90 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს დამსახურებული არტისტი, საქართველოს რადიოს დიქტორი, ჟურნალისტი, ჩვენი რედაქციის მეგობარი და ერთგული ავტორი თინა ელბაქიძე.
საქართველოს რადიოში თინა ელბაქიძემ ოთხი ათეული წელი იმუშავა, იყო რადიოს დიქტორი, მიჰყავდა საავტორო გადაცემები – „რაღაც უნდა გადარჩეს“ და „ლიტერატურული სალონი“, მაგრამ მისი სახელი სამუდამოდ დაუკავშირდა „ერთი მსახიობის პუბლიცისტურ თეატრს“, რომელიც 1980 წელს დააარსა და პირველი სპექტაკლები რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე წარმოადგინა, შემდეგ – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სცენაზე. თინა ელბაქიძე ავტორია კრებულებისა: „ჩემი კუნძული“ და „რადიოს ოქროს ფონდის საგანძური“, რომლებიც „ახალი განათლების“ გამომცემლობაში დაიბეჭდა.
მწუხარებით ვემშვიდობებით ჩვენს თინიკოს და სამძიმარს ვუცხადებთ მის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს.