წლევანდელი ზაფხული ძალიან მნიშვნელოვანი და სპორტულად დატვირთული იყო საქართველოსთვის – იქით საქართველოს საფეხბურთო ნაკრების გამოსვლა და მისი დაქუხება ევროპის ჩემპიონატზე, აქეთ – ოლიმპიადები: ჯერ – დიდი თამაშები, შემდეგ კი – პარალიმპური. ორივე ამ მასშტაბურ ღონისძიებას ღვთაებრივმა პარიზმა უმასპინძლა.
ისე მოხდა, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ „დიდ“ ოლიმპიადაზე ყველაზე მცირერიცხოვანი გუნდით სწორედ პარიზში წარვსდექით — მხოლოდ 28 სპორტსმენი სპორტის 9 სახეობაში. ცოტა გასაკვირია, რომ გაზრდილი დაფინანსების, პირობების, ყურადღების საპირწონედ ანტირეკორდი მივიღეთ. რეკორდი კი 2016 წლის რიო დე ჟანეიროს თამაშები და 40 ათლეტი იყო. იმედია, ოდესმე ვიხილავთ ამ თემაზე საქმიან დისკუსიას, თორემ უახლოეს პერიოდში ქვეყანას ამისთვის რომ არ სცხელა, ფაქტია – არჩევნებია ჩასატარებელი.
რაოდენობაზე ყველაზე დიდი დარტყმა მოჭიდავეებმა მოგვაყენეს – 12 შესაძლებლიდან (12, რადგან ქალთა ჭიდაობაში პირველ ნაბიჯებს ვდგამთ, თორემ მათი ჩათვლით ოლიმპიადის პროგრამაში 18 წონაა) მხოლოდ 7 ლიცენზია მოიპოვეს: 4 – თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა და 3 – ბერძენ-რომაელებმა. თან, ბერძნულ-რომაულში 1 საგზური სულ ბოლოს მოგვცეს, რუს-ბელარუსთა გაერთიანებული გუნდის დისკვალიფიკაციის გამო, თორემ ამდენიც არ გვექნებოდა. არადა, ადრე ოლიმპიურ გუნდებში ყველაზე დიდი წარმომადგენლობა სწორედ მოჭიდავეებს ჰყავდათ, 2 გუნდის – „თავისუფლებისა“ და ბერძენ-რომაელების ხარჯზე – 10-12 წარმომადგენელი, რადგან სხვა სახეობებში (სათამაშო ბურთიანებს თუ არ ჩავთვლით) გუნდში ამდენი წევრი, უბრალოდ, არ არის… ამიერიდან მათ ძიუდოისტებიც გაუთანაბრდებიან – ვაჟები ხომ 7-ივე წონას ყველა თამაშებზე უკლებლივ ავსებენ და ახლაც სრულად იყვნენ წარმოდგენილი; მეტიც – 1 წლით ადრე გაინაღდეს ლიცენზიები მსოფლიოს რეიტინგებში მოწინავე პოზიციებზე ყოფნით, ამჯერად მათ ქალებიც დაემატნენ და მათი რიცხვი, სამომავლოდ, კიდევ უფრო გაიზრდება – მათ 3 ლიცენზია მოიპოვეს და თან შერეულ გუნდურში მონაწილეობაც დაგვიბევეს, ამაში კი დიდი წვლილი მძიმეწონოსან, სოფიო სომხიშვილს (+78) მიუძღვის. ვაჟების დარად, ევროპის ორგზის მესამე პრიზიორმა, ეთერ ლიპარტელიანმაც (57) ადრიანად დაიბევა საგზური, სომხიშვილიც კარგა ხანს მყარად იდგა ცხრილის შუაში, თუმცა შემდეგ გამარჯვება დაუძვირდა და თანდათან სალიცენზიო ზონის ბოლოს დაეშვა. თუმცა, ზოგჯერ თავადაც იყოჩაღა, ზოგჯერ იღბალიც წაეხმარა კონკურენტების წაფორხილებით და რეგიონულ კვოტაში მაინც შეინარჩუნა ადგილი, რითაც „ორი კურდღელი დაიჭირა“ – ამის ხარჯზე მოგვცეს საგზური 63 კილოგრამში, რაც ავტომატურად გვიხსნიდა გზას შერეულ გუნდურში საჭიდაოდ. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის წესდებით, თუ ქვეყანა 5 საგზურს მაინც მოიპოვებდა გუნდურში შემავალ წონებში, 1 საგზურს უმატებდნენ მიქსში გამოსასვლელად. ასე მივიღეთ კიდევ ერთი ლიცენზია, რამაც მეორე ლიცენზიაც მოგვიტანა — გუნდურის. ის ნაჩუქარი საგზური ეთერ ასკილაშვილს (63) გადაეცა, რომელმაც სეზონის დასაწყისში გაგვაოცა: პორტუგალიაში, „დიდ პრიზზე“ ამ დონისთვის ფრიად გამოუცდელი გოგო ნახევარფინალში გავიდა, თუმცა შემდეგ, სწორედ გამოუცდელობამ დააღალატა და ზედიზედ ორი შეხვედრა წააგო. საბოლოოდ, მეხუთე ადგილზე გავიდა, მაგრამ საერთაშორისო რეიტინგში ერთბაშად 64 საფეხურით „ისკუპა“ წინ. თუმცა, უიღბლობაც იქვე წამოეწია — ბრინჯაოსთვის პაექრობაში ებრაელ ინბალ შემეშთან ბეჭი ამოუვარდა და ამ უმძიმესმა ტრავმამ მთელი სეზონი გააცდენინა. ეს რომ არა, დიდი იყო ალბათობა, თავისითაც მოეპოვებინა ლიცენზია – ერთ ტურნირზე თუნდაც იმავე შედეგის გამეორება სალიცენზიო ზონაში შეიყვანდა. ის ტატამს ოლიმპიადის დაწყებამდე ორიოდე თვით ადრე დაუბრუნდა, რამაც თავისი კვალი, ცხადია, დაატყო. ეჭვიც არ გვეპარება, სამომავლოდ, ისიც თავისით მოიპოვებს საგზურს და ქალთა ნაკრებში გაცილებით მეტი ლიცენზია გვექნება. პარიზში კი, ძიუდოისტებს 11 საგზური ჰქონდათ – 7 – ვაჟებში, 3 – ქალებში და 1 – მიქსში. ძიუდოისტთა ნაკრები ჩვენს ოლიმპიურ დელეგაციაში ყველაზე მრავალრიცხოვანი გამოდგა.
პარიზში 3 წარმომადგენელი გვყავდა ძალოსნობაში, 2-2 — კრივსა და ცურვაში, ხოლო თითო – ტყვიის სროლაში, ფარიკაობაში, მძლეოსნობასა და ბატუტზე ხტომაში.
გუნდის ასეთ მცირერიცხოვნობაში მხოლოდ მოჭიდავეთა ბრალეულობა არაა, ამჯერად მძლეოსნებმაც კარგად დაგვაღალატეს. თუმცა, ცოდვა გამხელილი ჯობს და მათი ლიცენზიები ადრეც ყოველთვის სერიოზულ ეჭვებს იწვევდა – ისეთ ტურნირებში იღებდნენ მათ, არანაირი რეპორტაჟი და ჩანაწერი, არანაირი ვიდეოტექნიკა რომ არ არსებობდა, მხოლოდ სიტყვიერ მონათხრობს ვჯერდებოდით ჩვენც და საერთაშორისო ფედერაციაც, თუმცა სკეპტიციზმის მთავარი მიზეზი მაინც ოლიმპიადებზე ნაჩვენები შედეგი იყო, რომელიც სტაბილურად და მუდმივად გვარიანად ჩამორჩებოდა საკვალიფიკაციოს მაჩვენებელს, არადა, შესარჩევის შედეგები ლამის მოწინავე საერთაშორისოს უტოლდება.
ამასთან, დაგვაკლდა რამდენიმე ტრადიციული სახეობა. მაგალითად, მშვილდოსნობა, რომელსაც ლამის უწყვეტად ჰყავდა წარმომადგენლობა თამაშებზე და გუნდური საგზურიც კი მიუღია. არადა, ჩვენგან წასულმა ქრისტინე ესებუამ კანადას მოუტანა ლიცენზია, ჩვენ კი ახლოსაც ვერ გავეკარეთ მას – ამასაც ხომ მოხერხება უნდა! მონაწილე არ გვყავდა ტანვარჯიშში, კანოე-ნიჩბოსნობასა და ზოგიერთ ისეთ სახეობაში, სადაც ადრე აქა-იქ კი ვახერხებდით მონაწილეობას, ხოლო ბურთიან სათამაშო სახეობებს ამჯერადაც „ჩავუქროლეთ ქორივით“. თუმცა კი, იყო რამდენიმე რეალური შანსი. ყველაზე კარგი შესაძლებლობა ფეხბურთელებს ჰქონდათ, მაგრამ წინა პლანზე ეროვნული ნაკრების ინტერესი დადგა, რის გამოც საქართველო-რუმინეთში ერთობლივად ჩატარებულ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე რამდენიმე მეგა-ლიდერი დაგვაკლდა და შანსიც დავკარგეთ. ასევე ჰქონდათ წყალბურთელებს და კალათბურთელებს, თუმცა ვერც იქ მოვახდინეთ „ძლევაი საკვირველი“.
რაოდენობა ერთია, მაგრამ მთავარი ხომ ხარისხია და ამ მხრივ მართლაც გამორჩეული გუნდი გვყავდა – მასში 4 ოლიმპიური ჩემპიონი შედიოდა: ლაშა ტალახაძე, ლაშა ბექაური, ნინო სალუქვაძე და ლაშა შავდათუაშვილი. ამასთან, მსოფლიოს 8 ჩემპიონი იყო, ევროპის ჩემპიონებზე ან ოლიმპიადისა და ევროპა-მსოფლიოს მედალოსნებზე კი არაფერს ვამბობთ. ერთს დავძენთ მხოლოდ, ამ 28 ოლიმპიელიდან 24 მთავარი ტურნირების (ოლიმპიადა, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატები) მედალოსანი იყო, მხოლოდ 4-ს არ ჰქონდა ამ შეჯიბრებებზე მედალი მოპოვებული.
ეს ხარისხი პარიზში მედლებშიც გარდაისახა და გავიმეორეთ ოლიმპიური რეკორდი ოქროს მედლების კუთხით – 3 ოქრო მოვიპოვეთ, როგორც პეკინში. ოლიმპიური ჩემპიონები ძიუდოისტი ლაშა ბექაური (90), ძალოსანი ლაშა ტალახაძე (+105) და თავისუფალ სტილში მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი (125) გახდნენ. ტალახაძემ ზედიზედ მესამედ იზეიმა ოლიმპიური ტრიუმფი და ვიქტორ სანეევის შემდეგ, მეორე სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა საქართველოდან. ბექაურმა ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა და პირველი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა ქართულ ძიუდოში, პეტრიაშვილმა კი ხალხურ ჭეშმარიტებას მისდია – ღმერთი სამობითააო და მესამე ცდაზე მოიპოვა ოლიმპიური ოქრო. ის შეუერთდა სალუქვაძისა და შავდათუაშვილის დუეტს, რომლებსაც სამივე სინჯის ოლიმპიური მედლები აქვთ.
სულ საქართველომ პარიზში 7 მედალი მოიპოვა – 3-3 ოქრო-ვერცხლი და 1 ბრინჯაო. ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონები გახდნენ ძიუდოისტები – ტატო გრიგალაშვილი (81), ილია სულამანიძე (100) და „თავისუფლად“ მოჭიდავე გივი მაჭარაშვილი (97), ბრინჯაო კი მოკრივე ლაშა გურულმა მოიპოვა. ოთხივე მათგანისთვის ეს პირველი ოლიმპიური მედალია, გურულის ჯილდო კი იმითაა გამორჩეული, რომ 2000 წლის შემდეგ, როცა სიდნეიში ვლადიმერ ჭანტურია ასევე მესამეზე გავიდა, პირველად მოვიპოვეთ ოლიმპიადაზე მედალი, სულ კი ეს მეორეა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ.
მხოლოდ ერთი, ნებისმიერი ხარისხის, ჯილდო დაგვაკლდა რეკორდის გამეორებამდე – წინა თამაშებზე, ტოკიოში, 8 მედალი გვქონდა, თუმცა ოქრო 2 იყო. საინტერესოა, რომ 7 მედალი, აქამდე, 3 თამაშებზე გვქონდა – პეკინში, ლონდონსა და რიო დე ჟანეიროში.
პარიზში ოქროების რეკორდის მოხსნაც შეგვეძლო, ამის რეალური შანსი კი სულამანიძეს ჰქონდა: ერთ-ერთი უპრინციპულესი მეტოქე, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, აზერბაიჯანელი ზელიმხან კოცოევი ისე გაანეიტრალა, „გააქრო“ ტატამიდან, მაგრამ ბოლოს ანერვიულდა და დასკვნით 20 წამში წააგო პაექრობა – მესამე გაფრთხილებით მოხსნეს. ბუნებრივია, ფინალში გამარჯვების შანსი გრიგალაშვილსა და მაჭარაშვილსაც ჰქონდათ, მაგრამ უფრო თეორიული, ვიდრე პრაქტიკული, იმდენად ძლიერებს ხვდებოდნენ. თუმცა გრიგალაშვილი უფრო არა მეტოქის სიძლიერის ხარჯზე დამარცხდა, არამედ თვითონაც ვერ იჭიდავა სათანადოდ.
პარიზის ოლიმპიადაზე, მედლების გარდა, თუ შეიძლება ასე ითქვას, „არამატერიალური“ წარმატებაც მოვიპოვეთ – აქამდეც ლეგენდარული ნინო სალუქვაძე თავის მეათე ოლიმპიადაზე გამოვიდა და ამ მაჩვენებლით დაეწია კანადელ ცხენოსან იან მილარს – ამიერიდან პლანეტა დედამიწაზე მხოლოდ ეს ორი ადამიანია, ვისაც X თამაშებში უასპარეზია. სალუქვაძის ეს მიღწევა სათანადოდ აღნიშნეს სროლის საერთაშორისო ფედერაციაში, სადაც რამდენჯერმე გაუმართეს საზეიმო მიღება და დააჯილდოვეს. ამით ლეგენდამ მამისა და პირადი მწვრთნელის – ვახტანგ სალუქვაძის ანდერძიც აასრულა, რომელმაც, ჯერ კიდევ კარიერის დასაწყისში, წინასწარმეტყველურად უთხრა, 10 ოლიმპიადაზე უნდა გამოხვიდეო. სამწუხაროდ, მამა ვერ მოესწრო შვილის მე-10 თამაშებზე გამოსვლას, თუმცა ლიცენზიის მოპოვებას კი მოესწრო – მისი გარდაცვალებიდან ჯერ 1 წელიწადიც არაა გასული, ნინომ კი პარიზში კარიერა დაასრულა. მე-11 თამაშებამდე ბევრი დროც არ რჩება და ასევე რჩებოდა იმედი, რომ მე-11 ოლიმპიადა დაუძლეველი სატყუარა აღმოჩნდებოდა, მაგრამ მისი გადაწყვეტილება საბოლოოა, თან ისეთი მიზეზი დაასახელა, ვერც შეედავები – მხედველობა მღალატობსო. სროლაში კი მხედველობა რამდენად მნიშვნელოვანია, ყველამ კარად ვიცით.
როგორც წესი, დიდ ოლიმპიადებს, ზუსტად 2 კვირაში, პარალიმპიადა მოსდევს, რომელიც იმავე ქალაქში, იმავე ბაზებზე ტარდება და ასე იყო ამჯერადაც. საინტერესოა, რომ საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მთელი პარალიმპიადა პირდაპირ აჩვენა – ეს უკვე მეორედ, ამ ტრადიციას კი სათავე წინა, ტოკიოს პარალიმპიადიდან დაედო. პარიზში ჩვენი პარალიმპური გუნდი სარეკორდო რაოდენობით წარდგა და შედეგიც სარეკორდო მოიპოვა: 14 სპორტსმენით გამოვედით სპორტის 6 სახეობაში და 6-ივეში მოვიპოვეთ ჯილდო, სულ 9 მედალი: 1 ოქრო, 5 ვერცხლი და 4 ბრინჯაო.
პარალიმპიადა წარმატებით და ცოტა სკანდალურადაც გავხსენით: პირველივე დღეს ჯერ პარატაეკვანდოში ანა ჯაფარიძემ მოიპოვა ბრინჯაო და ამაღლებული განწყობა დაგვიბევა, თუმცა ყველაზე ამაღლებულ განწყობაზე თვითონ იყო – 19 წლის დებიუტანტი, რომელიც, მოგვიანებით, თვით ჯეკი ჩანმა დააჯილდოვა. მისი განწყობა მეორე დღეს ბირთვის კვრაში გიგა ოჩხიკიძეს გადაედო, მსოფლიოს რეკორდით გავიდა ფინალში და იქაც უკონკურენტოდ გაიმარჯვა, თუმცა ვინ შეგვარგო ან ვინ გვაცალა სიხარული: მაროკოს, ირანისა და პოლონეთის გუნდებმა შედეგი გააპროტესტეს, ქართველმა არასწორად ისროლა ბირთვიო. განხილვამ 2 საათზე მეტი წაიღო, რაც აუწონავ ნერვიულობად დაუჯდა თავად ათლეტს, ჩვენს დელეგაციასაც და ტელეეკრანთან მიჯაჭვულ საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილსაც. საბედნიეროდ, მსაჯებმა მათი პრეტენზია არ მიიღეს და ოქროს მედალი ჩვენ დაგვრჩა, რაც ნამდვილად ღირდა ამდენ ნერვიულობად. მომდევნო დღეებში ვერცხლის მედლები მოიპოვეს პარაძიუდოისტებმა – ზურაბ ზურაბიანმა, გიორგი ქალდანმა და რევაზ ჩიკოიძემ, ასევე პარამსროლელმა და ცნობილმა პოეტმა, რამდენიმე კრებულის ავტორმა, ლადო ჭინჭარაულმა; ბრინჯაოსი – ეტლით მოფარიკავე ნინა თიბილაშვილმა, ძიუდოისტმა ინა ქალდანმა და პარაწოლჭიმელმა აკაკი ჯინჭარაძემ. აღსანიშნავია, რომ ქალდანები ცოლ-ქმარი არიან – გიორგიმ პირველი მედალი მოიპოვა, ინა კი ტოკიოში ვერცხლს დაეუფლა. ინას მსგავსად, ზედიზედ მეორე თამაშებზე მოიპოვა მედალი თიბილაშვილმა – ტოკიოში ისიც ფინალში გავიდა, პარიზში კი მანაც ბრინჯაო ირგუნა, ხოლო ჩიკოიძე პირველი ქართველი პარალიმპიელი გახდა, რომელმაც ორივე თამაშებზე ვერცხლი მოიპოვა. ისიც აღსანიშნავია, რომ ორივე ოლიმპიადის მედალოსნები ზუსტად ერთნაირი ნიხრით იღებენ სახელმწიფო პრემიებს. სახელმწიფო ჯილდოებიც ორივე გუნდის წევრებს ერთნაირად გადაეცათ.
ირაკლი თავაძე