🔸ხათუნა ნოზაძე
ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა-თბილისის და დ. სარაჯიშვილის სახ. №16 საჯარო სკოლის ქიმიის მენტორი მასწავლებელი, „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ათეულთა კლუბის წევრი
🔸 აქტიური და ქმედითი გაკვეთილები დადებითად აისახება სწავლების ხარისხზე
მნიშვნელოვანია ისეთი გაკვეთილების მომზადება, როგორიც მოსწავლეებს დაეხმარება აზრის თავისუფლად გამოხატვაში, რაც ხელს უწყობს მოსწავლეებში სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბებას.
მოქალაქეობრივი ღირებულება იმ ტიპის გამჭოლი კომპეტენციაა, რომელიც მხოლოდ ერთ კონკრეტულ საგანზე მუშაობით არ შემოიფარგლება. მთელი სასკოლო საზოგადოების აქტიური ჩართულობა ავითარებს მოქალაქეობრივ ღირებულებებს, რაზე ზრუნვაც გაკვეთილზევე იწყება: საგაკვეთილო წესების დაცვით, ერთმანეთის აზრის პატივისცემით, აკადემიური კეთილსინდისიერებით, ერთმანეთის ინტელექტუალური საკუთრების პატივისცემითა და აღიარებით… ამ მიმართულებით რამდენიმე მაგალითს მოვიყვან ჩემი პრაქტიკიდან: პროექტული სწავლება, საგანთაშორისი კავშირები, შიგა და გარე „ნატურალისტთა“ გუნდური ტურნირები, პროექტი „ჩხირკედელა“, დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კვირეულები, პროექტი „მშობელი სკოლაში“, სადაც მშობლები საკუთარ ცოდნასა და სამუშაო პრაქტიკას უზიარებენ მოსწავლეებს. სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის მიერ განხორციელებულ პროექტებში: „ჰიგიენის მცველები“, „აივ ინფექციის პრევენციის გზების გაზიარება მოზარდებში“, მოსწავლეთა აქტიური ჩართულობა, ასევე, სკოლამდელი ასაკის (პრესქული) ბავშვთა ჩართვა სახალისო სამეცნიერო ექსპერიმენტებში, თანამშრომლობა მრავალფეროვანი პროექტებით „ჰეის“ მოსწავლეებთან, რომელთაც აღენიშნებათ სმენისა და მეტყველების პრობლემა, გარემოზე ზრუნვის მიზნით პლასტმასის შეგროვება-ჩაბარება. ჩემი აზრით, აქტიური სასკოლო ცხოვრების დროს გამომუშავებული გამჭოლი უნარები და ღირებულებები შეფასების სამიზნედ უნდა იქცეს, რათა ხელი შევუწყოთ მაღალი მოქალაქეობრივი ღირებულებების განმტკიცებას.
საგაკვეთილო პროცესში ღია სადისკუსიო სივრცე ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ პროცესებზე საკუთარი აზრის თავისუფლად დაფიქსირების საშუალებას იძლევა, მაგალითად, კოვიდ-19, ქალთა მიმართ განხორციელებული ძალადობა, უკრაინის თემა, ოკუპირებული ტერიტორია და გზა ევროპული განათლებისაკენ, პროფორიენტაცია…
მოსწავლის განვითარებაზე გავლენას ახდენს მასწავლებლის თვითგანვითარებაზე ზრუნვა და სიახლეების გაზიარება. მუდმივად განვითარებადი ტექნოლოგიები, სამეცნიერო სიახლეები თუ სწავლების ახალი მეთოდები, აქტიურად უნდა აისახოს სასწავლო პროცესზე. ამიტომ, მასწავლებელს უწევს საინტერესო და სასარგებლო რესურსების მოძიება, შექმნა. აღვნიშნავ „ტელესკოლის“ გაკვეთილებს, რომლის დროსაც შეიქმნა მნიშვნელოვანი რესურსები სხვადასხვა საგნობრივი მიმართულებით. მიმყავდა ქიმიის გაკვეთილები მერვე-მეცხრე კლასის მოსწავლეებისათვის. რესურსი შეიქმნა ქიმიის გუნდის ერთობლივი მუშაობით.
მოსწავლეებში დიდი მოწონებით სარგებლობს „ck-12“ ელექტრონული რესურსები — www.ck12.edu.ge, რომელიც გაჯერებულია მრავალფეროვანი თვალსაჩინოებით, ინტერაქტივით, ქვიზებით, თამაშით სწავლის ელემენტებით. მოსწავლეები აქტიურად იყენებენ www.chemistry.ge — „ქიმიკოსთა ასოციაციის“ მიერ შექმნილ ვებგვერდს, რომელიც გვთავაზობს მრავალფეროვან რესურსებს. ჩემი თანაავტორობით გამოვიდა ტესტები „ქიმიური უნარები“, რომელიც თამაშით სწავლის მაგალითებზეა აგებული. მნიშვნელოვანია მასწავლებელთა მონაწილეობა სხვადასხვა კონფერენციებში, აღვნიშნავ საინტერესო სიახლეს „ედკემპი საქართველოში“, რომლის საშუალებითაც საქართველოსა და სხვადასხვა ქვეყნის მასწავლებელთა გამოცდილებისა და სწავლის მეთოდების გაზიარება მოხდა.
🔸 რა წარმოშობს ძალადობას მოსწავლეებში და რა არის ძალადობის საუკეთესო პრევენცია სკოლაში
ძალადობის პრობლემა მასშტაბური და სერიოზულია დღევანდელ საზოგადოებაში. მათ შორის, ბავშვებს ეხება სხვადასხვა ფორმითა თუ გზით. ნებისმიერი ძალადობა მოზარდებს შორის შეიძლება გახდეს მაპროვოცირებელი ზრდასრულობის ასაკში სხვადასხვა კონფლიქტის, ფსიქოლოგიური დარღვევებისა თუ სხვა პრობლემების.
ვფიქრობ, პანდემიის დროს არსებულმა ჩაკეტილობამ, ტექნიკური მოწყობილობების ინტენსიურმა გამოყენებამ, მოზარდებში ურთიერთობის დეფიციტი და გაუცხოება გამოიწვია.
მოსწავლეთა გარკვეული კატეგორია აღიარებს, რომ „გართობის“ მიზნით პირადი ნივთების დამალვა, უხეში კომენტარების გაკეთება, მეტსახელით მიმართვა, ფიზიკური ძალადობა, გარკვეული დოზით მათ სკოლებშიც ხდება. მოსწავლეებს შორის ძალადობის სხვადასხვა სახე იკვეთება: ფიზიკური, ვერბალური, ემოციური, კიბერბულინგი (ინტერნეტ სივრცეში სხვადასხვა ჯგუფებში გავრცელებული ჭორები, ფოტოები, დამამცირებელი კომენტარები, შანტაჟი…) პრობლემა გლობალურია.
მოსწავლეებში ძალადობის პრევენციის ეფექტიანი განხორციელებისათვის აუცილებელია განისაზღვროს მისი გამომწვევი მიზეზები. ერთ-ერთ მიზეზად სასკოლო ცხოვრებაში მოსწავლეთა ნაკლები ჩართულობა, მასწავლებლებთან და გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან ურთიერთობების ნაკლებობაა. ასევე, მნიშვნელოვანია მოსწავლეებში ემპათიის უნარი თანატოლთა მიმართ, სოციალური უნარები.
მოძალადე, მჩაგვრელი ბავშვები ნაკლებად კომუნიკაბელური არინ, უჭირთ თანამშრომლობა, სხვა ადამიანების ჩაგვრით ცდილობენ მოწონებისა და აღიარების მოპოვებას. ზოგიერთი მოსწავლის წარუმატებლობამ სასკოლო საგნებში, სპორტში, შეიძლება ფსიქოლოგიური სტრესი და გაუცხოება გამოიწვიოს შედარებით წარმატებული მოსწავლეების მიმართ. ზოგჯერ ეს ფაქტიც არის აგრესიისა და ძალადობის გამოვლენის საფუძველი.
ასევე, კონფლიქტური გარემო ოჯახში, რაც შეიძლება გახდეს გამომწვევი მიზეზი თანატოლებთან ასეთივე ძალადობრივი ურთიერთობის, თვითდამკვიდრების აგრესიული ფორმით გამოვლენის, შეიძლება ჩაგრულის როლშიც მოევლინოს საზოგადოებას.
მნიშვნელოვანია, მასწავლებლებმა და სკოლის თანამშრომლებმა ადრეული დიაგნოსტირებით შევძლოთ ძალადობრივი ფაქტების პრევენცია. სწორი მესიჯებით სოაციალური ღირებულებების სწავლება და მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით კონფლიქტის გადაჭრა. ვიმუშაოთ მოსწავლის თვითშეფასების უნარის გამომუშავებისთვის.
მნიშვნელოვანია მშობლის როლი სასკოლო ცხოვრებაში. მათი მოწვევა და საინტერესო გამოცდილების, პრაქტიკისა თუ რჩევების გაზიარება კარგი მაგალითია მოსწავლეთათვის და მათი პროფორიენტაციის განმსაზღვრელადაც შეიძლება იქცეს.
ძალადობის პრევენციისათვის მნიშვნელოვანია მეტი ყურადღება დავუთმოთ მოსწავლეთა ჩართულობას სასკოლო ცხოვრებაში, კომუნიკაციას სხვადასხვა რგოლსა და სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიას შორის. ასევე, პროექტული სწავლება, რომელიც გააერთიანებს, დაამეგობრებს სხვადასხვა კლასის მოსწავლეებს, ასევე, გასვლითი თემატური გაკვეთილები. საჭიროა, გავზარდოთ ნდობის ხარისხი. ნდობის, ემოციური კავშირების გაზრდის შედეგად მოსწავლეები უფრო თამამად და გულახდილად საუბრობენ პრობლემებზე. ამასთანავე, ექნებათ აღქმა კონფიდენციალურობისა და რეაგირების.
მიმაჩნია, რომ მოსწავლეთა ინფორმირებულობა, როლური თამაშები, მათთან ერთად დაგეგმილი საინტერესო პროექტები ფორმალურ თუ არაფორმალურ გარემოში, დადებითად აისახება მათ ცნობიერებაზე. აქტიურ, საინტერესო სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობა შეამცირებს მოსწავლეთა შორის აგრესიას, გაუცხოებასა და ძალადობის ფაქტებს. სკოლაში შეძენილი უნარ-ჩვევები გამოადგება მათ სხვა, ცხოვრებისეული კონფლიქტების მოგვარებაშიც.
🔸 რა გამოწვევები აქვთ სკოლებს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით
უსაფრთხო, თანადგომასა და მხარდაჭერაზე ორიენტირებული სასკოლო გარემო ძალადობის თავიდან აცილების საუკეთესო საშუალებაა. სკოლაში, სადაც დღის უმეტეს ნაწილს ვატარებთ, პოზიტიური ემოციები უნდა ჭარბობდეს ნეგატიურს.
უსაფრთხოებაში მოიაზრება არა მხოლოდ უსაფრთხო ფიზიკური გარემო, არამედ, ემოციური, ფსიქოლოგიური, სოციალური უსაფრთხოება. ასევე, გამართული და საჭირო ინვენტარი, ჰიგიენა, ჯანსაღი კვება. დღესდღეობით საჯარო სკოლების უმრავლესობაში მოსწავლეები არ არიან უზრუნველყოფილი ელემენტარული ხემსით. შესამჩნევია, ბოლო გაკვეთილებზე ნაკლები კონცენტრაცია, რასაც მოსწავლეთა უმრავლესობა შიმშილის გრძნობითა და დაღლილობით ხსნის.
ვფიქრობ, მეტი ყურადღება უნდა ეთმობოდეს მოსწავლეთა ინფორმირებულობას და შესაბამის აქტივობებს.
მაგალითად: როგორ მოვიქცეთ კატაკლიზმების, ხანძრის შემთხვევაში, როგორ დაიცალოს ამ დროს სკოლა სწრაფად და უსაფრთხოდ უმცირეს დროში.
სკოლებისათვის ბოლოდროინდელ სერიოზულ გამოწვევად ითვლება კიბერბულინგი. მოსწავლეებს აქვთ უკონტროლო წვდომა ციფრულ სივრცეში ნებისმიერი ინფორმაციის მოპოვების. სკოლის სივრცეში ხშირად თავს იჩენს უკვე გამწვავებული კონფლიქტი, რომელიც დაიწყო კიბერსივრცეში. სკოლების, მასწავლებლების უმრავლესობა ცდილობს შეზღუდოს მობილურების აქტიური გამოყენება გაკვეთილზე, მაგრამ პრობლემა ისევ რჩება პრობლემად. მნიშვნელოვანია მოსწავლეთა ინფორმირებულობა, თუ რა საფრთხეები შეიძლება გამოიწვიოს კიბერბულინგმა.
უსაფრთხო, პოზიტიურ გარემოს ქმნის სკოლის მთელი გუნდი, მშობელი, თემი. როდესაც მოსწავლე ხედავს ურთიერთპატივისცემაზე დამყარებულ ურთიერთობებს, ხედავს მის როლს და საჭიროებას სასკოლო საზოგადოებაში, რომ სკოლა მხოლოდ ეროვნული გამოცდებისათვის არ ცდილობს მოსწავლეთა მხარდაჭერას, არამედ ეხმარება პროფესიული ორიენტაციის არჩევაში, უჩნდება დაცულობის, სიმშვიდის თავდაჯერებულობის განცდა სასკოლო, თუ ოჯახურ გარემოში. დაცულობის შეგრძნება, ნდობის მაღალი მაჩვენებელი აძლევს მოსწავლეს თავისუფლად განვითარების საშუალებას.