ქეთევან გარაყანიძე
ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ლიტერატურის მასწავლებელი
თემის ანალიზი ჰეროდოტეს ისტორიის გმირების რეალური ტრაგედიებით უნდა დავიწყოთ. როგორც ისტორიის მამა მოგვითხრობს: მიდიის მეფემ, ერთხელ, სპარსელების წინააღმდეგ ლაშქრობა გადაწყვიტა. რჩევისთვის მოხუც ბრძენს მიმართა, რომელმაც უთხრა: არ უნდა ილაშქრო სპარსეთში, რადგან ჩვენ გვაქვს ყველა სიკეთით სავსე ქვეყანა, ხოლო სპარსელებს არასოდეს უნახავთ ის, რაც აქ დახვდებათ. ამ ომის წამოწყებით ჩვენ ვერაფერს მოვიგებთ, მათ ვერაფერს წავართმევთ, ხოლო თუ ისინი დაგვამარცხებენ, ყველაფერს დავკარგავთ.
ომი არასოდეს იწყება ხალხის დაპირისპირების მიზეზით, ომის მიზეზი მუდამ პოლიტიკოსთა ამბიციები და წინდაუხედაობაა.
ჩვენ ვიცნობთ ომების რეალურ ისტორიებს, რომლებიც ჟამთააღმწერლებისა და მემატიანეების ჩანაწერებმა შემოგვინახა, მაგრამ ასევე ვიცნობთ მხატვრულ ლიტერატურას, პროზას (პოეზიას) ომებზე, რომლებმაც ადამიანთა სულები შეძრა.
იმ ავტორების ნუსხა, რომლებმაც წარუშლელი შთაბეჭდილების ტექსტები დაგვიტოვეს, ვრცელია, შესაბამისად, ყოველ მათგანზე საუბარი — რთული. ამჯერად ყურადღებას გრაამ გრინის რომანზე შევაჩერებთ, რომელიც ქართულ ენაზე მცირე ხნის წინ ითარგმნა. აქვე უნდა აღინიშნოს მთარგმნელის, ლევან ინასარიძის, ოსტატობა, რომელმაც მოახერხა და მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი შედევრი ქართველ მკითხველს დახვეწილი ენითა და შთამბეჭდავი სისადავით მიაწოდა.
„ჩუმჩუმა ამერიკელის“ დაწერა ავტორს ინდოჩინეთის პოლიტიკურმა მოვლენებმა შთააგონა, რომელიც იქ, 1955-1956 წლებში, ჟურნალ The New Republic-ის კორესპონდენტად მუშაობდა. რომანში ვიეტნამის მოვლენებია აღწერილი, რომელიც ამ პერიოდში საფრანგეთის, ამერიკისა და მათი სამხედრო ელიტის სათარეშოდ იყო ქცეული. „ჩუმჩუმა ამერიკელი“ არ არის მხოლოდ რეპორტიორის მიერ შეგროვებული მასალის წარდგენა მკითხველისთვის, ეს გახლავთ უაღრესად სენსიტიური პროზა, რომელსაც შინაგანი ვნებათაღელვის გარეშე ვერავინ წაიკითხავს.
გრაამ გრინის რომანი ნებისმიერ ადამიანს დაარწმუნებს პოლიტიკური დოქტრინების ამორალურობაში. დაარწმუნებს იმაშიც, რომ ომი მუდამ იწყება ვიწრო ინტერესების მიზეზით და საკაცობრიო უბედურებად გადაიქცევა, რადგან, საბოლოოდ, ის არავის დაინდობს.
ერთ-ერთ ეპიზოდში სამხედრო მფრინავი, რომელმაც რეპორტიორ პერსონაჟს მორიგი დავალების შესრულების დროს (ვიეტნამის პატარა სოფლის დასაბომბად) თანხლება შესთავაზა, აცხადებს: „ჩვენ პროფესიონალები ვართ. მანამდე უნდა ვიომოთ, ვიდრე პოლიტიკოსები არ შეგვაჩერებენ. ეს ჩემი ომი არ არის, მე მასში ჩართული არ ვარ“. რაზეც ნანახით განადგურებული რეპორტიორი პასუხობს: „მალე იქნებით ჩართული! მე ომი მძულს!“
რომანის ამ ეპიზოდის ანალიზი გონიერ მკითხველს მარტივად აფიქრებინებს, რომ დრო იცვლება, ომები, ინტერესები და დამოკიდებულებები – არა.
საომარ მოქმედებებში ჩართული ამერიკა, რომანის მიხედვით, თავად ეწევა ვიეტნამელი ხალხის გამანადგურებელ პოლიტიკას, რის გამოც რეპორტიორი თავისი სასიყვარულო სამკუთხედის გმირს, ამერიკელ პოლიტიკოსს, რომელიც ვიეტნამის ეკონომიკური „აღორძინების“ ელჩის წარმომადგენლობაში მუშაობს, სასტიკად საყვედურობს, რომ ის, რასაც მისი სამშობლო და სამსახური სინამდვილეში აკეთებს, დახმარება არ არის. საკერავი მანქანების შეთავაზება ხალხისთვის, რომელსაც ელექტროენერგია არასოდეს უნახავს, სასაცილოა. ვიეტნამელებს მხოლოდ ბრინჯის მოყვანა სჭირდებათ და არა იმის სწავლება, როგორ იცხოვრონ საკუთარ მიწაზე.
ომის სურათების აღწერისას, რეალური შთაბეჭდილებები (რეპორტიორის თვალით ნანახი სისასტიკე) იმდენად მძაფრია, მკითხველის გულში მომაკვდინებლად იჭრება: ბომბის აფეთქების შემდეგ გადარჩენილი ძმა როგორ აცურებს დაღუპული ძმის თავქვეშ ბალიშს და ამაზე როგორ ეცინებათ ახლოს მყოფ ადამიანებს; ასევე ქალაქის მოედანზე ნანახი კადრები: ბავშვის ნარჩენები დედის კალთაში, დაღუპული ტაქსის მძღოლი, რომელიც იმ დღეს ოჯახში გროშების წასაღებად გამოვიდა სამუშაოდ და დაიღუპა.
ავტორი, ცოცხალი ჟურნალისტური და ადამიანური განცდების გაზიარების პარალელურად, საოცრად შთამბეჭდავ მხატვრულ პასაჟებსაც გვთავაზობს. ინგლისელი რეპორტიორისა და გულუბრყვილო ვიეტნამელი გოგონას სიყვარულის ამბავს, რომელთან ურთიერთობაშიც, სწორედ ამერიკელი ეცილება. ვინაიდან მას (რეპორტიორს) ოჯახი ჰყავს და მისიის დასრულების შემდეგ ინგლისში უნდა დაბრუნდეს, უწევს, უარი თქვას სიყვარულზე, მით უფრო, რომ ცოლმა განქორწინების თხოვნაზე ხელი არ მოუწერა. სასიყვარულო ურთიერთობის კულმინაცია მაშინ იწყება, როცა, ერთ დღეს, ქალაქის მოედანზე მომხდარ დიდ აფეთქებაში ამერიკელი აღმოჩნდება გარეული. ინგლისელი რეპორტიორი ამას მაშინ იგებს, როცა ყოფილი საყვარლის საშველად ახლომდებარე კაფეში გარბის. გზად ამერიკელი ხვდება, რომელსაც უყვება, რომ მისი საცოლე, შესაძლოა, იმ კაფეში იყოს დაღუპული, რაზეც პასუხად ისმენს, რომ საცოლეს (რეპორტიორის ყოფილ საყვარელს) საფრთხე არ ემუქრება, რადგან ის მოსალოდნელი აფეთქების შესახებ გაფრთხილებული იყო.
ამ პასუხის მოსმენის შემდეგ რეპორტიორი წამიერად იღებს გადაწყვეტილებას, რომ პარტიზანულად მებრძოლ ვიეტნამელ ჯარისკაცს გადასცეს საიდუმლო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ იდგა ქალაქის დიდ მოედანზე მომხდარი ტერაქტის უკან.
ამერიკელს იმავე დღეს კლავენ.
♦♦♦
ჩვენ (მკითხველებმა) ვიცით, რა მოაქვს ომებს, მაგრამ ჩვენ (მკითხველებმა) არ ვიცით, როგორ დავიცვათ თავი ავანტიურისტებისაგან. სწორედ ამიტომ ვფიქრობთ, რომ გრაამ გრინის რომანის წაკითხვა მნიშვნელოვანი და აუცილებელი პირობაა იმისთვის, რომ ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ.