სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით, საკმაოდ აქტიური მუშაობით, საქართველოს რაგბის კავშირი აქამდეც გამოირჩეოდა. ახლახან კიდევ ერთი სასიკეთო საქმე გააკეთა – ბავშვთა პარასპორტის განვითარების ასოციაციასთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების, სპეციალური საჭიროების და ტიპური განვითარების ბავშვების რაგბიში ჩაბმას ისახავს მიზნად. ვგონებ, ზედმეტია ამ იდეის მნიშვნელობაზე საუბარი, რადგან საქმე ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად სეგმენტს ეხება. ამ ბავშვებს ნამდვილად სჭირდებათ საზოგადოების მხარდაჭერა. სამწუხაროდ, საქართველო ისევ რჩება იმ ქვეყნად, სადაც მათ ჯერაც უკეტავენ სკოლის კარსა თუ იქით მიმავალ გზას, სკვერებში კი მათთვის განკუთვნილ ატრაქციონებს ამტვრევენ. ბოლო წლებში ვითარება შეიცვალა და გარკვეული ნაბიჯები იდგმება ამ ადამიანების საზოგადოებაში ადაპტაციისთვის, მაგრამ ის, რაც დასავლურ სამყაროში კარგა ხნის წინ მოიხსნა დღის წესრიგიდან, ჩვენთან ჯერაც აქტუალურია. მისასალმებელია, რომ რაგბის კავშირმაც გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ კუთხით. იმედია, მათ მიმდევრებიც გამოუჩნდებიან.
პარარაგბის განვითარების იდეა რაგბის კავშირის სოციალური პროგრამების მენეჯერ მალხაზ ჩაჩავას ეკუთვნის, ის თვითონაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი და ამ კატეგორიის ბავშვებისთვის სპეციალური სავარჯიშო პროგრამა თავად შექმნა, რაგბის კავშირის დახმარებით განახორციელა კიდეც – უკვე 3 კვირაა, ამ ბავშვებისგან შერჩეული კონტინგენტი თბილისში, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სპორტულ არენაზე ვარჯიშობს. მემორანდუმიც იქვე გაფორმდა, 18 მაისს, რომელსაც ხელი მოაწერეს რაგბის კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბაჩო ხურციძემ და ბავშვთა პარასპორტის განვითარების ასოციაციის პრეზიდენტმა, ხათუნა საგანელიძემ.
პროექტი ითვალისწინებს საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას, რომ შშმ და სსსმ ბავშვები კი არ გავრიყოთ, არამედ გამოვიყვანოთ ჩაკეტილი სივრციდან; ვაჩვენოთ, რომ მათაც შეუძლიათ ფიზიკური აქტივობა და ამაში დავარწმუნოთ როგორც მშობლები, ასევე თავად ეს ბავშვები და საზოგადოება. ეს გააძლიერებს მათ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობას და უფრო ადვილად შეძლებენ საზოგადოებაში ადაპტირებას.
„მინდა, მადლობა გადავუხადო რაგბის კავშირს. პარარაგბის დანერგვა ჩემი ოცნება იყო, რადგან ის მნიშვნელოვანია ქვეყნისა და თითოეული ბავშვისათვის. მე ვიყავი „ლელოში“ და B ლიგის შემდეგ მივხვდი, რომ თამაშს ვერ ვახერხებდი. გამიჩნდა იდეა და სურვილი, განმეხორციელებინა ეს პროექტი. რაგბის კავშირი და სპონსორები გვერდში დამიდგნენ, რისთვისაც დიდი მადლობა მათ. ეს გამოცდილება გამოადგება როგორც რაგბის, ასევე – ამ ბავშვებს“ – განაცხადა მალხაზ ჩაჩავამ.
პროგრამის ამოქმედება დადებითად შეაფასა ბაჩო ხურციძემ: „რაგბის კავშირის მიერ განხორციელებულ პროექტებს შორის ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. რაგბი აქამდე არ იყო ჩართული პარასპორტში და მოხარულები ვართ ამ კეთილშობილ საქმეში მონაწილეობით. დიდი იმედი მაქვს, ჩვენი თანამშრომლობა სტაბილურ სახეს მიიღებს და არაერთ წელიწადს გაგრძელდება, რისთვისაც კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მალხაზ ჩაჩავას.“
ბუნებრივია, კმაყოფილია ხათუნა საგანელიძეც, რომელიც მემორანდუმის გაფორმებას მნიშვნელოვან ამბად მიიჩნევს: „ეს არის უნიკალური პროექტი. რაგბის კავშირისა და მალხაზ ჩაჩავას ინიციატივას დიდი სიხარულით დავეთანხმეთ, მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს პროექტის განვითარებას არა მარტო თბილისში, არამედ, რეგიონებშიც. ნიუ ვიჟენის დახმარებით და მხარდაჭერით პროექტმა სწრაფად წაიწია წინ. წარმატებას ვუსურვებ მათ ამ კეთილ საქმეში და ველოდებით უფრო მეტ მეგობარს ჩვენთან ურთიერთობისთვის.“
ნონო ანდღულაძე, რაგბის კეთილდღეობის დირექტორი: „შშმ და სსსმ ბავშვები ამ პროექტით გაეცნობიან და დაუახლოვდებიან რაგბის. ისინი რაგბის მეშვეობით გაერთობიან და, ამავდროულად, მოხდება მათი ინტეგრაცია თანატოლებთან. შევეცდებით, მათთვის მოვაწყოთ ფესტივალები, ვატაროთ სანაკრებო თამაშებზე და მეტი ჩართულობა ჰქონდეთ სარაგბო ღონისძიებებში“.
პარარაგბი ახალი მიმართულებაა ბავშვთა პარასპორტის განვითარების ასოციაციისთვის – ის დაემატა ფეხბურთის, მაგიდის ჩოგბურთისა და ცხენოსნობის გუნდებს. როგორც ახლო წარსულში ეროვნული ნაკრების წევრი, ამჟამად კი სრკ-ს რაგბის კეთილდღეობის დირექტორი ნონო ანდღულაძე ამბობს, პარარაგბიზე უკვე არის მოთხოვნა ქუთაისიდან და სხვა რეგიონებიდან. სავარაუდოდ, ისინიც მალე ჩაერთვებიან ამ პროექტში.
სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით, რაგბის კავშირი ბევრ ღონისძიებას ატარებს. ასევე უნდა აღინიშნოს „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის“ წვლილიც, რომელიც ხშირად გვევლინება სხვადასხვა სოციალური აქტივობების ინიციატორადაც და მასპინძლადაც: მის ბაზებზე ხშირად ტარდება ანალოგიური ღონისძიებები, ხოლო ბავშვთა პარასპორტის ასოციაციისთვის ეს მთავარი მიმართულებაა.
ირაკლი თავაძე