„მშობლობის ოქროს წესია, მოექეცი შენს შვილს ისე, როგორც გსურდა შენი მშობლები მოგქცეოდნენ.“
დოქტორი ლუიზა ჰართი
პოზიტიური მშობლობა ერთგვარი მიდგომაა, რომელიც ეხება ბავშვსა და ოჯახს შორის კომუნიკაციას, როგორი უნდა იყოს პოზიტიური კომუნიკაცია, რა მნიშვნელობა აქვს ოჯახში უპირობო სიყვარულსა და მიმღებლობას ბავშვის განვითარების პროცესზე.
პოზიტიური მშობლობის ხედვა მე-20 საუკუნეში განვითარდა. მის ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა მოახდინა ავსტრიელი მედიცინის დოქტორის და ფსიქოთერაპევტის, ალფრედ ადლერის შეხდულებებმა. ის ფიქრობდა, რომ ბავშვებს მხოლოდ სიყვარულით კი არა, პატივისცემით და მათი ღირსების დაცვით უნდა მოვექცეთ. ა. ადლერმა „ინდივიდუალური ფსიქოლოგიის ასოციაცია“ დააარსა, რომლის მოსაზრებებშიც ხაზგასმული იყო მშობლობის როლი ადრეული „არასრულფასოვნების განცდის“ დაძლევაზე.
ადლერის აზრით, ყველა ბავშვს აქვს არასრულფასოვნების განცდა, რაიმე სახის დეფიციტის ან ნაკლის გამო, რომლის დაძლევას ოჯახის მხარდაჭერით ახერხებს მოზრდილობაში. ამას ადლერი „კომპენსაციის“ ტერმინით მოიხსენიებს, რომელიც გულისხმობს ბავშვის ძლიერ მხარეებზე ორიენტირებასა და, სოციალურად მისაღები გზით, საკუთარ თავზე მუშაობას. ამის ნათელი მაგალითი – თუ ბავშვს სირთულეები აქვს კომუნიკაციაში თანატოლებთან, არაჯანსაღი გამკლავების სტრატეგიაა აგრესიულობა ან საკუთარი თავის იზოლირება გარშემომყოფებისგან, ხოლო ჯანსაღი გამკლავების გზაა საუბარი, გაზიარება მშობლებთან, სხვადასხვა სტრატეგიის მოსინჯვა, დაკვირვება, სხვა ბავშვების ქცევის და ემოციების გაგების მცდელობა და ა.შ.
ადლერის აზრით, ბავშვის ყველა ასოციალური ქცევის მთავარი მიზეზი „სოციალური ინტერესის“ ნაკლებობაა, როგორიცაა სხვა ადამიანებზე ზრუნვა, სხვათა აზრის გათვალისწინება, სხვა ადამიანის პოზიციის გაგება. ოჯახში ჩართულობა ბავშვს, მომავალში, საზოგადოებაში ჩართულობის მოტივაციას აძლევს. ასევე ადლერი აზრით, ბავშვის ადრეული მხარდაჭერა და არასრულფასოვნებასთან გამკლავების ფუნქცია მხოლოდ დედას არ აქვს, ამაში მამის როლიც დიდია. ყველა ბავშვის მამოძრავებელი ძალაა მიკუთვნებულობა ოჯახთან და საკუთარი მნიშვნელობის განცდა. ყველა ქცევის სირთულის მქონე ბავშვის უკან იმალება ბავშვი, რომელიც იმედგაცრუებულია და საჭიროებს ოჯახის მხარდაჭერას.
პოზიტიური მშობლობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია როგორ აღიქვამს მშობელი ბავშვის ქცევას, რამდენად აქვს მზაობა, ბავშვის ქმედებები გააიგივოს ბავშვის კომუნიკაციის ფორმასთან. ამ თემაზე ძალიან საინტერესო მოსაზრებები ჰქონდა ავსტრიელ ფსიქიატრს, რუდოლფ დრეიკურსს, რომელიც ალფრედ ადლერის შეხედულებების მიმდევარი იყო და კიდევ უფრო განავითარა მისი თეორია. დრეიკურსი მიიჩნევს, რომ ბავშვის თითოეული ქმედების უკან რამდენიმე მიზანი იმალება, ესენია: ყურადღების მიპყრობა, რევანში/სამაგიეროს გადახდა, ძალაუფლება და უმწეობა. თითოეული მათგანი მიმართულია საკუთარი მნიშვნელობის სხვადასხვა გზით მოპოვებაზე. ბავშვს აქვს რთული ქცევა, რომ მიიპყროს მშობლის ყურადღება და თავი მშობლისათვის მნიშვნელოვნად იგრძნოს; ბავშვი, რომელსაც ტკივილი მიაყენეს, ცდილობს, რევანშის გზით სხვას ატკინოს, ძალაუფლების გამოხატვით პირდაპირ იწვევს მშობელს, რომ იგრძნოს, თუნდაც „ბრძოლით“, ის მშობლისთვის მნიშვნელოვანია, ხოლო უმწეობის განცდის დროს, ბავშვი აღარ ილტვის, მშობლისათვის იყოს მნიშვნელოვანი, რადგან ფიქრობს ის ამას არ იმსახურებს.
მე-20 საუკუნის ამერიკელი ფსიქოლოგი დიანა ბაუმრიდი დაინტერესდა თუ რა გავლენას ახდენს აღზრდის სხვადასხვა მეთოდი და სტრატეგია ბავშვის განვითარებასა და რეალიზებულ ადამიანად ჩამოყალიბებაზე. მან გამოყო აღზრდის 3 სტილი: ავტორიტარული, ავტორიტეტული და ლიბერალური. მოგვიანებით კი, ამ კლასიფიკაციას დაემატა მეოთხე სტილი, რომლის ავტორები სტენფორდის მკვლევრები არიან – ელეონორ მაკკობი და ჯონ მარტინი.
- ავტორიტეტული აღზრდის სტილი – მშობელთა მოთხოვნები მაღალია ბავშვის მიმართ, თუმცა მშობლები ჩართულნი არიან თითოეულ პროცესში. ოჯახი და ბავშვი წინასწარ თანხმდებიან წესებზე, რომელიც თითოეულისთვის გასათვალისწინებელია, ასევე, ერთად თანხმდებიან მათ ცვლილებებზე. ბავშვი თავს დამოუკიდებელ პიროვნებად გრძნობს, რომელსაც ოჯახის მხარდაჭერა და უპირობო სიყვარული აქვს, გადაწყვეტილებების მიღების დროს. მარტივად რომ ვთქვათ, მსგავსი აღზრდის სტილი გულისხმობს მაღალ მოთხოვნებს მშობლებსა და ბავშვს შორის, თუმცა ინარჩუნებს ემოციურ სიახლოვეს, პოზიტიურ კომუნიკაციას და უპირობო სიყვარულს.
- ავტორიტარული აღზრდის სტილი – წესები გაწერილია მშობლების მიერ, ბავშვს კი მხოლოდ შესრულება ევალება. მშობლებს არ აქვთ ემოციური კავშირი ბავშვთან, რაც გამოიხატება აზრის კითხვაში, მისი ემოციების გაგებასა და მხარდაჭერაში. ბავშვს არ აქვს ალტერნატიული აზრის, არჩევანის გამოთქმის უფლება. მშობლები ხშირად ხელმძღვანელობენ დასჯის პრინციპით. ასეთი აღზრდის სტილის დროს, ბავშვებს ხშირად უჩნდებათ აგრესია არა მხოლოდ მშობლების, არამედ სხვა ადამიანების მიმართაც.
- ლიბერალური აღზრდის სტილი – ასეთი სტილის დროს, ოჯახში არ არსებობს არანაირი წესები და შეთანხმებები, თუმცა ბავშვის მიმართ ხშირად გამოხატავენ დადებით ემოციებს. მშობლებს არათანმიმდევრული აღზრდის სტრატეგიები აქვთ – ერთ დღეს ბავშვს აძლევენ კონკრეტული აქტივობის უფლებას, მეორე დღეს რატომღაც არ შეიძლება ამის გაკეთება. ამ დროს, ბავშვებს გაურკვევლობის და შფოთვის განცდა მაღალი აქვთ, უჭირთ თვითკონტროლი, საზოგადოებაში სოციალური წესების გაგება და შესრულება.
- ინდიფერენტული აღზრდის სტილი – ასეთ დროს მშობლებს არ სცალიათ ბავშვებისთვის. დღის მანძილზე შეიძლება მხოლოდ 1-2 საათით ნახულობდნენ მათ, ან მუდმივად ეჩქარებოდეთ. მათ არ სცალიათ მოუსმინონ ბავშვს, გააკეთებინონ არჩევანი, გაიზიარონ მისი დადებითი თუ უარყოფითი ემოციები. ბავშვები თავს მარტო გრძნობენ, აქვთ დაბალი თვითშეფასება და ემოციური მხარდაჭერის დეფიციტს განიცდიან.
რა პრინციპებზე დგას „პოზიტიური“ მშობლობა“:
- მშობლობა, რომელიც ითვალისწინებს ბავშვის უფლებების დაცვას, ბავშვის ღირსების დაცვას და პატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობების დამყარებას.
- მშობლები არ იყენებენ მუქარას, შეურაცხყოფას, ძალადობის სხვადასხვა ფორმას იმისათვის, რომ ბავშვს რაიმე ინსტრუქცია შეასრულებინონ.
- მშობლები ავლენენ დროულ მხარდაჭერას ბავშვის მიმართ, ზრუნვას და სწავლების პოზიტიურ ტექნიკებს.
- მშობლები უსმენენ ბავშვს, აძლევენ აზრის გამოთქმის, საკუთარი ემოციების გადმოცემის, აღწერის საშუალებას.
- წესები და პოზიტიური დისციპლინა წინასწარ შეთანხმებულია ბავშვთან, გათვალისწინებულია მისი პირობები და შეხედულებები. ბავშვს წინასწარ აქვს ინფორმაცია დღის მანძილზე მოსალოდნელი ქმედებების შესახებ, გარემო პროგნოზირებადია და აქტიურად ერთვება მასში.
- ბავშვი იღებს მონაწილეობას მასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში, როგორიცაა: საკვები, ტანსაცმლის არჩევა, სადმე წასვლა, ბაღის შერჩევა, დამატებითი ჰობის არჩევა და ა.შ.
რეკომენდაციები მშობლებს
- ბავშვებს ესაუბრეთ „მე“ წინადადებებით, ანუ როცა გსურთ რაიმე საკითხზე აზრის გამოთქმა, წინადადება დაიწყეთ – „მე ვფიქრობ, მე მგონია, მე ვგრძნობ“…
- ბავშვთან კომუნიკაციის პროცესში ისაუბრეთ საკუთარ ემოციურ მდგომარეობაზე, აღწერეთ თქვენი ემოციები, სახელი დაარქვით და გააცანით ბავშვს, ამით ხელს შეუწყობთ, რომ ბავშვმაც მოგბაძოთ და დაიწყოს საკუთარ ემოციებზე საუბარი;
- როცა თქვენი პატარა ამჟღავნებს პროტესტს, რთულ ქცევას ან გაბრაზებულია, ჯერ დამშვიდდით და შემდეგ ესაუბრეთ მას. დაუსვით კითხვები, შეისწავლეთ მისი ემოციური მდგომარეობა. დაუსვით ისეთი კითხვები (რას ფიქრობ, როგორ მოვიქცეთ, რატომ, კიდევ რას იტყვი ამ საკითხზე), რომელიც დაეხმარება უკეთ გადმოსცეს საკუთარი ფიქრები და ემოციები;
- როცა ბავშვი არასასურველ ქცევას ავლენს, გაესაუბრეთ მის ქცევაზე და არ შეეხოთ მის პიროვნებას. მაგალითად, დღეს ასე რომ მოიქეცი მეწყინა და არა – დღეს ცუდი გოგო იყავი, რადგან ასე მოიქეცი…
- ყოველთვის შეასრულეთ, რასაც დაჰპირდებით, არ მოატყუოთ ბავშვი. მიღებული წესები და შეთანხმებები თქვენც შეასრულეთ და როცა რაიმეს დაარღვევთ, აუხსენით ბავშვს, რატომ გააკეთეთ ასე;
- გამოიყენეთ პოზიტიური ინსტრუქციები ბავშვთან. მაგალითად, ნაცვლად „არ დატოვო სათამაშოები არეული“, გამოიყენეთ პირდაპირი ინსტრუქცია – „მოდი, ჩავალაგოთ ბოლოს სათამაშოები“.