ამა წლის აგვისტოში, ჰოლანდიის ქალაქ როტერდამში მსოფლიო საბიბლიოთეკო და საინფორმაციო კონგრესი ჩატარდა. კონგრესი სხვადასხვა ქვეყნის მონაწილეობით უკვე 88-ე წელს ითვლის და მასში წლის განმავლობაში სხვადასხვა ქვეყნის ბიბლიოთეკებში არსებული სიახლეები ყველასთვის ცნობილი ხდება.
ჰოლანდიისთვის უჩვეულოდ მზიან დღეს, როტერდამის აჰოის საკონფერენციო დარბაზში, რომელშიც 2021 წელს ევროვიზიის კონკურსიც გაიმართა, ხალხმრავლობა შეინიშნებოდა. დარბაზის ცენტრში, დიდ რიგში, სხვადასხვა ქვეყნის ბიბლიოთეკის წარმომადგენლობა პირდაპირ ჩემოდნებით მოდიოდა რეგისტრაციისთვის, ხოლო მომსახურე პერსონალი დარბაზებს საზეიმო გახსნისთვის ამზადებდა. ასე იწყებოდა 88-ე საერთაშორისო საბიბლიოთეკო და საინფორმაციო კონგრესი, რომელიც საბიბლიოთეკო გაერთიანებებისა და ორგანიზაციების საერთაშორისო ფედერაციის, იფლას ეგიდით გაიმართა.
წელს, საერთაშორისო საბიბლიოთეკო კონგრესის თემა იყო „მოდით, ვიბიბლიოთეკოთ“. ერთი შეხედვით, გრამატიკულად შეუსაბამო ფრაზაში მასპინძელი ქვეყნის ენის თავისებურებაა გათვალისწინებული. როგორც იფლას ხელმძღვანელობამ აღნიშნა, ჰოლანდიურ ენაში, ზმნა არსებითი სახელიდან იწარმოება, მაგალითად, „ფეხბურთი-ვიფეხბურთოთ“. აქედან გამომდინარე შეირჩა კონფერენციის სახელმწოდებაც, როგორც მასპინძლისადმი პატივისცემა.
21 აგვისტოს, საერთაშორისო კონგრესი საზეიმოდ გახსნეს საბიბლიოთეკო ფედერაციის პრეზიდენტმა, ბარბარა ლისონმა, ჰოლანდიის განათლების, კულტურისა და მეცნიერების მინისტრმა, რობერტ დეიკგრააფმა, ჰოლანდიის კულტურისა და მედიის მდივანმა, გუნაი უსლუმ და პრინცესა ლაურენტინამ.
თავიანთ გამოსვლებში, მათ ხაზგასმით აღნიშნეს განათლების ხელმისაწვდომობისა და ბიბლიოთეკების განვითარების მნიშვნელობა მოქალაქეების პროფესიული და შემოქმედებითი პოტენციალის ამოქმედებაში.
კონფერენციას უძღვებოდა ცნობილი შოუმენი, ჯერმან ბერკაუთი, რომელმაც გაიხსენა ბიბლიოთეკაში გატარებული პერიოდი, ხოლო როტერდამის თანამედროვე ცეკვის ანსამბლმა რამდენიმე ცეკვა წარმოადგინა.
მნიშვნელოვანია, რომ ახლო მომავალში, ევროკავშირი ითვალისწინებს საბიბლიოთეკო განვითარებისთვის სპეციალური პროგრამის შექმნას, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგანმანათლებლო ორგანიზაციებს დაეხმარება.
ამ საკითხთან დაკავშირებით, 19 აგვისტოს, როტერდამის საჯარო ბიბლიოთეკაში, რომელიც ძალზე საინტერესო დიზაინით გამოირჩევა და ცნობილი ფილოსოფოსის, ერაზმუს როტერდამელის სახელს უკავშირდება, ევროპის ბიბლიოთეკების შეკრება ჩატარდა. შეკრებაზე ვრცლად განიხილეს მეთოდები, რომლებიც საზოგადოებაში პოპულიზმისა და დეზინფორმაციის დაძლევას ეხება, აგრეთვე, ევროკავშირთან თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები, სტატისტიკისა და სოციალური კვლევების მნიშვნელობა ბიბლიოთეკებში და უახლესი ტექნოლოგიებით სარგებლობის მეთოდები. ჰოლანდიის ბიბლიოთეკების შესახებ, ახლო მომავალში, უფრო ვრცლად გიამბობთ. ნიდერლანდების მთავრობამ მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა რეგიონში ერთნაირად თანამედროვედ მოწყობილი და განვითარებული ბიბლიოთეკების საერთო სტანდარტი ამოქმედდება.
მომდევნო დღეს, გაიმართა საერთაშორისო ფედერაციის საანგარიშო სხდომა, რომელზეც ორწლიანი მუშაობის ანგარიში მოისმინეს. საინტერესოა, რომ ამ ორი წლის განმავლობაში, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საქმიანობის შედეგები წარდგენილი იყო მდგრადი განვითარების მიზნებისადმი მიძღვნილ, გაეროს რამდენიმე კონფერენციაზე, მათ შორის, ინტერნეტ მმართველობის ფორუმზე, რომელსაც საქართველოში თავისი ჩაპტერი აქვს.
საერთაშორისო საბიბლიოთეკო კონგრესის ფარგლებში, აღსანიშნავი იყო საბიბლიოთეკო რესურსების გამოფენა მთელი მსოფლიოდან. მათ შორის, თანამედროვე საბიბლიოთეკო ტექნოლოგიები და უახლესი ციფრული ბიბლიოთეკების რესურსები. რამდენიმე მათგანი, როგორებიც არის Ebsco, Jstor, Alexander Street Press, ქართველი მკითხველებისთვის საკმაოდ ცნობილია. ბოლო წლების განმავლობაში, თავისუფალი წვდომის საშუალებით, სხვადასხვა პერიოდულობით, 400-მდე მონაცემთა ბაზის გაცნობის საშუალება გვქონდა.
გახსნის დღესვე, როტერდამის აჰოის სხვადასხვა დარბაზში სხვადასხვა თემატური სესიები დაიწყო. ფაქტობრივად, კონგრესის ფარგლებში მიმდინარე კონფერენციები, 4 დღის განმავლობაში, ერთმანეთის მიყოლებით ტარდებოდა და მონაწილეებს ერთი შეხვედრიდან პირდაპირ მეორე შეხვედრაზე მისწრება უხდებოდათ. საბიბლიოთეკო ფედერაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის ინიციატივით, ჩატარდა სესია „ევროპის ბიბლიოთეკები, როგორც დემოკრატიის პლატფორმა“. მასზე წარმოდგენილი იყო დეზინფორმაციასთან ბრძოლის, ნიუსგარდის ბიბლიოთეკებთან თანამშრომლობის გამოცდილება ამერიკიდან, სოციალური ქსელების როლი ბიბლიოთეკებში, ბიბლიოთეკების მოძრაობა ადამიანების უფლებების დაცვისთვის ირლანდიაში, საქართველოსა და მსოფლიოში საგამომცემლო სივრცეების თანამშრომლობა, რომელზეც მსოფლიო საგამომცემლო ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა, გვანცა ჯობავამ ისაუბრა.
ასევე საინტერესო იყო სესია, რომელიც საბიბლიოთეკო ორგანიზაციებისთვის ახალი ინტერნეტ მანიფესტის შექმნას მიეძღვნა. საერთაშორისო საბიბლიოთეკო ფედერაცია 1927 წელს დაარსდა და მთელი მსოფლიოსთვის საბიბლიოთეკო სტანდარტებს ქმნის. მსოფლიოს ყველა ბიბლიოთეკა ითვალისწინებს იმ საერთო სტანდარტებს, რომელსაც ეს ორგანიზაცია სხვადასხვა ბიბლიოთეკის შექმნისა და განვითარებისთვის შეიმუშავებს. მაგალითად, გასულ წელს, განახლდა საჯარო ბიბლიოთეკების მანიფესტი, ხოლო წელს მალე გამოქვეყნდება საბიბლიოთეკო ინტერნეტ მანიფესტი, რომელიც ბიბლიოთეკებისთვის ინტერენტის საკითხების განვითარების მთავარ მიმართულებას გაგვაცნობს. სწორედ მთავარი საკითხების მომზადებას ეძღვნებოდა აღნიშნული სესია, კერძოდ, რა ტიპის გადამზადება სჭირდება ბიბლიოთეკებს, რომ თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი სერვისები შექმნან.
ახლო მომავალში, საჯარო ბიბლიოთეკების ახალი მანიფესტი და ინტერნეტ მანიფესტი ჩვენი მკითხველებისთვის ქართულ ენაზე ითარგმნება.
საინტერესო იყო ეროვნული ბიბლიოთეკების კონფერენცია, რომელსაც ავსტრალიის ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობა უძღვებოდა. კონფერენციის მსვლელობისას, ანგლო-ამერიკული რეგიონის ბიბლიოთეკებმა წარმოადგინეს თავიანთი ხედვა ბიბლიოთეკებში ხელოვნური ინტელექტის ათვისების თაობაზე. მოსაზრება, თითქოს ხელოვნური ინტელექტი სამუშაო ადგილებს საფრთხეს უქმნის, მთლად სიმართლეს არ შეესაბამება და მისი გამოყენებით, ახალი მიმართულების პროფესიების შექმნა უფრო რეალურია.
ძალზე შთამბეჭდავი იყო სამხრეთ კორეის ბიბლიოთეკების გამოცდილება ვირტუალური რეალობის საკითხებში. ახლო მომავალში, ჩვენი რუბრიკის „ბიბლიოთეკები“ ფარგლებში, დეტალურად შემოგთავაზებთ სამხრეთ კორეის ბიბლიოთეკების უახლეს ინოვაციებს, რომლებიც ჩინურისგან ბევრად განსხვავდება.
ციფრული წიგნებისა და მონაცემთა ბაზების თაობაზე, ავსტრალიის ბიბლიოთეკამ და დიდი ბრიტანეთის საბიბლიოთეკო და საინფორმაციო გაერთიანების წარმომადგენლებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ბიბლიოთეკებში ციფრული წიგნების კოლექციების გაზრდის შემდეგ, მნიშვნელოვნად გაიზარდა მათი ბეჭდური ვერსიების გაყიდვა. ამდენად, ციფრული ვერსიების ხელმისაწვდომობა მხოლოდ ხელს უწყობს ბეჭდური წიგნებისა და, საერთოდ, წიგნების პოპულარიზაციას.
ბოლო წლებში, ყველაზე აქტუალური საკითხი, რომელიც პანდემიამ შეაფერხა და პოსტ-პანდემიურ პერიოდში ახალ ეტაპზე გადავიდა, მდგრადი განვითარებაა. მწვანე ბიბლიოთეკები და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება მდგრადი განვითარების 17 მიზნის შესახებ, რომელიც ამავე მოსახლეობის განვითარებისა და ხელშეწყობის სხვადასხვა სფეროს ეხება, გამორჩეულადაა წარმოდგენილი გაეროს ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიების დღის წესრიგში.
კონგრესზე სხვადასხვა ნომინაციაში სხვადასხვა ქვეყნის ბიბლიოთეკები დაჯილდოვდნენ. მდგრადი ბიბლიოთეკების ნომინაციაში გაიმარჯვა იტალიის ვალეს ბიბლიოთეკის თესლებისა და ნერგების ბიბლიოთეკამ, კოლუმბიის მდგრადი განვითარების ბიბლიოთეკამ, სოულის ბიბლიოთეკამ, გერმანია-ვიეტნამის მდგრადი განვითარების ბიბლიოთეკამ, კულტურებისა და გემენცის ტყის ბიბლიოთეკამ. გემენცი უჩვეულო სახეობის ხეებისგან შემდგარი ტყეა უნგრეთში, რომლის მონაცემებსაც ბიბლიოთეკა ასახავს.
შეხვედრების ფარგლებში, ცალკე სესია მიეძღვნა ბიბლიოთეკებში მკითხველებისთვის ჯანსაღი გარემოს შემქმნას. ამერიკის ბიბლიოთეკებმა წარმოადგინეს გამოცდილება, თუ როგორ დაძლიეს კონფლიქტური სიტუაციები თანამშრომელთა ინტეგრაციითა და გარემოს განვითარებით.
საბიბლიოთეკო ფედერაციის გენერალურ ასამბლეაზე, ახალარჩეულ ხელმძღვანელობასთან შეხვედრაზე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბიბლიოთეკების, როგორც დემოკრატიული ორგანიზაციების ხელშეწყობის საკითხებს.
დამსწრე საზოგადოების ყურადღება მიიპყრო მეცნიერებისა და მოქალაქეების ურთიერთკავშირის კვლევამ, რაც მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვის. აღსანიშნავია, რომ ზოგ ბიბლიოთეკაში, მაგალითად, როტერდამის ბიბლიოთეკაში შექმნილია სოციალური ქსელები, რომლებიც დაინტერესებულ მოქალაქეებს სხვადასხვა სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლებთან აკავშირებს და სამეცნიერო კვლევებს ფართო საზოგადოებისთვის უფრო გასაგებს ხდის.
საქართველოს რეგიონებში სტიქიის შედეგების გათვალისწინებით, უნდა აღვნიშნოთ, რომ ბიბლიოთეკები აქტიურად სწავლობენ მოსახლეობის დახმარების სერვისებს, მაგალითად, არსებობს საერთო სტანდარტები, რომლითაც ბიბლიოთეკები კრიზისულ ვითარებაში ხელმძღვანელობენ, რათა ეროვნული მემკვიდრეობაც დაიცვან და მოსახლეობას პრევენციის საკითხებში ცნობიერების ამაღლებაში ხელი შეუწყონ.
ნომინაციებში განსაკუთრებული წარმატება ხვდა ესპანეთის გაბრიელ გარსია მარკესის უახლეს საჯარო ბიბლიოთეკას, რომლის დიზაინი და სერვისები საზოგადოების სხვადასხვა მოთხოვნას ითვალისწინებს. ეს ბიბლიოთეკა სულ ახლახან შეიქმნა და გამარჯვება მისი ავტორებისთვისაც მოულოდნელი იყო.
კონგრესის ფარგლებში, საინტერესო იყო ჰოლანდიის ბიბლიოთეკებში არსებული სერვისების გაცნობაც. მათ შორის, განსაკუთრებით უნდა აღვნიშნოთ ბავშვთა ლიტერატურის მუზეუმი და მშვიდობის კორპუსის ბიბლიოთეკა, რომელთა საქმიანობის შესახებ ჩვენს მომდევნო ნომერში გიამბობთ.
ასეთი მოვლენებით უხვად დატვირთული იყო მსოფლიო საბიბლიოთეკო კვირეული, რომლის სხვადასხვა თემა სხვადასხვა კონტექსტში ჩვენი განხილვის საგანი მრავალჯერ იქნება.
ჩვენი მხრიდან, მოხარულები ვართ, რომ ბოლო რამდენიმე წელია, ქართული ბიბლიოთეკების მუშაობა, შესაბამისად, საქართველო აქტიურადაა წარმოდგენილი საერთაშორისო ღონისძიებებზე.
მაია სიმონიშვილი
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის უფროსი სპეციალისტი, ანგლო-ამერიკული დარბაზის კურატორი,
საბიბლიოთეკო ფედერაციის ევროპის რეგიონის კომიტეტისა და ინფორმაციის თავისუფლების კომიტეტის არჩეული წევრი