სსიპ ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის თბილისის №178 საჯარო სკოლა მონაწილეობდა სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში „მეცნიერება იწყება სკოლიდან“, გამარჯვებული პროექტი – „მინანქრებისა და ჭიქურების მომზადების, ნაკეთობებზე დატანის ტექნოლოგიების ფიზიკურ-ქიმიური თავისებურებების კვლევა“.
კვლევა განხორციელდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით (გრანტის ნომერია SCR-23-462).
პროექტის მიზანი:
♦ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეთა განათლების ხარისხის ამაღლება, სასკოლო განათლებისა და სამეცნიერო კვლევების დაახლოება, სამეცნიერო კვლევების ინტეგრირება სასწავლო პროცესში;
♦ სამეცნიერო დარგობრივი ლიტერატურის გაცნობისა და კვლევების პოპულარიზაციის გზით, სკოლის მოსწავლეთა დაინტერესება მეცნიერების კონკრეტული დარგით;
♦ მოსწავლეებში სამეცნიერო კვლევების ჩატარებისა და შედეგების ანალიზის უნარების გამომუშავების ხელშეწყობა;
♦ მასწავლებელთა, გამოცდილ და ახალგაზრდა მეცნიერთა მოტივაციის ამაღლება მოსწავლეთა კვლევებში ჩასართავად.
პროექტის ამოცანები:
- მინანქრებისა და ჭიქურების დასამზადებელი მასალის მოძიება-მომზადება, ნაკეთობებზე დატანის ტექნოლოგიათა ფიზიკურ-ქიმიური შესწავლა ლექცია-სემინარებით;
- მოსწავლეთა მიერ, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩასატარებელი ლაბორატორიული კვლევების მეთოდოლოგიის ათვისება და კვლევებისთვის მომზადება;
- მოსწავლეთა მიერ, მომინანქრება-მოჭიქურების ექსპერიმენტების დამოუკიდებლად და გუნდურად ჩატარება;
- მოსწავლეთა მიერ, შედეგების დამოუკიდებლად და გუნდურად ანალიზი;
- მომინანქრებული ვერცხლისა და სპილენძის სამახსოვრო ნაკეთობების დამზადება; კერამიკული ნაკეთობების დამზადება.
- მოსწავლეთა მონაწილეობით სტატიისა და საკონფერენციო თეზისების მომზადება-გავრცელება;
პროექტის გეგმა:
გრაფიკის მიხედვით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიის დეპარტამენტში, ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის თბილისის 178-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების, ახალგაზრდა მკვლევართა კლუბის „მინანქარი 178“ წევრ მოსწავლეთა ჩართულობით, განხორციელდა შემდეგი აქტივობები: გრანტის ფარგლებში, სკოლაში დაარსდა „ახალგაზრდა მკვლევართა კლუბი“ (კლუბის ხელმძღვანელი, პროექტის თანახელმძღვანელი – ბიოლოგიის მასწავლებელი ეკა უჩანეიშვილი). მოსწავლეებმა შექმნეს კლუბის ლოგო და სოციალურ ქსელში – გვერდი, სადაც გაზიარებულია პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები.
კლუბის დაარსების მიზანია მოსწავლეებში მეცნიერული უნარ-ჩვევების განვითარება, საბუნებისმეტყველო საგნების პოპულარიზაცია.
„ახალგაზრდა მკვლევართა კლუბის“ წევრი მოსწავლეებისთვის, პროფესორმა მარინა კაპანაძემ ჩაატარა ლექცია-სემინარები მინის, კერამიკის, ჭიქურებისა და მინანქრის ზოგად ტექნოლოგიაში. როგორც სტუ-ში, ასევე 178-ე საჯარო სკოლაში სალექციო კურსის მიზანი იყო: მოსწავლეების ინფორმირება მინანქრის, ჭიქურის, მომინანქრებისა და მოჭიქურების ტექნოლოგიის შესახებ; სკოლის მოსწავლეთა დაინტერესება მეცნიერების კონკრეტული დარგით.
საგრანტო პროექტის გეგმით გათვალისწინებული ლაბორატორიული სამუშაოების ჩატარება მოსწავლეებმა სტუ-ში, სილიკატების ტექნოლოგიის მიმართულებაზე, ასოცირებული პროფესორის, გივი ლოლაძის ხელმძღვანელობით დაიწყეს. თითოეულმა მოსწავლემ, წითელი თიხის პლასტიური ცომისაგან, საკუთარი ხელით გამოძერწა ნიმუშები, რომლებიც ჯერ გამოაშრეს და შემდეგ 9000°C ტემპერატურაზე გამოწვეს. ასევე მოხატეს კერამიკული ფილები.
სამუშაოები გაგრძელდა სტუ-ში ბიონანოსამედიცინო კერამიკული და პოლიმერული კომპოზიტების ტექნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელის, ევროპის კერამიკოსთა საზოგადოების და კერამიკოსთა საერთაშორისო ფედერაციის საბჭოს წევრის, პროფესორ ზვიად კოვზირიძის ხელმძღვანელობით. მან განსაზღვრა კვლევითი სამუშაოები, რომლებიც აღნიშნული მიმართულების ლაბორატორიაში ჩატარდა.
მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს შლიკერის მასის მომზადებისა და ჩამოსხმის პროცესში; თაბაშირის ყალიბებში ჩამოასხეს შლიკერის მასა და მიიღებული კერამიკული ნაკეთობები გამოწვეს ღუმელში, 1100°C-ზე.
საუშაოები გაგრძელდა ექსპერიმენტალური შემოქმედებითი ცენტრის „ქართული მინანქარი“ ლაბორატორიაში, პროფესორ ვლადიმერ გორდელაძის ხელმძღვანელობით. განისაზღვრა კვლევითი სამუშაოები, მომინანქრებული ნაკეთობა ცენტრის ლაბორატორიაში მომზადდა. მოსწავლეებმა საკუთარი ხელით გადაიტანეს მინანქარი ლითონის – სპილენძისა და ვერცხლის ყალიბებში, გამოწვის შემდეგ მინანქარმა საბოლოო სარკისებური ზედაპირი მიიღო.
საგრანტო პროექტის დასრულების შემდეგ, სამომავლო განვითარების გეგმა ითვალისწინებს:
♦ კონტაქტების შენარჩუნებას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებსა და სსიპ ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის თბილისის №178 საჯარო სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს შორის;
♦ „ახალგაზრდა მკვლევართა კლუბის“ შენარჩუნებას და თანამშრომლობას სტუ-სთან.
მთელი სასკოლო საზოგადოების სახელით, მადლობას ვუხდით შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდს, ასევე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ამ შესაძლებლობისთვის და მხარდაჭერისთვის. სკოლამ, გრანტის ფარგლებში, გააუმჯობესა საბუნებისმეტყველო კათედრის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, რაც ხელს შეუწყობს, მომავალში, მოსწავლეების STEM საგნებით დაინტერესებას, გლობალურ-ფუნქციური უნარების განვითარებას.
ეკა უჩანეიშვილი
ბიოლოგიის პედაგოგი, დოქტორი
მარინა კაპანაძე
ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენელი, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის პროფესორი