მარიამ ედილაშვილი
თბილისის №21 და ილია ჭავჭავაძის სახელობის №23 საჯარო სკოლების უფროსი სპეციალური მასწავლებელი
⇑⇓ პროფესიის არჩევისას, ინკლუზიური განათლება, საინფორმაციო კუთხით, დღევანდელ მდგომარეობასთან შედარებით, მჭიდრო სპექტრში განიხილებოდა. ინკლუზიური განათლება ჩემთვის საინტერესო იყო პრაქტიკაში დანერგვის თვალსაზრისით, ამიტომ, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწორედ ეს პროფესია ავირჩიე და, მეორე კურსიდან, აქტიურად დავიწყე მოხალისედ მუშაობა დღის ცენტრში შშმ და სსსმ პირებთან.
⇑⇓ სპეციალური მასწავლებლობა დიდი პასუხისმგებლობაა. ზოგადად, იყო მასწავლებელი, ნიშნავს მუდმივ ზრუნვასა და ფიქრს საკუთარ მოსწავლეებზე. სკოლაში მასწავლებლები მაქსიმალურად ცდილობენ პოზიტიური განწყობის შექმნას როგორც ტიპური, ასევე არატიპური მოსწავლეებისთვის. ყოველდღიურად ვმუშაობ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან წინასწარ, საგნის მასწავლებელთან ერთად, შედგენილი ინდივიდუალური სასწავლო გეგმით. სსსმ მოსწავლეთა ყოველი დღე გაწერილია, განრიგისა და აქტივობების ჩათვლით, თუმცა, მოსწავლეთა საჭიროებიდან გამომდინარე, შესაძლოა დღის განრიგში ცვლილება შევიდეს — აქტივობები განხორციელდეს როგორც საკლასო ოთახში, თანაკლასელების ჩართულობით, ასევე რესურსოთახში. მათთან მუშაობისას უამრავი გამოწვევაა, რომელთაც წინასწარ ვერ გათვლი, თუმცა ამ გამოწვევების დაძლევაში გამოცდილება მნიშვნელოვან როლს თამაშობს.
⇑⇓ სკოლაში ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავებული შესაძლებლობების სსსმ მოსწავლეები გვყავს. თითოეულთან ინდივიდუალური კომუნიკაციისა და მიდგომის ფორმებია საჭირო. თითოეული მეთოდის შერჩევისას, განვსაზღვრავ სწავლის მიზანსა და სავარაუდო შედეგს — თუ რა უნდა იცოდეს კონკრეტულმა მოსწავლემ და რისი გაკეთება უნდა შეძლოს. მნიშვნელოვან როლს თამაშობს მულტიმოდალური მიდგომა, რა დროსაც მოსწავლეებთან ურთიერთობა სხვადასხვა სენსორული არხის დახმარებით ხდება. მაგ.: მულტისენსორული მეთოდის დახმარებით მოსწავლეს ვასწავლე ასო-ბგერები, სხვადასხვა სენსორული არხის გამოყენებით: შეხებით, სმენითა და მხედველობით. ვთავზობდი როგორც ამობეჭდილ, ასევე ხისა და გამოძერწილ ასოებს, რომელსაც ხელის შეხებით ათვალიერებდა, შემოავლებდა თითს და შეიმეცნებდა, ასევე ვერბალურად ასახელებდა მის ელემენტებს.
⇑⇓ მნიშვნელოვანია მოსწავლის ინტერესებისა და საჭიროებების განსაზღვრა, ხასიათის თავისებურებებისა და აკადემიური უნარების გათვალისწინება, რათა ეფექტიანად წარიმართოს სწავლების პროცესი. ერთ-ერთი სახალისო აქტივობაა „ასოების გამოძერწვა“, რაც ბავშვს ასოების დასწავლასა და კითხვაში ეხმარება. მოსწავლეს წინ უდევს გამოსახულება, მკაფიოდ წარმოვთქვამ სახელწოდებას და ვთხოვ, მანაც გაიმეოროს. შემდეგი ეტაპია გამოძერწვა — საწყის ეტაპზე, ფიზიკური დახმარების გამოყენებით, ვძერწავთ ერთად (დახმარების ინტენსივობა ეტაპობრივად მცირდება). მესამე ეტაპზე, გამოძერწილი ასოებით ვაწყობთ სიტყვებს.
⇑⇓ თითოეულ მოსწავლეს აქვს თავისი უნიკალური შესაძლებლობები, ინტერესები და საჭიროებები. მასწავლებელმა ამას უნდა შეხედოს, როგორც გამოწვევას და არა როგორც პრობლემას. მთავარია, განისაზღვროს სწავლის პროცესში წარმოქმნილი სირთულეების წინაპირობა, სწორად დაიგეგმოს გადაჭრის გზები და შედეგიც აუცილებლად დადგება. თითოეულ სსსმ მოსწავლეს აქვს რესურსი, რომლის გამოვლენასაც შესაბამისი მუშაობა სჭირდება. მთავარია მშობელს, მასწავლებელსა და სპეციალურ მასწავლებელს მოსწავლის შესაძლებლობების სჯეროდეთ და ხელს უწყობდნენ მას განვითარებაში — „ერთ წიგნს, ერთ კალამს, ერთ ბავშვს და ერთ მასწავლებელს შეუძლია შეცვალოს სამყარო“.
⇑⇓ სსსმ მოსწავლის აკადემიური, ფუნქციური, სოციალური უნარების განვითარებაში მნიშვნელოვანი ფუქნცია აკისრია სპეციალურ მასწავლებელსა და ინკლუზიურ განათლებაში ჩართულ სხვა სპეციალისტებს, ამიტომ კვალიფიციური კადრების მოზიდვა პირდაპირ აისახება მოსწავლეთა უნარების განვითარებაზე. სსსმ მოსწავლეების რაოდენობა სკოლებში ყოველწლიურად იცვლება, შესაბამისად, იზრდება მოთხოვნა სპეციალურ მასწავლებლებზე. ამ ეტაპისთვის, სპეცმასწავლებლად მუშაობის მსურველთა რიცხვი გაცილებით დიდია, გასულ წლებთან შედარებით. სქემაში ჩართვის შემდეგ მასწავლებლებს პროფესიული განვითარების საშუალებაც მიეცათ.
⇑⇓ მასწავლებლების პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ჩართვის შემდეგ, მოტივაცია ერთი-ორად გაიზარდა. პირველივე წელს ჩავაბარე სასერტიფიკაციო გამოცდა, რამაც უფროსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი მომანიჭა. გამოცდის ჩასაბარებლად ერთნაირად საჭიროა როგორც თეორიული ცოდნა, ასევე პრაქტიკული გამოცდილება. სპეციალურ მასწავლებელს აუცილებლად უნდა ჰქონდეს სპეციფიკური დარღვევების შესახებ ცოდნა, იცნობდეს ქცევის მართვის სტრატეგიებს, იცოდეს ბავშვზე მორგებული ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენის თავისებურებები და ა.შ.
⇑⇓ იყო სპეციალური მასწავლებელი უკვე გამოწვევაა. თუმცა, ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად შემიძლია დავასახელო ის, რომ, ხშირ შემთხვევაში, სპეციალურ მასწავლებელს მუშაობა უწევს 5-ზე მეტ მოსწავლესთან, მასწავლებელთან და მშობელთან. სამწუხაროდ, ხშირად, არ მოდიან თანამშრომლობაზე. რთულია, კომუნიკაციის დროს, ყველა მნიშვნელოვან რგოლთან ოქროს შუალედის დაცვა. სწორედ სპეციალურ მასწავლებელს უწევს ზემოთ ხსენებული რგოლის მუდმივი გაძლიერება, რადგან მხოლოდ კომპლექსურ მუშაობას მოაქვს შედეგი.
⇑⇓ პროფესიული განვითარება შეიძლება წარმატებული იყოს ისეთ გარემოში, სადაც სათანადო მხარდაჭერა აქვს სპეციალისტს. ვისურვებდი, რომ უფრო მეტი მხარდაჭერა გვქონდეს, როგორც სპეციალურ მასწავლებელებს, რომ მუდმივად შევძლოთ პროფესიული განვითარება, რათა მეტად ეფექტიანად წარვმართოთ სასწავლო პროცესი. ასევე, უფრო მეტად შეკრული იყოს ინკლუზიურ განათლებაში ჩართულ სპეციალისტთა გუნდი, რათა ხელმისაწვდომობა უფრო მარტივი გავხადოთ.
⇑⇓ ხშირად სპეციალური მასწავლებელი ის ერთადერთი ნათელი წერტილია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისთვის, ვისაც შეუძლია განსხვავებული აღქმისა და შეგრძნების მქონე ადამიანის უკეთ დანახვა და გაგება. ჩემს კოლეგებს მინდა მივმართო: მიუხედავად მრავალი სირთულისა, არასდროს დანებდნენ და ერთად იზეიმონ თითოეული მოსწავლის მიღწევით.