დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესის განახლების საკითხზე ორშაბათს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ.
„დაანონსებულია, რომ საბავშვო ბაღები იწყებენ მუშაობას. როდესაც ინფექციის ზრდა არის, ნებისმიერი მობილობის ზრდა მომატებული რისკია, მაგრამ სამედიცინო სექტორი პროცესს მართავს და ეპიდსიტუაცია კონტროლირებადია. ვფიქრობ, ორშაბათს საკოორდინაციო საბჭოზე ეს საკითხი კვლავ განიხილება და შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ზოგადად, ეს არა მხოლოდ ეპიდემიოლოგიური, არამედ ასევე სოციალური საკითხია, როდესაც მშობლები მუშაობენ და ბავშვი უნდა წავიდეს საბავშვო ბაღში, ასევე დაკავშირებულია ბავშთა კვებასთან და ა.შ. კომპლექსური საკითხია და მოითხოვს განხილვას. მე მაქვს ჩემი რეკომენდაციები ამ საკითხზე ისევე, როგორც დაავადებთა კონტროლის ცენტრს, რომელსაც დავაფიქსირებთ საკოორდინაციო საბჭოზე და მიღებული იქნება გადაწყვეტილება კონსენსუსის წესით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.