24 ივლისი, ხუთშაბათი, 2025

პროექტული სწავლება და წყლის ხარისხის კვლევა

spot_imgspot_img
ლუსანა ლომაია
ქიმიის დოქტორი, სსიპ ქალაქ თბილისის N108 საჯარო სკოლის ქიმიისა და ბიოლოგიის მენტორი მასწავლებელი

 

 სტატია მიმოიხილავს თბილისის N108 საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლეთა მიერ განხორციელებულ კვლევით პროექტს, რომელიც მიზნად ისახავდა წყლის სისუფთავის ხარისხის განსაზღვრას სხვადასხვა წყაროებიდან აღებული ნიმუშების ანალიზის გზით. პროექტი „წყლის სისუფთავის კვლევა“ ასოციაცია „ბიოს“ ინიცირებით დაგეგმილი პროექტის „ნაბიჯი მომავალში-ჩვენი პროექტების გამოფენის“ ფარგლებში განხორციელდა. კვლევის პროცესში მოსწავლეებმა გამოიყენეს ფიზიკური და ქიმიური ანალიზები. სტატია განიხილავს პროექტის შედეგებს, მათ ინტერპრეტაციასა და საგანმანათლებლო მნიშვნელობას, განსაკუთრებით კვლევითი უნარების განვითარებისა და მდგრადი განვითარების მიზნების კონტექსტში.

წყალი წარმოადგენს სიცოცხლისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს რესურსს. მისი სისუფთავე და ხარისხი პირდაპირ გავლენას ახდენს როგორც ეკოსისტემებზე, ასევე ადამიანის ჯანმრთელობაზე. მოსწავლეთა მიერ განხორციელებული კვლევითი პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავს წყლის სისუფთავის ხარისხის შეფასებას, ხელს უწყობს მათში კვლევითი უნარების განვითარებას, კრიტიკული აზროვნების გაძლიერებას და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას.

წყლის ხარისხის შეფასება მრავალმხრივი პროცესია, რომელიც მოიცავს ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური პარამეტრების ანალიზს. საერთაშორისო სტანდარტები, როგორიცაა მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) მითითებები, განსაზღვრავს წყლის ხარისხის შეფასების კრიტერიუმებს. საგანმანათლებლო კონტექსტში, კვლევითი პროექტები, რომლებიც ფოკუსირებულია წყლის სისუფთავეზე, ხელს უწყობს მოსწავლეთა აქტიურ ჩართულობას და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებას.

პროექტის მიმდინარეობა: მოსწავლეებმა შეაგროვეს წყლის ნიმუშები სხვადასხვა წყაროებიდან, მათ შორის თბილისის ზღვიდან, თოვლის ნაჟური (რიკოთის უღელტეხილი), ონკანის (ვარკეთილი), წვიმის (ვარკეთილი, ნასაგური), ტალახიანი, გუბის, არაგაზირებული სასმელი („მთის წყალი“) და გაზიანი სასმელი წყალი (ნაბეღლავი). ნიმუშები გააანალიზეს შემდეგი პარამეტრების მიხედვით:

ფიზიკური პარამეტრი – ფერი, სუნი, ტემპერატურა;

ქიმიური პარამეტრი – PH, TDS.

ანალიზისთვის გამოიყენეს სტანდარტული ლაბორატორიული მეთოდები და ხელსაწყოები.

ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ ზოგიერთი წყაროს ნიმუშში ქიმიური დაბინძურების მიმართულებით დაფიქსირდა გადაცდომები. მაგალითად, თოვლის ნაჟურ წყალში წყლის PH=6,1. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ის შეიცავს გარკვეულ მჟავა კომპონენტებს, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს:

  • ატმოსფერული ნახშირორჟანგის შედერებით მაღალი კონცენტრაციით.
  • სხვადასხვა მინარევით ან დაბინძურებით (მაგ., გოგირდის ან აზოტის ოქსიდები, რომლებიც წყალს მჟავა გარემოს ჰმატებს). ეს მაჩვენებელი არ არის საშიში ადამიანისთვის, რადგან ადამიანის ორგანიზმი ადაპტირებულია ოდნავ მჟავა-ტუტე გარემოსთან, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში მისი მიღება არაა რეკომენდირებული-მიზანშეწონილია მისი გაფილტვრა, ან დამატებით მინარევებზე შემოწმება(მაგ.მძიმე მეტალები).

წყლის ტიპი ფერი სუნი ტემპერატურა PH TDS შენიშვნები
თბილისის ზღვის გამჭვირვალე უსუნო 250 C 7,9 175 სტანდარტთან შესაბამისი
თოვლის ნაჟური (რიკოთი) გამჭვირვალე უსუნო 250 C 6,1 98 რეკომენდებულია დამატებითი ანალიზი
ონკანის წყალი (ვარკეთილი) გამჭვირვალე უსუნო 250 C 7,1 136 სტანდარტთან შესაბამისი
წვიმის წყალი (ნასაგური) ოდნავ ნისლისფერი უსუნო 250 C 6,8 162 შესაძლოა ატმოსფერული მინარევების ზემოქმედება
ტალახიანი გუბის წყალი (ნასაგური) მოყავისფრო სუნიანი 250 C 6,3 310 მაღალი დაბინძურება. არაა რეკომენდებული გამოყენებისთვის
არაგაზირებული სასმელი წყალი გამჭვირვალე უსუნო 250 C 7,1 111 სტანდარტთან შესაბამისი
გაზიანი სასმელი წყალი (ნებეღლავი გამჭვირვალე უსუნო 250 C 5,1 180 დაბალი PH; რეკომენდებულია ზომიერი მოხმარება

მიღებული შედეგები მიუთითებს, რომ აუცილებელია წყლის ხარისხის რეგულარული მონიტორინგი და შესაბამისი ზომების მიღება დაბინძურების პრევენციისთვის. პროექტის განმავლობაში, მოსწავლეები მუშაობდნენ ჯგუფურად, მოამზადეს პრეზენტაციები და გაეცნენ ისეთ თემებს, როგორიცაა: მიწისზედა და მიწისქვეშა წყლები, აგროკულტურა და პესტიციდებით წყლის დაბიძურება, კანალიზაცია და ჩამდინარე წყლები, წყლის დაზოგვა, ნავთობით და პლასტმასით დაბინძურება – რა საფრთხეს გვიქმნის წყლის დაბინძურება? წყლის გონივრული გამოყენება სოფლის მეურნეობაში, სასმელი წყალი – ამოწურვადი რესურსი, დაბინძურებული წყლით გამოწვეული დაავადებები და მათი პრევენცია. მოსწავლეთა ჩართულობა ამ პროცესში არა მხოლოდ ეხმარება მათ კვლევითი უნარების განვითარებაში, არამედ აძლიერებს მათ გარემოსდაცვით პასუხისმგებლობას.

მოსწავლეთა მიერ განხორციელებული წყლის სისუფთავის კვლევა წარმოადგენს საგანმანათლებლო გამოცდილებას, რომელიც აერთიანებს თეორიულ ცოდნას პრაქტიკულ საქმიანობასთან. ასეთი პროექტები ხელს უწყობს მოსწავლეთა აქტიურ ჩართულობას, კვლევითი უნარების განვითარებასა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას.

პროექტზე აქტიური და წარმატებული მუშაობისთვის სკოლას, პედაგოგსა და მოსწავლეებს გადაეცათ სერტიფიკატები.

ჩატარებულმა კვლევამ ნათლად აჩვენა, რომ პროექტული სწავლება მნიშვნელოვან როლს ასრულებს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაში. წყლის ხარისხის კვლევის კონკრეტულმა მაგალითმა წარმოაჩინა, რომ პრაქტიკული, რეალურ სამყაროსთან დაკავშირებული ამოცანები ზრდის მოსწავლეთა ჩართულობას სასწავლო პროცესში. ისინი არა მხოლოდ იძენენ კონკრეტულ ცოდნას და უნარებს, არამედ მათ უვითარდებათ კვლევითი, კრიტიკული და პრობლემის გადაჭრის უნარები. კვლევის შედეგებმა ხაზი გაუსვა წყლის ხარისხის რეგულარული მონოტორინგისა და დაბინძურების პრევენციის მნიშვნელობას. მოსწავლეებმა გააცნობიერეს საკუთარი როლი გარემოსდაცვითი პრობლემის მოგვარებაში, რაც ხელს შეუწყობს მათში სამოქალაქო პასუხისმგებლობისა და აქტიური მოქალაქეების ჩამოყალიბებას. მომავალში, მიზანშეწონილია, გაფართოვდეს კვლევის არეალი და მოიცვას სხვადასხვა საგნობრივი სფერო და პროექტის ტიპი, რათა უფრო სრულყოფილი სურათი შეიქმნას სწავლების გავლენაზე მოსწავლეთა მოტივაციასა და აკადემიურ მიღწევებზე.

spot_imgspot_img
მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება