„ექიმია
ოქტომბერი! –
ცრემლის
გადასხმის
კურსს
გვინიშნავს,
გულები რომ
არ გაგვიქვავდეს!“
(რ. გაბროშვილი)
რუსუდანზე მინდა დავწერო – ამეკვიატა დილიდან… მე ვიცი, რომ რუსუდანს ჩემზე უკეთესი მაქებარიც ბევრი ჰყავს და მეტიც გამოუჩნდება, მაგრამ მეც მინდა დავწერო…
რუსუდანი, დაახლოებით, 2013 წელს გავიცანი, მასწავლებელთათვის განკუთვნილ ერთ-ერთ ტრენინგზე. სულ სამდღიანი ტრენინგი იყო. როცა მონაწილეებს ვუსმენდი, გამორჩეულად საინტერესოდ მეჩვენებოდა ამ მოკრძალებული და სათნო ქალბატონის პასუხები (ახლაც მახსოვს, ნიკო ლორთქიფანიძის „სურათი სოფლად“ როგორ გააანალიზა!). მერე გავეცანით ერთმანეთს, ჩემი ახალი ნაცნობის გვარ-სახელი წინა დღეებში დასრულებული წიგნის (გიორგი ლობჟანიძის „ჩემი ფანჯრებიდან“) გმირისას რომ დაემთხვა, მაშინაც მოკრძალებით მითხრა – ის რუსუდანი ვარო.
ის რუსუდანი აღმოჩნდა, 24 წლისამ 14 წლის გიორგი ლობჟანიძეს რომ ასეთი ბარათი მისწერა: „ახალი წელი ნაღვლიან დღედ არასოდეს გადაგქცეოდეს, თავისუფალი საქართველოს ახალი წლები გეზეიმოს, დღეგრძელი იყავ, წმინდა გიორგის სეხნიავ, ჩემო პატარა უფლისწულო!“;
ის რუსუდანი – 80-იანი წლების მიწურულს იპოდრომზე გამართულ მიტინგზე წასვლის გამო სასტიკი საყვედური რომ გამოუცხადეს და გაზეთის რედაქციიდან გაგდებით დაემუქრნენ, მაგრამ , მუქარის მიუხედავად, ისევ რომ გააგრძელა მიტინგებზე სიარული;
ის რუსუდანი – გიორგი ლობჟანიძე თავის წიგნში ასე რომ ახასიათებდა: „რუსიკომ არაჩვეულებრივად იცოდა ლიტერატურა, თანამედროვე პოეზიის ნიუანსებშიც ბრწყინვალედ ერკვეოდა და შოთა ჩანტლაძე უყვარდა, რომლის შემოქმედებაზეც დისერტაციის დაწერა ჰქონდა განზრახული, უკირკიტებდა ყველა სტრიქონს, ზომავდა, წონიდა, აგემოვნებდა და აფასებდა, ცოცხალი პოეტებიდანაც უამრავს პირადად იცნობდა და რამდენიმე მათგანთან გასაცნობად პირადადაც წამიყვანა“;
ის რუსუდანი – მეგობრებს არა მარტო ცოცხალ მწერლებთან, არამედ გურამ რჩეულიშვილისა და შოთა ჩანტლაძის საფლავებზეც რომ დაატარებდა, წაუკითხავად არ გაუშვებდა ახალგაზრდა პოეტების ლექსებს და თუ რამ მოეწონებოდა, ყველას უშურველად უზიარებდა თავის აზრს.
მერე ჩემი სტუდენტობისდროინდელ „პირველ სხივში“ დაბეჭდილი ერთი პატარა ლექსიც მომაგონა მეხსიერებამ:
„ხმაურში ზღვას გავუტოლდები,
სითბოში მზეს გავუსწორდები,
დუმილში ბეთანიას დავედარები,
სიყვარულში კი
შენ უნდა გაგეჯიბრო, დედამიწავ!“
კი, მართლაც შეეჯიბრება სიყვარულში ყველას, თვით დედამიწასაც კი; ჩვენი ფეისბუქმეგობრობა რომ გაგრძელდა იმ შორეული ტრენინგის შემდეგ, მას მერე ბევრჯერ დავრწმუნდი ამაში. სრულიად უცნობი ადამიანის ტკივილით გულდამწვარი, თენგო ავსაჯანიშვილის ჭირისუფალი და გულწრფელი დამტირებელი, კარგი მეგობარი, კარგი შვილი, მეუღლე, სწორი მოქალაქეობრივი პოზიციის მქონე ადამიანი – რამდენნაირ რუსუდანს არ ნახავთ აქ. ბოლოს – არაჩვეულებრივი მინიმების ავტორი რუსუდანიც ფეისბუქმა გამაცნო.
რუსუდანის მინიმებზე ერთმა ჩემმა კოლეგამ, ქალბატონმა მანანა გუგუშვილმა ბრძანა: ეს მინიმები „ქოლგასავითააო ამ წვიმიან ოქტომბერში“. როგორც აღმოჩნდა, თურმე მთელი ცხოვრებაა, წერს, მაგრამ მალავს, მეგობარს, აწ გარდაცვლილ თენგო ავსაჯანიშვილს დაუძალებია დაბეჭდვა და თავისივე ხელით აუკრებია კიდეც პირველი მინიმები, მას შემდეგ გვანებივრებს ისევ სოციალური ქსელიდან თავისი საოცარი მინიმებით.
როცა გაუსაძლისი დღეები მრავლდება (ამ ბოლო დროს – განსაკუთრებით!), დღეები იმ ხეებად იქცევიან, „იმედი რომ აღარაფრით აღარ მოისხეს“.
როცა“სულში უსაშველოდ შეღამდება“ (როგორც თ. ფირცხალაიშვილი, ჩვენი საერთო მეგობარი, იტყოდა), კიდევ ერთხელ შემოგვძახებს რუსუდანი:
„გაზაფხული
უნდა
იყო,
ყველა სეზონზე
ისევ
შენთან
რომ ბრუნდებოდნენ!“
ასე გაიშვიათებულ მადლსა და „ქველის საქმეს“ რომ გავიკვირვებთ, ისევ რუსუდანი დაგვაიმედებს:
„თუ
გადაგვარჩენს,
იმ ბალახის
მადლი
იქნება,
ირემმა
ირემს
რომ გაუწოდა!“
დღეს, როცა „დუმილიც რეკავს“ და ზოგი – არ და ზოგი ვერ ახერხებს, სათქმელი ხმამაღლა თქვას, საკუთარი სინდისის ხმად გვესმის რუსუდანისეული:
„ბრალი
მეც
მიძევს,
ჩემო ჯვარცმულო,
შორიდან
რომ
გიყურებდი
და
ვერ გიშველე!“
სიკვდილზე, როგორც გარდაუვალ სტუმარზე, ფიქრს რომ დავიწყებთ, ისევ რუსიკოს მინიმა შეგვიმსუბუქებს ფიქრს თავისებური იუმორით:
„გინდა-არ გინდა,
ბოლო მგზავრობა
დაჯავშნილია, –
ვერც
ფრენის შიში
ვერ გიშველის,
ვერც ტრანსპორტის
აუტანლობა!“
ეს მინიმა ხომ საერთოდაც რუსუდანის ცხოვრებაა, იმ რუსუდანისა, სულ რომ მეგობრების (თუ სულაც უცხოთა) ტკივილი სტკივა და სალბუნს ეძებს მათთვის:
„რა
სევდიანი
ტურიზმია
მეგობრობა –
ერთმანეთის
ტკივილებში
გვამოგზაურებს.“
აბა, ჩემი სიტყვები რად უნდა ამ მინიმების წამკითხველს:
„ფოთლების
შარიშურში
დაყრუვდნენ
ყვავილები –
ყველაფერზე
იღიმებიან“;
„თეთრი
საშრობით
დილა
ღამის
ნაწერს
ამშრალებს!“
„ღამე
გატყდება
და
ცის
ლანგრიდან
ვარსკვლავები
გადმოიპნევა!“
„სტრიქონებად
დამტვრეულ ღამეს
სიზმრის
ქოხი
თავზე
დაემხო!“
ერთ მინიმაში რუსუდანი წერს:
„სიტყვები
ზოგჯერ
გულში
სხედან
დამწყვდეული
ბეღურებივით!“
გამოუშვი ბეღურები, რუსუდან, ჩვენ ველოდებით!






