23 აგვისტო, შაბათი, 2025

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვის მიზნით

პროფესიული უნარების სააგენტომ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად, ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვით მიზნით, მასწავლებლების გადამზადების პროცესი დაიწყო. ტრენინგში მონაწილეობს 1300 პედაგოგი და ისინი მომზადებას თბილისში, ქუთაისში, ქობულეთსა და ბათუმში მოწყობილ ტრენინგ ცენტრებში გადიან.

მისი მიზანია ისეთი საგანმანათლებლო მოდელის განხორციელება, რომელიც ითვალისწინებს პროფესიული განათლების მიღებას ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების პარალელურად. წელს მისი დანერგვა 64 საჯარო სკოლაში დაიწყება.

მასწავლებელთა გადამზადების პროცესს, „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში“, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი, პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ კახა ხანდოლიშვილთან ერთად, დაესწრო.

პროფესიული პროგრამები 7 დარგობრივ მიმართულებას მოიცავს, კერძოდ, კომპიუტერული ქსელი და სისტემები, გრაფიკული დიზაინი, Front-end დეველოპმენტი, ადმინისტრაციული სერვისები, ფოტოგრაფია, ბაღის დიზაინი და სასტუმრო მომსახურება.

ინტეგრირებულ პროგრამებზე მასწავლებელთა გადამზადების პროცესი 13 სექტემბრამდე გაგრძელდება.

პროფესიულ პროგრამებზე სწავლის დაწყება 15 სექტემბრიდან მე-11 კლასის მოსწავლეებს შეეძლებათ.

ბაია კვიციანი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, პროფესიული უნარების სააგენტოსთან ერთად, საჯარო სკოლებში ინტეგრირებულ პროგრამებს ახორციელებს. ქვეყნის მასშტაბით, ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა 64 სკოლაში იგეგმება და დაიწყო 1300 პედაგოგის გადამზადები, რომელიც ამ პროგრამებს უკვე სკოლებში განახორციელებს. ეს მოხდება ქვეყნის მასშტაბით, როგორც ბათუმში, ქობულეთში, ასევე ქუთაისში. უმნიშვნელოვანესი პროექტია, ვინაიდან ის უზრუნველყოფს და ზრდის პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობას, რაც მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ შედგომ უკვე ახალგაზრდებს ეძლევათ დასაქმების შესაძლებლობა. ასევე, ეს ყველაფერი უზრუნველყოფს სოციალური და ეკონომიკური ფონის განვითარებას და გაუმჯობესებას ქვეყანაში. მნიშვნელოვანია, რომ ეს პროგრამა შრომის ბაზრისთვის ამზადებს ახალ კვალიფიციურ კადრებს.

რატი ფრუიძე, პროფესიული უნარების სააგენტოს ინსტიტუციური განვითარების გუნდის ლიდერი: 1300 ადამიანი გადამზადდება მიმდინარე პერიოდში, მათ შორის არიან პროფესიული განათლების მასწავლებლები, ასევე სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

ეს არის დამატებითი შესაძლებლობა ჩვენი მოსწავლეებისთვის, ზოგად განათლებასთან ერთად, მიიღონ პროფესიული განათლება, რაც მათ, სამომავლოდ, შესაძლებლობას მისცემთ, დასაქმდნენ შრომის ბაზარზე, ან გააგრძელონ უმაღლესი განათლების მიმართულებით სწავლა, ან დამატებით შეიძინონ სხვა პროფესია.

სალომე ბობოხიძე, პედაგოგი: ეს ტრენინგი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგან გვაძლევს საშუალებას, გავზარდოთ პროფესიული კომპეტენცია, ასევე მოსწავლეებს თანამედროვე მიდგომებზე დაფუძნებული ცოდნა გადავცეთ. უმნიშვნელოვანესია ის ფაქტი, რომ ზოგად განათლებასთან ერთად მოსწავლეებს შეეძლებათ, პროფესიული განათლებაც მიიღონ.

მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება