„პოეზია ღვთაებური ღონეა, გულის სიღრმიდამ ადამიანის გრძნობათა მარგალიტების ამომტანელი, მხატვარია ცხოველმყოფელი და ხორცთშემსხმელი უსხეულო აზრისა, ფიქრისა, გრძნობისა, ერთის სიტყვით, ადამიანის და მსოფლიოს სულის მოძრაობისა. ეს მსოფლიო სული – ზღვაა უძირო, არამც თუ თვალ, არამედ ფიქრ–მიუწდომელიცა“ (ილია ჭავჭავაძე). პოეზიის ამ მადლით მოსილ, გრძნობების უკიდეგანო „ზენაართ სამყოფში“, ესთეტიკურ სიამოვნებას რომ გვანიჭებს ჭირსა თუ ლხინში და კურნავს წუთისოფლის მუხთლობით მიყენებულ ჭრილობებს, მეგზურობა გაგვიწია და ლირიკის ლაბირინთებში გვატარა ჟურნალისტმა, კრიტიკოსმა, ლიტერატურის მკვლევარმა, ლიტერატურის ინსტიტუტის განყოფილების გამგემ, მთავარმა მეცნიერ თანამშრომელმა, ლიტერატურულ პრემია „საბას“ ორგზის ლაურიატმა, ლევან ბრეგაძემ. შეხვედრა ონლაინ ფორმატში შედგა, პროექტის „საუბრები ქართულ ლიტერატურაზე“ ფარგლებში და უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა თითოეულ მსმენელზე (პროექტის ორგანიზატორები: სსიპ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდრის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ხათუნა ბერაძე და სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საგვიჩიოს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ზაზა შულაია).
ბატონმა ლევანმა ისაუბრა ინდუსტრიალიზაციიის, მრეწველობისა და ტექნიკის საოცარი სისწრაფით განვითარებამ იმოქმედა თუ არა ჩვენს გრძნობათა სამყაროზე? შეიცვალა თუ არა, ან იცვლებოდა თუ არა ეპოქების მიხედვით მხატვრული სიტყვის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება? რა განსაზღვრავს ლექსის სპეციფიკასა და იდუმალება-მომხიბლაობას? განვითარების რა ეტაპზეა და რა ელოდება ლექსს? რატომ გვიზიდავს ან განგვიზიდავს და რა არის ყველაზე ნიშანდობლივი სამკაული, როგორც თავად უწოდებს, „ამ უცნაური ტექსტისა“?
მკვლევარმა აღნიშნა, ჯერ კიდევ ბავშვობაში, რა დიდი გავლენა მოახდინა მასზე ლექსის ბოლოში ჩამომსხდარმა სხვადასხვა შინაარსის, მაგრამ ერთნაირმა სიტყვებმა და ამ შთაბეჭდილებამ როგორ განსაზღვრა მისი მომავალი პროფესია. დღეს კი საოცრად მადლიერია ღმერთის, რომ აჩუქა ხელოვნების ამ დარგის სიყვარული და ათწლეულების განმავლობაში მთელი არსებით ცდილობს, თაობებს გააცნოს და შეაგრძნობინოს ლირიკის მაგიური ძალა.
და მაინც, რა არის პოეზია და რა განაპირობებს მის განსაკუთრებულობას?
ბატონი ლევანის აზრით, ყოფითობით აღბეჭდილი სინამდვილიდან გალექსილი ტექსტის მეოხებით უჩვეულო, ამაღლებულ, ხაზგასმულად ესთეტიზებულ გარემოში ვექცევით, რომელიც არასაყოველთაო განწყობებს გვპირდება. მეტრულად გაწყობილი, რითმულად შემკული და მუსიკალური რიტმით აწყობილი მხატვრული სახეებით გამოთქმული განცდები, ფიქრები, ემოციები და დამოკიდებულებები ქვეცნობიერში გვახედებს და ჩვენი სულის მოძრაობას კოსმიური წესრიგით ავსებს. როგორც მუხრან მაჭავარიანი ამბობს, ლექსი მაშინ იწერება, როცა ხელოვანს ცხოვრებისეული სიტყვები არ ჰყოფნის საკუთარი გრძნობისა და აზრის გამოსათქმელად; მკითხველიც მაშინ მიმართავს სიტყვების ამ ჯადოსნურ სამყაროს, როცა მსგავს სულიერ მდგომარეობაში აღმოჩნდება. მკვლევარი და კრიტიკოსი პოეზიის მოყვარულთ და ლექსის ყადრის მცოდნეთ მკითხველთა უბედნიერეს ჯგუფს აკუთვნებს, ვინაიდან პოეზიას, ლიტერატურის სხვა დარგებზე უკეთ, შეუძლია, სულიერად გააფაქიზოს ადამიანი, განუვითაროს გრძნობითი დამოკიდებულება გარემოს მიმართ, დახვეწოს და დაამშვენოს მისი შინაგანი სამყარო, გააძლიეროს ცხოვრების განსაცდელებთან გამკლავების პროცესი. მოწესრიგებულ, რითმულად და რიტმულად გაწყობილ ტექსტს, შეიძლება ითქვას, ტრანსის მდგომარეობაში გადაჰყავს მკითხველი. თავად პოეტი კი, მკვლეარის აზრით, პარადოქსული, საღი განსჯისთვის მიუწვდომელი, მაგრამ რეალობისთვის ღრმად შეცნობილი ჭეშმარიტების მაუწყებელია, რომელსაც სურს, დაგვარწმუნოს, რომ ღირებული მიზნის იოლად მიღწევას, სჯობს დაბრკოლებებით აღსავსე გზით ვიაროთ, რადგან ეს უფრო მომხიბვლელია. აზრის ნათელსაყოფად დაიმოწმა უკვდავი შოთას აფორიზმი, ვარდის ადვილად მოპოვება ჩირის ფასად რომ აქცევს მის მომხიბვლელობას.
ბატონმა ლევანმა ყურადღება გაამახვილა ლექსის თეორიის საკითხებზე, ისაუბრა მამუკა ბარათაშვილის „ჭაშნაგირის“ მნიშვნელობაზე; ლესინგის „ლაოკოონის“ მიხედვით პოეზიისა და მხატვრობის მიმართებაზე; ქართველი პოეტების ვირტუოზობასა და სიდიადეზე; მუხრან მაჭავარიანის „მოძრავდეტალიან პეიზაჟებზე“; გალაკტიონისა და ტერენტის ზეგრძნობადი სამყაროს გამომსახველობით ძალაზე; მიმოიხილა, სხვადასხვა ეპოქაში, რა გამოწვევების წინაშე დადგა პოეტი და პოეზია, როგორ გაუჭირდა ლირიკას მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში. როგორ გამოეხმაურნენ ამ საჭირბოროტო საკითხს ქართველი კალმოსნები (იოსებ გრიშაშვილი – ლექსით „საუბარი ასოთამწყობებთან ჩემი წიგნის დაბეჭდვის გამო“(1925 წ.); ალექსანდრე აბაშიძე – „ლირიკოსი და მებაღე“(1932წ); გალაკტიონ ტაბიძე – „საუბარი ლირიკის შესახებ“(1940წ); როგორ ავითარებს, დღეს განსჯის საგნად ქცეული, ლექსის დაზეპირება მოზარდის მეხსიერებას; რამ შეუწყო ხელი თეთრი ლექსის დამკვიდრება-განვითარებას; დაბოლოს, რა მდგომარეობაა ახლა, პოსტმოდერნისტულ ეპოქაში, ლიტერატურის ამ ჟანრთან დაკავშირებით? ბატონმა ლევანმა ხატოვნად აღნიშნა, „ფიზიკამ დაჩაგრა ლირიკაო“, მაგრამ იქვე გაგვაცნო თანამედროვე გერმანელი პოეტის ენტერბერგერის მოსაზრება: „პოეზია ძალიან გამძლე რამ არის, პოეზიისაკენ მიდრეკილება ანთროპოლოგიური კონსტანტაა და მას ვერასდროს ვერ აღმოფხვრი, ყოველთვის იარსებებს, თუ სხვა საშუალება არ მიეცა, იატაკქვეშეთში გაარძელებს არსებობას“.
შეუძლებელია, ერთ წერილში გადმოვცეთ ყველა მნიშვნელოვანი დეტალი თუ საკითხი, რაზეც შეხვედრაზე გამახვილდა ყურადღება. პოეზია ხომ სამყაროს შემეცნების თავისებური ფორმაა და ისეთივე ღრმაა, უსაზღვრო, იდუმალი და ბოლომდე შეუცნობელი, როგორც თავად სამყარო. სადაგი მეტყველებითა და ვირტუოზული ტექნიკით შესრულებული ლექსი ისევე წმენდს ყოველდღიური ყოფითი პრობლემებით დაბინძურებულ სულს, როგორც ლოცვა გვაკავშირებს უზენაესთან. ამიტომ საუბარი მინდა დავასრულო ბატონი ლევანის მრავლისმეტყველი რჩევით: „გიყვარდეთ საქმე, რომელსაც აირჩევთ და გიყვარდეთ პოეზია, რადგან ლექსი ჩვენში ცხოვრობს… თანაც ისე, რომ არაფერში გვიშლის ხელს. და არც არაფერს მოითხოვს ჩვენგან. ის ჩვენთან ერთად ვითარდება და იცვლება, ანუ იცვლება ჩვენი დამოკიდებულება მის მიმართ იმ გაგებით, რომ დროთა განმავლობაში უფრო ღრმად ვწვდებით მის აზრს. ერთ მშვენიერ დღეს კი, რაღაც მომენტში, უცილობლად გამოგვადგება, კეთილ სამსახურს გაგვიწევს. მეხსიერებაში შენახული ყოველი სტროფი, კლასიკური პოეტური საგანძურისა, არა აქვს მნიშვნელობა, მოგვწონს თუ არა, თითო საფეხურით აგვამაღლებს, საშუალოდან მაღალ დონეზე გადაგვიყვანს, რაც ჩვენი საქმიანობის ყველა სფეროში საგრძნობი იქნება… სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ლექსი, რომელიც ჩვენში ცხოვრობს, კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს ჩვენს სულიერ ღირებულებებზე, რა სფეროშიც არ უნდა გვიწევდეს საქმიანობა და არა აქვს მნიშვნელობა იმას, გვიყვარს თუ არა იგი. ადამიანი წუხილისა და ტანჯვისათვის არის გაჩენილი, ლექსი კი თერაპიაა, დიდი შველაა, რომელიც რთულ ვითარებაში წამალივით სასარგებლო იქნება.“