ვინც კი მოხვდება ულამაზეს ლეჩხუმის მხარეში, ხვამლის მთის ძირას მდებარე სოფელ ოყურეშში, მის ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობს სოფლის შუაგულში მდებარე თანამედროვე სამსართულიანი შენობა საუკეთესო ინფრასტრუქტურით. ეს სკოლაა, ჩვენი სოფლის საჯარო სკოლა, გამორჩეული თავისი ისტორიითა და დღევანდელობით, თუმცა, ამის შესახებ ცოტამ თუ იცის ჩვენს მხარეში, მათ შორის, მეც, მიუხედავად იმისა, რომ 42 წელია, ოყურეშში ვცხოვრობ.
ამჯერად გთავაზობთ იმას, რისი მოძიებაც შევძელი მოკლე დროში, მაგრამ, ჩემს მოსწავლეებთან ერთად, კვლავ ვაგრძელებ ჩვენი სოფლისა და სკოლის ისტორიის შესახებ მასალების მოძიებას და ვფიქრობ, მომავალ თაობას, ჩვენი სკოლის აღსაზრდლებს მეტი ეცოდინებათ თავიანთი ფესვების, თავიანთი სოფლის საუკეთესო ტრადიციებისა და კულტურის შესახებ.
სოფელ ოყურეშის მაღალი სოციალური წრის წარმომადგენელთა, დიდგვაროვანთა (ჩიქოვანები, გელოვანები, ახვლედიანები, ყურაშვილები) სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ კარგად ესმოდათ განათლების ფასი და, რაც შეეძლოთ, არაფერს იშურებდნენ ადგილობრივებისთვის წერა-კითხვის შესასწავლად – საკუთარ სახლებში ხსნიდნენ სკოლებს. ცნობილია, რომ პირველი ასეთი სკოლა თავად მელიტონ მანდარიას გაუხსნია. აქ და სხვაგანაც, წერა-კითხვის გარდა, სოფლის მაცხოვრებლებს ასწავლიდნენ ბრძნულ გამონათქვამებს, აფორიზმებს „ვეფხისტყაოსნიდან“, ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს, ბიბლიურ თქმულებებს… მოგვიანებით, 1875 წელს, ცაგერის რაიონის სამ სოფელში, მათ შორის, ოყურეშში, გაიხსნა ერთკლასიანი დაწყებითი სკოლა; 1886, 1892, 1900 და 1904 წლებში ოყურეშის სკოლაში სწავლობდა – 47 მოსწავლე (ყველა ვაჟი), 52 (სამი ქალი), 76 (ყველა ვაჟი) და 27 ( ყველა ვაჟი). სხვადასხვა დროს მასწავლებლად მუშაობდნენ: გიორგი თაგვაძე, ბიჭიკო მუშკუდიანი, პეტრე ცქიტიშვილი, იოსებ მამარდაშვილი, მელიტონ ასლანიკაშვილი.
ისტორიული წყაროებიდან ცნობილია, რომ ოყურეშში, კერძოდ, ამჟამინდელ სასაფლაოს ტერიტორიაზე, XVIII საუკუნის ეკლესია იდგა. ჩვენამდე, სამწუხაროდ, მხოლოდ დიმიტრი ერმაკოვის მიერ გადაღებული ფოტოა მოღწეული. ეკლესია კომუნისტებმა, 1923-26 წწ, დაანგრიეს. საბჭოთა რეჟიმმა ძველი სასკოლო სისტემაც გააუქმა, რასაც შრომის სკოლების ჩამოყალიბება მოჰყვა. სასწავლო გეგმებიდან ამოიღეს საგნები, რომლებიც რეჟიმის პოლიტიკურ მოთხოვნებს არ პასუხობდა; დაკანონდა სკოლის ერთიანი ტიპი – ოთხი წელი დაწყებითი განათლების ნორმალურ ხანგრძლივობად იქნა მიჩნეული, ათეისტური აღზრდა – აუცილებელ პირობად.
მოგვიანებით, 1975-77 წწ, ეკლესიის ნანგრევებისგან (სოფელში მოჭრილი თლილი ქევებისგან) ოყურეშში აშენდა სკოლა, საშუალო სკოლის სტატუსით, სადაც განათლებას იღებდნენ არა მარტო ადგილობრივი, არამედ ისუნდრის, ოფიტრის, მახურის, ზუბის, აღვის მკვიდრნი.
სკოლის ეზოში დღესაც დგას 300-წლიანი მუხა, რომელზე დამაგრებული ზარი, დილის 8 საათზე ირეკებოდა და ახალგაზრდებს სწავლისკენ უხმობდა.
ოყურეში, მოსახლეობის რაოდენობითა და ტერიტორიითაც, ერთ-ერთი დიდი სოფელია რაიონში, ამიტომ სოფლის ზედა ნაწილშიც არის სკოლა, რომლის დაარსების ისტორია არ ვიცით, მაგრამ 2023-2024 სასწავლო წლამდე ფუნქციონირებდა როგორც ოთხწლიანი სკოლა. შემდეგ ძველ შენობას ახალი კორპუსი დაემატა, სადაც ოთხკლასდამთავრებულები აგრძელებდნენ სწავლას. ამჟამად მოქმედი, სსიპ ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფ. ოყურეშის სკოლა 1975 წელს აშენდა; 2017 წელს, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა, ინფრასტრუქტურულად გამართულია და ავტორიზაციაც გავიარეთ.
თხრობის დასასრულ, აუციებლად უნდა გავიხსენოთ ის ადამიანები, რომლებიც, სხვადასხვა დროს, ძნელბედობის ჟამს, უძღვებოდნენ სწავლა-აღზრდის, სოფლის ახალგაზრდობის განვითარების საქმეს. და თუ დღეს ჩვენი სკოლა წარმატებით ახორციელებს მასზე დაკისრებულ მისიას, ამაში ჩემი წინამორბედი დირექტორების ღვაწლიცაა: ბიქტორ მანდარია, ამბროსი დაშნიანი, ნესტორ მანაგაძე, კარლო ასლანიკაშვილი, დომენტი გოლეთიანი, გიორგი მამარდაშვილი და რომან მუშკუდიანი, რომელიც 35 წელი უძღვებოდა სკოლას და დღესაც აგრძელებს მათემატიკის მასწავლებლად მუშაობას.
საამაყოა ისიც, რომ სკოლას სასახელო, საქვეყნოდ ცნობილი კურსდამთავრებულები ჰყავს: მარიამ მუშკუდიანი – პირველი კომისარი ქალი; იაშა გიორხერლიძე – ფილოსოფოსი, პროფესორი; თამაზ მუშკუდიანი – ინჟინერ-გამომგონებელი; კოტე მამარდაშვილი – პოლკოვნიკი (ფილოსოფოს მერაბ მამარდაშვილის მამა); აბელ მამარდაშვილი – თბილისის ფსიქიატრიული საავადმყოფოს დირექტორი და სხვები. მათი ნაწილი დღესაც განაგრძობს საქმიანობას არა მარტო საქართველოში, არამედ საზღვარგარეთის განვითარებულ ქვეყნებშიც.
იმედი მაქვს, ოყურეშელთა ახალი თაობა წარმატებით გააგრძელებს წინამორბედთა სასახელო ტრადიციებს – სასკოლო საზოგადოების ყოველდღიური საზრუნავიც ესაა.
მიუხედავად იმისა, რომ მიგრაციის დაუნდობელმა ძალამ მოსახლეობა ჩვენს სოფელშიც საგრძნობლად შეამცირა და მხოლოდ 35 მოსწავლე გვყვას 700 ბავშვზე გათვლილ სკოლაში, ჩვენი პედაგოგები, საკუთარ პროფესიულ განვითარებაზეც ზრუნავენ და ფორმალური თუ არაფორმალური განათლების გზით, საინტერესო გაკვეთილებით, მოსწავლეთა ხარისხიან განათლებაზეც.
ქეთევენ მურცხვალაძე – ოყურეშის საჯარო სკოლის დირექტორი