ხშირად მშობლები ღელავენ, რომ მათი შვილები პირში არასაკვებ ნივთიერებებს იდებენ. როცა ბავშვი არასაკვებ ნივთიერებებს პირში იდებს ან აგემოვნებს, გასათვალისწინებელია ბავშვის ასაკი, მისი განვითარების ეტაპი, ჯანმრთელობის მდგომარეობა და კულტურული ფაქტორი, როგორ გარემოში იზრდება.
დაბადებიდან, დაახლოებით, 2 წლამდე ბავშვები განვითარების სენსომოტორულ სტადიას გადიან, ანუ მათთვის მნიშვნელოვანია შეგრძნებებით მიღებული ინფორმაცია, როგორიცაა საგნების პირში ჩადება/დაგემოვნება, მათთვის ხელის მოკიდება, საგნების დაკაკუნება და მათზე დაკვირვება, ანუ, გარკვეულ ასაკამდე, ბავშვის განვითარებისთვის, საგნების პირში ჩადება ბუნებრივია.
ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხშირად ბავშვებს, გარკვეული სენსორული შეგრძნებების დეფიციტიდან გამომდინარე, სენსორული შიმშილი აქვთ. ამ შემთხვევაში, გუსტატორული სისტემის სენსორული შიმშილი ან ქვემგრძნობელობა (ინტენსიური შეგრძნებების მიღების სურვილი) განაპირობებს საგნების პირში ჩადებას და არასაკვები ნივთიერებების დაგემოვნებას. ამიტომ მნიშვნელოვანია, გაიაროთ კონსულტაცია სენსორულ თერაპევტთან, რათა გამოირიცხოს სენსორული ინტეგრაციის სირთულე.
მოდი, განვმარტოთ რა არის პიკა? პიკა კვებითი დარღვევაა, როცა ადამიანი იკვებება არასაკვები ნივთიერებებით, როგორიცაა: ცარცი, ფეკალიები, ფანქრები, სიგარეტის ფერფლი, ქაღალდი, ქვიშა და ა.შ.
„პიკა“ ლათინური სიტყვაა და ქართულად „კაჭკაჭს“ ნიშნავს. იცოდით, თურმე, კაჭკაჭს ყველაფრის ჭამა შეუძლია?! სინდრომის სახელიც სწორედ აქედან მოდის.
პიკას განმარტება გვხდება ჯერ კიდევ მე-16 საუკუნეში, ცნობილი ქირურგის, ამბრუაზა პარეს მიერ, რომელიც სინდრომს გემოვნების გაუკუღმართებას უწოდებს, როცა ადამიანი დისტანცირებას ახდენს საკვებისგან და არასაკვები ნივთიერებებისადმი ლტოლვა უჩნდება.
რა მიზეზები იწვევს პიკას განვითარებას?
♦ ორსულობა;
♦ რკინის, თუთიის ან კალციუმის ნაკლებობა;
♦ განვითარების დარღვევები ან ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა;
♦ კულტურული ფაქტორები;
♦ გენეტიკური მიდრეკილება;
♦ ორალ-სენსორული მოთხოვნილება.
მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როგორ ხდება პიკას დიაგნოსტირება:
- იმისათვის, რომ ჯანსაღი ეჭვი მივიტანოთ პიკას სინდრომზე, არასაკვები ნივთიერებების ჭამა, მინიმუმ, 1 თვე უნდა მიმდინარეობდეს.
- ზემოთ აღნიშნული პერიოდის არსებობის შემთხვევაში, აუცილებელია ვიზიტი ოჯახის ექიმთან და სისხლის საერთო ანალიზის გაკეთება.
- პიკას დასადგენად, აუცილებელია, ვიცოდეთ ბავშვის განვითარების ეტაპი.
- გათვალისწინებულია სამედიცინო და (ორსულობა, ანალიზები) ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა.
ყურადღების გარეშე არ დატოვოთ პიკას მდგომარეობა, რადგან ის ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის საწინდარია, როგორიცაა: კუჭ-ნაწლავის, კბილების დაზიანება, ყაბზობა, მოწამვლა ან სხვადასხვა ინფექციებისა და პარაზიტების მომრავლება.
პიკას სინდრომის დროს ჩარევა ხორციელდება სხვადასხვა მიმართულებით: მედიკამენტური გზით და ქცევითი თერაპიის გამოყენებით, ბავშვებთან და მოზრდილებთან. მულტიგუნდის მუშაობით ყველაზე ეფექტური შედეგები მიიღწევა. მულტიგუნდში იგულისხმება: მშობელი, პედიატრი, კვების თერაპევტი, ქცევითი თერაპევტი, ოკუპაციური თერაპევტი/სენსორული სპეციალისტი, ადრეული ჩარევის სპეციალისტი; ხოლო სხვა გარემოში: სკოლის/ბაღის მასწავლებელი, ფსიქოლოგი და სპეციალური პედაგოგი.
რეკომენდაციები:
- შეადგინეთ იმ ნივთების სია, რომელსაც ბავშვი ჭამს და გაუზიარეთ ის მულტიგუნდს. მნიშვნელოვანია, ბავშვთან დაკავშირებული პირები ერთი სტრატეგიით მუშაობდნენ.
- შეადგინეთ სია, რომელ ადგილებში გამოხატავს არასაკვები ნივთიერებების ჭამის სურვილს და რა ინტენსივობით.
- შეადგინეთ სია, რომელი უსაფრთხო საგნებით ჩაანაცვლებთ. დააკვირდით როგორი ტექსტურის და სტრუქტურის საგნებისადმი აქვს თქვენს პატარას მოთხოვნილება და ჩაანაცვლეთ ის უსაფრთხო, მაგრამ იმავე სტრუქტურის ნივთიერებებით.
- საკვები და არასაკვები ნივთიერებების განცალკევება – ხშირად ბავშვები, ინტელექტუალური დარღვევიდან გამომდინარე, ვერ ახერხებენ საგნების კატეგორიზაციას. ბავშვთან და მოზრდილთან მუშაობის დროს, ხაზი გაუსვით, რომელი ნივთიერებების ჭამა შეგვიძლია, რომლის – არა. გამოიყენეთ ვიზუალური დაფა, სადაც აჩვენებთ რა იჭმევა, ხოლო რაც არ იჭმევა, ხაზს გადაუსვამთ.
5. პოზიტიური ქცევის განმტკიცება – ყოველთვის განამტკიცეთ ბავშვის ალტერნატიული ქცევა, რომელიც არასაკვები ნივთიერებების საკვები ნივთიერებებით ჩანაცვლებას გულისხმობს.
6. კვების განრიგის შემუშავება და ბავშვისთვის გაცნობა – გამოიყენეთ ვიზუალური ცხრილი, ანუ ვიზუალურად აჩვენეთ ბავშვს რას მიირთმევს დილას, შუადღეს და საღამოს.
7. არასაკვები ნივთიერებების ყუთი– ოთახში დადეთ ყუთი, სადაც არასაკვები ნივთიერებების პირში ჩადების შემდეგ, ბავშვი, ნივთის გადაგდების მიზნით, მოათავსებს. განამტკიცეთ ბავშვის ქცევა პოზიტიური შეძახილებით.
მასალა მოამზადა ადრეული განვითარების პროგრამის სუპერვიზორმა და განათლების ფსიქოლოგმა, სოფიო მელაძემ