ჩვენი დღევანდელი ნომრის სტუმრები, საქართველოს არაქართულენოვანი რეგიონების საჯარო სკოლების სომეხი და აზერბაიჯანელი პედაგოგები, იმ გამოწვევებისა და საჭიროებების შესახებ საუბრობენ, რომელთა მოგვარება, მათივე აზრით, აუცილებელია ხარისხიანი, თანამედროვე საგაკვეთილო პროცესის წარმართვისთვის. ამ საქმეში კი დახმარება არა მარტო აკადემიური კუთხით სჭირდებათ, არამედ ადგილობრივი მუნიციპალიტეტების თანადგომითაც ბევრი პროექტის ეფექტურად განხორციელება შეიძლება.
მხოლოდ ამ პრობლემებზე კონცენტრირებით და ერთობლივი ძალისხმევით იქნება შესაძლებელი ესგ-ით გათვალისწინებული მიზნების მიღწევა, – მიიჩნევენ პედაგოგები.
ზარნურა ალაზოვა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფ. ქვემო არქევანის საჯარო სკოლის ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი
თანამედროვე საკლასო ოთახში მასწავლებელი მხოლოდ დაფა-ცარცით ბევრს ვერაფერს შეძლებს. იმისათვის, რათა ჩემი გაკვეთილი მოსწავლეებისთვის რთული და მოსაწყენი არ იყოს, მჭირდება მრავალფეროვანი რესურსები: რუკები, ციფრული მასალები, ისტორიული მოვლენების ამსახველი პოსტერები და კარიკატურები, მხატვრული და პროფესიული ლიტერატურა და ა. შ.
მეოცე საუკუნის შემდგომი პერიოდის შესახებ მასალა მწირადაა მოცემული სახელმძღვანელოებში და ამგვარად, უახლესი ისტორიის სწავლებისთვის მჭირდება სხვა დამატებითი მასალები. კარგი იქნებოდა, ჩვენ, ისტორიის მასწავლებლებს შეუზღუდავად და უფასოდ შეგვეძლოს ეროვნული არქივის მასალებზე მუშაობა.
პროფესიული განვითარება ყველა მასწავლებლის საქმეა. სტატუსით უფროს მასწავლებელს მჭირდება დახმარების გაწევა კარიერული წინსვლის მიმართულებით. ჩემი დაკვირვებით, პროფესიული განვითარებისთვის საუკეთესო გზაა წარმატებული პრაქტიკების გაზიარების კონფერენცია. სიამოვნებით დავესწრები მსგავს სამუშაო შეხვედრებს კოლეგებთან საგნობრივი ჯგუფების მიხედვით.
სედა მანასიანი
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკის №1 საჯარო სკოლის პირველი კლასის მასწავლებელი
მიყვარს ჩემი პროფესია და ჩემს პირველკლასელებს ვეხმარები ციფრებისა და ასოების სამყაროში გზის გაკვალვაში. პირველკლასელები განსხვავებულ მიდგომებს საჭიროებენ, ეს მიდგომები ნელ-ნელა დავხვეწე, ზოგი ჩემი პრაქტიკიდან ვისწავლე, ზოგი რამ – გამოცდილი კოლეგებისგან. ჩემი მიზანია, ყველა გაკვეთილი იყოს საინტერესო და მრავალფეროვანი, ამისთვის კი მჭირდება, ისეთი რესურსები, როგორიცაა ვიზუალური და სმენის მასალები (სურათები, ვიდეოები, აუდიოჩანაწერები); ასევე, შემოქმედებითი დავალებებისთვის საჭიროა მრავალი რესურსი, რომელიც ხშირად არ არის ხელმისაწვდომი. კარგად ვიცით, რომ შემოქმედებითი დავალებები, მოსწავლეებს ეხმარება ფანტაზიისა და კრიტიკული აზროვნების განვითარებაში და ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ეს პირველი კლასიდანვე დავიწყოთ.
სასურველია, კლასებში იყოს, სახალისო და თემატური მასალები: ფერადი წიგნები და ბუკლეტები; ინტერაქტიული დაფა ან პროექტორი, რაც გაკვეთილს უფრო ვიზუალურად მიმზიდველს გახდის. პროექტორი გვაქვს სკოლაში, მაგრამ რთულია ყოველთვის წაიღო კლასში, გამართო და გამოიყენო. კარგი იქნება კლასებში იყოს დამონტაჟებული და აქეთ-იქით არ გვიწევდეს ტარება.
მე, როგორც მასწავლებელი, ყოველთვის ვცდილობ გავითვალისწინო მოსწავლეთა ინტერესები და საჭიროებები, ამიტომ ჩემთვის ასევე მნიშვნელოვანია კოლეგებთან გამოცდილების გაცვლა და ახალი იდეების შემოტანა. ხელოვნების, მუსიკისა და სპორტის ინტეგრირება საგაკვეთილო პროცესში.
ვგეგმავ, რომ კლასში მოვაწყო საგანმანათლებლო გარემო და გავამრავალფეროვნო მოსწავლეთა საკლასო სივრცე, მაგალითად, კარგი იქნება კლასში სასწავლო კუთხეების შექმნა (წიგნების, ბუნების, თამაშების კუთხეების).
ვთვლი, რომ საინტერესო და მრავალფეროვანი გაკვეთილებისთვის საჭიროა, როგორც მრავალფეროვანი რესურსები, მასალები, ტესტები, წიგნები, ასევე, საჭიროა სწავლების პროცესში თანამედროვე და ინოვაციური მიდგომების გამოყენება.
ნატო კვარაცხელია
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფ. ირგანჩაის საჯარო სკოლის მენტორი მასწავლებელი
სოფელი ირგანჩაი მაღალმთიანი, მკაცრი კლიმატური პირობებით გამორჩეული სოფელია დმანისის მუნიციპალიტეტში და, ზოგადად, საქართველოში. სოფელი, და შესაბამისად სკოლაც, აზერბაიჯანულენოვანია, თუმცა სკოლაში ფუნქციონირებს ქართული სექტორი, სადაც აზერბაიჯანელი მოსწავლეები სახელმწიფო ენას ეუფლებიან.
იმ პირობებში, როცა მოსწავლეებს, სასკოლო დროის გარდა, სახელმწიფო ენაზე კომუნიკაციის საშუალება არ აქვთ, საკმაოდ ძნელია მიაღწიო ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნებს. თუმცა მონდომება და ძალისხმევა საკმაოდ კარგ შედეგებს გვაძლევს. ამ საქმეში პედაგოგების ლომის წვლილია.
მინდა გაგაცნოთ ახალგაზრდა პედაგოგები, რომლებიც ამ საქმეს ემსახურებიან და შედეგებს აღწევენ:
მარეხი ვიბლიანი, მესამე წელია, ირგანჩაის საჯარო სკოლის ქართული სექტორის დაწყებითი კლასების მასწავლებელია. იგი სკოლაში მაძიებელ მასწავლებლად მოვიდა, ეს ეტაპი წარმატებით დაძლია და ახლა დაწყებითი კლასების უფროსი მასწავლებელია. საკმაოდ კრეატიული იდეების მომფიქრებელია, რაც მის მიერ შექმნილ რესურსებში აისახება. „მრავალფეროვანი რესურსები, ჟესტები და სხვა თვალსაჩინოებები მეხმარება ენობრივი ბარიერების დაძლევაში როგორც მოსწავლეებთან, ისე მათ მშობლებთან,“ – ამბობს მარეხი ვიბლიანი. მისი საკლასო ოთახი, მისი გაკვეთილები გამორჩეულია, მდიდარია რესურსებით.
ქეთევან გედევანიშვილმა წელს ჩაიბარა პირველი კლასი და საკმაოდ ენერგიულად და შემართებით შეუდგა რთულ საქმეს, რასაც არაქართველისთვის სახელმწიფო ენის სწავლება ჰქვია. „მიყვარს გამოწვევები, ძალას მმატებს და მაძლევს მოტივაციას, მთლიანად დავიხარჯო,“ – აღნიშნავს ქეთევანი.
განსაკუთრებით მინდა გამოვყო ასევე ახალგაზრდა პედაგოგი ნიარ ჩოპუროვა, ადგილობრივი მკვიდრი, რომელმაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 1+4 პროგრამით დაამთავრა და მშობლიურ სკოლას დაუბრუნდა. ნიარი აზერბაიჯანელია და ქართულ სექტორში სახელმწიფო ენაზე ბუნებისმეტყველებას ასწავლის, მან წარმატებით დაადასტურა საგნობრივი კომპეტენცია და მაძიებლის პროგრამით გახდა უფროსი მასწავლებელი.
„თავიდან ვშიშობდი, შევძლებ კი, არ მძლიოს მშობლიური ენის ცოდნამ და გაკვეთილებზე, ხშირად, აზერბაიჯანული ენა არ გამოვიყენო. თუმცა, ეს ბარიერი გადავლახე და, ფაქტობრივად, ბილინგვური სწავლება გამომივიდა,“ – აცხადებს ნიარი. იგი ძალიან მონდომებული, წინსვლასა და მოსწავლეთა წარმატებაზე ორიენტირებული პედაგოგია.
სკოლაში ქართული სექტორი 2012 წლიდან ფუნქციონირებს და საკმაოდ წარმატებულადაც. ჩვენი მოსწავლეები, ქართულენოვანი სკოლის მოსწავლეებთან კონკურენციაში, სხვადასხვა კონკურსებში, წარმატებებს აღწევენ, რაც სწორედ ზემოჩამოთვლილი და კიდევ ბევრი პედაგოგის ნაყოფიერი მოღვაწეობის შედეგია.
ანაჰიტ ავეტისიანი
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფ. დიდი გონდრიოს საჯარო სკოლის სომხური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
მასწავლებლად მუშაობის 15-წლიანი გამოცდილება მაქვს და ძალიან მიხარია, რომ განათლების სფეროში ბევრი დადებითი რეფორმა განხორციელდა, რამაც მასწავლებელთა მოტივაცია პროფესიისადმი ერთი-ორად გაზარდა. მიუხედავად ამისა, დღის წესრიგში ისევ დგას მრავალი მოუგვარებელი საკითხი, რაც ხელს უშლის სასწავლო პროცესის უკეთ წარმართვას, დაწყებული განათლების ხარისხიდან, დამთავრებული სასკოლო რესურსებით.
მე, როგორც სოფლის სკოლის მასწავლებელი, ძალიან ბევრი პრობლემის წინაშე ვდგავარ რესურსების არარსებობის გამო. ვისურვებდი, რომ სკოლა აღიჭურვოს თანამედროვე ტექნოლოგიებით და სასკოლო ინვენტარით, თანამედროვე სწავლება ხომ მოსწავლეზე ორიენტირებულ სასწავლო გარემოს მოითხოვს, სადაც თითოეულ მოსწავლეს ექნება საშუალება, მიიღოს და გამოავლინოს ცოდნა იმ გზით, როგორითაც გაუმარტივდება.
მოსწავლეების მსოფლმხედველობის და შეხედულებების შესაცვლელად კარგი იქნება თუ ხშირად მოვაწყობთ ექსკურსიებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, დაიგეგმება შეხვედრები ქალაქის სკოლის მოსწავლეებთან და მოხდება ინფორმაციის გაცვლა, ჩამოყალიბდება კარგი და მეგობრული ურთიერთობები მათ შორის. ასეთი შეხვედრები და ექსკურსიები ხშირად ფინანსებთან არის დაკავშირებული, რაც ხელს უშლის პროექტის განხორციელებას. კარგი იქნება ექსკურსიები თუ დაფინანსდება ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან, რაც ხელს შეუწყობს ზემოთ აღნიშნული პრობლემის მოგვარებას.
ასევე მინდა ყურადღება გავამახვილო სასკოლო სახელმძღვანელოებზე, სადაც ძალიან მწირია დიდაქტიკური მასალა; სკოლების უმრავლესობაში წიგნადი ფონდი არის უკიდურესად მოძველებული და ვერ ხერხდება განახლება, რაც ხელს უშლის მოსწავლეებში წიგნიერების ამაღლებას, კარგი იქნება, თუ სასკოლო ბიბლიოთეკები აღიჭურვება სომეხი, ქართველი და უცხოელი მწერლების ნაწარმოებებით, ასევე მომარაგდება ისეთი რესურსებით (მონიტორი, თანამედროვე კომპიუტერები, სამკითხველო დარბაზი), რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეების განვითარებას.