1 თებერვალი, შაბათი, 2025

პროგრამის „სწავლა საზღვარგარეთ“ 2023 წლის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულებთან შეხვედრა

spot_imgspot_img

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი „სწავლა საზღვარგარეთ“ პროგრამის 2023 წლის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულებს შეხვდნენ, სტუდენტებს წარმატება მიულოცეს, მომავალ საქმიანობაში წინსვლა-განვითარება უსურვეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

აჭრის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 2014 წლიდან ახორციელებს პროგრამას „სწავლა საზღვარგარეთ“, რომლის მიზანია ნიჭიერი კადრების აკადემიური და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა. გამარჯვებული სტუდენტები სწავლას გააგრძელებენ გერმანიის, ამერიკის შეერთებული შტატების, ბელგიის, გაერთიანებული სამეფოს, ლიეტუვას, ფინეთის, ესპანეთის, ესტონეთის და ჩეხეთის წამყვან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, როგორიცაა: კემბრიჯის უნივერსიტეტი, ლონდონის გოლდსმიტის უნივერსიტეტი, გლაზგოს კალედონიის უნივერსიტეტი, დრეზდენის გამოყენებითი მეცნიერებათა უნივერსიტეტი, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი.

თორნიკე რიჟვაძემ, საგრანტო კონკურსის გამარჯვებულებთან შეხვედრაზე, ხარისხიანი განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა. აჭარის მთავრობის მეთაურის ინიციატივით შეიქმნება კურსდამთავრებულთა კლუბი, რომელიც კოორდინაციას გაუწევს პროგრამის მონაწილე ახალგაზრდების თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით: პირველ რიგში, გილოცავთ გამარჯვებას და გისურვებთ შემდგომ წარმატებებს, რაც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ხარისხიანი განათლება უნდა მიიღოთ, რომ მერე, ყველა ერთად, ემსახუროთ ჩვენს ქვეყანას“.

2023 წელს „სწავლა საზღვარგარეთ“ პროგრამის საგრანტო კონკურსში 33 კონკურსანტი მონაწილეობდა, გამოვლინდა 17 გამარჯვებული. პროგრამის ბიუჯეტი და სტუდენტთა რაოდენობა ყოველწლიურად მზარდია.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი: „უმაღლესი აკადემიური განათლების მეორე და მესამე საფეხურის დაფინანსების მიზნით საზღვარგარეთ, ჩატარდა კონკურსი, რომლის შედეგად შერჩეულ ახალგაზრდებს შევხვდით, მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად. შეხვედრაზე გაჟღერდა ყველა ის სიახლე, რომელიც მნიშვნელოვანია მათი საზღვარგარეთ სწავლის მხარდაჭერის მიმართულებით, მათი ოჯახების მხარდაჭერის მიმართულებით და ასევე, შემდგომში, ამ კვალიფიციური ახალგაზრდების სახით ჩვენს რეგიონში ახალი ენერგიის შემოდინების კუთხით. ასევე გაჟღერდა ის ინიციატივა, რომელიც უკავშირდება კლუბის ჩამოყალიბებას, სადაც ექნებათ შესაძლებლობა, გამოცდილება, ცოდნა და შეძენილი უნარები გაუზიარონ როგორც თავიანთ თანაგუნდელებს, ასევე იმ ახალგაზრდებს, რომლებიც შემდგომში ჩაერთვებიან ამ მნიშვნელოვან პროგრამაში.

პროგრამის მნიშვნელობას რაც შეეხება, ცალსახად უნდა ითქვას, რომ ეს არის პროგრამა, რომელიც ხელს უწყობს ჩვენი რეგიონის ახალგაზრდებს, მიიღონ წამყვან ევროპულ უნივერსიტეტებში უმაღლესი განათლება და შემდგომში უკვე ჩვენს რეგიონში იყოს გარანტირებული მათი დასაქმება შესაბამის სექტორებში“.

შეხვედრიდან გამოსული სტიპენდიანტები ამბობდნენ, რომ მათი მიზანია უცხოეთში მიღებული ცოდნისა და გამოცდილების ქვეყნის და მათი რეგიონის საკეთილდღეოდ გამოყენება.

 

 

კემბრიჯის უნივერსიტეტში ჩავაბარე და ვისწავლი საერთაშორისო განვითარების მაგისტრატურაზე ერთი წლით, ამის შემდეგ მინდა, რომ დავბრუნდე საქართველოში და ჩემი ცოდნა მოვახმარო სწორედ ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის განვითარებას. უკვე შვიდი წელია საზღვარგარეთ ვსწავლობ და როდესაც მაგისტრატურაზე დავიწყე ფიქრი, ძალიან დიდი იმედი იყო იმის ცოდნა, რომ ჩვენი რეგიონი ასე უწყობს ხელს ჩვენს ახალგაზრდებს იმისთვის, რომ პროფესიულად განვითარდნენ და შემდგომში აქვთ შანსი, დასაქმდნენ. სტიპენდიანტები შევხვდით ბატონ თორნიკე რიჟვაძეს. მან გაგვაცნო გეგმები, კურსდამთავრებულების ერთგვარი გუნდის შექმნის შესახებ, რაც ასევე დაგვეხმარება, რომ შევინარჩუნოთ ერთმანეთთან კომუნიკაცია და დავეხმაროთ ერთმანეთს, ასევე, გავაგრძელოთ განვითარება.

 

 

ჩავაბარე ესტონეთის მუსიკისა და თეატრის აკადემიაში, ეს ორწლიანი პროგრამაა, კულტურის მენეჯმენტის მიმართულებით. ჩემთვის ძალიან საინტერესო მიმართულებაა, რადგან ვარ შემსრულებელი და გავიარე ბაკალავრი მენეჯმენტის მიმართულებით. სწავლა საზღვარგარეთ – ეს პროგრამა გვაძლევს შესაძლებლობას, რომ აქტიურმა ახალგაზრდებმა მივიღოთ უმაღლესი განათლება საზღვარგარეთ, შემდეგ დავუბრუნდეთ ჩვენს რეგიონს და მის განვითარებაში მივიღოთ მონაწილეობა. შევხვდით აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, ბატონ თორნიკე რიჟვაძეს, მოგვილოცა წარმატება და ვისაუბრეთ ჩვენს გეგმებზე.

spot_img

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები