საბედნიეროდ, ბოლო წლებში, საქართველოში საწყლოსნო სახეობებმაც „გამოიღვიძეს“ და ქართულ სპორტსაც ახალი შედეგები შეემატა. წამოვიდა თაობა, რომელმაც სხვადასხვა დისციპლინაში ახალ-ახალი წარმატებები მოიპოვა და უკეთესი მომავლის დიდი იმედიც გაგვიჩინა.
ერთ-ერთი მათგანია ნიკა იორდანიშვილი მცხეთიდან, წეროვანის №2 საჯარო სკოლის მოსწავლე. ის მალე 14 წლისა გახდება, აკადემიურ ნიჩბოსნობაში ვარჯიშობს და კარგად სწავლობს, რაც განსაკუთრებით ფასეულია. მე-4 წელია, სპორტის ამ სახეობაში ვარჯიშობს და უკვე მოასწრო რამდენიმე საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობა.
„სპორტში ვარჯიში 10 წლიდან დავიწყე, თუმცა თავიდან – ბაიდარაზე. ვივარჯიშე 1 წელიწადი, მერე აკადემიურ ნიჩბოსნობაზე გადავედი და 3 წელიწადია აქ ვარ. ეს დისციპლინა იმიტომ ვარჩიე, რომ თანაბარ დატვირთვას მოითხოვს ყველა კუნთზე, ყველა მათგანი მუშაობს, თან აკადემიური სპორტია, დახვეწილი და საყურებლადაც ლამაზი“ – ამბობს ნიკა. თუმცა, როგორც ირკვევა, აკადემიური ნიჩბოსნობით დაინტერესებას სხვა მიზიდულობაც ჰქონია – მისი თქმით, გარდა იმისა, რომ ეს სპორტი კუნთებს ავითარებს, სიმაღლეში ზრდასაც უწყობს ხელს. თან, მონათესავე დისციპლინებისგან განსხვავებით, აკადემიური ნიჩბოსნობა მთელი სხეულის ერთიანად განვითარებასაც განაპირობებს და არა – ერთი რომელიმე ნაწილისას. სწორედ ამ თვისებების გამო იქცა ნიჩბოსნობა მის ერთადერთ გატაცებად, სპორტის სხვა სახეობები მის ცხოვრებაში არც ყოფილა.
ვარჯიში დიმა ლოლუასთან დაიწყო, მერე კი, როცა უკვე შედეგებიც მოიპოვა, მის დაოსტატებაში ნაკრების მთავარი მწვრთნელი გენადი პატარაიაც ჩაერთო. წარმატებები კი საკმაოდ მალე მოიპოვა, მისი სავარჯიშო სტაჟიდან გამომდინარე. თან ის ერთბაშად ორ ფრონტზე იბრძვის – ერთადგილიანი ნავითაც გამოდის და ორადგილიანითაც.
დიმიტრი ლოლუა, მწვრთნელი:
ნიკა იორდანიშვილი საუკეთესო პიროვნებაა – ზრდილობიანი, მოწესრიგებული. ბუნებრივია, სკოლაში მის გაკვეთილებს არ ვესწრები, მაგრამ როგორც ვიცი, კარგად სწავლობს. სპორტში ძალიან მონდომებულია და აქვს სურვილი, სრული დატვირთვით ივარჯიშოს. თავისი ასაკისთვის კარგი მონაცემები აქვს. აპრილში შეჯიბრებაზე უნდა წავიდეთ უცხოეთში და მედლის იმედიც გვაქვს. ეს უფრო ჩვენზეა დამოკიდებული, რადგან მას ვარჯიში არ ეზარება, ჩვენ თუ მოვუწყობთ შეკრებებს და შევუქმნით სათანადო პირობებს, ნამდვილად აქვს იმის მონაცემები, რომ დიდ სპორტში წარმატებით გამოვიდეს.
„3 შეჯიბრებაზე ვიყავი აზერბაიჯანში – ერთხელ შარშანწინ და ორჯერ შარშან, – გვიამბობს ნიკა, – პირველად რომ ჩავედი, ყველაფერი უცხო იყო ჩემთვის, საერთოდ პირველად ვიყავი საზღვარგარეთ, გამოცდილებაც არ მქონდა და მესამე ადგილზე გავედი. შარშან, პირველ ჩასვლაზე, ერთადგილიანშიც გავიმარჯვე და ორადგილიანშიც, მეორე შეჯიბრებაზე კი ორიანი მოვიგე, ხოლო ერთიანში მეორეზე გავედი. ამ შედეგებით კმაყოფილები ვართ, მაგრამ წინ მივიწევთ და აპრილში ხორვატიაში გამოსასვლელად ვემზადებით, სადაც საერთაშორისო ტურნირი ტარდება და ძალიან მოტივირებულები ვართ“.
მოტივაცია კი მართლაც დიდი აქვს, რადგან ხორვატიის ტურნირი მისთვის ფრიად მნიშვნელოვანია, დიდწილად ამაზე იქნება დამოკიდებული შემდგომი სატურნირო კალენდარი – წავლენ თუ არა სხვა შეჯიბრებებზე, იასპარეზებენ თუ ვერა სეზონის პირველხარისხოვან ტურნირებზე. ნიკამ კარგად იცის, რამდენად დიდი კონკურენცია დახვდება ხორვატიაში, ამიტომ მზადაა ბრძოლისთვის – გამარჯვება ან მედალოსნობა ძალიან მნიშვნელოვანია სამომავლოდ.
სპორტის იმ სახეობებში, სადაც სპორტსმენებს წყვილში უწევთ ასპარეზობა, გადამწყვეტია მეწყვილის ფაქტორი – ჰაერივით განმსაზღვრელია, რამდენად კარგად ეგუებიან, ეწყობიან ისინი ერთმანეთს. თან, კონკრეტულად ამ შემთხვევაში, ფიზიკურ მონაცემებსაც აქვს მნიშვნელობა – წონას, სიმაღლეს, ამ მხრივაც უნდა იყოს თანხვედრა. საბედნიეროდ, ნიკას შემთხვევაში, აქაც ყველაფერი რიგზეა, რადგან მეწყვილედ თავისი ბავშვობის მეგობარი და კლასელი ჰყავს – გიორგი კაპანაძე, რომელიც სრულად შეესაბამება მის ფიზიკურ სტანდარტებს. თან, დიდი ხანია, ერთად ვარჯიშობენ, ერთად გამოდიან და კარგადაც უგებენ ერთმანეთს.
წარმატება დიდი შრომის გარეშე არ მოდის – მიღწევების პროპორციულად იზრდება დატვირთვაც. ეს ნიკამაც კარგად იცის – ასაკიდან გამომდინარე, მწვრთნელები ჯერ იმდენად არ ტვირთავენ, თუმცა სამომავლოდ დატვირთვა აუცილებლად გაიზრდება, მაგრამ მას აქვს მიზანი და მზადაა ამ შრომისთვის. უცხოეთისგან განსხვავებით, ასეთი გრაფიკი საქართველოსთვის უცხოა – მოზარდების შედარებით მცირე ნაწილს თუ ექნება ამდენად დატვირთული დღის რეჟიმი, ამიტომ დავინტერესდი, რამდენად აქვს ნიკას თავისუფალი დრო, როგორ იყენებს მას და სპორტი ხომ არ უშლის ხელს სწავლაში:
„კვირაში მხოლოდ ერთი დღე მაქვს თავისუფალი, დანარჩენ დღეებში სულ ვვარჯიშობ. ძალიან დატვირთული გრაფიკი მაქვს – დილით სკოლა, შემდეგ – სადილი, დასვენება, საღამოს კი – ვარჯიში. 16-დან 19 საათამდე ვარჯიშზე ვარ, მერე ვბრუნდები სახლში და გაკვეთილებს ვამზადებ. მხოლოდ ორშაბათს მაქვს შეღავათი, მაგრამ ეს დღე მე დავტვირთე სწავლის მხრივ, დამატებით ვემზადები. თუმცა სპორტი სწავლაში ხელს არანაირად არ მიშლის. მსურველი ყოველთვის ისწავლის და ვისაც ეზარება… მეც და ჩემი მეწყვილეც 10-ოსნები ვართ. შეკრებებზე როცა ვართ, მაშინ ონლაინ ვერთვებით გაკვეთილებში. მონდომებულები ვართ და ვსწავლობთ კიდეც“.
მისი საყვარელი საგნებია მათემატიკა, ფიზიკა და ბიოლოგია. ამბობს, რომ მხატვრულ ლიტერატურას ადრე უფრო კითხულობდა, ახლა კი სხვა გატაცებები გაუჩნდა. სკოლაზე საუბრისას აღნიშნა, ბევრს რამეს ვისურვებდი, სკოლაში რომ იყოს, მაგრამ არ არისო. ბუნებრივია, დავინტერესდით, მაინც რას ისურვებდა და პასუხად ეს მივიღეთ:
„მაგალითად, ერთგვარი ჩხირკედელაობის კლუბი. ჩვენს ძველ სკოლაში, მცხეთის №1 საჯაროში, იყო ასეთი რამ და ძალიან მომწონდა, რადგან ბაშვებს ასწავლიდნენ, მაგალითად, ელექტროობას, რაც ძალიან მიყვარს“.
ის და გიორგი კაპანაძე წეროვანში მცხეთის №1 საჯარო სკოლიდან გადავიდნენ, მიზეზი კი ქართული რეალობისთვის ერთგვარად საჭირბოროტოა: პირველ სკოლას რემონტი უტარდება, რის გამოც ბავშვებს სხვა სკოლებში გადანაწილება და მეორე ცვლაში სწავლა მოუხდათ. ეს მას და კაპანაძეს არ აწყობდათ, რადგან ვარჯიშში ხელი ეშლებოდათ და ამიტომ გადავიდნენ წეროვანში. ნიკამ მადლიერებით მოიხსენია წეროვანის სკოლის მასწავლებლები და კმაყოფილებით დასძინა, რომ სკოლაში IT-ის სწავლასაც ამატებენ, რაც მისთვის ასევე ერთ-ერთი საინტერესო სფეროა.
სპორტმა რა მოგცათ-მეთქი, რომ ვკითხე, დაუფიქრებლად მიპასუხა, მიზანდასახულობა და ნებისყოფა, საქმის ბოლომდე მიყვანა მასწავლა, რაც ცხოვრებაში ძალიან საჭიროა. როგორც ყველა ჯარისკაცი ოცნებობს გენერლობაზე, მანაც მიზნად დიდ სპორტულ ასპარეზზე – ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე გასვლა დაისახა, საკუთარ მომავალს კი ინტელექტუალურ სფეროში ხედავს, სპორტში დარჩენას არ აპირებს. მას სწავლაც იმიტომ სურს, რომ რაიმე პროფესია აირჩიოს, თუმცა ჯერ ვერ გადაუწყვეტია, რომელ სფეროს, რა სპეციალობას დაუკავშიროს ბედი, ცხადია, აქვს ინტერესების სფეროც – მედიცინა, IT ტექნოლოგიები…
ირაკლი თავაძე