ანა ფირცხალაიშვილი
პროფესიული უნარების სააგენტოს კვლევის ჯგუფმა განახორციელა კვლევა პროფესიული განათლების განვითარების შეფასების მიზნით. ეს არის პირველი ანალიტიკური ანგარიში, რომელმაც გააერთიანა და ერთმანეთს დააკავშირა სხვა, ძალიან ბევრი კვლევის შედეგი და მიგნებები, დაეყრდნო სხვადასხვა მიკროეკონომიკურ, დემოგრაფიულ, უწყებათა თუ საქსტატის მონაცემებსა და საერთაშორისო ანგარიშებს. კვლევა საკმაოდ მოცულობითია და მასში პროფესიულ განათლებაში მიმდინარე მნიშვნელოვანი პროცესებია გაანალიზებული. თუმცა, მთლიანი ანგარიში ორ ძირითად მიმართულებაზე კონცენტრირდება – პროფესიული განათლების ხარისხი და ხელმისაწვდომობა და საზოგადოებირვი აზრი.
პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალური დირექტორი თამარ ქიტიაშვილი, სწორედ აქედან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ კვლევის მიხედვით, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საბაზო და საშუალო საფეხურებიდან პროფესიულ განათლებაში ძალიან დაბალი ტრანზიციაა. ციფრებში ეს ასე გამოიხატება – 6% საშუალო განათლების საფეხურიდან და 2% – საბაზოდან. კიდევ უფრო უარესდება მდგომარეობა ცალკეული სამიზნე ჯგუფების მიხედვით (გოგონები და ბიჭები, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები და სხვ.), რაც ძალიან საყურადღებო მაჩვენებელია. იმ ფონზე, როცა ბოლო წლებში ბევრი რამ სასიკეთოდ შეიცვალა პროფესიულ განათლებაში, შინაარსობრივად თუ ინფრასტრუქტურულად, ჯერ კიდევ თითქმის უცვლელია ამ ინსტიტუციის მიმართ დამოკიდებულება – პროფესიული განათლება მაინც მეორად ალტერნატივად რჩება.
კვლევამ აჩვენა, რომ საზოგადოება ინფორმირებულია, იცის საზოგადოებრივი კოლეჯების პროფესიული პროგრამების შესახებ, მაგრამ კითხვაზე – ურჩევს თუ არა საკუთარ შვილს, აქ დაეუფლოს პროფესიას, პასუხია – არა. მცდელობების მიუხედავად, განწყობები ძალიან ნელა იცვლება. ეს კი, გარკვეულად, განაპირობებს და ცუდ გავლენას ახდენს კიდეც არა მხოლოდ ცალკეული ადამიანების, არამედ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე. დღეს, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტთა დიდი ნაწილი ზრდასრულები არიან, უმაღლესი განათლებით, რომელთაც მხოლოდ მას შემდეგ მიაკითხეს კოლეჯებს, როცა დარწმუნდნენ, რომ პირველადი პროფესიით ვერ საქმდებოდნენ. გამოდის, რომ ჩვენი მოქალაქეები ძალიან ბევრ დროს ხარჯავენ საიმისოდ, რომ შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანები იყვნენ, ანუ ქვეყანა სამუშაო ბაზარს ეფექტიანად ვერ იყენებს. ნაცვლად იმისა, რომ ახალგაზრდამ კარიერა დაიწყოს პროფესიული განათლებით და თუ სურვილი ექნება, შემდეგ გააგრძელოს სწავლა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში, ან პირდაპირ ჩაებას კონკურენციაში როგორც კვალიფიციური პროფესიონალი, ირჩევს გრძელ და სრულიად არაეფექტურ გზას. ამასთან კავშირშია კიდევ ერთი მონაცემი – ჩვენი შრომის ბაზრის 80%, ანუ ეკონომიკურად აქტიური სამუშაო ძალა, არ მუშაობს იმ კვალიფიკაციით, რომელსაც დაეუფლა: პროფესიული სასწავლებლის კურსდამთავრებულთა შემთხვევაში კი, ეს მონაცემი არ აღემატება 45%-ს. ესეც მაღალია ევროპულ საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, მაგრამ ფაქტია, რომ ისინი გაცილებით იოლად საქმდებიან იმ პროფესიით, რომელსაც დაეუფლნენ.
ბუნებრივია, სხვა ინსტიტუციებთან ერთად, ამ პრობლემის დაძლევა, უნარების სააგენტოს საზრუნავიცაა. თამარ ქიტიაშვილი ამბობს: „მთელი ძალისხმევა უნდა მიემართოს იქითკენ, რომ საბაზო საფეხურიდან რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა წავიდეს პროფესიულ სასწავლებელში, ხოლო საშუალო განათლების კურსდამთავრებულთათვის, პროფესიაში შესვლის დასაწყისი უნდა გახდეს ასევე პროფსასწავლებელი. ეს უნდა მოხერხდეს ხელმისაწვდომობის ზრდით (იგულისხმება ფორმალური განათლების მიწოდება), ანუ მეტი სტუდენტური ადგილის შექმნით, დაფარვის მასშტაბურობით; მეორე აუცილებლობაა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შეტანა სკოლებსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში და კერძო სექტორის მეტი ჩართულობა, რაც ისედაც საგრძნობია ბოლო ხანებში, მისი სახელოსნოები, ბაზები, საწარმოები საუკეთესო საშუალებაა პრაქტიკული სწავლებისთვის. ამ ეტაპზე სკოლებში მუშაობს საორიენტაციო პროგრამები და, მცირე მასშტაბით, საბაზო პროფესიული კურსები, ე.წ. სასერტიფიკატო კურსები. ამ მიმართულებით გაფართოების გეგმა გვაქვს. ისეთ მუნიციპალიტეტებში, სადაც არ არის პროფესიული სასწავლებლები, დონორების მხარდაჭერით, 30 სკოლას ვამზადებთ პროფესიული პროგრამების მიწოდებისთვის. გარდა ამისა, ვითარების გასანეიტრალებლად, მხოლოდ ზოგადი ხასიათის კამპანიები არ კმარა. საჭიროა უშუალოდ ბაზარზე მოთხოვნადი და ეკონომიკის განვითარებისათვის საჭირო პროფესიების პოპულარიზაცია და ეს არ არის მხოლოდ სახელმწიფოს ინტერესი, აქ მეტი აქტიურობით უნდა ჩაერთოს კერძო სექტორი, რისი დიდი იმედიც გვაქვს“.
ამ მიმართულებით სააგენტოც ახორციელებს პროფესიების მხარდამჭერ მთელ რიგ აქტივობებს და ინტერვენციებს, იგულისხმება პოპულარიზაციის პროგრამები, ყოველწლიური უნარების კვირეული, პროფსასწავლებლებში მიღების მხარდამჭერ მედიაკამპანიებს; სკოლების მომზადება და გადაიარაღება როგორც ინსტიტუციურად ასევე ინფრასტრუქტურულად, წელს იგეგმება უნარების მსოფლიო ოლიმპიადის ჩატარება…
კვლევის შედეგები სხვა ბევრი მიმართულებითაც საინტერესოა, მათ შორისაა ახალი საორიენტაციო სერვისები სსსმ და შშმ პირებისათვის, სახელმწიფო ენის სწავლების ახალი პროგრამა, კურსდამთავრებულთა შეფასებები პროგრამის სარგებლიანობაზე, სწავლის შეწყვეტის განმაპირობებელი ფაქტორები და ა.შ., რომელთა შესახებაც სხვა დროს ვისაუბრებთ.
♦♦♦
2020-2022 წლებში პროფესიულ პროგრამებზე მიღების მაჩვენებლები საკმაოდ მზარდია, 2020 წელს ჩაირიცხა 9035 სტუდენტი, 2021 წელს – 11233, ხოლო 2022 წელს მათი რიცხვი 14106-მდე გაიზარდა. გასული წლის მონაცემებით, გამოცხადებულ პროგრამებზე ადგილების შევსების რაოდენობა, პროფესიების მიხედვით, განსხვავებულია – ყველაზე მოთხოვნადი პროფესია იყო განათლების მიმართულება და სამთო საქმე. ამ მიმართულების პროგრამებზე გამოცხადებული ადგილები 95%-ით შეივსო. შემდეგ ლიდერობს ტრანსპორტის მომსახურებისა და ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების მიმართულებები (89%). აღნიშნულ მონაცემებში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, ადგილების შევსების თვალსაზრისით (60%), სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მიმართულებით არსებულ პროგრამებზე დაფიქსირდა.
რაც შეეხება რეგისტრაციის მონაცემებს, გასულ წელს პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაციის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა – 44486 (უნიკალური რეგისტრანტების რიცხვმა 25997-ს მიაღწია), რაც წინა წლის მაჩვენებლებთან შედარებით, საკმაოდ გაზრდილია – 2021 წელს 31877 რეგისტრაციის შემთხვევა იყო, აქედან უნიკალური რეგისტრანტების რაოდენობა – 18784.
კურსდამთავრებულთა მიერ პროგრამის სარგებლიანობის შეფასებისას, უმეტესობა მიიჩნევს, რომ პროფესიული პროგრამების დამთავრება ძალიან სასარგებლოა პიროვნების განვითარებისთვის (74%), სწავლის დასრულების შემდეგ შესაბამისი სამუშაოს მოძიებისთვის (69%), მათი პროფესიული/კარიერული განვითარებისთვის (68%), ხოლო 64%-ს მიაჩნია, რომ პროფესიული პროგრამის დამთავრება სასარგებლო აღმოჩნდა ამჟამინდელ სამსახურში სამუშაოს ეფექტიანად შესრულებისთვის.
ანგარიშის მასშტაბურობიდან და მიზნიდან გამომდინარე – ხელი შეუწყოს პროფესიული განათლების განვითარებას ქვეყანაში – კვლევის შედეგად მიღებული მონაცემები და მიგნებები დიდ დახმარებას გაუწევს, პირველ რიგში, პროფესიული განათლების პოლიტიკის შემქმნელებს, ასევე დამსაქმებლებს, თავად პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, დაინტერესებულ პირებსა და მხარეებს და, ზოგადად, განათლების სფეროს აქტორებს.