11-12 ოქტომბერს, საქართველოს მასშტაბით, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთა ტესტირება ჩატარდა.
პირველ დღეს ტესტირება საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში მიმდინარეობდა, 12 ოქტომბერს კი შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო და ზოგიერთ საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ტესტირება წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში ჩაატარა.
წელს, გამოცდებზე, 8 200-ზე მეტი მსურველი დარეგისტრირდა, ზოგიერთი მათგანი ერთზე მეტ გამოცდას აბარებდა. ტესტირება 24 ქალაქში გახსნილ 33 საგამოცდო ცენტრში გაიმართა, ტესტირების ხანგრძლივობა 1 საათი და 30 წუთი იყო.
ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიასა და კოლეჯ „მერმისში“ მიმდინარე საგამოცდო პროცესს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ნინო წერეთელთან ერთად, გაეცნო.
მინისტრის მოადგილე, ტესტირების დაწყებამდე, აპლიკანტებს გაესაუბრა და მათ წარმატებები უსურვა.
ბაია კვიციანი: „წელს, საშემოდგომო მიღებაზე, უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის რეგისტრანტები დაფიქსირდა. მადლობა მინდა გადავუხადო როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს, ასევე განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას და ყველა საგამოცდო ცენტრს.“
ნინო წერეთელი: „დღეს, 11 ოქტომბერს, პროფესიული ტესტირება მიმდინარეობს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, ხოლო ხვალ, 12 ოქტომბერს, ტესტირება ჩატარდება წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში. 24 ქალაქში გახსნილია 33 საგამოცდო ცენტრი. ყველა აპლიკანტს ვუსურვებ წარმატებას.“
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებულია დეტალური ინფორმაცია ტესტის შესახებ, მათ შორის ნიმუშები. თითოეული ტესტის მაქსიმალური ქულაა 30. აპლიკანტს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ჩაითვლება მაქსიმალური ქულის 15%-ის დაგროვების შემთხვევაში.
აპლიკანტებს საშუალება ჰქონდათ, ონლაინ რეჟიმში გაევლოთ საცდელი ტესტირება. საცდელ ტესტირებაში მონაწილეობა ნებაყოფლობითი იყო და მსურველები, ყოველგვარი შეფასების გარეშე, გაეცნენ სისტემას.