ქეთევან გარაყანიძე
ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ლიტერატურის მასწავლებელი
რეზიუმე უახლეს თარგმანზე
იაპონია არა მხოლოდ ამომავალი მზის, არამედ ადამიანად დარჩენაზე ფიქრის ქვეყანაც არის. ამაზე მისი ლიტერატურა მეტყველებს: კობო აბე, რიუნოსკე აკუტაგავა, ოსამუ დაძაი, ჰარუკი მურაკამი და კიდევ მრავალი მწერალი, იაპონიამ კაცობრიობას რომ აჩუქა.
ამ სტატიაში ვისაუბრებთ ვრცელ მოთხრობაზე „აღარ ვივარგებ ადამიანად“, რომლის ავტორიც არის ოსამუ დაძაი და ქართულ ენაზე ახლახან ითარმნა.
ტექსტი ხუთი ნაწილისგან შედგება:
- შესავალი
- ჩანაწერების პირველი ნაწილი
- ჩანაწერების მეორე ნაწილი
- ჩანაწერების მესამე ნაწილი
- ბოლოთქმა
პირველ ნაწილში მოთხრობილი ამბავი უცნობის შესახებაა, რომლის საოჯახო ალბომიდან ამოღებული ფოტო პირველ პირშია აღწერილი და გიქმნის წარმოდგენას, რომ ტექსტი ავტობიოგრაფიულია, თუმცა წიგნის ბოლოთქმა სრულიად აცამტვერებს კითხვის მთელი პროცესის მანძილზე ჩამოყალიბებულ ეჭვს და, საბოლოოდ, ხვდები, რომ ავტორს მთავარი პერსონაჟის დღიურები ჩაუვარდა ხელთ და ეს დღიურები უკვდავ შემოქმედებით პროცესად გარდაიქმნა.
ასეა თუ ისე, ვინც ოსამუ დაძაის ბიოგრაფიას იცნობს, მიხვდება, რომ ვრცელ მოთხრობაში აღწერილი ამბავი ნაწილობრივ ავტობიოგრაფიულიცაა.
მსოფლიოს არც ერთი ქვეყნის მწერლობა არ იცნობს თვითმკვლელობისკენ მიდრეკილ იმდენ პერსონაჟს, რამდენსაც იაპონური ლიტერატურა: აკუტაგავს პერსონაჟები, თვით ოსამუ დაძაის პერსონაჟები. ადამიანთა დიდი მოწყენილობის ლიტერატურა, სამი სიტყვით, ალბათ, ასე შეიძლება, შეფასდეს იაპონური პროზა.
ოსამუ დაძაის ვრცელი მოთხრობის მთავარი პერსონაჟი იოძი ობა გამორჩეულად ნიჭიერი, შემოქმედებითი, მაგრამ იმავდროულოდ მძიმე სულიერი განწყობის ადამიანია, რომელიც ერთ პროვინციულ, მაგრამ მდიდარ და წარჩინებულ ოჯახში იზრდება. იოძი ბავშვობიდან ავლენს მოვლენების აღქმისა და მათდამი დამოკიდებულების თავისებურ უნარს. ის სხვებს არ ჰგავს. სწორედ ამიტომ, მოსწავლეობის დროს, თუ მის სასკოლო დღიურში ცოდნის ნიშანი უმაღლესი ქულებითაა ასახული, ყოფა-ქცევის საკითხი აუცილებლად უქმნის პრობლემას. სწორედ ბავშვობიდან იწყება მისი ყველა მომდევნო უბედურების ფორმირება, თუმცა პატარა იოძის რომ დახმარება სჭირდება, ამის აღქმას მის გარშემომყოფი უფროსები მხოლოდ იმის გამო ვერ ახერხებენ, რომ ბიჭი არნახული ოსტატობით ირგებს და მთელი ცხოვრების მანძილზე ატარებს ტაკიმასხარას ნიღაბს, რომელიც მუდმივად ათავისუფლებს როგორც მოვალეობებისა და პასუხისმგებლობისაგან, ისე მძიმე რეალობის გააზრების აუცილებლობისაგან.
ასე დაიწყო იოძი ობას რთული გზა ცხოვრებისაკენ, რომელიც 26 წლის ასაკში სულიერად დაავადებულთა სამკურნალო დაწესებულებასთან მივიდა.
ოჯახის მიერ შვილის უარყოფა, პასუხისმგებლობის მოხსნისა თუ განრიდების დიდი შეცდომა და შემდგომ ეტაპობრივად განვითარებული მოვლენები, მკითხველს არწმუნებს ადამიანური თანადგომის საჭიროებასა და გარდაუვალ აუცილებლობაში.
მკითხველს ავტორი იუმორის განსაკუთრებული უნარით ხიბლავს. ადამიანური ტრაგედია ისე ვითარდება, რომ, წარმოუდგენელია, მაგრამ მსუბუქადაც არ გიტევს მელანქოლიის მომაკვდინებელი შეგრძნება, პირიქით, ზოგჯერ ხმამაღლა იცინი ამ უცნაური პერსონაჟის თვისებაზე – თვითმკვლელობას გადაურჩეს და საკუთარ თავზე ბევრი იცინოს.
რომანი „აღარ ვივარგებ ადამიანად“ დამწყები მკითხველისათვის ფრაზეოლოგიზმის, რეალურად განცდისა და გააზრების შესანიშნავი შესაძლებლობა, ხოლო გემოვნებაჩამოყალიბებული მკითხველისათვის უაღრესად სასიამოვნო პროზაა.