რა არის ყველაზე ხანგრძლივი და ყველაზე ხანმოკლე, ყველაზე ჩქარი და ყველაზე ნელი, ყველაზე უგულებელყოფილი და ყველაზე დასანანი, ურომლისოდაც არაფერი კეთდება, რომელიც ნთქავს ყოველივეს, რაც პატარაა და აცოცხლებს, რაც დიდია? – ამ კითხვაზე გამოჩენილი ფრანგი განმანათლებელი ვოლტერი ასეთ პასუხს იძლევა: – ეს არის დრო. არაფერია მასზე ხანგრძლივი, რადგან ის მარადისობის საზომია და არაფერია მასზე ხანმოკლე, რადგან ის არ გვყოფნის ჩვენი მიზნების შესრულებისთვის; არაფერია მასზე ნელი მისთვის, ვინც ელოდება და მასზე სწრაფი – ვინც ერთობა. ყველა უგულებელყოფს მას და ამავე დროს გამოთქვამს სინანულს მის დაკარგვაზე. აი, რას წერს ჯარიდან პოეტი მირზა გელოვანი თავის დას, რუსუდანს: „ახლა ვნანობ ყველა დაკარგულ საათზე, ყველა დაუწერელ სტრიქონზე, რომელთაც ვეღარაფერი დააბრუნებს, რომელთაც ჩემი „მოუცლელობით“ ვერ ვიჭერდი. არხეინად გატარებულ დღეებს სცოდნიათ დიდი დარდი შემდგომში. ხომ გახსოვს გურამიშვილი: „ყოველთვის მოცლას ვუცდიდი, ნეტავი არ მომეცადა“.
ნეტავ არც მე მომეცადა არაფრისათვის და ყოველი თავისუფალი წუთი გამომეყენებინა, ყველა საათთან მევაჭრა, რათა წამერთვა მისთვის რაც შეიძლება მეტი მოგება“…
გამოანგარიშებულია, რომ ადამიანი თავისი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის მეოთხედს, დაახლოებით, 16-17 წელს სწავლას ანდომებს, ამდენივეს – ძილს, სრულფასოვანი შრომისთვის კი 30-35 წელი გვრჩება და ეს დრო თითოეულმა ჩვენგანმა შინაარსიანად უნდა გამოვიყენოთ, რათა შემდგომ, როგორც დიდი რუსი მწერალი ნიკოლოზ ოსტროვსკი წერდა, არ ვგრძნობდეთ მწვავე ტკივილს უმიზნოდ გატარებული წლების გამო და არ გვწვავდეს სირცხვილი წვრილმანი წარსულისთვის.
ცხოვრება წიგნია, რომელსაც ყოველი ჩვენგანი თვითონ წერს. ამასთან, ყველას თავისებური, მისეული, სხვებისგან განსხვავებული ხელწერა აქვს. ეს დამოკიდებულია საქმის ცოდნაზე, სიყვარულსა და ნებისყოფაზე. ახალგაზრდობის ყველაზე დიდი ნაკლი უნებისყოფობა და დროის შეუფასებლობაა. „რა მეჩქარება, ცხოვრება წინ არის,“ – ფიქრობს ზოგიერთი მათგანი და ანგარიშს არ უწევს იმას, რომ ეს დრო საპნის ბუშტივით გაქრება და ვეღარასოდეს დაიბრუნებ.
ყოველი უქმად დაკარგული წუთი სამარცხვინო ლაქად რჩება ადამიანის ცხოვრებაში. თითოეულ ჩვენგანს შეუძლია ნაყოფიერად გამოიყენოს იგი და უფრო მეტი კმაყოფილება იგრძნოს, ვიდრე ამ წუთის დაკარგვა მიანიჭებს. მუდამ უნდა გვახსოვდეს ბ. ბელინსკის სიტყვები, რომ „სიცოცხლე სიზმარია, ვერც შეიტყობ, ისე გაივლის“.
სამწუხაროდ, ხშირად ვხვდებით ახალგაზრდას (და არა მარტო ახალგაზრდას), რომელიც წუთებს კი არა, საათებსა და დღეებს ატარებს უნაყოფო ლაზღანდარობაში. ეს არის ახალგაზრდული წინდაუხედაობის მიზეზი, რომლის წინააღმდეგ გადაჭრით ბრძოლაა საჭირო. ახალგაზრდებს უნდა ვასწავლოთ დროის ფასი და მისი მიზნობრივად გამოყენება. ამიტომაც არიგებს ვასილ სუხომლინსკი საკუთარ შვილს, და მასთან ერთად, მის თანატოლებს: „უბრალო რამეზე დრო არ დაკარგო. მხედველობაში მაქვს ყბედობა, ლაქლაქი, დროის უბრალოდ ფლანგვა. ზოგჯერ ასეც ხდება: დაჯდება რამდენიმე კაცი და, როგორც უკრაინულად ამბობენ, იწყებენ „სარეველას გამრავლებას“. გადის ერთი საათი, ორი საათი, მაგრამ ამ საუბარს არავითარი შედეგი არ მოაქვს, რადგან მასში არ წარმოთქმულა არც ერთი ჭკვიანური აზრი, დრო კი უქმად დაიკარგა. ამხანაგებთან საუბარიც საკუთარი სიმდიდრის წყაროდ უნდა აქციო“.
იგივე აზრია გატარებული ჩესტერფილდის (სტენჰოფის) შვილისადმი გაგზავნილ წერილში: „ყველაზე მეტად ის მინდა იცოდე, – სწერს იგი შვილს, – რაც ძალიან ცოტამ იცის. კერძოდ, თუ რაოდენ დაუფასებელი განძია დრო და რაოდენ საჭიროა იგი ჭკვიანურად მოიხმარო. ეს ჭეშმარიტება ბევრმა უწყის, მაგრამ მცირედს თუ ძალუძს თავისი ცხოვრება მას შეუფეროს.
გახსოვდეს, თუ არ დაეშურები ამ ცოდნის საძირკვლის ჩაყრას, შენ რომ თვრამეტ წლამდე უნდა შეიძინო, მთელი შენი სიცოცხლე ამ ცოდნას ვეღარ დაეუფლები. ცოდნა ის თავშესაფარია, სიბერის წლებში რომ გამოგვადგება და აუცილებლად გვჭირდება. თუ ხე სიყმაწვილეშივე არ დავრგეთ, სიბერეში მზისგან შესაფარებლად ჩრდილი აღარ გვექნება…
…სახვალიოდ თავის დღეში არ გადადო ის საქმე, რისი გაკეთებაც დღეს შეგიძლია“.
ახალგაზრდამ უნდა იცოდეს, რომ ადამიანი მხოლოდ სიამოვნებისთვის არაა გაჩენილი და ყოველთვის უნდა ცდილობდეს, მინიმუმამდე დაიყვანოს სიამოვნების მომენტი. ის, ვინც ცხოვრებას მხოლოდ დროსტარებაში ხედავს, ფაქტობრივად ადამიანი არ არის. სხეული კი არა, გონება და სული უნდა გავიხადოთ ზრუნვისა და ყურადღების საგნად. სულიერი, ზნეობრივი სიწმინდე არის ადამიანისთვის მთავარი და არა სხეულებრივი განცხრომა. ამას კი სჭირდება მუხლჩაუხრელი შრომა, გარჯა, წიგნზე თავაუღებელი მუშაობა. მაგრამ, სამწუხაროდ, დღეს ბევრი ახალგაზრდა გაურბის წიგნს, როგორც ეპიდემიურ დაავადებას. ცხადია, ასეთ ახალგაზრდას „თავზე საყარად“ აქვს დრო და მან არ იცის, როგორ „მოკლას“ იგი. თავისუფალი დრო კი, პირდაპირი მნიშვნელობით, არსებობს მხოლოდ უსაქმო, სულიერად ღარიბი ახალგაზრდისთვის. იმ დროს, რომელსაც ახალგაზრდები წიგნსა და ჟურნალ-გაზეთებს უნდა უთმობდნენ და თავიანთ გონებრივ ჰორიზონტს იმაღლებდნენ, უმოწყალოდ ფლანგავენ, დრო კი მიქრის უკანმოუხედავად და მას ვეღარასოდეს დაიბრუნებ. „დრო ფული არ არის, რომ შემნახველ სალაროში შეიტანო, ან ნივთი, ლომბარდში რომ დააგირაო და მერე, როცა გინდა, გამოიტანო“, – წერს გივი ჯოხაძე. ნოდარ დუმბაძის აზრით კი, „დრო ისეთი ავტომობილია, რომელსაც „ზადნი ხოდი“ არა აქვს“. ეს კარგად უნდა იცოდეს ყველა ახალგაზრდამ, თორემ შემდეგ გვიან იქნება „თითზე კბენანი“. ამიტომაც აფრთხილებდა ერთ-ერთ ახალგაზრდას ცნობილი რომაელი ფილოსოფოსი მარკუს ავრელიუსი: „შენ უნდა შეიგნო, რომ განსაზღვრულია დრო ცხოვრებისა, და თუ შენ არ ისარგებლე ამ დროით შენი განათლებისათვის, ის გაქრება შენსავით და აღარ დაბრუნდება არასოდეს“.
თვითაღზრდის ნამდვილ სკოლად იქცა აკადემიკოს ოტო შმიდტის ცხოვრება. ჯერ კიდევ თოთხმეტი წლის ასაკში, მან შეადგინა თავისი შემდგომი ცხოვრების გეგმა, რომლითაც მიზნად ისახავდა, დაუფლებოდა კაცობრიობის მიერ, თავისი არსებობის მანძილზე, დაგროვილ ცოდნას. ამ გეგმაში დაწვრილებით იყო მოცემული, რომელი წიგნები უნდა წაეკითხა, რომელ მეცნიერებას დაუფლებოდა, რომელი პრობლემა გადაეწყვიტა, როგორ განვითარებულიყო ფიზიკურად და ა.შ. მაგრამ როცა გამოთვალა, რამდენი დრო დასჭირდებოდა ამ პროგრამის შესასრულებლად, აღმოჩნდა, რომ მისი განხორციელებისთვის საჭირო იყო 900 წელი. ამიტომ მან ხელი აიღო ისეთი რამის შესწავლაზე, რომლის გარეშეც შეეძლო დასახული მიზნის მიღწევა და დატოვა მხოლოდ ის, რაც აუცილებელი იყო, მაგრამ იმასაც 500 წელი სჭირდებოდა. შემდეგ მან კიდევ შეამცირა თავისი პროგრამა და საბოლოოდ დროის ბიუჯეტი 150 წლამდე დაიყვანა. შმიდტმა განსაზღვრა თავისი ცხოვრების ყოველი დღე, ყოველი საათი, ყოველი წუთი და დაუცხრომელი შემოქმედებითი ძიებით, თავდადებული შრომით კიდევაც განახორციელა თავისი 150-წლიანი პროგრამა. როცა გარდაიცვალა, 65 წლისაც არ იყო.
ოტო შმიდტი იყო კაცი-ლეგენდა. იგი აოცებდა ყველას, მათ შორის იმათაც, ვინც მას კარგად იცნობდა. მის ცხოვრებაში კი გასაოცარი ბევრი რამ იყო. იგი იყო დიდი მეცნიერი, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, სახელგანთქმული მათემატიკოსი, ასტრონომი, გეოგრაფი, ფუნდამენტური აღმოჩენების ავტორი, დიდი საბჭოთა ენციკლოპედიის ხელმძღვანელი, თეორიული გეოფიზიკის აკადემიის დამაარსებელი და დირექტორი, დედამიწისა და პლანეტების წარმოშობის თეორიის ავტორი, მრავალი უსახელო კუნძულისა და კონცხის აღმომჩენი, რომლებიც დღეს მის სახელს ატარებენ და სხვა.
საოცარი პიროვნება იყო, ასევე, გამოჩენილი უკრაინელი პედაგოგი ვასილ სუხომლინსკი. თავისი ხანმოკლე სიცოცხლის მანძილზე (გარდაიცვალა 51 წლის ასაკში) მან გამოსცა 35 წიგნი, დაწერა ოთხასამდე საგაზეთო და საჟურნალო სტატია და უფრო მეტი საბავშვო მოთხრობა და ზღაპარი. მასზე ამბობდნენ: „ადამიანი კი არა, მთელი სამეცნიერო ლაბორატორიააო“. სრულყოფილად ფლობდა ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ, პოლონურ, ჩეხურ, ბულგარულ, ესპანურ, იაპონურ და სხვა ენებს, არაფერს ვამბობთ რუსული და ბელორუსული ენების ცოდნაზე. გერმანულ ენას იგი იმდენად კარგად ფლობდა, რომ თავისი წიგნი „გულს ვუძღვნი ბავშვებს“ თვითონვე თარგმნა ამ ენაზე და პირველად გერმანიაში გამოსცა. მისი წიგნები ავტორის სიცოცხლეშივე გამოდიოდა და დღესაც გამოდის ათეული ათასობით ტირაჟით მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ხალხთა ენებზე.
ვ. სუხომლინსკი დღე და ღამე მუშაობდა, დილის 6 საათიდან ღამის 12 საათამდე. მუდამ ძიებაში იყო, უქმად არ კარგავდა არც ერთ წუთს. საავადმყოფოშიც კი წიგნებით დატვირთული მიდიოდა. მწერალი ბორის ტარტაკოვსკი, თავის წიგნში „ამბავი მასწავლებელ სუხომლინსკისა“, წერს: „…ვასილ ალექსანდრეს ძემ მტკიცედ გადააბიჯა თავისი კაბინეტის ზღურბლს და ნელა მიდის სკოლის ცენტრალური შესასვლელისაკენ (იგი პავლიშის საშუალო სკოლის შენობაში ცხოვრობდა, რომლის დირექტორიც იყო – ნ. ბ.), სადაც მას „სასწრაფო დახმარების“ მანქანა ელოდება. თან ფხიზლად იყურება აქეთ-იქით. სანიტრები და ექიმები კი გაკვირვებით შესცქერიან იღლიაში წიგნებამოჩრილ ავადმყოფს და მის ცოლს, წიგნებით გამოტენილი პორტფელი რომ უჭირავს“.
როცა დროის ნაყოფიერად მოხმარებაზე ვსაუბრობთ, გამუდმებით სწავლასა და შრომას როდი ვგულისხმობთ. საჭიროა გართობაც, დასვენებაც, მაგრამ მოსწავლე ახალგაზრდობამ პირველ ადგილზე გართობა და დასვენება კი არ უნდა დააყენოს, არამედ სწავლა, შრომა, რამეთუ იგი არის როგორც სიხარულის, ისე ადამიანის დღეგრძელობის წყარო. არც ერთ ზარმაცს ამქვეყნად არ მიუღწევია ხანგრძლივი ასაკისთვის. უფალი დიდხანს აცოცხლებს მხოლოდ ჭეშმარიტად შრომისმოყვარე და დამაშვრალ ადამიანს.
აბა, ახლა გადავხედოთ დღევანდელ ვითარებას. ყოფილ საბჭოთა კავშირში ყველა, ასე თუ ისე, რაღაცით იყო დაკავებული, დღეს კი ბევრი ახალგაზრდა ქუჩა-ქუჩა დაეხეტება უსაქმოდ ან სადმე ხის ძირშია ჩაცუცქული და ტყუილ-მართალს უყვებიან ერთმანეთს, შინ კი, გვიან ღამემდე, პორნოგრაფიული ფილმების ნახვით იქცევენ თავს, რაც, უზნეობის გარდა, არაფერს მატებს მათ. ეს ნეგატიური ვითარება, ძირითადად, გამოწვეულია იმით, რომ ჩვენს ქვეყანაში არ არის განვითარებული წარმოება და უმუშევრობა მასობრივ ხასიათს ატარებს. ამიტომაცაა ჩვენი დღევანდელი მთავრობის მთავარი საზრუნავი სამუშაო ადგილების შექმნა და ახალგაზრდობის დასაქმება.
მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ დრო ოქროზე ძვირად ფასობს და მას ჭკვიანურად და გონივრულად გამოყენება სჭირდება, რადგან „ადამიანის სიცოცხლე რკინასა ჰგავს, საქმეში მოიხმარ, ილევა, არ მოიხმარ და ჟანგი შეჭამს“ (კატონ უფროსი).
ნოდარ ბასილაძე – პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი