ინტერვიუ მწერლის მეუღლესთან, მთარგმნელთან და ლიტერატორთან
ინტერვიუ 16 წლის წინ, 2009 წლის 10 თებერვალს, გარდაიცვალა მწერალი ნუგზარ შატაიძე.
გასულ წელს გამომცემლობა „ინტელექტმა“ სერიაში „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე“ ნუგზარ შატაიძის მოთხრობების კრებული „ნოემბრის წვიმა“ გამოსცა. ანოტაციაში დათო გორგილაძე წერს: „ნუგზარ შატაიძე ლიტერატურული ქამელეონია. ის გამუდმებით იცვლიდა თემებს, თხრობის ფორმებს, ენას, სიუჟეტებს. ქმნიდა ერთმანეთისაგან ძალიან განსხვავებულ, ცოცხალ, ნამდვილ პერსონაჟებს. დღეს სოფლის ცხოვრებაზე ჰყვებოდა, ხვალ ქალაქისაზე. ხან ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის საფიქრალს გაუჩენდა მკითხველს, ხანაც ერთი შეხედვით უბრალო ამბებზე დააფიქრებდა. ამ მუდმივ ლიტერატურულ განახლებაში კი მისი ტექსტები წამით არ კარგავს მთავარ სამკაულებს – ადამიანურობას, ჰუმანურობასა და სიკეთეს; შატაიძის უნარი კი, სრულყოფილად მოიხელთოს მშობლიური ენა, ყოველი წაკითხვისას გაოცებს“.
საინტერესოა, როგორ გარემოში ქმნიდა თავის დაუვიწყარ ტექსტებს ენის სრულყოფილად მომხელთებელი მწერალი, როგორი იყო მისი ხასიათის შტრიხები, რატომ ანიჭებდა უპირატესობას მცირე პროზას და ნამდვილად არსებობდნენ თუ არა მისი მოთხრობების გმირები?
⇒ ნუგზარ შატაიძის შემოქმედებას მოსწავლეები ზოგადი განათლების საშუალო და საბაზო საფეხურზე ეცნობიან. დაკვირვებული ვარ, ბავშვებსა და მოზარდებს ჰგონიათ ხოლმე, რომ სასკოლო მერხთან გაცნობილი მწერალი მათგან ძალიან განსხვავებული პიროვნებაა, შორეული და უცხო. სწორედ ამიტომ, პირველი შეკითხვა იქნება არა მწერალ ნუგზარ შატაიძეზე, არამედ იმაზე, თუ როგორი იყო ის პიროვნულად. მისი ხასიათის რომელ თვისებას გამოარჩევდით? როდესაც მის ფოტოებს ვუყურებ, ისეთი განცდა მიჩნდება, რომ ბევრი საუბარი არ უყვარდა, არც აუდიტორია და ყურადღება.
⇒ ნუგზარის პიროვნული თვისებებიდან, პირველ ყოვლისა, გამოვყოფდი კეთილგანწყობას. კეთილგანწყობილი და ლოიალური იყო ყველას მიმართ, ოღონდ ადამიანი წესიერი და პატიოსანი უნდა ყოფილიყო. აი, დანარჩენებს კი სათოფეზე არ გაიკარებდა. უხაროდა ყველა მწერლის წარმატება, რაც, არც ისეთი ხშირი მოვლენაა ხელოვანებს შორის. კითხულობდა ბევრს, ქართულ ენაზე ხომ ყველაფერს, რაც კი დაიბეჭდებოდა, ნერვიულობდა, თუ ნაწარმოები უხარისხო იყო, ვეუბნებოდი, ხომ იცი, ეს მწერალი დაახლოებით რასაც დაწერს, რაღატომ კითხულობ-მეთქი, მაგრამ არ მისმენდა, ეტყობა იმედი ჰქონდა, რომ იმ მწერლის წინსვლის მოწმე გახდებოდა. არ იყო კარიერისტი. მიუხედავად მრავალი შეთავაზებისა სხვადასხვა პარტიიდან, არასოდეს გარეულა მათ მარაქაში, ყოველთვის უარს ეუბნებოდა. არასოდეს სწორი გზიდან არ გადაუხვევია გამორჩენისა თუ კარიერის გამო. კომუნისტების დროს უნდოდათ მისი პარტიის რიგებში მიღება, რასაც, შესაბამისად, ბევრი ბონუსი მოჰყვებოდა, მაგრამ მოახერხა და იქიდანაც დაიძვრინა თავი – ჯერ მზად არ ვარ, ესოდენი პასუხისმგებლობისთვისო. არ ვიცი, ალბათ მიუხვდნენ ირონიას, მაგრამ თავი დაანებეს. 37 წელი რომ ყოფილიყო, ალბათ, ასე იოლად არ დასრულდებოდა ეს შემთხვევა. ერიდებოდა ე.წ. „ნომენკლატურას“, სამაგიეროდ, ძალიან უყვარდა მკითხველებთან, განსაკუთრებით კი ბავშვებთან შეხვედრა. თუ სკოლაში მიიწვევდნენ, უარს არასოდეს ამბობდა. იყო დინჯი. პატარა მოთხრობა აქვს, „გიო“. იმ მოთხრობის გმირს არაფრით ჰგავს, ერთი შტრიხის გარდა, რომელიც მეც მომისმენია დედამისისაგან: პატარა ისეთი დამჯერი იყო, რომ დაგესვა და გეთქვა, აქ იჯექიო, ასე იჯდებოდა და არ გაინძრეოდაო. საუბარიც დინჯი ჰქონდა, მოზომილი, ავყია, ლაქლაქა ადამიანები არ მოსწონდა და ერიდებოდა კიდეც. თუმცა, მეგობრებთან და შინაურებთან შეეძლო დიდხანს ესაუბრა. უსაზღვროდ უყვარდა თავისი სამშობლო, იმდენად, რომ უცხოეთში გამგზავრებაზე არც უფიქრია და ყველანაირად ცდილობდა, ჟურნალისტობის დროს, საზღვარგარეთ მივლინებები თავიდან აეცილებინა. არადა, დანარჩენები რას არ აკეთებდნენ, ოღონდ კი საზღვარგარეთ წასულიყვნენ. როდესაც უკვე ჭარმაგს ერთი მხრიდან მეგობრები შეუჩნდნენ, მეორედან – მე და იმ მეგობრებთან ერთად ევროპაში იმოგზაურა, იქიდან ჩამოსულმა დაწერა დოკუმენტური მოთხრობა „კაპიკი გაკაპიკებულა, ანუ ევროპაში რა მინდოდა“, სადაც ერთი მხრივ, თავისი სამშობლოს მონატრებაც გამოსჭვივის და, მეორე მხრივ – დაფასება ნამდვილი, ევროპული ყოფითი კულტურისა. მიუხედავად იმისა, რომ თავის ქვეყანაში ყოფნა, მისი წარსულის შესწავლა ერჩივნა, ეს არამც და არამც არ ნიშნავდა, რომ მსოფლიო კულტურას არ იცნობდა და არ აფასებდა. პირიქით, თავადაც ქართულთან შერწყმული ევროპული კულტურის მენტალიტეტი ჰქონდა, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით.
⇒ ერთგვარად პირველი შეკითხვის გაგრძელება გამოდის. ყველაზე მეტად რა ხიბლავდა ადამიანში, როგორ ხალხთან უყვარდა ურთიერთობა? და პირიქით, რა იყო ის თვისება, რომელთანაც კომპრომისზე არ წავიდოდა?
⇒ მე ზემოთ დაახლოებით გიპასუხეთ. კაცს ღალატს, ვირეშმაკობას არაფრით არ აპატიებდა. ვირეშმაკობა იმიტომ დავწერე, რომ ეს სიტყვა იმ შემთხვევას მიესადაგება, როდესაც ვიღაცას ჰგონია მოგატყუა და დაგაჯერა თავის სიტყვებში, არადა, ადვილად მიუხვდნენ. ასეც იყო, მასთან ვირეშმაკობა იყო ყველაფერი, რადგან ტყუილს ადვილად ხვდებოდა. ყოფილა ასეთი რამდენიმე შემთხვევა და სამუდამოდ მოუშორებია რამდენიმე ადამიანი. შეცდომა შეიძლება ეპატიებინა, აი, ეშმაკობას კი არ აპატიებდა.
⇒ საინტერესოა, როგორი იყო ნუგზარ შატაიძის სამუშაო გარემო. სად და როდის უყვარდა წერა?
⇒ სახლში თავისი პატარა კაბინეტი ჰქონდა, სადაც მუშაობდა ხოლმე, განსაკუთრებით, დილით, ან გვიან ღამით, როდესაც ყველას გვეძინა და ხელს არანაირი ხმა არ შეუშლიდა. შემდეგ, შეიძლებოდა წაეძინა და ახალი ძალებით განეგრძო მუშაობა. მუშაობდა ყოველდღე, თუ არ მუშაობდა, აუცილებლად კითხულობდა. კითხვა ძალიან უყვარდა. დიდხანს ფიქრობდა ახალ მოთხრობაზე, აწონ-დაწონიდა და ქაღალდზე მხოლოდ შემდეგ გადაჰქონდა. სოფელში პატარა სახლი გვქონდა და იქაც უყვარდა წასვლა სამუშაოდ.
⇒ მიუხედავად იმისა, რომ ნუგზარ შატაიძის მოთხრობებს დღემდე ხშირად ვუბრუნდები, არ ვიცი როგორ მოხდა, რომ მისი ბრწყინვალე ტექსტი „პურის მოთხრობა“ მხოლოდ ორიოდე წლის წინ წავიკითხე. უფრო სწორი იქნება ვთქვა, რომ აღმოვაჩინე და ეს ნამდვილად იყო პირველად წაკითხვის ის განუმეორებელი ბედნიერება, რომელსაც მხოლოდ ნამდვილი ლიტერატურა გვანიჭებს. სწორად ვიცი, რომ „პურის მოთხრობა“ თავდაპირველად რომანად ჰქონდა ჩაფიქრებული?
⇒ „პურის მოთხრობა“ როგორც ჩაფიქრებული ჰქონდა, ისე დაწერა. დაწერა უცნაურად, ელვის სისწრაფით. მართალია, დიდი ხნის ჩანაფიქრი იყო და უამრავი მასალაც ჰქონდა მოძიებული (აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ნუგზარს ერთი რამ სწამდა: მწერალს ძალიან ბევრი რამ უნდა სცოდნოდა, შეცდომა არ უნდა გაჰპაროდა. იყო ასეთი რამდენიმე შემთხვევა, როდესაც სხვათა ნაწარმოებში ზოგმა რომელიღაც ხეს მიაწერა რაღაც თვისება, ზოგმა არასწორად გამოიყენა რომელიღაც მცენარის აყვავების პერიოდი. ასეთი შეცდომები ძალიან აღიზიანებდა), მაგრამ მისთვის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე პერიოდში დაწერა, როდესაც გული ძალიან აწუხებდა და ალბათ, იფიქრა, უნდა მოვასწროო. არ ვიცი, ეს მოთხრობა, ალბათ, მართლაც განსაკუთრებით უყვარდა, რადგან კრებულში ყოველთვის შეჰქონდა. მაგრამ აქვს კიდევ ერთი მოთხრობა „პური“. აი, ის კი, მართლაც რომანად ჰქონდა ჩაფიქრებული, მაგრამ მაინც ბოლოს მოთხრობად აქცია. პირველი ვერსია წაკითხული მაქვს. მშვენიერი იყო, მაგრამ უმოწყალოდ მოისროლა სანაგვეში უამრავი ფურცელი. იცით, არიან რომანისტები და ნოველისტები. ბორხესი წერს, არ მესმის რა საჭიროა უზარმაზარი რომანების წერა, როდესაც იგივე შეიძლება ორიოდ გვერდში თქვაო და თავად სწორედ ასე იქცეოდა – არც ერთი რომანი არ დაუწერია. როგორც საუბარში იყო სიტყვაძვირი, ალბათ შემოქმედებაშიც ამ პრინციპს მიჰყვებოდა. შოთაც ხომ ამბობს, გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმისო. სხვათა შორის, მოკლედ წერა, როგორც ცნობილია, გაცილებით უფრო რთულია. აღარ მახსოვს რომელი, ერთი მწერალი სწერს მეორეს, მაპატიე, მოკლედ დაწერის დრო არ მქონდა და სათქმელს გრძლად მოგახსენებო. ნუგზარი ყოველ სიტყვას რუდუნებით ეკიდებოდა, ფრაზის მელოდიას აყურადებდა და დასაბეჭდად მხოლოდ დაწურულ, საბოლოოდ დახვეწილ ტექსტს გზავნიდა.
⇒ ძალიან მიყვარს მოთხრობა „ჩემი სოფლის სამკითხველო“, დეიდა რუიზანითა და დასავიწყებლად ვერგასამეტებელი ამბებით, რომელიც იმ განცდით სრულდება, რომ მთხრობელი ფიქრობს დანგრეულ ბიბლიოთეკაზე, რომელიც მთელი მისი ბავშვობა იყო, წიგნებზე, რომლებმაც გაზარდა, ბიბლიოთეკარ ქალზე, რომელმაც მის სულში გამორჩეული კვალი დატოვა და ხვდება, რომ ერთხელაც მოიხედა და ყველაფერი გამქრალი დახვდა. როგორც „პურის მოთხრობაში“, აქაც თავისი ბავშვობის ამბებს იგონებს, თუ ვცდები? ნამდვილად არსებობდა დეიდა რუიზანი?
⇒ ნუგზარი თბილისში დაიბადა, მაგრამ, როგორც იმდროინდელი ბევრი ბავშვი, ზაფხულს სოფელში ატარებდა, პაპა-ბებიასთან. სწორედ ის მამულ-დედული, კასპის რაიონის სოფლები – ახალციხე და ნოსტე გახდა მისი ქართულის წყარო, სამშობლოს პირველი განცდა. დიახ, ის სამკითხველოც ნამდვილი იყო და დეიდა რუიზანაც. იქ ჩვენც ჩავდიოდით და პაწაწინა, გამოკეტილ შენობას გულგრილად ვერ ჩაუვლიდა, გზად ყოველთვის მეუბნებოდა, აი, აქედან გამომქონდა წიგნები, ეს იყო ჩემი სამკითხველოო. ჩვენს თაობაში ზაფხულს არაფერი სჯობდა და განსაკუთრებით იმიტომ, რომ არავინ არაფერს გვაძალებდა, ლაღად შეგვეძლო მთელი დღე ტახტზე გვეკოტრიალა, ხილი პირდაპირ ხეებიდან გვეკრიფა და საინტერესო წიგნები გვეკითხა. ალბათ სწორედ, იქ ჩამოუყალიბდა ნუგზარსაც წიგნის პატივისცემა და სიყვარული, თუ იმ ფაქტს არ ჩავთვლით, რომ ერთ-ერთი ბებია (როგორც თავად დედა) ქართული ენის ბრწყინვალე მცოდნე, უამრავი ლექსისა და ზღაპრის არაჩვეულებრივი მთხრობელი ჰყავდა. ერთხელ, სოფელში ჩასვლისას, ჯერ ისევ მანქანაში ვისხედით, რომ გზად გმინვა აღმოხდა, გაიხედე, სამკითხველო დაუნგრევიათო, თითქოს ის სამკითხველო ერთი პაწაწინა ქოხი კი არა, სრა-სასახლე ყოფილიყო. როგორც ძვირფასი ადამიანის სიკვდილი, ისე განიცადა ეს ამბავი.
⇒ მასზე ამბობენ, სოფელსა და ქალაქზე, ორივეზე ერთნაირი წარმატებით წერსო, და ხშირად მის შემოქმედებას ამ ორ ძირითად ნაწილად ყოფენ ხოლმე. ვფიქრობ, თავად არ დაყოფდა ასე მშრალად, ჩარჩოებში არ მოაქცევდა. უსაუბრია ამის შესახებ?
⇒ დიახ, უსაუბრია და მსგავსი დაყოფა ძალიან აღიზიანებდა, ძალიან ხელოვნურად მიაჩნდა და მართლაც ასეა. მთავარი ხომ სათქმელია და არა ლოკაცია. აბა, წარმოიდგინეთ, რომ დავიწყოთ ცნობილი ნაწარმოებების ასე დაყოფა: მარკესის „მარტოობის ასი წელიწადი“ ან „პატრიარქის შემოდგომა“ სოფლური პროზაა თუ ქალაქური, ან ილიას „ოთარაანთ ქვრივი“, „კაცია-ადამიანი?!“ და ა.შ. რას მივიღებთ? ენა შეიძლება განსხვავდებოდეს და ეს, ძირითადად, მოთხრობის გმირებთან იქნება დაკავშირებული, მაგრამ სათქმელის კუთხით ასე დაყოფა არასწორია.
⇒ ალბათ ჰყავდა ქართული ლიტერატურიდან ისეთი მწერლები, რომლებიც განსაკუთრებით ეძვირფასებოდა…
⇒ ძალიან უყვარდა რეზო ინანიშვილი, როგორც მწერალი და როგორც პიროვნება. მეგობრობდნენ. კლასიკოსებიდან – ვაჟა, ილია, დავით კლდიაშვილი, დავით გურამიშვილი. მათი პორტრეტები დღესაც გვაქვს შენახული, ზოგი მათგანი საწერ მაგიდასთან ჰქონდა გაკრული. ტელევიზიისთვის დაწერა სცენარების სერია „დიდი ოთხეული“ – ილია, აკაკი, ვაჟა, იაკობი. ორი მათგანის გადაღებაც მოასწრეს. ვხედავდი, როგორ უღრმავდებოდა თითოეული მათგანის ბიოგრაფიასა და შემოქმედებას, რა სიყვარულით წერდა.
⇒ მისი შემოქმედებიდან, პირველ ყოვლისა, რომელი მოთხრობების წაკითხვას ურჩევდით ახალ თაობას?
⇒ ასაკს გააჩნია. დასაწყისისთვის კარგი იქნება, თუ იმ ე.წ. სოფლურ პროზას წაიკითხავენ, სოფლის, მშობლიური მიწის სურნელს შეიგრძნობენ. სამწუხაროდ, დღეს სოფლების უმრავლესობა გაჩანაგებულია, პაპა-დიდედის ინსტიტუტიც მოშლილია. რას ვიზამთ, დრო იცვლება. თუმცა, მე რომ მკითხოთ, პატარაობაში აუცილებელია ქალაქელი ბავშვების სოფელში ტარება, ბუნებასთან სიახლოვე. უფრო მოზრდილ ასაკში – იმავე „პურის მოთხრობას“, „წელიწადის ოთხ დროს“. უფრო დიდ ასაკში კი „ნოემბრის წვიმას“, „9 მარტს“. ბევრია, ასე ჩამოთვლა გამიჭირდება. მთელი მისი შემოქმედება სამშობლოს სიყვარულითა და სამშობლოს ტკივილითაა გაჟღენთილი.
⇒ მასთან დაკავშირებული ერთი ამბავი, რომელიც ხშირად გახსენებთ თავს
⇒ 16 წელი გავიდა მისი გარდაცვალებიდან, მაგრამ დღე არ გავა, რომ ხან რომელი ეპიზოდი არ ამომიტივტივდეს მეხსიერებაში, და ხან რომელი. ახლა ორს გავიხსენებ: ერთხელ სადღაც ვიყავით და ერთი ქალი მოგვიახლოვდა შვილთან, სკოლის მოსწავლესთან ერთად, პატარა ბიჭუნა იყო, ქალი ეუბნება, აი, შვილო, ესაა მწერალი ნუგზარ შატაიძეო. ბავშვს თვალები გაუფართოვდა, უკან დაიხია და შეშინებულმა წამოიძახა, თქვენ ცოცხალი ხართო? სრულიად გასაგები იყო მისი რეაქცია. ბევრი ვიცინეთ. და მეორე, როდესაც უკვე ცუდად იყო, მეგობარმა უთხრა, წამოდი, ქალაქგარეთ გაგასეირნებო. ჩასვა მანქანაში და წაიყვანა. 2008 წელი იდგა, ომი ახალი დამთავრებული იყო (იმ ომმაც მოუსწრაფა სიცოცხლე). დაბრუნდნენ მალე, ნუგზარი ძალიან ცუდადაა, გულის შეტევა აქვს. ქალაქგარეთ გასულს დაუნახავს ის პაწაწინა სახლები, სამაჩაბლოდან ლტოლვილებისთვის რომ ააშენეს და ამას ისე უმოქმედია, კინაღამ ხელში ჩაჰკვდომია მეგობარს…
ესაუბრა მელანო კობახიძე