშოები მეხმარება ბგერის იდენტიფიცირებაში.
მომდევნო ეტაპზე, ქვემოთ მოცემულ სავარჯიშოებს ვიყენებ როგორც სიტყვის ბგერებად დაშლის, ასევე დაშლილი სიტყვის გამთლიანების დროს. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ დავალებებად ვარჩევ ისეთ სიტყვებს, რომლებშიც ჩემთვის „საინტერესო“ ბგერებია: ბ, ფ, პ; დ, თ, ტ; გ, ქ, კ, ასევე ყ, ჩ, ც, წ…
გზა ტბა ცა ზრდა და კვლა ღვრა ჭა
ბზა ყბა მკა ზღვა ძმა სვლა რგვა ჭრა
მზა თმა მთა ზმნა ძვრა თვლა რვა ხვრა
ძნა ხმა ფრთა ყრმა ცვლა შლა ცხრა კვრა
თავიდან ბგერებს ვამთლიანებთ (ვამბობ გ-ზ-ა, რა გამოვიდა? გზა, და ასე ვერტიკალურად მთელი ცხრილი). შემდეგ კვლავ სრულად ვამბობ სიტყვას და ვთხოვ ბგერებად დაშლას (მაგ., მითხარი ყველა ბგერა, რომელიც გესმის სიტყვაში ბზა (ბ-ზ-ა).
თანდათან ვართულებ პროცესს. პირველ ეტაპზე ვმუშაობთ ორმარცვლიან სიტყვებზე, შემდეგ კი ისეთ ლექსიკურ ერთეულებზე, რომლებშიც ბევრი თანხმოვანია თავმოყრილი. მაგ.:
ფარი ფერი ფიჭვი ფორი ფული
ფასი ფეხი ფიცხი ფონი ფური
ფანდი ფესვი ფიფქი ფოჩი ფუჭი
ფარდი ფეტვი ფიქრი ფოცხი ფუნჯი
პინა პური პრესა პაპა პენტვა
პიტნა პუდრი პრესვა პანტა პეპელა
პირი პულსი პემზა პარვა პეწი
პიწკი პუნქტი პერტყვა პარსვა პეშვი
კაბა კირი კევი კენჭი კოშკი კუჭი კვარი
კამა კბილი კეტი კერძი კორძი კუნძი კვაჭი
კატა კვიცი კეხი კვერთხი კოჭი კუპრი კვამლი
კალათა კვირტი კერპი კვერცხი კომში კუშტი კვანძი
ხავსი ხერხი ხიჭვი ხორცი ხნული ხვევნა
ხათრი ხემსი ხისტი ხორხი ხშული ხველა
ხარბი ხელი ხიწვი ხოფი ხრტილი ხვეტა
ხაში ხეკი ხიშტი ხონი ხრიკი ხვეწნა
ყველა ამ სიტყვის მნიშვნელობა, რასაკვირველია, ბავშვებმა არ იციან, მაგრამ ჩემი მიზანი ლექსიკური ერთეულების შესწავლა კი არა, ბგერების გაგება და მათი წარმოთქმაა, რასაც წარმატებით ართმევენ თავს.
აქ მცირე ნაწილია წარმოდგენილი ჩემ მიერ შესრულებული სავარჯიშოებისა, მაგრამ მსგავსად ვიქცევით სხვა ბგერების შემთხვევაშიც (მეტყველების სავარჯიშოები აღებულია წიგნიდან „მეტყველების კულტურის თეორიისა და პრაქტიკის საკითხები“. მანანა ბერიკაშვილი. თბილისი. ფონდი „ინტერნიუსი“. 2001).
შემდეგი ეტაპია ამ სიტყვების კარნახით წერა, რასაც ასევე დიდი ხალისით ასრულებენ (რასაკვირველია, კარნახით წერას უკვე ვასრულებთ, ანბანის შესწავლის შემდეგ). მსგავსი ლექსიკური ერთეულები ამობეჭდილი მაქვს ფურცელზე და ვკარნახობ მოსწავლეებს. შემდეგ ვაძლევ ჩემს ფურცელს და თავად ასწორებენ შეცდომებს. ძალიან უხარიათ, როცა აღმოაჩენენ, რომ დღითი დღე უფრო ნაკლებ შეცდომას უშვებენ.
ფონოლოგიური სავარჯიშოებისთვის არ უნდა დაგვენანოს დრო, რადგან ეს არის წინაპირობა ანბანის შესასწავლად, ლექსიკის ასათვისებლად და კითხვის უნარის გასაუმჯობესებლად. ყოველ გაკვეთილზე ზემოთ აღწერილი 5-წუთიანი სავარჯიშოები გაახალისებს სასწავლო პროცესს და ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ქართული ანბანის უკეთ ათვისებას, რაც ასევე დაეხმარება მათ ქართული ენის შესწავლაში.