პანდემიით გამოწვეულ პირობებში სასწავლო პროცესის მართვის მხარდასაჭერად, World Vision საქართველოს ექსპერტთა გუნდმა, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან აქტიური კომუნიკაციით და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კონსულტაციით, სკოლებისთვის შეიმუშავა პრაქტიკული ინტერდისციპლინარული გზამკვლევი.
გზამკვლევი მომზადდა საქართველოს მთავრობის ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით და მოიცავს შემდეგ თემებს:
⇒ ჯანმრთელობის დაცვის რეკომენდაციები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის;
⇒ მოსწავლის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული მიდგომა სკოლებში;
⇒ საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზება სკოლებში;
⇒ სასკოლო სასწავლო გეგმა;
⇒ საგანმანათლებლო რესურსები;
⇒ სკოლის პერსონალისა და მასწავლებელთა მხარდაჭერა;
⇒ ხარისხის მართვა, მონიტორინგი და შეფასება;
⇒ კეთილდღეობა Covid-19-ით გამოწვეული პანდემიის პირობებში;
⇒ რეკომენდაციები სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა სასწავლო პროცესის ორგანიზებისთვის.
გზამკვლევის შექმნისა და დახვეწის პროცესში ჩართული იყვნენ როგორც მოქმედი დირექტორები, ისე დარგის სპეციალისტები. დოკუმენტი — „სკოლები პანდემიის დროს: პრაქტიკული გზამკვლევი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის“ საპილოტე ვერსიაა და მისი სრულყოფისთვის, მიმდინარე სემესტრის განმავლობაში, შეგროვდება მონაცემები და პრაქტიკოსთა გამოხმაურებები, შეძლებისდაგვარად აისახება გზამკვლევში და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს საბოლოო სახეს.
„განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ის გამოხმაურება და პრაქტიკული რჩევები, რაც საკონსულტაციო ჯგუფის წევრებმა მოგვაწოდეს, გზამკვლევის შემუშავების სხვადასხვა ეტაპზე, რისთვისაც უღრმეს მადლობას ვუხდით.
გამოვთქვამთ იმედს, რომ გზამკვლევი მნიშვნელოვან მხარდაჭერას გაუწევს დაწესებულებებს პანდემიის პირობებში საგანმანათლებლო პროცესის განახლებასა და წარმართვაში.“ — ვკითხულობთ გზამკვლევში.
გთავაზობთ რამდენიმე მნიშვნელოვან თემას.
როგორ შევქმნათ სასწავლო პროცესში მაქსიმალურად კეთილგანწყობილი ემოციური გარემო
აუცილებელია გვახსოვდეს, რომ სკოლის მიზანი არა მხოლოდ აკადემიური ცოდნის მიცემა, არამედ სხვადასხვა კოგნიტური, ფუნქციური და, პირველ რიგში, მოსწავლის ემოციური კეთილდღეობისა და სოციალური უნარების განვითარების მხარდაჭერაა. შესაბამისად, არსებული მდგომარეობით გამოწვეული ფიზიკური დისტანციის მიუხედავად, სკოლის ერთ-ერთ მთავარ ამოცანად რჩება, შეინარჩუნოს და წაახალისოს მოსწავლეებს შორის სოციალური ინტერაქცია და კომუნიკაცია.
თანატოლებისა და კლასისადმი მიკუთვნებულობის შეგრძნების გაზრდისათვის, აუცილებელია, მოსწავლემ სოციალური ინტერაქცია დაამყაროს თანატოლებთან. მიკუთვნებულობის განცდა ერთ-ერთი ბაზისური და მთავარი განცდაა, რომელიც კონკრეტულ კონტექსტში მოსწავლის ემოციურ კეთილდღეობას განაპირობებს. საბაზო და საშუალო საფეხურების მოსწავლეებს სოციალური ინტერაქციის დიდი სურვილი აქვთ, მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანატოლებთან აქტიური კომუნიკაცია; ამ მხრივ, სკოლის როლი უსაფრთხო ინტერაქციისა და კომუნიკაციის უნარების განვითარება იქნება, განსაკუთრებით სკოლის ფარგლებში.
რეკომენდაციები მასწავლებლებისთვის:
⇒ დაწყებით კლასებში გააკარით კედელზე დღის რუტინის და წესების ამსახველი თვალსაჩინოება (მაგ.: შემოსვლის დროს სიცხეს იზომავენ, შემდეგ სადეზინფექციო ხსნარს ისხამენ, კვების წინ და კვების შემდეგ ხელებს იბანენ და ა.შ.), რადგან ვიზუალური დამხმარე საშუალებები მოსწავლეს ინფორმაციის ათვისებაში ეხმარება. აღნიშნული მასალა მეტად დასამახსოვრებელი იქნება, თუ მას მოსწავლესთან ერთად შექმნით ფერადი ფურცლების, ფანქრებისა და ნახატების მეშვეობით.
ამგვარად, ის თავად იქნება წესების შექმნა-შემუშავების მონაწილე და მეტად გაითვალისწინებს მათ. მოზრდილ მოსწავლეებთან კედელზე გაკრული წერილობითი ფორმის წესები გამოიყენეთ, რომლებსაც ასევე მათთან ერთად შექმნით.
⇒ წაახალისეთ მოსწავლე ვერბალური კომუნიკაციის დამყარებისკენ. შექმენით კლასში მცირე ჯგუფებში აქტივობები, სადაც მოსწავლეებს რიგის დაცვის, სხვისი პოზიციის გათვალისწინების, საკუთარი პოზიციის გამოხატვის, წესების დასწავლის საშუალება ექნებათ. უფროსი ასაკის მოსწავლეებთან, მცირე ჯგუფებში, გამოიყენეთ სხვადასხვა პროექტი, რაც მათ ერთმანეთთან პოზიტიური კომუნიკაციის დამყარებაში დაეხმარება.
⇒ მიეცით მოსწავლეს ემოციების გამოხატვის შესაძლებლობა. უპასუხეთ, თუ ის პერიოდულად სვამს შეკითხვას ხელების დაბანასა და სიცხის გაზომვასთან დაკავშირებით. ერთი და იმავე შეკითხვის ხშირად დასმა, შესაძლებელია, მაღალ შფოთვაზე მიუთითებდეს და თქვენი პასუხები, კეთილგანწყობა, ემოციური გაზიარება და ემპათიურობა, ამ დროს, დამამშვიდებლად მოქმედებს მასზე.
⇒ უფროსი ასაკის მოსწავლეებთან გამოვლენილი სხვადასხვა რთული ქცევის დროს ეცადეთ, პოზიტიური კომუნიკაცია დაამყაროთ მათთან, მოუსმინოთ. COVID-19-ით გამოწვეულ შფოთვასთან დაკავშირებით, შეგიძლიათ შექმნათ ანონიმური ყუთი, სადაც მოსწავლეები ჩაყრიან, ბარათებზე დატანილ, თავიანთ შიშს, სტრესს, ემოციებს, რომლებთან გამკლავების მექანიზმებსაც მთელი კლასი განიხილავს (აღნიშნული აქტივობის განხორციელებაზე პასუხისმგებლობა, შესაძლებელია, აიღოს სკოლის ფსიქოლოგმა, ასეთის არსებობის შემთხვევაში).
⇒ უფროსი ასაკის მოსწავლეებთან განიხილეთ ისეთი საკითხები, როგორიც არის: ემპათია, თანაგანცდა, მხარდაჭერა სხვადასხვა სიტუაციაში (მაგალითად, თუ სწავლის პროცესში ერთ-ერთ მოსწავლეს აღმოაჩნდა COVID-19 ან სხვა ტიპის ვირუსი).
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა მხარდაჭერა
გზამკვლევში განხილულია დამატებითი რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინებაც მიზანშეწონილია, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლებთან, სასწავლო პროცესის ეფექტურად და უსაფრთხოდ ორგანიზებისთვის, ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის პირობებში.
დისტანციური სასწავლო მოდელის პირობებში, მნიშვნელოვანია, სპეცმასწავლებელს/ფსიქოლოგს ნათელი და, შეძლებისდაგვარად, ფიქსირებული სამუშაო განრიგი და ცხრილი ჰქონდეს შემუშავებული, რომელიც სრულად ასახავს მის მონაწილეობას იმ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების სასწავლო პროცესში, რომლებთანაც ის არის ასოცირებული. ამავდროულად, სასურველია, აღნიშნული განრიგი ნათლად წარმოაჩენდეს დროს:
⇒ როდის და ვისთან არის სპეცმასწავლებელი/ფსიქოლოგი ჩართული სინქრონულ სასწავლო პროცესში;
⇒ როდის და ვისთან მუშაობს ასინქრონულად;
⇒ როდის არის ჩართული მშობლის, მასწავლებლის კონსულტირების პროცესში;
⇒ როდის გეგმავს სასწავლო პროცესს.
გზამკვლევის მიხედვით, საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზება სკოლებში 2019-2020 სასწავლო წლის მეორე სემესტრის მნიშვნელოვანი ხარვეზების გათვალისწინებით უნდა მოხდეს, მაგალითად, როგორიც იყო მოსწავლეთა ჩართულობა და დისტანციური სწავლების დაბალი ხარისხი. ავტორთა აზრით, 2020-2021 აკადემიური წლის სასწავლო პროცესის ორგანიზების კუთხით, ყველაზე მნიშვნელოვანია ორი ამოცანა:
ა) 2019-2020 წლის მეორე სემესტრში მოსწავლეთა მიღწევებში ჩამორჩენის აღმოფხვრა;
ბ) 2020-2021 სასწავლო წლის სასკოლო კურიკულუმის განვითარება სწავლა-სწავლების ყველა სცენარის გათვალისწინებით.
„ამ გარემოებებმა მოსწავლეებს შეუქმნა სხვადასხვა ტიპის პრობლემა როგორც სწავლა-სწავლების, ისე ფსიქოლოგიური და სოციალურ-ემოციური თვალსაზრისით. იმისათვის, რომ მოსწავლეებმა შეძლონ სრულფასოვანი ჩართულობა ჩვეულ სასწავლო რეჟიმში, მნიშვნელოვანია, სასწავლო პროცესის ეფექტიანი დაგეგმვა.
მსოფლიოს მასშტაბით, დისტანციური სწავლების ჰიბრიდულ მოდელზე გადასვლა პანდემიის დაწყებამდეც ეტაპობრივად ხდებოდა. შესაბამისად, აღნიშნული მოდელი სიახლეს არ წარმოადგენდა. ამ შემთხვევაში, სირთულე იყო დროის ფაქტორი, რომელშიც სასკოლო სისტემას გადაწყობა მოუწია. ამის საპირისპიროდ, დისტანციური განათლება სისტემურ მომზადებასა და ეტაპობრივად გადასვლას მოითხოვს.
მოსამზადებელ ეტაპზე, სკოლებმა უნდა გაითვალისწინონ როგორც ტექნიკური საკითხები (როგორიცაა სასწავლო პროცესის ორგანიზების საკითხები), ასევე შინაარსობრივი თემატიკა — სასკოლო სასწავლო გეგმა, სწავლების მიდგომები, შეფასება და სხვ.
პირველ რიგში, სკოლას, სასწავლო წლის დაწყებამდე, განსაზღვრული უნდა ჰქონდეს სწავლების წარმართვის ფორმა. ამ შემთხვევაში, მთავარი კითხვაა, გამოიყენებს თუ არა სკოლა დისტანციური სწავლების შესაძლებლობას. ნებისმიერ შემთხვევაში, სტანდარტულ საკითხებთან ერთად, უსაფრთხოების ნორმების დასაცავად, გათვალისწინებული უნდა იყოს არსებული რეგულაციები, მაგალითად: გაკვეთილების ცხრილის შედგენისას, სხვადასხვა კლასის მოსწავლეთათვის, შესვენებების განსხვავებულ დროს დაგეგმვა; ასევე, საჭიროების შემთხვევაში, თითოეული კლასისა თუ მოსწავლეთა ჯგუფისათვის კონკრეტული თავისუფალი სივრცეების გამოყოფა შესვენებების დროს; გადაადგილების წესისა თუ მოძრაობის ნაკადების განსაზღვრა და კონტროლი და ა.შ.“
2019-2020 წლის მეორე სემესტრში მოსწავლეთა მიღწევებში ჩამორჩენის აღმოფხვრა
სკოლამ უნდა შექმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც მოახდენს იმ მოსწავლეების იდენტიფიცირებას, რომელთაც, გასულ სემესტრში, კრიზისულ ვითარებაში წარმართული სასწავლო პროცესის გამო, სწავლა-სწავლების თუ ფსიქოლოგიური და სოციალურ-ემოციური მიმართულებით, შეექმნათ პრობლემები.
⇒ საჭიროების შემთხვევაში, საგნობრივი კათედრების მიერ, უნდა შემუშავდეს იდენტიფიცირების ისეთი ინსტრუმენტები, რომლებიც მაქსიმალურად მოქნილი და ინფორმატიული იქნება (მაგ.: გასული სემესტრის შემაჯამებელი დავალება, ინდივიდუალური გასაუბრება და სხვ.);
⇒ იმ მოსწავლეებისთვის, რომლებმაც ვერ შეძლეს გასული სემესტრის სასწავლო თემების დამუშავება, შესაძლებელია, დამატებითი აქტივობების შემუშავება და განხორციელება, რათა არ მოხდეს მათი გარიყვა სასწავლო პროცესიდან;
⇒ შესაძლებელია, გასული სემესტრის სასწავლო თემების საფუძვლიანი დამუშავებისა და განმტკიცების მიზნით, აღნიშნული თემები მიმდინარე სასწავლო პროცესში ინტეგრირდეს;
⇒ 2019-2020 წლის მეორე სემესტრში, საგანგებო სიტუაციაში სწავლების შედეგად წარმოქმნილი სწავლა-სწავლების პროცესის ხარვეზების აღმოსაფხვრელად, სკოლამ უნდა შექმნას კომპენსირების გეგმა;
⇒ სწავლა-სწავლებაში არსებული ხარვეზების კომპენსირების გეგმა შესაძლებელია მოიცავდეს მოსწავლეებსა და/ან კლასების ჩამონათვალს, სასწავლო თემებს, საკომპენსაციო აქტივობების ფორმებს (მაგ.: გაკვეთილი, ინდივიდუალური მუშაობა, დამატებითი გაკვეთილი, საკლუბო მუშაობა, პროექტი და ა.შ.), აქტივობების განრიგს, პასუხისმგებელ პირებს და სხვ.;
⇒ კომპენსაციის გეგმის შემუშავება უმჯობესია საგნობრივ კათედრებზე, შემდეგ უნდა განიხილოს პედაგოგიურმა საბჭომ და გახდეს სასკოლო სასწავლო გეგმის ნაწილი. გეგმის შესახებ ინფორმაცია ბენეფიციარი მოსწავლეების მშობლებს უნდა მიეწოდოს.
ავტორთა ჯგუფი მნიშვნელოვნად მიიჩნევს მასწავლებელთა მხარდაჭერას, რადგან სწავლა-სწავლების პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი როლი სწორედ მასწავლებლებს ენიჭებათ. მეტწილად, სწორედ მათზე იქნება დამოკიდებული, როგორ წარიმართება სასწავლო პროცესი. აქედან გამომდინარე, მათი მხარდაჭერა თითოეული სკოლის პრიორიტეტი უნდა იყოს. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია იმის დადგენა, თუ რა საჭიროებები აქვთ მასწავლებლებს, მაგ., ციფრული კომპეტენციის ნაკლებობა, ტექნოლოგიებსა და ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის პრობლემა, ემოციური მხარდაჭერის საჭიროება თუ სხვ. ეს შესაძლოა გაკეთდეს როგორც შეხვედრების დროს, უშუალო კომუნიკაციისას, ასევე მარტივი გამოკითხვებისა თუ სხვა ინსტრუმენტების გამოყენებით.
ამის შემდეგ, იდენტიფიცირებული მიმართულებებით, შესაძლებელია კონკრეტული აქტივობების განხორციელება. რადგან დისტანციური განათლება და შერეული/ჰიბრიდული მოდელების გამოყენება სისტემურ მომზადებასა და მასზე ეტაპობრივად გადასვლას მოითხოვს, ამიტომ სკოლების უმრავლესობაში საჭირო იქნება მასწავლებლების მხარდაჭერა როგორც ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების, ასევე ონლაინ პედაგოგიკის მიმართულებით.
ასეთი მასწავლებლების არარსებობის შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, სკოლამ მიმართოს პარტნიორ სკოლებს, სამინისტროსა თუ მასწავლებლის სახლის წარმომადგენლებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, უნივერსიტეტებს, განათლების სპეციალისტებს, რომლებიც მზად იქნებიან, აღნიშნული მიმართულებით, სკოლას მოხალისეობრივად დაუჭირონ მხარი.
მშობელთა ჩართულობა
რადგან საგანგებო ვითარებაში წარმართულმა სასწავლო პროცესმა კიდევ უფრო თვალნათელი გახადა მოსწავლეთა განათლებასა და სკოლის მხარდაჭერაში მშობელთა და თემის მონაწილეობის აუცილებლობა, გზამკვლევში ყურადღება მშობელთა ჩართულობის ხარისხის ზრდაზეც მახვილდება და ურჩევენ სკოლებს, მშობელთა და თემის ჩართულობის მიმართულებით, თანმიმდევრული ღონისძიებები განახორციელონ — ინფორმირება ახალი რეგულაციების შესახებ, კერძო ინიციატივების წახალისებისა და მხარდაჭერის მიღების მიზნით, სკოლის წინაშე არსებული პრობლემებისა და საჭიროებების აღწერა და გაცნობა სასკოლო საზოგადოებისათვის.
ეფექტიანი და სისტემატიზებული კომუნიკაციისათვის კი, უმჯობესია, მკაფიოდ განისაზღვროს კონკრეტული დრო და პერიოდი, როდესაც სკოლა, მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით, მიაწვდის ინფორმაციას მშობლებს. ასევე, მნიშვნელოვანია მშობელთა საჭიროებების, ინტერესებისა და განწყობის პერიოდული კვლევა. ამის გარდა, მშობლებთან ეფექტიანი კომუნიკაციისთვის, შესაძლებელია, სტანდარტიზებული კითხვარების გამოყენებაც.
მშობელთა ჩართულობის ხარისხის ზრდასთან ერთად, გზამკვლევში ხაზგასმულია მათი ფსიქოსოციალური მხარდაჭერის მნიშვნელობაც.
e მშობლებს განსაკუთრებული შფოთვა ახასიათებთ შვილის სკოლაში პირველად წასვლისას. ამ დროს, მშობელმა არ იცის, როგორ შეეგუება ბავშვი მასწავლებელს, სასწავლო პროცესს, თანატოლებს, გაართმევს თუ არა თავს სასწავლო პროგრამას და ა.შ. COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული მდგომარეობის გამო, აღნიშნულ სტრესულ საკითხებს ბავშვის ფიზიკური და ემოციური უსაფრთხოება ემატება. მშობელი იმაზეც შფოთავს, თუ რამდენად არის დაცული მისი შვილი სკოლაში ფიზიკურად და ემოციურად. შესაბამისად, თითოეულ მშობელს, რომლის შვილიც ახალი სასწავლო წლისთვის ემზადება, გარკვეული მხარდაჭერა სჭირდება, რათა წინასწარ გაეცნოს რიგ საკითხებს, შეიქმნას სათანადო მოლოდინი სასწავლო პროცესთან დაკავშირებით და მზაობა პანდემიის გამო შექმნილი უჩვეულო წესებისა და რეგულაციების ფარგლებში ფუნქციონირების მხრივ.
♦ ♦ ♦
გზამკვლევი ეყრდნობა, 2020-2021 სასწავლო წლისათვის არსებულ, ადგილობრივი და საერთაშორისო კვლევების, შეფასებებისა და საუკეთესო პრაქტიკის ანალიზს. მოცემული საკითხები სარეკომენდაციო ხასიათისაა და სკოლებისთვის მათი გათვალისწინება, ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებაყოფლობითია. სკოლებს შეუძლიათ, კორონავირუსის პანდემიის პერიოდში სწავლების ეფექტიანად წარმართვის სტრატეგიები დამოუკიდებლად შეიმუშაონ და განახორციელონ. მოცემული დოკუმენტი მხოლოდ სწავლის დაწყებისათვის ხელშემწყობი რეკომენდაციების ერთობლიობას არ წარმოადგენს, რჩევების უმრავლესობის გამოყენება შესაძლებელია მთელი სასწავლო წლის განმავლობაში.
მოამზადა ლალი ჯელაძემ