20 ოქტომბერს, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის №1 საჯარო სკოლაში სომეხი მწერლის, საქართველოს მწერალთა კავშირის წევრის, პედაგოგის, საზოგადო მოღვაწის, ვიქტორ ჰოვსეფიანის დაბადების 77 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
„ვიქტორ ჰოვსეფიანის პოეზიის დღესასწაული“, 27 წელია ტარდება სოფელ ეშტიაში, თუმცა ყოველ წელს – განსხვავებულად. წელს ღონისძიებაში ჩართული იყო ეშტიის თემი – ეშტის №1, №2, თორიის, ყაურმის და უჩმანის საჯარო სკოლები. ღონისძიებაზე მიწვეული იყვნენ საპატიო სტუმრები – ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები: ნინოწმინდის მერი ანივარდ მოსოიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ვაან აროიანი, ნინოწმინდის კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევონ ვარდანიანი, ნინოწმინდის რესურსცენტრის უფროსი დავით ზედგენიძე და თანამშრომლები; ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ჯავახეთის სასწავლო ცენტრის კოორდინატორი ელმირა ქსპოიანი, მუსიკალური სკოლის დირექტორი ვარდიუ ფუთულიანი, სკოლების დირექტორები, მასწავლებლები, სოფლის მკვიდრი ქველმოქმედი გარიკ ზობიანი და სხვები.
ღონისძიება ორი ნაწილისგან შედგებოდა – ლიტერატურული საღამო და ვიქტორინა. პირველ ნაწილში ბავშვებმა ქართულად და სომხურად წაიკითხეს ვიქტორ ჰოვსეფიანის ლექსები, სკოლის მოსწავლეებმა და მუსიკალური სკოლის მასწავლებელმა, არაქსია მკრტჩიანმა, შეასრულეს მუსიკალური ნომრები.
ღონისძიების მეორე ნაწილი ვიქტორინას დაეთმო, რომლის თემა მწერლის საბავშვო ნაწარმოებიდან იყო არჩეული. ღონისძიების დასასრულს, მონაწილე მოსწავლეებს სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
„გვსურს მადლობა გადავუხადოთ ნინოწმინდის ადგილობრივ თვითმმარეთველობას, ჰოვსეფიანის ოჯახის წევრებს, სკოლების ადმინისტრაციის წევრებს, მასწავლებლებს, ნინოწმინდის რესურსცენტრის უფროსს, თითოეულ მონაწილეს, მასპინძელი სკოლის ყველა თანამშრომელს და მოსწავლეს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, თანადგომისა და მხარდაჭერისთვის“ – აღნიშნავენ ღონისძიების ორგანიზატორები.
ბერნიკ ჰოვსეფიან
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის №1 საჯარო სკოლის დირექტორი