ნინი სამხარაძე
სსიპ ომარ ასლანიძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხანჯურის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე
ვწერ და ვგრძნობ თუ როგორი რთული წასაკითხი იქნება, თუმცა ნამდვილი…
13 სექტემბერი იდგა, იმ დღეს ცა თითქოსდა სხვანაირი იყო, მზე სულ არ ანათებდა და თითქოს ნისლსა და ბურუსში გახვეული დუმდა მთელი ქალაქი. მტკვარიც უჩვეულო იყო და სწორედ ამ დღეს ტორნადოსავით დაატყდა თავს უბედურება ჩემს ქალაქს.
მარიამი და ელენე ამ დღეს უნივერსიტეტში იყვნენ. თითქოს სხვა დღეებისაგან არაფრით გამორჩეული, ჩვეულებრივი სამშაბათი იყო. რატომღაც ორივეს შიშის გრძნობა ეუფლებოდა, მაგრამ ყურადღებას არ აქცევდნენ და ყურადღება სხვა რამეზე გადაჰქონდათ. უცებ მარიამმა, რომელიც ჩაფიქრებული იყო და ქალაქს აკვირდებოდა, აკანკალებული ხმით იკითხა: რა იქნება ხვალ? ხვალ უკეთესი იქნება დამიჯერე, უთხრა ელენემ და ამ დროს ორივემ დამაყრუებელი ხმაური გაიგონა. ორივე მათგანი თითქოსდა ყინულად გადაიქცა. მომაკვდინებელი ბოლო ხმაა, რომელიც მათ ჩაესმათ და უცებ გაქრა სიყვარულიც, მეგობრობაც და ის ლაღი გოგოებიც, რომლებიც ორი დღის წინ სიხარულით დააბიჯებდნენ თბილისის ქუჩებში. დარჩა მხოლოდ ყინულად გადაქცეული ქუჩები. გლოვის ზარებმა ჩამოჰკრეს, უცებ დადუმდა ქალაქიც… მტკვარი ცრემლებმა აადიდა… შენ ხომ ასეთი მდუმარე არასოდეს გინახავს ქალაქი…
05/03/2023წ.
როგორ მომენატრა
გაზაფხული ახლად შემობრძანებულა ჩემს სოფელში. ჩემი სოფელი ყველაზე გამორჩეულია ამ დროს. და თუ მკითხავენ რატომ გამოარჩევ ამ სოფელს, გეტყვით რომ აქ ჩემი ბავშვობა, ჩემი ოქროსფერი და ლაღი დრო გავატარე. ჩემი ალუჩის ხე და ძველი სახლი ყველაზე მეტად მენატრება, ალიონზე წითელი კაბით რომ გამოვრბოდი სახლიდან და მასთან ვთამაშობდი. მენატრება ჩემი ეზო, რომლის ინტერიერი დღეს სრულიად სხვა არის, ვიდრე 10 წლის წინ იყო და განა მარტო ჩემი ბავშვობა მენატრება? მე მენატრებიან ჩემი მეგობრებიც, მგონია რომ ისინი სადღაც გულის სიღრმეში ისევ ჩემთან ერთად აცხობენ ტალახის ტორტს, მგონია, რომ დედა ისევ ყვავილებს მიყიდის და გამაცილებს პირველი კლასისაკენ. დღესაც, როცა სკოლაში შევდივარ და პირველკლასელებს ვუყურებ, მგონია, რომ იმ ლაღ ბავშვს დავინახავ, რომელმაც ახლად გაიცნო სკოლა. თითქოს ცოტა ეშინია და იქეთ-აქეთ აცეცებს თვალებს, როცა პირველად მასწავლებელს გაიცნობ… ფიქრობდა მარიამი და მოწყენილი გაჰყურებდა თავის სოფელს. აქ ყოველ კუთხესა თუ კუნჭულში მის თავს ხედავდა. ეს ყველაფერი გულს სევდით უვსებდა. ნეტავ ისევ პატარა ვიყო, სილები ჩავიყარო თმებში, ტორტი გამოვაცხო ტალახისგან. სახლში რომ შევალ, ისევ დამხვდეს ბებიაჩემის თონის პურები და ჩემს მეგობრებს თხილის გულივით გავუნაწილო. ავძვრე მეზობლის ვაშლის ხეზე და პატარა ვაშლები ჩუმად დავკრიფო. ბევრი კითხვებით ავავსო ბებია, ცოტაც ვიცუღლუტო და კუთხეშიც დავდგე.
ეს არის დრო, რომელიც არასოდეს დაგვავიწყდება, ვერავინ შეგვიცვლის ბავშვობის წუთებს, ის სამუდამოდ იქნება ჩვენს გულსა და გონებაში ჩაბეჭდილი.
06/03/2023წ.
მთელი შენი ოქროსავით ლამაზი წლები მე შემომწირე ჩემო დედიკო…
მახსოვს ჩვენი სახლი. სულ ღიმილით რომ მხვდებოდი, დედა. სკოლიდან მოსულს შემომეგებებოდი, ჩანთას მართმევდი და სუფრასთან მსვამდი. გაკვეთილების მომზადებაში ჩემთან ერთად ათენებდი ღამეს. თუ ავად ვიყავი, არ გეძინა. შენ არც ერთი წამით არასოდეს არ მტოვებდი, დედა. შენ სიბერე ვერასოდეს გავნებს. ნეტავ ისევ ის პატარა ბავშვი ვიყო, დედა. შენი დამსახურებაა, მე თუ მაქვს დღეს წარმატება, ჩაილაპარაკა და დედის საფლავს მიუბრუნდა. აკოცა, მიულოცა დედის დღე და წამოვიდა. მთელი გზა, ყველა ნაბიჯი ახსენებდა დედას. თითქოს ისევ პატარა, ლაღი ბავშვი იყო. 50 წლის ასაკში მისმა ბავშვობამ მოულოდნელად გამოიღვიძა. გაქრა სილუეტები, ფიქრები კი დარჩა მხოლოდ ბავშვობისა და რეალობის ჭიდილში. უცებ მისი პატარა შვილი მოვიდა, მოირბინა იებით ხელში და უთხრა: „დედის დღეს გილოცავ დედა“. მან ისეთივე სიხარული იგრძნო, როგორსაც ადრე გრძნობდა დედა. სიხარულმა სევდა ისე ჩაუნაცვლა, ვერც კი მიხვდა, რომ დაბერდა, რომ აღარ იყო ის პატარა ბავშვი, რომელსაც მუდამ ჰყავდა დედა. ეხლა მივხვდი, დედა, თუ რად ღირდა შენთვის ჩემი ერთი მოტანილი ია. სასთუმალზე რომ გეძახდი, დედი, მე ხომ შენი შვილი მქვია? ამაყი ვარ, რომ ხარ ჩემი დედა. როცა შენთან გამომგზავნა ღმერთმა, ასე მითხრა, რომ ანგელოზი გქვია. გაიფიქრა და გული გაუთბა დედაზე ფიქრებით. მე ხომ აქამდე არ მესმოდა მისი, ეხლა კი ჩემთვის ყველაფერი ნათელია, – თქვა, ბოლოჯერ დედის საფლავს გახედა, გაიღიმა, თითქოს ცრემლები მოაწვა თვალებს, სული უკიდეგანობაში დაიკარგა. ნეტავ რატომ არ მესმოდა მისი ეს კითხვა, რომელიც გონებასა და გულს არ ასვენებდა.
დედა
ალბათ სწრაფად გაირბინეს წლებმა,
ჭაღარაც ხომ შეგერია თმაში,
აღარავარ ის პატარა ბავშვი, იებს
როცა გიკრიფავდა ბაღში.
ისე სწრაფად ჩაიარეს წლებმა,
ეხლა ვხვდები დრო ხომ სწრაფად გადის,
არასოდეს დამიბერდე დედა,
მინდა მერქვას სამუდამოდ ბავშვი.
მინდა ისევ დაგიკრიფო ია,
გაზაფხულზე ჩვენს ბაღში რომ ყვავის,
მინდა გითხრა ანგელოზი გქვია
და ეს სტროფიც დავასრულო ამით.