ლალი ამბროლაძე
ინგლისური ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელი თერჯოლის №1 საჯარო სკოლა
უცხო ენის სწავლების პროცესში, მოსწავლეებისთვის წერის სწავლება მრავალ გამოწვევასთანაა დაკავშირებული. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა მოსწავლეთა მიერ წერილობითი დავალებების შესრულების სურვილი და მონდომებაა. ზოგჯერ, მშობლიურ ენაშიც კი არ გამოთქვამენ სურვილს წერილობითი დავალებების შესასრულებლად. სწორედ ამიტომ, უცხო ენაზე წერის დროს, ისინი ორმაგ წინააღმდეგობას აწყდებიან. არ არიან დარწმუნებული, რომ აქვთ საბაზისო წერითი უნარები და ის ენობრივი თუ ლექსიკური შესაძლებლობები, რისი საშუალებითაც შეძლებენ მარტივი წერილობითი აქტივობების შესრულებას.
აღნიშნული სტატიის მიზანია, შემოგთავაზოთ რამდენიმე გზა იმისათვის, რომ გავზარდოთ მოსწავლეთა მოტივაცია და უნარი წერილობითი დავალებების შესრულების პროცესში. მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდა კი ნებისმიერი პედაგოგის უმთავრესი მიზანი უნდა იყოს. ერთ-ერთი გზა არის მტკიცებითი ფორმის „I can” წინადადებების გამოყენება, მაგ, I can write names of foods in English/I can write about daily activities in English. იმისათვის, რომ მოსწავლეებს დავეხმაროთ იმის გააზრებაში, რას უნდა მიაღწიონ კონკრეტული აქტივობის ფარგლებში, შეგვიძლია მტკიცებითი ფორმის წინადადებების სხვადასხვა სახით გამოყენება. მაგ, დაწყებით საფეხურზე შეგვიძლია ბავშვებს დავავალოთ, რომ გარკვეული თემის გავლის შემდეგ დაწერონ ერთი წინადადება „I can“ ფრაზის გამოყენებით და წარმოადგინონ კლასში. შესაძლოა, აქტივობის დასაწყისში, მასწავლებელმა წარმოადგინოს „I can“ წინადადებების ჩამონათვალი და ბავშვებს დაავალოს, რომ მონიშნონ ისინი, რომლებიც მათ შეესაბამებათ და წაიკითხონ ხმამაღლა. ამგვარი ჩამონათვალის წარმოდგენის შემთხვევაში შესაძლებელია, რომ ბავშვებს დავავალოთ წინადადებების დანომვრა მათი შესაძლებლობების გათვალისწინებით. უფრო მაღალ საფეხურზე შესაძლოა, მოსწავლეებმა დაამატონ ის წინადადებები, რომლებსაც ისურვებდნენ, რომ სიაში ყოფილიყო. საკუთარი წინადადებების შექმნით, აქტიურდება მოსწავლეების ინიციატივის და დამოუკიდებლობის უნარი.
აღნიშნული აქტივობები იმის მაგალითია, თუ როგორ შეიძლება დავანაწევროთ და დავშალოთ რთული წერილობითი დავალება მარტივ საფეხურებად და გავხადოთ მოსწავლეებისთვის მარტივად შესასრულებელ დავალებად. შეგიძლიათ, აირჩიოთ თქვენი კლასისთვის შესაფერისი აქტივობა და მოახდინოთ მისი მოდიფიკაცია.
აქტივობა №1
Copying words!
მიზანი: მოსწავლეთა თავდაჯერებულობის გაზრდა ასობგერების ფორმირების და ლამაზად წერის პროცესში.
I can წინადადებების გამოყენება: I can copy words in English.
რესურსები: საკვების ჩამონათვალი, ფურცელი, ფერადი მარკერები, კალამი, მაკრატელი.
დრო: 7-15 წუთი (დროის ხანგრძლივობა განსხვავებულია ასაკის და შესაძლებლობების გათვალისწინებით).
ნაბიჯები:
- წინასწარ მოამზადეთ ცხრილი, რომელშიც იქნება სხვადასხვა სახეობის საკვების ნახატები ან ფოტოები. თითოეულ საკვებს გვერდით მიაწერეთ თავისი სახელი.
საკვების სახელები შეიძლება იყოს შემდეგი: cake, cupcakes, ice cream, cookies, chocolate bars, doughnuts, grapes, apples, bananas, fruit salad, pizza, chips, nuts, sandwiches, cheese, spaghetti, water, lemonade, orange juice, soda, chocolate milk ან ის საკვები, რაც ბავშვებში პოპულარობით სარგებლობს. შეგიძლიათ მოახდინოთ საკვები სიის ადაპტირება იმის მიხედვით, თუ რას ითვალისწინებს ადგილობრივი სასკოლო მენიუ.
- მოსწავლეებს დაურიგეთ ფურცლები, მარკერები და მაკრატელი. უთხარით, რომ მათ უნდა დაგეგმონ წვეულება, რომლითაც აღნიშნავენ მომავალ დღესასწაულს, მაგ, დაბადების დღეს.
- დაავალეთ ბავშვებს, რომ დახატონ ან ამოჭრან წვეულებასთან დაკავშირებული ფიგურები. ბავშვებს შეუძლიათ, რომ ფურცლებისგან გამოჭრან პიცის, ნამცხვრის ფიგურები და მასზე დაწერონ სიტყვები. თუკი მაკრატელი არ გექნებათ, შესაძლებელია დახატოთ.
- მოსწავლეებს ნიმუშად წარუდგინეთ შემდეგი ფრაზები:
At my party, I want to eat…
At my party, I want to drink…
5.ამოჭრილ ფურცლებზე ან ნახატებზე ბავშვები გადმოწერენ სიტყვებს მასწავლებლის მიერ შედგენილი ცხრილიდან და ჩასვამენ წინადადებებში. მოსწავლეებმა უნდა აარჩიონ, მინიმუმ, ორი სიტყვა, თუმცა, შესაძლებელია გამოიყენონ ყველა, თუკი ამის დრო იქნება.
- მოსწავლეები თავიანთ ნაშრომებს უზიარებენ კლასს და გააცნობენ თუ ვის რისი მირთმევა სურს დაბადების დღეზე.
- აქტივობის დასრულების შემდეგ ჰკითხეთ მოსწავლეებს, თუ რისი გაკეთება შეუძლიათ „What can you do in English?“, „Now that you have finished this activity, what can you do?“ და მოსწავლეების პასუხიც იქნება მსგავსი: „I can copy words in English.“
- მოსწავლეებთან ერთად ჩამოწერეთ დაფაზე „I can“ წინადადებები.
I can write a cake.
I can write a cupcake.
I can write an apple. და ა.შ.
- გადააწერინეთ მოსწავლეებს აღნიშნული წინადადებები რვეულებში.
სიტყვების გადაწერა ჰგავს ხატვას. ეს საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, რომ გაივარჯიშონ წერაში და ბგერების ლამაზად ფორმირებაში. სიტყვების გადაწერა წერილობით აქტივობებში თავდაჯერებულობის ჩამოყალიბების პირველი საფეხურია.
აქტივობა №2
Spelling!
მიზანი: თავდაჯერებულობის ჩამოყალიბება სიტყვების ინგლისურად დამარცვლის დროს.
I can წინადადებების გამოყენება: I can spell words in English.
რესურსი: პატარა ფურცლებზე ამობეჭდილი სიტყვები, ფურცლები, კალამი.
დრო: 5-10 წუთი.
ნაბიჯები:
- მოამზადეთ პატარა ფურცლები, რომლებზედაც დაწერილი იქნება სამიზნე ლექსიკა (ერთ ფურცელზე ერთი სიტყვა).
- მოათავსეთ ფურცლები კლასის წინ მერხზე ან თუ შესაძლებელია გააკარით დაფაზე.
- დაყავით მოსწავლეები ჯგუფებად. ჯგუფებში მოსწავლეების რაოდენობა დამოკიდებულია კლასის ზომაზე. მასწავლებელმა უკეთ იცის თუ რა ზომის ჯგუფი და მოსწავლეთა როგორი გადანაწილება იქნება უკეთესი მისი კლასისთვის.
- თითოეულ ჯგუფს დაურიგეთ ფურცლები, რომლებზეც დაწერენ სიტყვებს.
- დანომრეთ თითოეული ჯგუფის მოსწავლეები თუ რა თანმიმდევრობით გავლენ დაფასთან.
- პირველი ჯგუფის პირველი მოსწავლე გამოვა დაფასთან, აირჩევს სიტყვას, ამოიკითხავს, დაბრუნდება უკან ჯგუფში და უკვე დამახსოვრებულ სიტყვას დაუმარცვლავს მეორე ჯგუფს.
- მეორე ჯგუფი დამარცვლით დაწერს აღნიშნულ სიტყვას ჯგუფის საერთო ფურცელზე.
- მოსწავლე, რომელიც პირველი დაწერს სიტყვას სწორად, გამოვა კლასის წინაშე და ამოირჩევს სხვა სიტყვას, დაბრუნდება ჯგუფში და შემდეგი ჯგუფის წევრებს დაუმარცვლავს სიტყვას; შემდეგ მესამე ჯგუფის წევრი გამოვა სიტყვის დასამარცვლად და ა.შ.
- თითოეულ ჯგუფს მიეცით განსაზღვრული დრო, მაგ, 3 წუთი.
- როდესაც დრო ამოიწურება, ააგროვეთ ფურცლები და განსაზღვრეთ თუ რომელმა ჯგუფმა დამარცვლა ყველაზე მეტი რაოდენობის სიტყვები სწორად.
- გაიმეორეთ სწორად დამარცვლილი სიტყვები, გამოიძახეთ მოსწავლე და დაამარცვლინეთ სიტყვები. მოსწავლეები გამოიძახეთ ვიდრე არ ამოიწურება აქტივობაში შემავალი ყველა სიტყვა.
- შეეკითხეთ მოსწავლეებს, რისი გაკეთება შეუძლიათ აღნიშნული აქტივობის შესრულების შემდეგ „What can you do?“ მოსალოდნელია, რომ მოსწავლეების პასუხი იყოს შემდეგი „I can spell words correctly“.
- ჩამოწერეთ ყველა შესაძლო წინადადება, რომელიც იწყება ფრაზით „I can.”
- გადააწერინეთ მოსწავლეებს ეს წინადადებები რვეულებში.
აღნიშნული აქტივობის შესრულების დროს, იმ მოსწავლეს, რომელიც სიტყვას უმარცვლავს სხვა ჯგუფს, შეუძლია იმდენჯერ დაბრუნდეს დაფასთან და დააკვირდეს არჩეული სიტყვის მართლწერას, რამდენჯერაც ჩათვლის საჭიროდ და დასჭირდება, იმისათვის, რომ დარწმუნდეს, სწორად მარცვლავს თუ არა მეორე ჯგუფი სიტყვას. ჯგუფის წევრები ეხმარებან ერთმანეთს ზეპირი მინიშნებებით, თუმცა თავად არ წერენ და უწერენ სიტყვას ჯგუფის იმ წევრს, რომლის რიგიც არის.
აქტივობა №3
Writing a short message!
მიზანი: მოსწავლეთა თავდაჯერებულობის გაზრდა მოკლე იმეილის დაწერის პროცესში Past Simple-ის გამოყენებით.
I can წინადადებების გამოყენება: I can spell words in English; I can write an email message; I can write a postcard message; I can write a short letter; I can write about my trip.
რესურსები: ფურცელი, კალამი, ფერადი მარკერები.
დრო: 15-20 წუთი.
ნაბიჯები:
- მოსწავლეები იმუშავებენ წყვილებში და მეგობარს მოუყვებიან იმ ადგილების შესახებ, რომელსაც ესტუმრნენ ან ოცნებობენ, რომ ესტუმრონ.
- მოსწავლეები უპასუხებენ კითხვარს და პასუხების მიხედვით მოუყვებიან მეგობარს მათი ვიზიტის შესახებ. ვიზიტები შეიძლება იყოს, როგორც რეალური, ასევე წარმოსახვითი. კითხვარების ნიმუშებია:
Where did you go?
What did you visit?
What did you see?
What did you do?
What did you like best?
გაითვალისწინეთ, რომ აღნიშნული აქტივობა იწერება წარსულ დროში, რადგან ვიზიტი უკვე განხორციელებულია.
- მოსწავლეებს შესთავაზეთ, რომ წარმოიდგინონ თითქოს არიან წარმოსახვითი შინაური ცხოველები, ფუმფულა სათამაშოები ან მულტფილმის პერსონაჟები, რომლებიც შეტყობინებას უგზავნიან მეგობარს და უყვებიან საკუთარი მოგზაურობის შესახებ. კითხვებზე თანმიმდევრობით გაცემული ლოგიკური პასუხებით, მოსწავლეები შეადგენენ მოკლე იმეილს. ნიმუში:
Hi, Mariam.
Last week I went to Brazil. I visited Copacabana Beach. I climbed an umbrella and watched people playing volleyball on the beach. At lunchtime I ate cashews with flies and drank coconut water. I love the taste of Brazilian flies with salty beach sand.
See you soon!
Lizzy, the Lizard
- მოსწავლეებს შესთავაზეთ, რომ შეასრულონ პატარა ნახატი თავიანთი მოგზაურობის აღსაწერად.
- აკრიფეთ მოსწავლეთა იმეილები, აურიეთ ხელნაწერები და დაარიგეთ კლასში, შეეცადეთ, რომ იმეილები არ მოხვდეს მათ ავტორებთან.
- აიღეთ მოსწავლეთა ნახატები, იგივე პრონციპით აურიეთ და დაარიგეთ.
- მოსწავლეებს შესთავაზეთ, რომ მორიგეობით, ხმამაღლა, კლასის წინაშე.წაიკითხონ მათთვის გადაცემული იმეილები
- მოსწავლეები ყურადღებით ისმენენ წაკითხულ იმეილს და ყურადღებით აკვირდებიან მათთვის გადაცემულ ფოტოებს, ვინც შენიშნავს, რომ ფოტო შესაბამისია, დაიძახებს „I have it!“ შემდეგ იმეილს უკვე თავად წაიკითხავს.
- კლასთან ერთად შეადგინეთ და დაფაზე ჩამოწერეთ I can წინადადებები.
- მოსწავლეებს გადააწერინეთ აღნიშნული წინადადებები რვეულებში.
აღნიშნული აქტივობები ხელს უწყობს მასწავლებლებს, რომ თავდაჯერებულობა და მოტივაცია გააღვივონ თავიანთ მოსწავლეებში. შეგიძლიათ, რომ მოახდინოთ აღნიშნული აქტივობების მოდიფიცირება და სპეციალურ საჭიროებებზე მორგება. შეგიძლიათ, რომ რთული წერილობითი დავალებები დაყოთ მარტივ ნაბიჯებად და მოსწავლეებს გაუღვივოთ მიღწევისა და თავდაჯერებულობის გრძნობა.
კარგი იქნება თუ მოწავლეებს ექნებათ საშუალება ჩამოწერონ ყველა შესაძლო “I can” წინადადება კონკრეტული აქტივობის დასრულების შემდეგ, რათა დარწმუნდნენ საკუთარ ცოდნაში და უნარებში. წაახალისეთ მოსწავლეები, რომ დამოუკიდებლად შეარჩონ წინადადებები. მიეცით მათ იმის შესაძლებლობა, რომ სიამაყით წარადგინონ კლასის წინაშე საკუთარი წინადადებები. აღნიშნული აქტივობები შეგიძლიათ გამოიყენოთ არა მარტო წერის, არამედ საუბრის, მოსმენისა და კითხვის უნარების გასაუმჯობესებლად.