ინგა წიკლაური
სსიპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფ. სართიჭალის №2 და №3 საჯარო სკოლების სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების, მუსიკის მასწავლებელი
„ცოდნისაკენ სამ გზას მივყავართ: აზროვნება ყველაზე კეთილშობილური გზაა, მიბაძვა – ყველაზე მარტივი, გამოცდილების გზა კი – ყველაზე მწარე“.
კონფუცი
სამყაროს შეცნობის თეორია კაცობრიობის წინაშე მარადიული თემაა. პიროვნების სრულყოფასა და განვითარებაში მისი შემეცნების გზები უწყვეტი პროცესია, რომელიც გულისხმობს დიფერენცირებულ მიდგომას და ნიშნავს მოსწავლის პიროვნულ, კოგნიტურ და შემოქმედებით განვითარებას. პროექტული სწავლება მუსიკის საგანში ერთ-ერთი გზაა, რომელიც წარმოადგენს ესთეტიკური მეცნიერების ინტეგრირების დარგს. თემათა არეალში იკვეთება კავშირი სხვადასხვა სასკოლო დისციპლინებთან. მუსიკა მძაფრად ასახავს ზოგად სოციოკულტურულ მდგომარეობას. ადამიანის პიროვნულ, კოგნიტურ და ემოციურ განვითარებაზე მუსიკას უდიდესი ზეგავლენა აქვს. სასკოლო სახელმძღვანელოებში მუსიკა განხილულია ლიტერატურის, ფიზიკის, ფოლკლორის, თანამედროვე ტექნოლოგიების, ციფრული წიგნიერების, მედიაწიგნიერების კომპეტენციებთან ერთად. სწავლა-სწავლების არატრადიციული ფორმა პროექტული სწავლება ეფუძნება საშუალო საფეხურის სტანდარტს და შესაძლებელია განხორციელდეს როგორც ფორმალურ, ისე არაფორმალურ გარემოში. მოსწავლე ეჩვევა აღმოჩენებით და დაკვირვებით სწავლას, იყენებს შეძენილ ცოდნას და უნარ-ჩვევებს, იმაღლებს მოტივაციას, რაც დაეხმარება ანალიტიკური, კრიტიკული, ობიექტური და სამართლიანი აზროვნების ჩამოყალიბებაში.
ამისდა გათვალისწინებით განვახორციელე სასწავლო პროექტი საგან მუსიკაში მე-11 კლასში
თემა: ეროვნული იდენტობა და ევროპული მუსიკალური აზროვნების საკითხები ზ. ფალიაშვილის შემოქმედებაში.
მიზანი: ეროვნული იდენტობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და პოპულარიზაცია.
მოსწავლეებისთვის, თავდაპირველად, მნიშვნელოვანი იყო ნაციონალური იდენტობის განმარტება, რომელიც ხალხის ჯგუფების გარკვეული ნიშნით გაერთიანებას და ცხოვრებაში აქტიური მონაწილე პირადი აღიარების პროცესად განიხილება. თავდაპირველად გააცნობიერეს თუ როგორ ვლინდება მუსიკაში საერთო ნაციონალური ცნობიერება, რომ ნაციონალური იდენტობა წარმოადგენს ორი მჭიდროდ ურთიერთდაკავშირებული მდგენელის ერთობლიობას, ეს არის: თეორიული და ყოფითი ცნობიერება. ყოფითი ცნობიერებაა – ცხოვრებისეული პირობებით განსაზღვრული ყოველდღიური მოთხოვნები, ინტერესები, ფასეულობები, რომელიც საზოგადოებას ეთნოსად აყალიბებს.
პირველი პირობა გარემოა – მნიშვნელოვანია გაცნობიერება იმისა, თუ რა გავლენას ახდენს გარემო ფაქტორები საზოგადოების ეთნოსად ჩამოყალიბებაზე. პეიზაჟებზე დაკვირვების მიხედვით, მოსწაცლეებმა გამოთქვეს ვარაუდები გარემოზე, კლიმატზე და ამ ადგილებში მცხოვრებ ხალხზე, მოისმინეს მუსიკალური ნაწარმოებები, განსაზღვრეს ამ ადგილებში მცხოვრებ ხალხში რომელი ჟანრის სიმღერები იქნებოდა გავრცელებული, კერძოდ: სატრფიალო, შრომის, ლაშქრული, სალხინო, რიტუალური თუ ყოფითი. მოიძიეს საკუთარი კუთხის ლანდშაფტის ამსახველი ფოტოსურათები, შეურჩიეს ხალხური სიმღერა ან საკრავიერი მუსიკა, რომელიც ყველაზე კარგად აღწერდა სურათის ლანდშაფტს და წარმოადგინეს პრეზენტაცია.
მეორე პირობა კი არის ფასეულობებზე დაფუძვნებული სტერეოტიპული წარმოდგენები, ზნე-ჩვეულებები და ტრადიციები, რომელსაც ისტორიული წინაპირობა აქვს. მნიშვნელოვანი იყო იმის გაცნობიერება თუ რა სახით შეიძლება ყოფილიყო წარმოდგენილი ხალხურ შემოქმედებაში ისტორიული წინაპირობა. აქ აღმოჩნდა კიდევ ერთი პირობა – ნაციონალური ხასიათი, ემოციები და გრძნობები, რომელიც გამოიხატება გარე მოვლენებისადმი დამოკიდებულებით, რის შედეგადაც დადგინდა ზოგადად ეთნიკური ხასიათის თავისებურებები. შეარჩიეს ქართული ხალხური სიმღერები, რომელიც ისტორიულ მოვლენას ან პიროვნების ხსოვნას უკავშირდებოდა, სადაც ნათლად გამოჩნდა ჩვენი ქვეყნის გმირული, ისტორიულ-პატრიოტული წარსული, ხასიათი, ინტერესი და ადათ-წესები.
იდენტობის გააზრების შემდეგ დადგინდა, რომ ნაციონალური იდენტობა არის კონცეფცია, რომელიც ეროვნულ ფასეულობებს უკავშირდება და განსაზღვრავს ერის უნიკალურობას. შეხედულებები და დამოკიდებულებები განსაზღვრავენ იმას, თუ რამდენად აქტუალურია ფასეულობები ერისთვის და რამდენად მივაკუთვნებთ ჩვენს თავს ამა თუ იმ ერს. მოისმინეს მუსიკალური ფრაგმენტები, დაუკავშირეს ფასეულობებს (ენა, ისტორიული გამოცდილება, კულტურული მემკვიდრეობა (ხალხური შემოქმედება, ხელოვნება, ხუროთმოძღვრება), რელიგია – რელიგიური ადათ-წესები, ოჯახი, ყველა სახის თავისუფლება (პირადი, ნაციონალური), კანონმორჩილება) და დაალაგეს პრიორიტეტების მიხედვით.
ეროვნული იდენტობის ჩამოყალიბებაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს ზ. ფალიაშვილის შემოქმედებას, რომელიც მე-19 საუკუნეში, ხალხურ შემოქმედებასთან ერთად, საქართველოში თანდათან მკვიდრდებოდა, როგორც ევროპული მუსიკალური აზროვნება. ფალიაშვილმა შექმნა ოპერები „აბესალომ და ეთერი“, „დაისი“, „ლატავრა“, რომელიც ქართულ ფესვებზეა აღმოცენებული. მისი შემოქმედება ქართული კულტურის უმაღლესი მწვერვალია, რომლის საფუძველი გახლავთ ქართული ხალხური მუსიკა. ოპერა „აბესალომ და ეთერის“ კი ასე მოიხსენიებდნენ: „როგორც არ დაიწერება მეორე „ვეფხვისტყაოსანი“, არ აშენდება სვეტიცხოველი და ნიკორწმინდა, ისე არ დაიწერება მეორე „აბესალომ და ეთერი“, დიდმა ილიამ მეორე „ქართლის ცხოვრება“ უწოდა. ნაციონალური იდენტობის ბოლომდე გარკვევისათვის საჭირო იყო პერსონალური და კულტურული იდენტობის ფორმირება. მუსიკალური ფრაგმენტების მოსმენის შემდეგ, მოსწავლეებმა დააფიქსირეს დღევანდელი რეალობა და განსაზღვრეს მომავლის იმედი.
პროექტი გამოსახეს ხალხური სიმბოლოებით, ორიგინალურად, „ორნამენტით“ – „ვაზის ყლორტებში ფანდურის“ გამოსახვით.
საბოლოოდ შეიძლება დავასკვნათ და ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი ქვეყნის ეროვნული იდენტობა ჩვენი ქვეყნის სიყვარულია. მსგავსი პროექტების განხორციელება მოსწავლეებს დაეხმარება ტრადიციებისა და ადათ-წესების გაცნობიერებაში, ეროვნული ღირებულებების გააზრებაში, პიროვნულ ზრდასა და კარგ მოქალაქედ ჩამოყალიბებაში.