✔?შუახევი – აჭარის რეგიონი
✔? მოსწავლეთა რაოდენობა: 1652
✔? მასწავლებელთა რაოდენობა: 743
✔? სკოლების რაოდენობა: 44 სკოლა – 43 საჯარო, 1 კერძო
შუახევის საგანმანათლებლო რესურსცენტრი, სკოლების რაოდენობით, ერთ-ერთი უდიდესია საქართველოში, მაგრამ, ამავდროულად, მცირეკონტინგენტიანიც – მთელ რაიონში 1652 მოსწავლეა მაშინ, როდესაც დიდ ქალაქებში ამდენი მოსწავლე ცალკეულ სკოლებს ჰყავთ. არადა, აჭარა ყოველთვის გამოირჩეოდა მრავალშვილიანი ოჯახებით და მოსწავლეც ბევრი იყო. კიდევ ერთი დასტური ქვეყნის ძნელბედობისა – მიგრაცია, რომელიც ავბედით კვალს აჩნევს ქვეყანას. თითქოს ყველაფერი რიგზეა – საკმარისი და მოწესრიგებული სკოლები, მოსწავლეთა წარმატებები სხვადასხვა სასკოლო აქტივობებში, მაგრამ მთავარი შედეგი მაინც არ ჩანს – ბავშვების, ხალხის, ახალგაზრდების გარეშე სოფელ-ქვეყანას ფასი არა აქვს.
✔?შუახევის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცეტრის მუშაობაზე, მიღწევებსა თუ სიძნელეებზე რესურსცენტრის უფროსი ედუარდ გოგრაჭაძე გვესაუბრება. ინტერვიუში ისეთ პრობლემებსაც ეხება, 21-ე საუკუნეში რომ აღარ უნდა გვაწუხებდეს, თუნდაც სკოლებში სასმელი წყლის პრობლემა. ედუარდ გოგრაჭაძესთან ინტერვიუ მიგრაციაზე საუბრით დავიწყეთ:
– შუახევი მაღალმთიანი მუნიციპალიტეტია, მთაგორიანი რელიეფით, სოფლები რთული სატრანსპორტო გზებითაა დაკავშირებული ერთმანეთთან. ბუნებრივია, მოსწავლეთა რაოდენობის შემცირება მიგრაციასთანაა დაკავშირებული და ეს პროცესი წლების განმავლობაში მატულობს – მოსახლეობა, დაახლოებით, 20-30%-ით შემცირდა. თუმცა, ბოლო წლებში, მთის პროგრამების განხორციელებამ ხელი შეუწყო სოფლებში მოსახლეობის დამაგრებას, შეღავათებია როგორც კომუნალურ თუ საშემოსავლო გადასახადებზე, ასევე სამეწარმეო საქმიანობის დაბეგვრაში, მრავალშვილიანი ოჯახები დახმარებებს იღებენ, პედაგოგებს 142-ლარიანი დანამატი ეძლევათ სრულ განაკვეთზე, რის შედეგადაც სოფლებიდან მასწავლებელთა გადინება შეჩერდა. შეიძლება ითქვას, ძირითადი ბირთვი, რომელიც სოფელს ამაგრებს, პედაგოგთა კატეგორიაა.
რესურსცენტრის 743 მასწავლებლიდან 3 მენტორია, 68 – წამყვანი და 348 – უფროსი მასწავლებელი. გვყავს, ასევე, შემცვლელი და მაძიებელი 25 მასწავლებელი. ისინი, შესაბამისი კვალიფიკაციის დადასტურების შემთხვევაში, უფროსი მასწავლებლები გახდებიან.
– კადრები თუ გყოფნით, მასწავლებელთა დეფიციტი ხომ არ გაქვთ?
– სამწუხაროდ, კადრების დეფიციტი ნამდვილად გვაქვს. ბოლო წლებში ეს ტენდენცია რამდენიმე მიმართულებით შეინიშნება – მათემატიკა, საბუნებისმეტყველო საგნები და უცხო ენები. დეფიციტმა კიდევ უფრო მოიმატა მას შემდეგ, რაც პედაგოგები საპენსიო ჯილდოზე გავიდნენ – ჩვენს მუნიციპალიტეტში ასეთი 93 მასწავლებელი იყო. ცხადია, მათ ადგილზე გამოცხადდა ვაკანსიები და ნაწილობრივ შეივსო ახალი კადრებით, ნაწილობრივ კი შიდა გადანაწილება მოხდა. 50-მდე ახალი მასწავლებელი ავიყვანეთ, მაგრამ დროებით შემცვლელი მასწავლებლების აყვანაც მოგვიწია – 72-ია ასეთი. ანუ არის საგნის სპეციალისტი, მაგრამ ჯერ არა აქვს გამოცდა ჩაბარებული, თუმცა გამოთქვა სურვილი, რომ შემოვიდეს სკოლაში. ეს იმ შემთხვევაში ხდებოდა, თუ კონკურსის წესით ვერ გამოინახებოდა კადრი. ასევე გვყავს დისტანციურად მომუშავე პედაგოგიც – სულ 6-7 სპეციალისტი. ისინი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დახმარებითა და მხარდაჭერით მოვიძიეთ – ძირითადად ქიმიაში, მათემატიკასა და ფიზიკაში.
მასწავლებელთა დეფიციტი რეგულირდება სხვადასხვა მიზნობრივი პროგრამებით, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს. მაგალითად, „ასწავლე საქართველოსთვის“ პროგრამით, ამჟამად, ჩვენთან 4 მასწავლებელია მოვლენილი, რომლებიც საათობრივი დატვირთვის გარდა, დამატებით, კიდევ 1000 ლარს იღებენ. ასევე აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამებით, ზემოხსენებულ დეფიციტურ საგნებში – მათემატიკაში, საბუნებისმეტყველო საგნებსა და უცხო ენებში 5 პედაგოგია მოწვეული. მიზნობრივი პროგრამებით და სხვადასხვა საშუალებებით ვცდილობთ ვაკანსიების შევსებას, სადღეისოდ კი არსად არაა ისეთი მდგომარეობა, რომელიმე საგანი არ ისწავლებოდეს. თუმცა, ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში, ჩნდება ვაკანსიები – დაახლოებით 70-100-მდე.
– რა როლი შეასრულა რესურსცენტრმა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების კუთხით?
– რა თქმა უნდა, რესურსცენტრს ძალიან დიდი როლი აკისრია ზოგადსაგანმანათლებო დაწესებულებებთან დაკავშირებით და ძირითადი ფუნქცია, სხვადასხვა საკითხთან ერთად, ისიცაა, რომ ხელი შეუწყოს მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას. როცა ეს სქემა ამოქმედდა, მასში რესურსცენტრის ჩართულობა იმთავითვე ძალიან დიდი იყო, თუ როგორ უნდა ჩამოყალიბებულიყო სკოლებში შეფასების ჯგუფები, როგორ ემუშავათ მათ, როგორ დაეგროვებინათ მასწავლებლებს კრედიტები… რესურსცენტრი ეხმარებოდა მათ რეგისტრაციაში, ტრენინგების ორანიზებაში, ცხადია — პროფესიულ გადამზადებაში. არაერთი ორგანიზაცია ატარებდა საგნობრივ თუ პროფესიული განვითარების ტრენინგებს, რასაც ორგანიზებას რესურსცენტრი უკეთებდა. პანდემიამდე, ჩვენს მუნიციპალიტეტში, ყოველწლიურად ვატარებდი მასწავლებელთა რაიონულ კონფერენციას სხვადასხვა საგანში. მასში მონაწილეობდნენ უფროსი მასწავლებლები, რომლებიც დამსწრეებს თავიანთ გამოცდილებას უზიარებდნენ. უცხო ენაში, მათემატიკაში, საბუნებისმეტყველო თუ სხვა საგნებში ათეულობით პედაგოგი მონაწილეობდა და წარმოადგენდა საკუთარ გამოცდილებას, რასაც სხვები იყენებდნენ თავიანთ პრაქტიკაში. ესეც ერთი მაგალითი, თუ როგორ ვუწყობდით ხელს პედაგოგთა პროფესიულ განვითარებას. ცხადია, სკოლებს ასევე ვაწვდიდით მეთოდურ ლიტერატურას, ინფორმაციას, ვაძლევდით რეკომენდაციებს. აქტიურად ვთანამაშრომლობდით მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრთან და ნებისმიერი სიახლე, საინტერესო ინიციატივა, რაც კი მათგან წამოვიდოდა, დააინტერესებდა და წაადგებოდა პედაგოგს პროფესიულ განვითარებაში, ხელმისაწვდომი ხდებოდა თითოეულისთვის.
– არაფორმალური და სამოქალაქო განათლების კუთხით რა ღონისძიებები ტარდება?
– უამრავი არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობს ამ კუთხით. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო არაფორმალური განათლების მიმართულებით ბევრ ღონისძიებას ატარებს. ამის გარდა, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებიც საინტერესო პროგრამებს გვაწვდიან ხოლმე. მაგალითად, „ლიდერთა სკოლა“, გარემოს დაცვითი ღონისძიებები; „მომავლის თაობა“, საზაფხულო სკოლები — ძალიან ბევრი პროგრამა ხორციელდება სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ. ისინი გვაწვდიან ინფორმაციებს, რასაც მერე ჩვენ სკოლებს ვუზიარებთ, ვეხმარებით რეგისტრაციაში და მოსწავლეთა ჩართულობაში.
– რამდენად აქტიურობენ ამ პროცესში მოსწავლეები?
– აქტიურობა საკმაოდ დიდია. მაგალითად, „ლიდერთა სკოლა“ ყოველწლიურად ახორციელებს სხვადასხვა ღონისძიებას – ატარებენ ტრენინგებს, მერე ხდება ამ ბავშვების გადამზადება, რომლებიც უკვე თვითონ გადიან სკოლებში და საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ, წერენ პროექტებს, დაფინანსებასაც იღებენ. თემები განსხვავებულია – მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლება, ბულინგის წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებები და სხვა. ამგვარ საკითხებში ჩვენი მოსწავლეები საკმაოდ აქტიურად არიან ჩართულები.
– მოსწავლეთა საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო აქტივობებში რა შედეგები გაქვთ და რომელი სკოლებია ამ მხრივ გამორჩეული?
– ჩვენი მოსწავლეები აქტიურად არიან წარმოდგენილი სხვადასხვა კონკურსებში, ოლიმპიადებში, შემოქმედებით კონფერენციებში და კარგი შედეგებითაც გამოირჩევიან. მაგალითად, შარშან ჩვენი მუნიციპალიტეტიდან აბიტურიენტთა 74 პროცენტი გახდა სტუდენტი – რაოდენობრივად ცოტა გვყავდა აბიტურიენტი, თუმცა პროცენტულად მაღალი მაჩვენებელია.
ჩვენს მოსწავლეებს, ყოველწლიურად, არაერთხელ მოუპოვებიათ პირველი ადგილი სხვადასხვა მიმართულების რესპუბლიკურ შემოქმედებით კონფერენციებში. კარგი შედეგები გვაქვს სასკოლო ოლიმპიადებში. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ბევრ საინტერესო პროგრამას ახორციელებს. მაგალითად, მხატვრული კითხვის ძალიან საინტერესო კონკურსია ლიტერატურული მარათონი. აჭარის სამინისტროს სკოლებში შეაქვს მხატვრული ლიტერატურა და მხოლოდ თაროებზე შემოწყობილი რომ არ დარჩეს, ყოველწლიურად, ატარებს ასეთ საინტერესო კონკურსს საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის, ჩვენ კი ყოველთვის გვყავს პირველ-მეორე ადგილებზე გასულები.
საბედნიეროდ, ბევრი ასეთი შემეცნებით-განმავითარებელი პროექტი ხორციელდება. ტარდება საგნობრივი კონკურსები და ოლიმპიადები როგორც ცენტრალური, ასევე აჭარის სამინისტროს ეგიდით; იმართება გუნდური კონკურსები ისტორიაში, სამოქალაქო განათლების კუთხით — შარშან აქაც გვყავდა გამარჯვებული მოსწავლეები. პანდემიამ ცოტა შეაფერხა ეს აქტივობები, განსაკუთრებით, გუნდური კონკურსები და ონლაინ პლატფორმაზე გადავინაცვლეთ. მაგალითად, იმავე ლიტერატურული მარათონის პირველი ეტაპიც ონლაინ გაიმართა, გუნდურ კონკურსებს კი ამ ეტაპზე ვერ ვატარებთ.
ლიტერატურულ მარათონში გამორჩეულია სელიმ ხიმშიაშვილის სახელობის სოფელ მიგაზეულის საჯარო სკოლა და მისი მოსწავლეები. როგორც გითხარით, ერთი კერძო სკოლა გვაქვს – საპატრიარქოს დაქვემდებარებული გრიგოლ ხანძთელის სახელობის სკოლა, რომლის მოსწავლეებმა გაიმარჯვეს სამოქალაქო განათლებისა და ისტორიის კომბინირებულ გუნდურ კონკურსში. წარმატებები გვაქვს სპორტის მიმართულებითაც. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევიან სოფელ შუბანისა და დარჩიძეების საჯარო სკოლები, სადაც ქართულ ჭიდაობას მისდევენ. ამ დღეებში სპორტის ამ სახეობაში გამარჯვებულებს ვაჯილდოებთ – შუბანის სკოლის მოსწავლე უფროსებში საქართველოს ვიცე-ჩემპიონი გახდა. სამოქალაქო მიმართულებით გამოირჩევა სოფელ ჭალის საჯარო სკოლა. თუმცა, ასე ცალსახადაც ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე სკოლა ერთ კონკრეტულ მიმართულებაშია გამორჩეული – სხვადასხვა განხრით აქტიურობენ და მეტ-ნაკლებად განსხვავებული წარმატებები აქვთ.
– ინფრასტრუქტურის კუთხით ხომ არაა პრობლემები – რამდენადაა სკოლები ტექნიკურად აღჭურვილი ან თავად შენობები რა მდგომარეობაშია?
– ამ ეტაპზე, დაბის ცენტრში მიმდინარეობს სკოლის ახალი შენობის მშენებლობა, რომელიც წლეულს შემოდგომაზე შევა ექსპლუატაციაში. მის მშენებლობაზე 2 მილიონი ლარი იხარჯება.
ზოგადად, შუახევში 2015 წლის მერე აშენდა ლევან ბერიძის სახელობის ფურტიოს საჯარო სკოლა, რომელიც უნიკალურია; ასევე მაწყვალთის საჯარო სკოლა – ორივე კაპიტალური შენობაა და აღჭურვილია ინვენტარით, მიმდინარეობს ლაბორატორიების აღჭურვა იმის მიუხედავად, რომ აქ მოსწავლეთა კონტინგენტი მცირეა. ბოლო წლებში, აჭარის განათლების სამინისტროს დაფინანსებით, შუახევის კიდევ 6-7 სოფელში მიმდინარეობს საბუნებისმეტყველო ლაბორატორიების აღჭურვა, რაც საკმაოდ ძვირადღირებულია; 26 სკოლაში შევიტანეთ 400-ზე მეტი დასახელების მხატვრული ლიტერატურა; მერხებით, სკამებით, დაფებით ყველა სკოლა უზრუნველყოფილია და ამ მიმართულებით პრობლემა არ გვაქვს. ახალი სკოლების მშენებლობის გარდა, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს რამდენიმე სოფლის სკოლის რეაბილიტაცია. სადღეისოდ ახალი შენობის აშენების საჭიროება მხოლოდ დარჩიძეებშია. პროექტი უკვე შედგენილია და მალე მშენებლობაც დაიწყება.
ინვენტარის თვალსაზრისით, მუნიციპალიტეტში პრობლემები თითქმის მოწესრიგებულია, პრობლემაა სასმელ წყალთან დაკავშირებით, რადგან სოფლებში არაა ცენტრალური მომარაგება. ტექნიკური წყალი ყველგან აქვთ, სასმელი წყალი – არა.
– მაღალმთიან რეგიონებში ტრანსპორტის საკითხი, ზოგადად, მწვავედ დგას. რა ვითარებაა ამ მხრივ სკოლებთან მიმართებაში?
– მცირეკონტინგენტიანობის მიუხედავად, როგორც გითხარით, ბევრი სკოლა გვაქვს. ეს სწორედ რთული რელიეფითაა გამოწვეული – შეიძლება, პატარა სოფელი იყოს, მაგრამ შეუძლებელია, იქ სკოლა არ იყოს, რადგან ბავშვები ვერ შეძლებენ სხვა სოფელში სწავლას, განსაკუთრებით – ზამთარში. თვითონ სოფლებშიც არის ისეთი უბნები, 5-6 კილომეტრით რომაა დაშორებული ერთმანეთისგან და მათთვის ძნელია სოფლის ცენტრამდე, სკოლამდე მისვლა. საბედნიეროდ, კარგად იმუშავა ტრანსპორტირების პროგრამამ და, 100-ზე მეტი უბნიდან, 37 სკოლას ემსახურება ტრანსპორტი, რომელსაც გადაჰყავს ბავშვები სახლიდან სკოლამდე და პირიქით. ეს პროგრამა გამართულად მუშაობს.
დანარჩენ 7 სკოლაში ტრანსპორტი არ სჭირდებათ, რადგან კომპაქტურად დასახლებული სოფლებია. ამ პროგრამის მიხედვით, ტრანსპორტი ემსახურება იმ მოსწავლეებს, რომლებსაც ფეხით 1.5-2 კილომეტრის გავლა უწევთ ტყიან ტერიტორიაზე – ყველა უბანში დანიშნულია ტრანსპორტი, რომელიც ამ კრიტერიუმს აკმაყოფილებს.
– რა პრობლემები შეგიქმნათ პანდემიამ?
– დასაწყისში ონლაინ სწავლება წარმოუდგენლად გვეჩვენებოდა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი მუნიციპალიტეტის სკოლებს, პედაგოგებს, დირექტორებს, რომლებიც მაქსიმალური ძალისხმევით ჩაერთვნენ ამ გამოწვევის დაძლევაში, შედეგად კი არც ერთი მოსწავლე არ დაგვრჩენია სასწავლო პროცესის მიღმა.
ცხადია, გამოწვევა დიდი იყო. მით უფრო, უფროსი თაობის მასწავლებლებისთვის რთული აღმოჩნდა ონლაინ პლატფორმების გამოყენება, მაგრამ ურთიერთდახმარებით შეძლეს ამ სირთულის გადალახვა. თქვენ წარმოიდგინეთ, თავიდან ყველა საშუალებას იყენებდნენ, ოღონდ ბავშვებთან კომუნიკაცია ჰქონოდათ, ბოლო პერიოდში კი თითქმის ყველა სკოლა თიმს-ის პროგრამების გამოყენებაზე გადავიდა. თუმცა ინტერნეტთან წვდომა აქაც პრობლემა იყო – მაღალმთიან რეგიონში არაა მაღალი ხარისხის ბოჭკოვანი ინტერნეტი და ბავშვებიც და მასწავლებლებიც დამოკიდებული იყვნენ ან რადიოინტერნეტზე, ვისაც ჰქონდა ამის საშუალება, ან მობილურ ტელეფონებზე. ცხადია, თავიდან ამან გარკვეული პრობლემა შექმნა. დასაწყისში შევაგროვეთ მონაცემები, რომელ სკოლას, მასწავლებელს თუ მოსწავლეს ჰქონდა ტექნიკური საშუალებები – არა მარტო ინტერნეტზე წვდომა, არამედ კომპიუტერი ან შესაბამისი ტელეფონი, რომლითაც შეძლებდა ამ პროგრამების გამოყენებას. მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით კი, დავგეგმეთ როგორ განხორციელებულიყო პროგრამები. მაქსიმალურად დაგვეხმარა აჭარის განათლების სამინისტრო და ადგილობრივი თვითმმართველობა. თავიდან ტელეგაკვეთილებზე წვდომის პრობლემაც კი გვქონდა, რადგან ზოგან საზოგადოებრივ მაუწყებელსაც ვერ იჭერდნენ, დაბალი სიხშირის გამო, მაგრამ შემდეგ, 1-2 კვირაში, ზემდგომთა ჩარევით, სიხშირე გაიზარდა და ესეც მოგვარდა, შედეგად კი მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ყველა მოსწავლეს მიეცა ტელეგაკვეთილების მიღების საშუალება. პრობლემები ამის მერეც იყო, რადგან დისტანცირებული და ონლაინ სწავლება ვერ გაუტოლდება პირისპირ სწავლას, მაგრამ დასაწყისში არსებული ძირითადი პრობლემები თანდათან მოგვარდა. იყო ისეთი შემთხვევაც, როცა ოჯახში მასწავლებელთან დასაკავშირებლად არ ჰქონდათ მობილური ტელეფონი ან შესაბამისი ტექნიკა, მაგრამ ქველმოქმედებით თუ სხვა სახის დახმარებით ესეც მოგვარდა — გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც დაეხმარნენ სოციალურად დაუცველ ოჯახებს; ხშირად მასწავლებლები და დირექტორები ურიცხავდნენ ინტერნეტის ფულს ბავშვებს, ვისაც ამის საშუალება არ ჰქონდათ… ბოლოს საქართველოს განათლების სამინისტრომ, იუნისეფის დახმარებით, შეღავათიანი ინტერნეტი მიაწოდა სკოლებს – 10 ლარად შეეძლოთ 20 გეგაბაიტის ყიდვა.
გვაქვს ერთი სოფელი – ნაღვარევი, სადაც ინტერნეტი არ იჭერს. ამის გამო უფრო მეტი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდით – მასწავლებლები ტელეფონით უკავშირდებოდნენ ბავშვებს ან მიდიოდნენ ოჯახებში და იქ ასწავლიდნენ. ამ ვითარებაში მცირე კონტინგენტი მომგებიანიც კი აღმოჩნდა – 2-3 მოსწავლე ჰყავთ კლასში და დისტანცირების პრობლემა არ იყო. ზოგადად, მცირე კონტინგენტიანი სკოლები, პანდემიის პირობებში, უპირატესობადაც კი იქცა. ჩვენთან ყველაზე მეტი მოსწავლე – 155 დაბა შუახევის საჯარო სკოლას ჰყავს, ხოლო ყველაზე ცოტა – 2 მოსწავლე სოფელ გოგაძეების სკოლაშია, სადაც გასული საუკუნის 80-იან წლებში 170-ზე მეტი მოსწავლე იყო, 90-იანი წლების მიგრაციის შედეგად მაშინდელი საშუალო სკოლის ადგილზე ახლა დაწყებითი სკოლაა.
მუნიციპალიტეტში სულ 3 სკოლაა, რომელსაც 100-ზე მეტი მოსწავლე ჰყავს, დანარჩენებში კი 100-ზე ნაკლებია. დირექტორები მაქსიმალურად აკონტროლებდნენ სიტუაციას, ყოველდღიურად უწევდნენ მონიტორინგს სასწავლო პროცესს და მასში მოსწავლეთა ჩართულობას – ვინმე თუ ვერ ერთვებოდა საგაკვეთილო პროცესში, ამაზე ინფორმაცია იმ დღესვე გვქონდა და იწყებოდა მიზეზის ძიება. თუ ამას სკოლა ვერ აგვარებდა თავისი ძალებით, ჩვენ ვერთვებოდით და თუ საჭირო ხდებოდა — ზემდგომი ორგანოებიც. ყველა საშუალებას ვიყენებდით, რომ მოსწავლეები სწავლის მიღმა არ დარჩენილიყვნენ და არც დარჩენილან.
ამჟამად 44-ივე სკოლა დასწრებით რეჟიმში, საკლასო ოთახებში აგრძელებს სწავლას და არც ერთი კლასი, არც ერთი მასწავლებელი არაა გადასული დისტანციურ სწავლებაზე. ამჟამად პანდემიური ვითარება ჩვენთან სტაბილურია და ჩვეულებრივ რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას, რა თქმა უნდა, რეკომენდაციების მაქსიმალური დაცვით.
ირაკლი თავაძე