19 ივნისი, ხუთშაბათი, 2025

პატარები დიდ სცენაზე

spot_imgspot_img

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრს, როგორც ეროვნული სულიერი კულტურის უძველეს ძეგლს, მრავალი სპექტაკლი ახსოვს სახელოვანი მსახიობების მონაწილეობით, მაგრამ ის, რაც 2025 წლის 9 ივნისს მოხდა, ეს განსაკუთრებული ფაქტი გახლდათ.

არ გეგონოთ, რომ ამ წერილში გამოყენებული ერთი წინადადებაც კი ჰიპერბოლიზებული იყოს. ამას დაამოწმებს ის მრავალრიცხოვანი მაყურებელი, რომელმაც იხილა სსიპ წმინდა ნინოს სახელობის №3 საჯარო სკოლის მე-7(ა) კლასის მოსწავლეების მიერ დადგმული სპექტაკლი – „პატარა კახი“.

ამ კლასში ირიცხება თეატრალური ხელოვნებითა და სარეჟისორო საქმით დაინტერესებული უნიჭიერესი ბიჭი, ანდრია ერაძე. სწორედ ანდრიამ დაისახა მიზნად, საქრთველოს ისტორიის სახელოვანი ფურცლები გაეცოცხლებინა და ეჩვენებინა მაყურებლისათვის ერეკლე II-ს მიერ განვლილი ურთულესი ცხოვრების გზა. მისი მუხლჩაუხრელი ბრძოლა საქართველოს შინა და გარე მტრების წინააღმდეგ, სახელოვანი მონარქის სამეფო პოლიტიკა და, საერთოდ, ის ურთულესი გზა, რომელიც ქართველთა ამ სახელოვანმა მეფემ გაიარა.

კოლოსალური შრომა დასჭირდა სპექტაკლის მომზადებას. რომელიც თავად ანდრიამ და მისი კლასელებით შემდგარმა თეატრალურმა დასმა გასწია. სწავლასა და სასკოლო რეჟიმთან ერთად ბავშვები იკრიბებოდნენ, შრომობდნენ, „რეჟისორის“ მითითებებს ითვალისწინებდნენ, გამოცდილ თეატრალებს საქმეში არ რევდნენ, ისინი მხოლოდ საკუთარი ძალებით ემზადებოდნენ იმ დღისთვის, ტრიუმფით რომ წარმდგარიყვნენ მაყურებლის წინაშე.

ცალკე განხილვის საგანია სპექტაკლის სცენარი, რომელიც უდავოდ საჭიროებდა მეფე ერეკლეს ეპოქის ზედმიწევნით, საფუძვლიან შესწავლას. ორმოქმედებიან სპექტაკლში თვალსაჩინოდ გამოიკვეთა მეფის მამა-პაპათა პრობლემები, სასახლის კარის ინტრიგები, შაჰ-აბასის, ნადირ-შაჰის ვერაგული ქმედებები, მისი სასტიკი დამსჯელი პოლიტიკა, რუსეთის იმპერიის სურვილები, ქართველთა მერყეობა რუსეთსა და სპარსეთს შორის, რაც უმძიმესი ეპოქის გამოძახილი გახლდათ. სპექტაკლმა გვიჩვენა ქართველი ქალების უმძიმესი, მაგრამ პატრიოტული ცხოვრება, თეიმურაზ მეფისა და ქეთევან დედოფლის ტრაგედია. ევრაზიის გზაგასაყართან მდებარე ჩვენი ქვეყნის სისხლიანი ისტორია შთამბეჭდავად წარმოჩნდა სპექტაკლზე.

მუსიკალური გაფორმება, „მსახიობთა“ ჩაცმაზე ზრუნვა (კოსტუმების მხატვარი), მუსიკა, საჭირო რეკვიზიტები და სხვა საჭირო აუცილებლობა თავად ანდრია ერაძის ძალისხმევით გაკეთდა. მასვე შეუკერავს თავისი ხელით ქუდები, რომლებიც პატარა კახს, თეიმურაზ მეფესა და შაჰ-აბასს ეხურა.

ერთი სიტყვით, სპექტაკლი ტრიუმფით შედგა!.. იყო ულევი ყვავილები, აპლოდისმენტები, გულწრფელი ღიმილი, სიხარულის ცრემლი და გაოცება.

იყო სიამაყეც… ამ გრძნობას იზიარებდნენ პატარა მსახიობთა მშობლები, და-ძმები, მასწავლებლები, სკოლის დირექტორი – ბ-ნი თამაზ ჭაბულიანი, კლასის დამრიგებელი – ქ-ნი თინათინ ჯაფარიძე და ყველა თანაქალაქელი. თეატრი, რომელშიც მაყურებლებს შორის ნემსიც არ ჩავარდებოდა, ამ ნიჭიერი თეატრალური დასის თაყვანისმცემელი გახლდათ. მაყურებელთაგან ყველამ ირწმუნა, რომ ქუთაისს ეზრდება უნიჭიერესი მომავალი რეჟისორი ანდრია ერაძე და მის თანაკლასელები – საიმედო თეატრალური დასი! მათ დიდი და გაბრწყინებული მომავალი ელოდებათ!

ვუსურვოთ ანდრია ერაძესა და მის თეატრალურ დასს დიდი სცენები და ულევი წარმატება!

P.S. პატარა მსახიობების უახლოესი მიზანია, სპექტაკლი გაიტანონ მეფე ერეკლეს მშობლიურ ქალაქ თელავში, იქაურ თეატრში აჩვენონ თავიანთი სამსახიობო ხელოვნება და უზადო ნიჭი.

სპექტაკლით ქუთაისის №3 საჯარო სკოლაში დაფუძნდა თეატრალური წრე (დასი), რომლის ფარგლებში კიდევ გამოვლინდებიან სასცენო ხელოვნებაზე შეყვარებული მოსწავლეები.

მარინა არაბიძე-აშვეთია
სსიპ წმინდა ნინოს სახელობის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელი
spot_imgspot_img
მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება