ძვირფასო ბავშვებო და ახალგაზრდებო! ახლა უცნაური დროს გვაქვს, უსიამოვნო და მოსაბეზრებელი. მაგრამ მე კი არა, კაცობრიობის უმნიშვნელოვანესი ადამიანებიც ასე ფიქრობდნენ, რომ ნებისმიერ სირთულეს შეიძლება გამორჩე რამეს. აგერ დიდი პოეტი, ბროდსკი დატუსაღებული იყო და მერე თქვა: „ციხე, არსებითად სივცრის სიმცირე და დროის სიჭარბეაო“. ჰოდა, ამ დროის სიჭარბეში ყველაზე მეტად ფიქრი გვეძალება. ფიქრს კი აუცილებელ საყრდენად სჭირდება წიგნები.
მე ახლა რიჩარდ ბახის „თოლია ჯონათან ლივინგსტონს“ გირჩევთ. ეს მოთხრობა დროის და სივრცის დამსხვრევაზეა და ერთგვარად ენათესავება პატარა პრინცი – ამბავი იმაზე, რომ ყველა ადამიანს საკუთარი პლანეტა აქვს. რიჩარდ ბახი გვეუბნება, რომ თვითონ ჩვენ ვართ ცალკე პლანეტები და ყველაფერი ისე იქნება, როგორადაც გამოვიგონებთ – მთავარია ცდა და თავისუფლება.
აქაც დიდ რწმენაზე და მიზანზე, დაუნებებლობაზეა ლაპარაკი. დისტანციის და კედლების არარსებობაზე. აი, ორი ამონარიდიც: „ფიქრის სიჩქარით რომ იფრინო, ანუ გაჩნდე იქ, სადაც მოისურვებ, ამისთვის, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა შეიგნო, რომ უკვე მიფრინდი“ და „განა არ შეიძლება, ზოგჯერ ერთმანეთი იმის იქით მოვინახულოთ, რასაც „აქ“ და „ახლა“ ჰქვია?“
მოკლედ, მოძებნეთ ეს წიგნი და ვცადოთ, ერთად ვიქცეთ თოლია ჯონათანად და უკვე იქ აღმოვჩნდეთ, როცა ეს სირთულეები უკან იქნება.
გიორგი კეკელიძე