ბათუმში პროფესიული განათლების მასწავლებელთა მეორე საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს. კონფერენციის თემაა „გლობალური ჰორიზონტები პროფესიულ განათლებაში: შემოქმედებითობა, თემი და ინტერნაციონალიზაცია“.
ორი დღის განმავლობაში მონაწილეები, პანელური დისკუსიების ფორმატში, წარადგენენ მოხსენებებს, გაიმართება სესიები სხვადასხვა თემაზე, მათ შორისაა პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაცია, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, პროფესიული განათლების როლი ტურიზმის განვითარებაში და ბიზნესის ჩართულობის მნიშვნელობა.
კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია კულინარიული მასტერკლასები, ასევე სამუშაო სესია „AI ინსტრუმენტები პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის“. კონფერენცია „ბლექსის“ და „ახალი ტალღის“ ორგანიზებით და განათლების სამინისტროს მხარდაჭერით იმართება. მასში ქართველი და უცხოელი სპეციალისტები მონაწილეობენ.
კონფერენციის ფარგლებში ასევე გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი სსიპ კოლეჯ „ბლექსსა“ და ავეიროს პროფესიულ სასწავლებელს შორის, რაც საქართველოსა და პორტუგალიას შორის პროფესიული განათლების მიმართულებით პარტნიორობას კიდევ უფრო გააღრმავებს.
ირმა მეგრელიძე, კოლეჯის „ახალი ტალღა“ დირექტოის მოვალეობის შემსრულებელი: „კონფერენციის მთავარი თემა ესაა შემოქმედებითობა, თემი და ინტერნაციონალიზაცია“. ვფიქრობთ, რომ შემოქმედებითობა ეს არის საკითხი, რომელსაც უნდა მოიცავდეს არა მხოლოდ პროფესიული განათლება, არამედ განათლების ყველა სისტემა. ჩვენი კონფერენცია თემზეა ორიენტირებული, ამიტომაც მოწვეული გვყავს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რომელიც გაგვიზიარებს თავის ხედვას საჭირო პროფესიებთან მიმართებაში; ხოლო აჭარის დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელი, ბატონი თემურ კახიძე გაგვაცნობს ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებს.“
გიორგი გოგიტიძე, კოლეჯის „ბლექსი“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი: „კონფერენცია ხელს უწყობს ინტერნაციონალიზაციას, ესწრებიან ევროპული ოთხი ქვეყნის წარმომადგენლები, რომლებიც გაგვაცნობენ საკუთარ ქვეყნებში სწავლების სისტემას. ჩვენ კი გავაცნობთ ჩვენს გამოცდილებას. ამგვარი ურთიერთგაცვლით გვიგროვდება ცოდნა, რაც იმის საწინდარია, რომ შრომის ბაზარს პროფესიონალი კადრები მივაწოდოთ, რადგან შრომის ბაზრის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ინდიკატორია ადამიანური რესურსი და ადამიანური რესურსის გაძლიერებაზეა ეკონომიკის განვითარება და ინვესტიციების მოზიდვა.
ამ კონფერენციის ფარგლებში, კოლეჯი „ბლექსის“ და პორტუგალიის განათლებისა და განვითარების ასოციაცია ვაწერთ მემორანდუმს ხელს, რომელიც გააღრმავებს ჩვენ შორის პარტნიორობას, ურთიერთთანამშრომლობას, პედაგოგთა გაცვლით პროგრამებს და პროგრამების ინტერნაციონალიზაციას.“
ანა რიბეირო, ავეიროს პროფესიული სასწავლებლის საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერი: „მე წარმოვადგენ ჩვენს ინკლუზიურ სკოლას, სადაც ვხელმძღვანელობთ ინკლუზიური პრაქტიკითა და ინოვაციური პროექტებით. პორტუგალიაში ვუმასპინძლეთ ქართველ მასწავლებლებს. ძალიან სასიამოვნოა თანამშრომლობა ტურიზმის მიმართულებითაც. ვაფასებ კოლეჯების ჩართულობას და ვიმედოვნებ, რომ სამომავლოდაც გაგრძელდება ეს თანამშრომლობა. ეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა გავუზიაროთ ერთმანეთს საერთაშორისო გამოცდილება.“
პროფესიული განათლების მასწავლებელთა მეორე საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, რომელმაც პროფესიული განათლების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საგანმანათლებლო სისტემაში ინოვაციური მიდგომების დანერგვა, საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება და მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.
გივი მიქანაძე: „ღონისძიების ფარგლებში, კონფერენციაში ევროპის სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას. ძირითადი განხილვის საგანი არის ის საჭიროებები, რომლის წინაშეც დგანან პროფესიული სასწავლებლები. ამავდროულად, რამდენად მნიშვნელოვანია უცხოეთში სტაჟირება, უცხოური გამოცდილების აქ შემოტანა-დანერგვა, ინტერნაციონალიზაცია და სხვა ის საკითხები, რაც პროფესიულ სასწავლებლებს, მათ საქმიანობას კიდევ უფრო ეფექტიანსა და შედეგზე ორიენტირებულს გახდის.“
კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრმა, მაია ხაჯიშვილმა.
მაია ხაჯიშვილი: „ჩვენ ყოველთვის მხარში ვუდგავართ პროექტებს, ინიციატივებს, რომლებიც გულისხმობს პროფესიების გაძლიერებას. სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, ვმასპინძლობთ ამ კონფერენციას. გარდა ამისა, აჭარის რეგიონალური მთავრობა აფინანსებს პროფესიული კოლეჯების მასწავლებლების საზღვარგარეთ გამოცდილების მიღებას და სწორედ ასეთი ვიზიტის ფარგლებში დაიგეგმა ის მემორანდული, რომელიც დღეს გაფორმდა და რაც კიდევ უფრო მეტი საერთაშორისო პროექტების განხორციელების შესაძლებლობას მოგვცემს.“
ბათუმში გამართულ კონფერენციაში მონაწილეობდნენ საერთაშორისო და ადგილობრივი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები, მასწავლებლები და ექსპერტები, რომლებმაც ინოვაციური პრაქტიკები, საერთაშორისო გამოცდილება და პროფესიული განათლების განვითარების თანამედროვე ხედვები განიხილეს.