ირმა გრიგალაშვილი
ფილოლოგი, თბილისის №214 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მენტორი მასწავლებელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი
საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცის ნაწილია. საბჭოთა იმპერიის შემადგენლობაში ყოფნამ ჩვენს ქვეყანას მოუტანა უამრავი ზიანი, როგორც ფიზიკური, ისე სულიერი თვალსაზრისით. ქვეყანა თავისი პოლიტიკური, ეკონომიკური თუ კულტურული განვითარების ბუნებრივ ტენდენციას 70 წლით ჩამორჩა. დამოუკიდებლობის პირველ წლებში კი უხდებოდა ტოტალიტარული რეჟიმის დანატოვარ მანკიერ მემკვიდრეობასთან გამკლავება. ეს პროცესი დღესაც გრძელდება. ამასთანავე, ჩვენი ქვეყნის ნაწილი, სამწუხაროდ, კვლავ ოკუპირებულია. მნიშვნელოვანია მომავალმა თაობებმა სათანადოდ გამოიკვლიონ საბჭოთა წარსული, გაიაზრონ მისი დამანგრეველი შედეგები ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე. ამის გარეშე რთულია გაცნობიერება იმისა, რომ თავისუფლება მოსაფრთხილებელი მონაპოვარია. წარსულის ცოდნა, გააზრება და კრიტიკული შეფასება არსებითად მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ სწორად განვსაზღვროთ ჩვენი ქვეყნის ინტერესები და ღირებულებები.
აღსანიშნავია ისიც, რომ გასული საუკუნის ისტორიული მოვლენები ყოველთვის აქტუალურია საზოგადოებაში. ამ თემას ეძღვნება არაერთი ნაწარმოები, სიუჟეტი ტელეგადაცემაში, ღონისძიება. სახელისუფლებო პირები თუ რიგითი მოქალაქეები პატივს მიაგებენ საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლ გმირებს, აწესებენ მათი სახელობის ჯილდოებს. დაარსდა საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია, ოკუპაციისა და რეპრესირებულ მწერალთა მუზეუმები. ჩვენ, როგორც მასწავლებლებს, გვაქვს მრავალფეროვანი შესაძლებლობები იმისათვის, რომ საბჭოთა წარსულის შესწავლა ვაქციოთ საინტერესო, დასაფიქრებელ პროცესად, დავანახვოთ მოსწავლეებს კავშირი შეძენილ ცოდნასა და სკოლის გარეთ მიმდინარე ცხოვრებას შორის. ყველა ვთანხმდებით, რომ სწავლება მაშინ არის განსაკუთრებით ეფექტური, როდესაც ის პრაქტიკულ გამოცდილებას ეფუძნება. ამდენად, პროექტული მუშაობის სპეციფიკა დიდ დახმარებას გვიწევს დასახული მიზნის მისაღწევად. თქმულის ნათელსაყოფად წარმოვადგენ ჩემ მიერ განხორციელებულ პროექტს „ჩემი ქვეყნის არჩევანი“.
სწავლების საბაზო საფეხურის, კერძოდ, IX კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის, ერთ-ერთი სასწავლო თემატური ერთეულია „ისტორიის გზაგასაყარზე“. თემატური ერთეულის ფარგლებში მოსწავლეებმა შეისწავლეს კოლაუ ნადირაძის ლექსი „25 თებერვალი“ და მოკლედ გაეცნენ იმ ისტორიულ ეპოქას, რომელიც აუცილებელია ლექსის სათანადოდ გააზრებისა და იდეურ-მხატვრული ანალიზისათვის. აღნიშნული თემატური ერთეულის დამუშავების პროცესში გამოკვეთილი ინტერესი იქცა პროექტის დაგეგმვისა და განხორციელების მოტივატორად.
საგანმანათლებლო საჭიროების გამოკვეთა და პროექტის მიზნის განსაზღვრა: მითითებული თემატური ერთეულის დამუშავების პროცესში გამოჩნდა, რომ ჩვენს მოსწავლეებს არასაკმარისი, რიგ შემთხვევებში კი, არასწორი წარმოდგენა ჰქონდათ საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შესახებ. ზოგიერთი მათგანისთვის სრულიად უცნობი იყო, რა მძიმე შედეგები მოუტანა საბჭოთა ყოფამ ჩვენს ქვეყანას, როგორც ფიზიკური, ისე სულიერი თვალსაზრისით. მოსწავლეებს ვთხოვე გამოეკითხათ თავიანთი თემის წარმომადგენლები (ოჯახის წევრები, მეზობლები), რას ფიქრობდნენ ისინი საბჭოთა წარსულის შესახებ. გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ საზოგადოების ნაწილს არ აქვს სათანადო ინფორმაცია საბჭოთა წარსულზე მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყნის ნაწილი დღესაც ოკუპირებულია საბჭოთა იმპერიის მემკვიდრის მიერ.
პროექტის მიზანია, დაგეგმილი აქტივობების კვალდაკვალ, მოსწავლეებმა გააცნობიერონ საბჭოთა ოკუპაციის მძიმე ზეგავლენა ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივ, კულტურულ-ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაზე. დაამსხვრიონ საბჭოთა ისტორიოგრაფიაში შექმნილი მითები, დააფასონ გმირ მამულიშვილთა თავგამოდება და თვალსაჩინოდ აღიქვან, რომ თავისუფლება ყოველთვის იყო ქართველი ხალხის უმთავრესი ღირებულება და პიროვნული არჩევანი. იგრძნონ თავიანთი პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე და გამოუმუშავდეთ საერთო საქმის კეთების კულტურა, ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ღირებულებები. პროექტის ფარგლებში შეძენილი ცოდნა და გამოცდილება კი გაუზიარონ თემს მისივე ცნობიერების ამაღლების მიზნით.
აქტივობების შესაბამისობა მიზანთან – პროექტის განხორციელებისათვის გადავდგით შემდეგი ნაბიჯები:
ნაბიჯი 1 – პრობლემის გამოკვეთა, პროექტის კონცეფციის შემუშავება და სასკოლო საზოგადოებისათვის პროექტის იდეის გაცნობა
მოსწავლეთა მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ უჩვენა, რომ პრობლემას წარმოადგენს საბჭოთა მძიმე წარსულის შესახებ თემის დაბალი ცნობიერება. გადავწყვიტეთ, პროეტი ისე დაგვეგეგმა, რომ მეტი ცოდნა შეგვეძინა ამ საკითხთან დაკავშირებით, ამასთანავე, შეგვექმნა ისეთი პროდუქტი, რომლის საშუალებითაც შეძენილ ცოდნასა და გამოცდილებას გავუზიარებდით ჩვენს სასკოლო საზოგადოებას, თემს.
ნაბიჯი 2 – ინფორმაციის მოძიება, სამუშაო რესურსების შერჩევა და განხილვა
ტექნოლოგიების საუკუნეში რთული არ არის ინფორმაციის მოძიება, მთავარი მისი დახარისხებაა. ამიტომ ერთად შევარჩიეთ მთავარი სახელმძღვანელო და სანდო რესურსები ინტერნეტში. ვნახეთ და გავაანალიზეთ ტელესკოლის მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმი „თბილისის დაცვის ქრონიკა“. ფილმის ნახვამ მოსწავლეებში გააჩინა ერთგვარი ემოციური დამოკიდებულება შესასწავლი საკითხისადმი, ამასთანავე დაეხმარა მათ ისტორიული კონტექსტის წვდომაში.
ნაბიჯი 3 – სტუმრობა საოკუპაციო მუზეუმში – ბოლო დროს აქტიურად საუბრობენ სამუზეუმო სივრცეში შეძენილი ცოდნის ეფექტიანობზე. eTwinning-ის საგანმანათლებლო პლატფორმის მეშვეობით გავეცანი ამსტერდამში მდებარე ერთ-ერთი მუზეუმის (Tropenmuseum Junior-ის) თანამშრომლის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას სათაურით „რას შეიძლება ნიშნავდეს მუზეუმში სტუმრობა ბავშვებისათვის“. სტატიის ავტორი განიხილავს, რა სარგებლობა მოაქვს სასწავლო მიზნით სამუზეუმო სივრცის გამოყენებას, შემდეგ კი უზიარებს რჩევებს იმ მასწავლებლებს, რომლებიც მოსწავლეებთან ერთად აპირებენ მუზეუმში სტუმრობას. ავტორის აზრით, სასურველია, მასწავლებელმა:
♦ აირჩიოს მუზეუმი სპეციალური გიდით, რომელსაც შეუძლია ბავშვების საჭიროებებზე მორგებული პროგრამის შემოთავაზება;
♦ გამოიკითხოს გიდისაგან მოსაწოდებელი ინფორმაციის შინაარსი და სტრუქტურა;
♦ გაარკვიოს შეიცავს თუ არა სამუზეუმე პროგრამა ცხოვრებისეულ ამბებზე დაფუძნებულ, კულუარულ ამბებს, რომლებიც უკეთ ცოცხლდებიან მოსწავლეების გონებაში, ვიდრე უბრალოდ მშრალი ისტორიული ფაქტები.
შევეცადე მეც გამეთვალისწინებინა აღიშნული რჩევები და მოსწავლეებისთვის შევიძინე ბილეთები, გიდის მომსახურებით. გამოვიკითხე მოსაწოდებელი ინფორმაციის სტრუქტურა და შინაარსი და გავარკვიე, რომ სამუზეუმე პროგრამა შეიცავდა არამხოლოდ ისტორიისათვის ცნობილი ფაქტების მშრალ გადმოცემას, არამედ მოზარდებისათვის საინტერესო ცხოვრებისეულ ისტორიებსაც. გიდს ავუხსენი, რომ მოსწავლეებს სურდათ ჩანაწერების გაკეთება და ფოტომასალის შეგროვება, ამიტომ თხრობა ისე უნდა წარმართულიყო, რომ მათ ამის შესაძლებლობა მისცემოდათ.
საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმში მოსწავლეებმა დაათვალიერეს გმირ მამულიშვილთა მემორიალური ნივთები, საქართველოს მძიმე წარსულის ამსახველი დოკუმენტური მასალა, თვალსაჩინოებები, გაეცნენ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ისტორიას. მუზეუმში სტუმრობისას ისინი იყვნენ გიდის აქტიური მსმენელები და ყურადღებით ინიშნავდნენ მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვან ინფორმაციას, ფოტოკამერით აღბეჭდავდნენ სამუზეუმო ექსპონატებს, რათა შემდეგ გამოეყენებინათ თავიანთ მიზანთან შესაბამისად. მუზეუმში მიღებულმა შთაბეჭდილებებმა, ცოდნამ და გამოცდილებამ მოსწავლეებში ხელი შეუწყო კეთებით სწავლას.
ნაბიჯი 4 – საპროექტო ბლოგის კონცეფციის შემუშავება და შექმნა
სწავლების თანამედროვე მიდგომა ითვალისწინებს ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნლოგიების ჩართვას სასწავლო პროცესში, ამიტომაც ვესაუბრე მოსწავლეებს საგანმანათლებლო ბლოგების შესახებ. ვუთხარი, რომ მსგავსი ბლოგის შექმნა თავადაც შეუძლიათ და ვუჩვენე შესაბამისი ვიდეოინსტრუქციები. ერთობლივად შევიმუშავეთ ჩვენი ბლოგის სავარაუდო დიზაინი და სტრუქტურა, ასევე შევქმენით ერთგვარი გეგმა-ინსტრუქციები, რომლითაც მოსწავლეები იხელმძღვანელებდნენ შერჩეულ საკითხებზე მუშაობისას. მათ დაევალათ, ბლოგის სხვადასხვა რუბრიკაზე დაყრდნობით, მოემზადებინათ წერილობითი ნაშრომები, რომლებიც ემსახურება ქართული ენისა და ლიტერატურის სტანდარტით გათვალისწინებული შემდეგი შედეგის მიღწევას: „ქართ.საბ.9. ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებებისა და გრამატიკის საკითხების ცოდნის ფუნქციურად გამოყენება კონკრეტული მიზნით (ზეპირი ან/და წერითი მეტყველების დროს)“.
ნაბიჯი 5 – ბლოგზე ნამუშევრების განთავსება და მისი გაგზავნა ბლოგების კონკურსში
საბაზო საფეხურზე ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების მიზანია „მოსწავლეს განუვითაროს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების (მათ შორის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნილი ტექსტების) შექმნისა და წარდგენა-გაზიარების უნარები“. ამდენადაც მნიშვნელოვანი იყო ჩვენ მიერ შეძენილი ცოდნისა და იდეების ბლოგის ფორმატით გაზიარება. მოსწავლეების ნამუშევრები შევაფასე წინასწარ შემუშავებულ რუბრიკაზე დაყრდნობით, ერთობლივად ჩავუტარეთ რედაქტირება, როგორც ტექნიკური, ისე ენობრივი თვალსაზრისით და განვათავსეთ ბლოგზე. ბლოგის შინაარსი დავუკავშირეთ სახელმწიფო ენის მასწავლებელთა ასოციაციის მიერ გამოცხადებულ ბლოგების კონკურსს და მათ ჩვენ მიერ შექნილი პროდუქტი გავუზიარეთ. კონკურსის თემატკასთან პროექტის დაკავშირებამ და მასში საპრიზო ადგილის დაკავებამ შესამჩნევად აამაღლა კლასგარეშე აქტივობაში მოსწავლეების ჩართულობის მოტივაცია.
ნაბიჯი 6 – შეხვედრა საქართველოს უახლესი ისტორიის მკვლევართან
ბლოგზე მუშაობის პროცესში მოსწავლეებს გაუჩნდათ სურვილი და ინტერესი, მეტი შეეტყოთ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისა და ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ. ამიტომ, მათ სასარგებლოდ გადავწყვიტე დამემყარებინა საქმიანი და თანამშრომლობითი კონტაქტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. ჩვენს მოსწავლეებთან შესახვედრად მოვიწვიე საქართველოს უახლესი ისტორიის მკვლევარი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი გიორგი არქანია.
ლექციის ფორმატი შემუშავდა მოსწავლეთა წინარე ცოდნაზე, მზაობასა და ინტერესებზე დაყრდნობით. ლექტორმა მოსწავლეებს მოუთხრო ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის დაარსებისა და მოღვაწეობის შესახებ. ისაუბრა უნივერსიტეტის როლზე ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენისა და დაცვის საქმეში. მოსწავლეებმა გააცნობიერეს, რომ სწორედ უნივერსიტეტი იყო ადგილი, სადაც იბადებოდა და ხორცს ისხამდა ჩვენი სამშობლოს განმათავისუფლებელი ბრძოლის იდეები. დროდადრო ხდებოდა მოსწავლეთა ინტერაქცია კითხვა-პასუხის რეჟიმით. მოსწავლეებმა, ლექტორის დახმარებით, იმსჯელეს შემდეგ მთავარ საკითხზე: რატომაა აუცილებელი საბჭოთა წარსულის მძიმე გამოცდილებათა გათვალისწინება იმისთვის, რომ სწორად განვითარდეს ჩვენი ქვეყანა? შეხვედრაზე ასევე გაკეთდა აქცენტი ერთ მნიშვნელოვან მომენტზეც, კერძოდ, რამდენად უთმობენ ყურადღებას ევროპული სახელმწიფოები საბჭოთა ცხოვრების ისტორიის შესწავლას. მოსწავლეებმა შეიტყვეს, რომ საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმები არსებობს იმ ევროპულ ქვეყნებშიც, რომლებმაც საქართველოს მსგავსად განიცადეს უმძიმესი ზეწოლა და ტკივილი კომუნისტური მმართველობისგან. შეხვედრის დასასრულს, ჩვენმა სკოლამ მიიღო მიწვევა საქართველოს უახლესი ისტორიის ცენტრის მიერ დაანონსებულ საჯარო ლექციების ციკლზე („საბჭოთა კავშირი – აღზევება და დაცემა“), რომელსაც უძღვებიან თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის პროფესორები და ცნობილი ისტორიკოსები.
ნაბიჯი 7 – შესრულებული სამუშაოს პრეზენტაცია სასკოლო საზოგადოებისა და თემის წინაშე
შესრულებული სამუშაოს პრეზენტაცია, შეძენელი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, ერთი მხრივ, თემში ცნობიერების ამაღლებისაკენ იყო მიმართული, ხოლო, მეორე მხრივ, დაეხმარა მოსწავლეებს გაეანალიზებინათ მათ მიერ შესრულებული სამუშაო, ემუშავათ საპრეზენტაციო უნარების განვითარებაზე. მოსწავლეებმა იმსჯელეს იმ სირთულეებსა და გამოწვევებზე, რომელთაც მუშაობის პროცესში აწყდებოდნენ, ისაუბრეს იმაზეც, რა შესძინა მათ აღნიშნულმა პროექტმა და დასახეს სამომავლო სამოქმედო გეგმა არაფორმალურ განათლებაში ჩართულობისათვის.
პროცესის მონიტორინგი და შეფასება: პროცესის მონიტორინგისა და შეფასებისათვის შევიმუშავე შემდეგი ინსტრუმენტები: დაკვირვების ცხრილები, შეფასებისა და თვითშეფასების რუბრიკები. პირველ მონიტორინგს მივმართე მუზეუმში სტუმრობის მომენტში. მოსწავლეებსა და მათ მშობლებს გავაცანი მუზეუმში სტუმრობისათვის საჭირო წინაპირობები. შევთანხმდით მგზავრობასთან, კვებასთან და ბილეთის საფასურთან დაკავშირებულ ტექნიკურ საკითხებზე, თითოეულმა მშობელმა დაადასტურა პირობების გაცნობა და განაცხადა თანხმობა. შემდეგ მოსწავლეებს წარვუდგინე მგზავრობისას და მუზეუმში სტუმრობისას ქცევის წესები და კიდევ ერთხელ შევახსენე მათი ვალდებულებები, შესასრულებელი საქმე.
მუზეუმში სტუმრობის შემდეგ შევამოწმე მოსწავლეთა ჩანაწერები და გადაღებული ფოტომასალა, შევუდექი ბლოგზე მუშაობის პროცესზე დაკვირვებას, რისთვისაც შევიმუშავე სპეციალური რუბრიკა. ვაკვირდებოდი მათ თანამშრომლობას, სამუშაოს შესრულების მოტივაციასა და ჩართულობის ხარისხს. ხარვეზების არსებობის შემთხვევაში კი ვცდილობდი გამეწია დამატებითი დახმარება.
ბლოგზე განსათავსებელი წერილობითი ნაშრომების შეფასებისათვის ასევე შევიმუშავე სათანადო რუბრიკა, რომელიც გამოვიყენეთ ნაშრომების შეფასებისა და რედაქტირებისათვის. რუბრიკის მიხედვით, მოსწავლეებს ევალებოდათ ნაშრომის სტრუქტურის დაცვა, ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებების სწორად შერჩევა, გამოყენებული რესურსისა და წყაროების სათანადო დამოწმება, ნაშრომის ვიზუალური მოწესრიგება. ნაშრომების რედაქტირებამდე მათ მიიღეს განმავითარებელი შეფასება.
სასკოლო საზოგადოებასთან შეხვედრამდე შევამოწმე მოსწავლეთა საპრეზენტაციო მზაობა და გავუზიარე რუბრიკა, რომელზე დაყრდნობითაც შევაფასებდით მათი გამოსვლის წარმატებულობას. რუბრიკის გაცნობა დაეხმარა მოსწავლეებს თვითორგანიზებაში. პროექტის დასკვნით ეტაპზე მათ შეავსეს თვითშეფასების რუბრიკა, რომელმაც გამოკვეთა პროექტის წარმატება, გამოსასწორებელი ხარვეზები და ახალი იდეები სამომავლო მუშაობისათვის. დასასრულს, ვფიქრობ, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ პროექტის ფარგლებში შექმნილი ბლოგი წარმოადგენს ერთგვარ საგანმანათლებლო რესურსს, თვალსაჩინოებას, საბჭოთა ეპოქის სწავლებისათვის. ამასთანავე, ბლოგი განახლებადია, მოსწავლეები, პედაგოგებთან თანამშრომლობით, პერიოდულად, ქმნიან მასზე განსათავსებელ მასალებს, რათა კიდევ უფრო გაიღრმავონ პროექტზე მუშაობისას შეძენილი ცოდნა და მეტად განივითარონ მულტიმედიურ ტექსტებზე მუშაობის უნარები.
ლიტერატურა
◊ ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა – http://ncp.ge/ge/curriculum/satesto-seqtsia/akhali-sastsavlo-gegmebi-2018-2024/datskebiti-safekhuri-i-vi-klasebi-damtkitsda-2016-tsels
◊ საგნობრივი გზამკვლევი ქართულ ენასა და ლიტერატურაში — https://mes.gov.ge/content.php?id=12725&lang=geo
◊ რას შეიძლება ნიშნავდეს მუზეუმში სტუმრობა ბავშვებისათვის — https://schooleducation.ec.europa.eu/mk/insights/viewpoints/what-visit-museum-can-mean-children?
◊ პროექტის ფარგლებში შექმნილი რესურსის ბმული: https://skola214.blogspot.com/p/blog-page_26.html