ხათუნა ბერაძე
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდრის საჯარო სკოლის ქათული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი
ზაზა შულაია
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საგვიჩიოს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი
პროექტული სწავლება არაფორმალური განათლების ერთ-ერთი მეთოდია, რომელიც გამოირჩევა შედეგზე ორიენტირებულობით. განსაკუთრებით საყურადღებოა ის ფაქტი, რომ პროექტზე დაფუძნებული სწავლება გვაძლევს საშუალებას სკოლებს შორის ჩამოყალიბდეს თანამშრომლობითი ურთიერთობა.
სწორედ ამიტომ, 2023-2024 სასწავლო წელს, სსიპ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდრის საჯარო სკოლისა და სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საგვიჩიოს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგების (ხათუნა ბერაძე, ზაზა შულაია) ინიციატივით, საფუძველი ჩაეყარა საგანმანათლებლო პროექტს „მე და ლიტერატურა“. ის ეროვნული მასშტაბისაა და საქართველოს 5 სხვადასხვა რეგიონის (იმერეთი, სამეგრელო, სვანეთი, კახეთი, გურია) 8 სკოლაში მიმდინარეობს. პროექტს აქვს მკაფიოდ გაწერილი მიზნები, რომელიც სრულ კორელაციაშია მესამე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმასა (ესგ) და ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებთან (ზგემ). პროექტში ჩართული არიან თითოეული სკოლის დაწყებითი, საბაზო, საშუალო საფეხურის მოსწავლეები (მინიმუმ – ერთი კლასი, მაქსიმუმ – 7) და 11 პედაგოგი. პროექტი ორი ეტაპისგან შედგება (პირველი ეტაპი: 8 აპრილი-13 ივნისი; მეორე ეტაპი: 16 სექტემბერი-16 დეკემბერი). პროექტის გეგმას შეგიძლიათ გაეცნოთ ლინკზე:
გიზიარებთ პროექტის ანგარიშს
პროექტის ორგანიზატორები:
ზაზა შულაია (სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საგვიჩიოს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი);
ხათუნა ბერაძე (სსიპ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდრის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი);
მონაწილე კლასები: საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლეები;
პროექტის დასაწყისში ჩამოყალიბებული მიზნები ნათელი, კონკრეტული და გაზომვადი იყო, კერძოდ:
♦ მოსწავლეთა ლიტერატურული გემოვნების დახვეწა;
♦ მოსწავლეებში ქართული ლიტერატურის პოპულარიზაცია და ინტერესის გაღრმავება;
♦ არაფორმალური განათლების გამოყენებით მოსწავლეთა ცოდნის დონის გაუმჯობესება;
♦ მოსწავლეებში სამიზნე ცნებების – ჟანრი, კომპოზიცია, გრამატიკა, ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებები – გააქტიურება;
♦ გააზრებული კითხვის უნარების განვითარება და თვალსაწიერის გაფართოება;
♦ მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლება;
♦ თანატოლებსა და უფროსებთან დადებითი, კონსტრუქციული ურთიერთობისა და გუნდური მუშაობის ხელშეწყობა;
♦ მოსწავლეებში შემოქმედებითი, კვლევითი და კრიტიკული უნარების აღმოჩენა და განვითარება;
♦ სკოლებს შორის აქტიური თანამშრომლობა;
♦ მოსწავლეებსა და პედაგოგებში გუნდური მუშაობის ხელშეწყობა;
პროექტის აქტუალობა
თანამედროვე სკოლებში მეტად აქტუალურია მსგავსი პროექტების განხორციელება, რადგან მოსწავლეებს უვითარებს მაღალ სააზროვნო უნარებს, როგორიცაა: საღი მსჯელობა და აღქმა, ინფორმაციის კლასიფიცირება, ანალიზი და სინთეზი, ეფექტური მუშაობის (წყვილებში, ინდივიდუალურად) დემონსტრირება, განსხვავებული როლებისა და პასუხისმგებლობის ადაპტირება, შემეცნებითი და მრავალმხრივი ინტელექტის, ეროვნული ღირებულებების დაფასება, ტექნოლოგიური თუ სხვა ინტელექტუალური მიღწევების ეფექტიანად გამოყენება. ეს ყოველივე კი დადებითად მოქმედებს მოსწავლეთა წინსვლასა და მოტივაციაზე.
შესაბამისობა ესგ-სა და ზგემ-თან
პროექტის მკაფიოდ გაწერილი მიზნები შეესაბამება მესამე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმასა (ესგ) და ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს (ზგემ). რადგან ემსახურებოდა მოსწავლეთა განვითარებას როგორც საგნობრივ ჭრილში, ისე პიროვნული თვალსაზრისით.
წლის განმავლობაში განხორციელებული აქტივობები
♦ პროექტის გეგმის, მიზნებისა და მოსალოდნელი შედეგების გაცნობა მოსწავლეებისთვის;
♦ ონლაინ შეხვედრა, მოსწავლეთა საერთო ინტერესებისა და მისწრაფებების აღმოჩენა;
♦ დისკუსია თემაზე – „რა არის ლიტერატურა“;
♦ ონლაინ ვორკ-შოპი თემაზე: „ჩემი კუთხის მწერლები“;
♦ დებატები თემაზე – „აქვს თუ არა საზღვრები ლიტერატურას?!“;
♦ დიალოგი მრგვალ მაგიდასთან: „რატომ და როგორ იქმნება ლიტერატურა?!“;
♦ შეხვედრა ესგ-ს ექსპერტთან;
♦ პრეზენტაცია თემაზე – „რას ნიშნავს იყო კარგი მკითხველი?“;
♦ შეხვედრა ქვეყნის წარმატებულ მოსწავლესთან;
ექსკურსია;
♦ მოსწავლეთა რჩეული ტექსტების (მოთხრობა, ნოველა, მინიატურა, ლექსი) გაცნობა-განხილვა;
♦ პროექტის შეჯამება.
მოსალოდნელი შედეგები
პროექტის მისაღწევი შედეგები ითვალისწინებს საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლეთათვის ესგ-ით გათვალისწინებული შედეგების მიღწევასა და ბავშვების აქტიურ ჩართულობას სასკოლო ცხოვრებაში. ეს ყოველივე კი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების წარმატებას უზრუნველყოფს. გეგმაში ჩანს პროექტის შედეგების მდგრადობა. ამას ადასტურებს მოსწავლეთა მაღალი ინტერესი მუშაობის პერიოდში. ვთვლით, რომ შედეგი მიღწეულია, რადგან მოსწავლეებმაც გაიაზრეს და გაითავისეს მოცემული საკითხები.
პროექტის მიმდინარეობა სკოლებში:
როგორც პროექტის მონაწილე პედაგოგები აღნიშნავენ, ორგანიზატორების მიერ შემოთავაზებული იდეის ფარგლებში გაწერილმა გეგმამ და მიზნებმა პროექტში ჩართვის მსურველ მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია, გეგმის ნაწილები ეტაპობრივად, წინასწარ განსაზღვრული ვადების გათვალისწინებით სრულდებოდა. მართალია, მოსწავლეებს შიდასასკოლო პროექტების გამოცდილება ჰქონდათ, მაგრამ მამოტივირებელი გახდა დისტანციური შეხვედრები, რომლებიც შიდასასკოლო ფორმატს სცილდებოდა, გაორმაგებული პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ ყოველ შეხვედრას, ცდილობდნენ წარსადგენი პრეზენტაციები ყოფილიყო დახვეწილი, მათი შესაძლებლობების მაქსიმალურად წარმომჩენი. პირველ შეხვედრაზე, შეძლებისდაგვარად, ჩაერთვნენ მოსწავლეები, ისაუბრეს თავიანთ ინტერესებსა თუ მისწრაფებებზე, ხაზი გაუსვეს მათ მნიშვნელობას პიროვნულ და ინტელექტუალურ განვითარებაში, დაინტერესდნენ თანატოლთა მიერ გამოთქმული მოსაზრებებით. თითოეულმა სკოლამ საინტერესოდ წარმოადგინა თავისი რაიონი, სოფელი, სკოლა.
არანაკლები ინტერესით წარიმართა დისკუსია თემაზე „რა არის ლიტერატურა“. ამჯერადაც, ერთობლივი სამუშაო ფორმატი ითვალისწინებდა შიდასასკოლო შეხვედრას. მოსწავლეები ცდილობდნენ, მოესმინათ ერთმანეთისთვის, მიეცათ უკუკავშირი, ლიტერატურის გარშემო გამოთქმულ საინტერესო მოსაზრებებთან მიმართებით. ეს კი აქეზებდა მათ, მომდევნო შეხვედრებზე ფართო აუდიტორიის წინაშე ყოფილიყვნენ უფრო თამამნი და თავდაჯერებულნი.
მათთვის განსაკუთრებით დამაფიქრებელი იყო რიგით მეოთხე შეხვედრა, ონლაინ ვორკ-შოპი თემაზე – „ჩემი კუთხის მწერლები“, მოსწავლეები გრძნობდნენ, რომ ამ თემით განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრებოდათ. პროექტის შედეგის წარმატებულობის განმსაზღვრელი იყო მოსწავლეთა მიერ მრავალფეროვანი პრეზენტაციის წარმოდგენა, ჩართული სკოლების წარმომადგენელთა მიერ სხვადასხვა მწერლის შემოქმედების მნიშვნელოვან აქცენტებზე ყურადღების გამახვილება. საინტერესო უკუკავშირი მისცეს ერთმანეთს მოსმენილის გარშემო. პრეზენტაციებმა საშუალება მისცა მოსწავლეებს, დაფიქრებულიყვნენ, რომელი მწერლის შემოქმედებაზე შეეჩერებინათ არჩევანი ერთობლივი კითხვისა და განხილვა-ანალიზისათვის.
ყოველი მომდევნო შეხვედრა მოსწავლეებს თავდაჯერებულობასა და აქტიური ჩართულობის მომატებულ სურვილს სძენდა. საინტერესოდ წარიმართა დებატები თემაზე – „აქვს თუ არა საზღვრები ლიტერატურას?!“ დებატებში მათი ჩართულობა გამოირჩეოდა აქტიურობით, ამჯერადაც შეარჩიეს წასაკითხი წიგნი და გადაწყვიტეს, მოეწყოთ პერიოდული შეხვედრები, რათა მოსაზრებები გამოეთქვათ წაკითხულის გარშემო, შეხვედრების ციკლმა ხელი შეუწყო წიგნიერების დონის ამაღლებას.
„რატომ და როგორ იქმნება ლიტერატურა?!“ – მრგვალ მაგიდასთან დიალოგმა მოსწავლეებს ლიტერატურული გემოვნების გამოვლენა-დახვეწის, ამავდროულად, გააზრებული კითხვის უნარების განვითარებისა და თვალსაწიერის გაფართოების შესაძლებლობა მისცა.
მოსწავლეებში შემოქმედებითი, კვლევითი და კრიტიკული უნარების აღმოჩენა-განვითარებაზე იყო ორიენტირებული მათ მიერ წარმოდგენილი პრეზენტაცია თემაზე – „რას ნიშნავს იყო კარგი მკითხველი?“ ამ მხრივ, პროექტის ერთ-ერთი გამორჩეულ აქტივობა იყო „ვქმნით ილუსტრაციებს ჩვენს საყვარელ ნაწარმოებზე“. კონფერენციას მოსწავლეებთან, პედაგოგებთან, პროექტის მუდმივ მხარდამჭერთან, მარიამ ჩაჩანიძესთან ერთად, ესწრებოდნენ ჩართული სკოლის დირექტორები, ასევე ბატონი როლანდ ხოჯანაშვილი, ესგ-სა და ავტორიზაციის ექსპერტი, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პროფესიონალ მასწავლებელთა საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე, ქართული ენისა და ლიტერატურის მენტორი მასწავლებელი.
პროექტის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებს შორის განსაკუთრებული ეფექტით გამოირჩეოდა შემდეგი შეხვედრები:
♦ როლანდ ხოჯანაშვოლთან. შეხვედრა ინტერაქციული იყო. ბატონმა როლანდმა მოსწავლეებს მისცა ბიძგი დაესვათ სასურველი კითხვები, მიეღოთ საინტერესო პასუხები და გასათვალისწინებელი რჩევები. შეხვედრა მამოტივირებელი ეფექტითაც გამოირჩეოდა;
♦ ქვეყნის წარმატებულ მოსწავლესთან, მარიამ ჩაჩანიძესთან. რატომ მარიამთან? მარიამი უამრავი საგანმანათლებლო პროექტის ავტორ-ორგანიზატორია, გაზეთ „ახალი განათლების“ მიერ გამოცხადებული კონკურსების სამგზის გამარჯვებული, საქართველოში პირველი მასშტაბური ურთიერთსწავლების პროექტის თანაავტორი, კონკურსის „ვწერ თავისუფალ თემას“ 2024 წლის ფინალისტი. დიახ, მას უამრავი გამოცდილების გაზიარება და რჩევის მიცემა შეეძლო თანატოლებისა თუ უმცროსი მეგობრებისთვის. მართლაც, საინტერესო პრეზენტაცია მოისმინეს მარიამ ჩაჩანიძისაგან, რომ ბევრმა უფრო ღრმად გაიცნო ეს უნიჭიერესი, პრინციპული და უზომოდ შრომისმოყვარე ახალგაზრდა. შეხვედრით კმაყოფილი მოსწავლეები ემოციას ვერ მალავდნენ, ცდილობდნენ, რაც შეიძლება მეტი გაეგოთ მასზე, მის ინტერესებსა და წარმატების საიდუმლოებაზე. მარიამს მისაბაძ მეგობრად და საკუთარი მოტივაციის წყაროდ ასახელებდნენ.
„შეხვედრამ მოლოდინს გადააჭარბა, ძალიან სასიამოვნო იყო მოსწავლეებისგან იმის მოსმენა, რომ ასეთი შეხვედრები მათი არჩევანის, გადაწყვეტილებების მიღებისა და, ყველაზე მთავარი, მოტივაციის წყაროა. მათი შეფასებები ნამდვილად გულწრფელი იყო, ერთ-ერთი მათგანის პერიფრაზს აქვე გავაჟღერებ: „ძალიან მოგვეწონა და აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ მარიამის უშუალობა და დამოკიდებულება მოსწავლეებთან. სასიხარულოა, რომ მარიამი ირჩევს პედაგოგობას და ასეთი მასწავლებელი ეყოლებათ მომავალ თაობებს. ბევრი, ბევრი წარმატება მას“, – აღნიშნავს ხამისქურის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ნანა ლომაია.
მოსწავლეები მაქსიმალურად ჩაერთნენ თითოეულ აქტივობაში. მშობლებისა და თემის წევრების ჩართულობა, საჭიროებისამებრ, იყო აქტიური და შედეგზე ორიენტირებული. დირექციის, კოლექტივისა და სასკოლო საზოგადოებისგან მხარდაჭერის გულწრფელი მზაობა იგრძნობოდა. საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი მხარს უჭერდა სკოლებსა და პედაგოგებს პროექტის მიზნობრივად განხორციელებაში. ანალიზის შედეგად, ყველაზე შედეგიანი აქტივობა/აქტივობები იყო შეხვედრა ქვეყნის წარმატებულ მოსწავლესთან, შეხვედრა ესგ-ის ექსპერტთან.
პროექტს მხარს უჭერდნენ შემდეგი ორგანიზაციები და პირები:
♦ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი (სპმთპ);
♦ შპს „ახალი განათლება“;
♦ როლანდ ხოჯანაშვილი – ესგ-სა და ავტორიზაციის ექსპერტი, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პროფესიონალ მასწავლებელთა საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე, ქართული ენისა და ლიტერატურის მენტორი მასწავლებელი;
♦ მარიამ ჩაჩანიძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტი, ქართული ფილოლოგიის მიმართულებით. საგანმანათლებლო პროექტების ავტორ-ორგანიზატორი, გაზეთ „ახალი განათლების“ მიერ გამოცხადებული კონკურსების სამგზის გამარჯვებული, საქართველოში პირველი, მასშტაბური ურთიერთსწავლების პროექტის თანაავტორი, კონკურსის „ვწერ თავისუფალ თემას“ 2024 წლის ფინალისტი;
♦ მაია კობახიძე – საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) პრეზიდენტი.
მოსწავლეებმა შეისწავლეს გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის პრინციპები, აიმაღლეს ზოგადი ინტელექტი. პროექტის განხორციელების პროცესში საჭირო გახდა აქტივობების დამატება-მოდიფიცირება, აღნიშნული მითითებულია პროექტის გეგმაში (იხ. ლინკი სტატიის დასაწყისში). მომავალში, მსგავს პროექტზე მუშაობისას, აუცილებლად წინასწარ გავითვალისწინებთ სხვა ასაკობრივი კატეგორიის მოსწავლეთა ჩართულობას, რათა მათთვისაც სასარგებლო, საინტერესო და აქტუალური გავხადოთ ეს საკითხები.
ანგარიში გავაცანით პროექტში ჩართულ ყველა სკოლას. საბოლოოდ კი, მოსწავლეებმა, სასკოლო საზოგადოებამ და პროექტის მონაწილე პედაგოგებმა პოზიტიურად შევაფასეთ ჩვენი მუშაობის შედეგი.