ნორვეგიული სკოლის მოდელი
ბარნეჰაჯი – საბავშვო ბაღი
საბავშვო ბაღის ნორვეგიული ვერსია არის ბარნეჰაჯი, რომელიც შეიძლება იყოს სახელმწიფო ან კერძო, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, მშობლებმა უნდა გადაიხადონ საფასური. ბავშვების მიღება იწყება 1 წლიდან და გრძელდება იქამდე, სანამ ბარნესკოლის პირველ კლასში შევლენ. ჩვეულებრივ, მშობლებს ბავშვები ბარნეჰაჯში ადრეულ ასაკში მიჰყავთ. ზოგადად, საბავშვო ბაღი ნორვეგიაში მოიცავს მრავალ გარე სივრცეს, სადაც ბავშვებს ღია გარემოში აქვთ აქტივობები.
ბავშვები სკოლას 6 წლიდან იწყებენ
ნორვეგიაში მოსწავლეები სკოლაში შედიან 6 წლის ასაკში და სწავლობენ, სრულ განაკვეთზე, 16 წლამდე. ისინი სწავლას იწყებენ იმ კალენდარული წლის აგვისტოში, როდესაც 6 წლის გახდებიან. სკოლები ნორვეგიაში უფასოა და განათლების მიღება ხელმისაწვდომია.
სასწავლო წელი და არდადეგები
სასწავლო წელი აგვისტოს შუა რიცხვებში იწყება და ივნისამდე გრძელდება. სასწავლო წელი 190 სასწავლო დღეს მოიცავს. რაც შეეხება სასკოლო არდადეგებს, გადანაწილებულია შემდეგნაირად: ოქტომბერში (1 კვირა), შობა (2 კვირა), თებერვალში (1 კვირა) და აღდგომა (1 კვირა). ასევე, არსებობს ცალკეული დღესასწაულები, რომელიც დასვენების დღედ ცხადდება.
ბარნესკოლე – დაწყებითი კლასები
ბავშვები ბარნესკოლას 6 წლის ასაკში იწყებენ, პირველ კლასში და ასრულებენ 13 წლის ასაკში, როდესაც მე-7 კლასს დაამთავრებენ. ამ ასაკში განათლება ძალიან ზოგადია, აღსანიშნავია საგნების მრავალფეროვნება, მოსწავლეები ეცნობიან მუსიკას, ხის დამუშავებასა და მეცნიერებას. ისინი დიდ დროს ატარებენ გარეთ და ხშირია ყოველკვირეული მოგზაურობები ტყეში, რათა გაეცნონ ბუნებასა და მათ გარშემო არსებულ სამყაროს.
როგორც ბარნესკოლაში, ასევე ბარნეჰაჯში სწავლის დროს, ყოველ შესვენებისას, ამინდის მიუხედავად, ბავშვები უნდა იყვნენ გარეთ. ერთადერთი გამონაკლისი დაიშვება მაშინ, თუ ტემპერატურა -15C-ზე დაბლა დაეცემა. ამიტომ, შესაბამისი გარე ტანსაცმლის ქონა აუცილებელია და ყოველდღიურად გამოიყენება, წელიწადის ყველა დროს.
უნგდომსკოლე – საშუალო სკოლა
ნორვეგიაში ეს არის ბავშვებისთვის სწავლის სავალდებულო ნაწილის დასკვნითი ეტაპი. ისინი უნგდომსკოლეში 13 წლიდან 16 წლამდე სწავლობენ. უნგდომსკოლეში მოსწავლეებს გაცილებით მეტი თავისუფლება ეძლევათ და მასწავლებლები მოელიან, რომ მეტ პასუხისმგებლობას აიღებენ მოზარდები საკუთარ თავზე. დაწყებითი სკოლისგან განსხვავებით, საშუალო სკოლის მოსწავლეები იღებენ შეფასებებს. მათ შეუძლიათ აირჩიონ უცხო ენა, როგორც არჩევითი საგანი, როგორიცაა გერმანული, ფრანგული, ესპანური ან მანდარინი, ინგლისური და სხვა.
რამდენიმე საინტერესო ფაქტი ნორვეგიის სკოლების შესახებ
საკლასო ოთახში მოსწავლეებს ფეხსაცმელი არ აცვიათ
ეს ცნობილი ნორდული წესი სკოლაზეც ვრცელდება! წარმოგიდგენიათ 150 ბავშვი, პირდაპირ თოვლიდან, ფეხსაცმელებით რომ შევა საკლასო ოთახებში? მგონი, მეტის თქმა აღარაა საჭირო! ბავშვები გარე ტანსაცმელს გასახდელებში ტოვებენ გასაშრობად და იცვლიან ფეხსაცმელს, როდესაც სკოლის შენობაში შედიან. ეს წესი მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ სასკოლო გარემო მშრალი და სუფთა იყოს, ასევე ქმნის სიმყუდროვის შეგრძნებას, რითაც ცნობილია სკანდინავია.
ყველა ბავშვი იღებს კომპიუტერს
ნორვეგიის საჯარო სკოლებში ყველა ბავშვი იღებს კომპიუტერს, რათა გამოიყენონ სწავლასა და თვითშემეცნებაში. მასზე წვდომა სკოლაში ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში აქვთ და შეუძლიათ სახლში წაღება, ასევე, არდადეგების დროს გამოყენებაც. მშობლებმა უნდა გააფორმონ ხელშეკრულება, რომ გაუფრთხილდებიან და, დაზიანების შემთხვევაში, გადაიხდიან მცირე სარემონტო საფასურს.
მოკლე სასკოლო დღეები
ჩვეულებრივ, სკოლის დღეებში, სწავლა იწყება დილის 8:30 საათზე და მთავრდება, დაახლოებით, 2 საათზე. უნგდომსკოლეში მოზარდებისთვის – ცოტა გვიან, მაგრამ ოთხშაბათს ყველა მოსწავლისთვის ადრე მთავრდება გაკვეთილები. აღსანიშნავია ეს მიდგომა, რომ მოსწავლეებს ინდივიდებად აღიქვამენ, რომელთაც აქვთ ცხოვრება სკოლის მიღმა.
სკოლების უმეტესობა საეროა
მიუხედავად იმისა, რომ ნორვეგია, ოფიციალურად, ქრისტიანული ქვეყანაა, სკოლები საეროა. იშვიათია ვიზიტები ეკლესიაში (რაზეც უარის თქმა შეიძლება), სკოლაში სწავლების პროცესში არ არის ჩართული ლოცვის რიტუალი. რელიგიური განათლების დროს, ბავშვები თანაბრად ეცნობიან მსოფლიოს ყველა ძირითად რელიგიას.
„მაპტაკის“ დროა
რაც შეეხება სკოლაში კვების საკითხს, მშობლები ბავშვებს ლანჩს (ძირითადად, ტოსტი ლორით ან ყველით) უმზადებენ და სკოლაში ატანენ ლანჩის ყუთით („მაპტაკე“ ნორვეგიულად). ტკბილეული, შოკოლადი, გაზიანი სასმელები სკოლაში დაუშვებელია. ერთი რამ, რაც განსაკუთრებით მომწონს ნორვეგიის სკოლებში, არის ის, რომ ლანჩის დროს ბავშვები საკლასო ოთახში მასწავლებელთან ერთად მიირთმევენ საჭმელს, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს მოსწავლეების დაახლოებას მასწავლებელთან და თან კულტურულად ჭამას ეჩვევიან.
ნორვეგიული განათლების მოდელი ეფექტურია რამდენიმე მნიშვნელოვანი მიზეზის გათვალისწინებით:
- განათლების ხელმისაწვდომობა: ნორვეგიაში განათლება არის უფასო, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ ყველა ბავშვს აქვს წვდომა ხარისხიან განათლებაზე.
- ცნობიერება და პედაგოგიური მიდგომა: მასწავლებლები კეთილგანწყობილ გარემოს ქმნიან, რაც ხელს უწყობს მოსწავლეების აქტიურ მონაწილეობას და ინტერესის გაღვივებას სასწავლო პროცესში. ნორვეგიაში მასწავლებელთა მომზადების პროცესი ძალიან მკაცრია, რაც უზრუნველყოფს მაღალკვალიფიციური პროფესიონალების გადამზადებას.
- მცირერიცხოვანი კლასები: ეს უზრუნველყოფს ინდივიდუალურ ყურადღებას და სწავლის პერსონალიზაციას. მასწავლებელთა და მოსწავლეთა საშუალო თანაფარდობა ნორვეგიაში შემდეგნაირია – 16 მოსწავლეზე ერთი მასწავლებელია. უფრო დიდი კლასები შეიძლება გაიყოს და შეადგინონ პატარა ჯგუფები, მაგრამ, როგორც წესი, ერთ კლასში ორი მასწავლებელი ინიშნება ხოლმე.
- ბუნებრივ გარემოზე დაკვირვებით სწავლება: საგაკვეთილო პროცესში დიდ ყურადღებას უთმობენ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებსა და პრაქტიკულ გამოცდილებას, რაც ხელს უწყობს მოსწავლეების კრიტიკული აზროვნების განვითარებას.
- სოციალური და ემოციური სწავლება: გაკვეთილებში ინტეგრირებულია სოციალური და ემოციური უნარების განვითარება, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მოსწავლეების საერთო კეთილდღეობას.
- მოქნილობა: საგაკვეთილო პროცესი ხშირად არის მორგებული მოსწავლეების საჭიროებებსა და ინტერესებს, რაც ზრდის მოტივაციას და ჩართულობას.
ამ ფაქტორების კომბინაცია ხელს უწყობს არა მხოლოდ აკადემიური წარმატების მიღწევას, არამედ მოსწავლეების პიროვნულ განვითარებას, რის გამოც ნორვეგიული და ზოგადად, სკანდინავიური განათლების სისტემა, ხარისხის მხრივ, მოწინავე ადგილს ინარჩუნებს.
მოამზადა მარიამ ხუციშვილმა
გამოყენებული წყარო: