რა უფრო დიდი ტრაგედიაა ადამიანისთვის – სულიერი უნაყოფობა თუ სულიერი სიბერწე?
დავით ღვინჯილია
თბილისის ვლადიმირ კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლა-პანსიონის XII/6 კლასის მოსწავლე
ადამიანი სულიერი სრულყოფილებისაკენ უნდა მიისწრაფვოდეს. იგი არ უნდა იშურებდეს არაფერს ამ მიზნის მისაღწევად. ოდითგანვე ქართველი ადამიანი სულიერ კეთილდღეობას პირველ ადგილზე აყენებდა და მზად იყო საკუთარი სულის საცხონებლად განევლო არაამქვეყნიური ტანჯვა. ჩვენი ქვეყნის ისტორიამ და ქართულმა მწერლობამ მრავლად შემოგვინახა ასეთი პიროვნებების მაგალითები: წმინდა აბო თბილელი, შუშანიკ დედოფალი, გრიგოლ ხანძთელი, თამარ მეფე და უამრავი სხვა. აქ ჩნდება კითხვა: რატომ თამარი და გრიგოლ ხანძთელი, ისინი ხომ მოწამეობრივი სიკვდილით არ გარდაცვლილან? ნუთუ მათი ცხოვრება მოწამეობრივზე ნაკლები იყო, ნუთუ მათ სამსხვერპლოზე არ მიიტანეს საკუთარი ამქვეყნიური კეთილდღეობა თავისი და სხვათა სულების ქრისტეს ნათელში ნეტარებისათვის? სწორედ ასეთი ადამიანი მიმაჩნია სულიერად ნაყოფიერად, რომელიც საკუთარ თავსაც იცხონებს და სხვასაც დაანახებს ცხონების გზას. აქ მინდა მოვიყვანო სერაფიმე საროველის შემდეგი სიტყვები: „თუ ხორციელად იცხოვრებ, სულსაც დაღუპავ და ხორცსაც; ხოლო თუ ღვთივსათნოდ იცხოვრებ, ორივეს აცხოვნებ“ და „ამყოფე სული შენი სიმშვიდეში და შენს ირგვლივ ათასები გადარჩებიან“.
დავით კლდიაშვილის მოთხრობაში „სამანიშვილის დედინაცვალი“, წარმოდგენილია ორი პერსონაჟი, ორი მამა, კირილე მიმინოშვილი და პლატონ სამანიშვილი. ორივე ოთხ-ოთხი შვილის მამაა, მაშასადამე, ფიზიკური უნაყოფობის არაფერი ეტყობათ. მაგრამ ვაი ასეთ ნაყოფიერებას, როცა მათი სულები სრულიად უნაყოფოა. წმინდა მამათა სწავლების მიხედვით, ადამიანმა უნდა „დაიმდაბლოს თავი თვისი, რათა სული მისი ამაღლდეს“, კირილე კი საპირისპიროს აკეთებს. იგი ცხოვრობს ქეიფიდან ქეიფამდე, ღრეობიდან ღრეობამდე, რაც სწორედ მის სულიერ სიბერწეზე მიგვანიშნებს; ხოლო პლატონი არღვევს უფლის მიერ მოცემული ათი მცნებიდან ორს. პირველი: „პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილ გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქვეყანასა ზედა“. პლატონი მოხუცებული მამის ცოლს შეურაცხჰყოფს, მამას ეჩხუბება და სარჩო-საბადებელს უყოფს, შედეგად ბეკინა საფლავში გამწარებული ჩადის; მეორე: „არა კაც-ჰკლა“. მიუხედავად იმისა, რომ პლატონს არ ჩაუდენია მკვლელობა, მას ჰქონდა ამის განზრახვა და მცდელობა, როცა მან დედინაცვალს წიხლი ჩაარტყა ჯერ კიდევ დაუბადებელი ძმის მოსაკლავად. მაშასადამე, პლატონიც სულიერად ბერწია. ძველ ისრაელში უშვილობას ღვთის რისხვად მიიჩნევდნენ. მართალია, რომ ელისაბედი და ზაქარია (იოანე ნათლისმცემლის მშობლები) თავდაპირველად უშვილოები იყვნენ. მიუხედავად ამისა, მათ ერთი სიტყვა არ დასცდენიათ ღვთის საყვედრებელი, რის გამოც უფალმა ისინი უდიდესი სასწაულის მონაწილენი გახადა. ზაქარიას და ელისაბედს შეეძინათ ძე, სახელად იოანე, რომელმაც მომავალში უამრავი ხალხი და თვით განკაცებული ღმერთი, იესო ქრისტე, მონათლა იორდანეში.
რაც შეეხება დღევანდელობას: ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ ეპოქაში, როდესაც ადამიანის ღირებულებას განსაზღვრავს არა სულიერება, არამედ თუ რამდენი გამომწერი ჰყავს სოციალურ ქსელებში და ამერიკელი პრეზიდენტების პორტრეტებიანი რამდენი ქაღალდი დევს მის საბანკო ანგარიშზე. ამასთან ერთად ამ „ადამიანების“ სახლებში ბავშვების ჟრიამული კატის კნავილმა და ძაღლის ყეფამ ჩაანაცვლა. ხალხმა მთავართან ერთად (მთავარში სულიერი ნაყოფიერება იგულისხმება), დაკარგა გამრავლების უნარი. მათთვის შვილი ზედმეტი საწვალებელია, კატის ან ძაღლის მოვლა ხომ ბევრად უფრო ადვილია? სანამ ასე იფიქრებს თანამედროვე „საზოგადოება“, იგი დარჩება როგორც სულიერი, ისევე ფიზიკური სიბერწის მსხვერპლად.
ამდენად, ჩემი აზრით, ნათელია თუ რომელი უფრო დიდი ტრაგედიაა – ფიზიკური უნაყოფობა თუ სულიერი სიბერწე. რა თქმა უნდა, ჩვენთვის, უბრალო ადამიანებისათვის, ორივე დიდი ტრაგედიაა, თუმცა ცხონება ფიზიკური სიბერწის დროს შესაძლებელია, რაც მე შეუძლებლად მიმაჩნია სულიერი უნაყოფობის დროს. აქედან გამომდინარე, პირადად მე უფრო დიდ ტრაგედიად სულიერი სიბერწე მიმაჩნია.
„ბულბული ანა“ და გალაკტიონი
თინათინ შარაბიძე
თბილისის ვლადიმირ კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლა-პანსიონის XII/6 კლასის მოსწავლე
მეორე მსოფლიო ომის უკუნ ბნელში ნათელი სხივივით შემოიჭრა ანა კალანდაძე, მუდამ რაღაცაზე მშფოთვარე და მწუხარე ხალხს მგოსნის ლექსებმა გული მოულბო და დაუამა. ახალგაზრდა პოეტის ლექსები გამოძახილი იყო სიყვარულისა ყველაფრისადმი, განურჩევლად და მიუკერძოებლად. ის წერდა სამშობლოზე, ბუნებაზე, წმინდანებზე, პოეტებზე, მარადიულობაზე, იდუმალებასა და ჩვენი ქვეყნის ისტორიაზე. მისი „საქართველოო ლამაზო“ წარმოადგენს დაუოკებელ ტრფობას საქართველოს ბუნებისადმი, რომლის ყოველი ელემენტი, უტურფესი, ქვეყნის დიდებას ჰგალობს:
„ბარად შრიალებს ჭადარი,
მზეს უმღერიან ჩიტები…
მხარევ მოსილო დიდებით,
სხვა საქართველო სად არი?“
ცის ხსენება გვხვდება ანა კალანდაძის თითქმის ყოველ ლექსში და ქართულ ცას პოეტი განსხვავებულ მნიშვნელობას ანიჭებს, ის ღრმაა უსასრულოდ იმიტომ, რომ საუკუნეთა სასწაულნი მუდამ ადიდებენ:
„შენ ისე ღრმა ხარ, ქართულო ცაო,
შენ ისე ღრმა ხარ…
შენი დიდების მომღერალია
ოშკი და ზარზმა.“
ყველა დიდებულ მგოსანს აქვს გულში ის კაეშანი, რომელიც არ ეხება ყოფით ამაოებაზე ზრუნვასა და წუხილს, არამედ უფრო მაღალსა და მიუწვდომელზე ფიქრში იქცევა პოეტის მარადიულ ლანდად და შეუჩერებლად ავლენს თავს მის შემოქმედებაში:
„მო, მომეახლე, მითხარ, მიამბე,
კაეშნით მოცულს
და ობლად შთენილს
დამიყვავე და მომეფერე.“
ქართულ მწერლობაში ვაჟამ ყველაზე უფრო მძაფრად შემოიტანა ბუნებისა და ადამიანის ურთიერთგაგების თემატიკა, გაგვიცოცხლა ბუნებრივ ელემენტთა არსებობა და მათთან უშუალო კავშირი დაამყარა, რასაც ახერხებს ანა კალანდაძეც, რომელიც თითქმის ყველა ლექსში ეხმიანება ბუნების საოცარ ძალებს:
„ლხენით ვისმენ ბეღურების წივ-წივ, წივ-წივს…
ამოდიან, ბალახების სუნთქვა მესმის.“
პოეტის სახლის წინ დაურგველად ამოვიდა თუთა, რომელმაც შტოები მგოსნის ფანჯრებს ალერსიანად მიუკაკუნა და ლექსში „თუთა“ გამოაშკარავებული მწველი ჩურჩულით დააფიქრა ანა კალანდაძე, ზურმუხტისფერი ხე ავტორის უახლოეს მეგობრად იქცა:
„რა ჩურჩული… დამდაგველი, მწველი…
ლამის სახლში შემოვიდეს თუთა,
ლამის წელზე შემომხვიოს ხელი…“
თითქოს გალაკტიონის სიტყვებს:
„ოჰ, ასეთია ჩემი ცხოვრება:
იანვარს მოძმედ არ ვეძნელები“
ეხმიანება ანა კალანდაძის წუხილი:
„თუ გაზაფხულის ზეფირმა გრილმა
მიპოვოს გული,
ვეჭვ იმის გახსნას…“
მართალია, გალაკტიონის ფერები უფრო ცივია და მონაცრისფრო, ხოლო ანასი – ნათელი და სითბოს მომტანი, მაგრამ ორივეს გულში დაუსადგურებია სევდას, შეუჩერებელსა და დაუოკებელს იმიტომ, რომ ამქვეყნიური ამაოებისთვის არ გაჩენილა არც ერთი პოეტი, ისინი ცათა სასუფევლის დაუდგრომელ ძებნაში არიან და თუ ანასათვის უფალი ეჭვების განმქარვებელია:
„მეუფევ, ჩემო,
ჩემში ეჭვნი დაივანებენ.“
გალაკტიონს მუდამ თან სდევს ღვთისმშობლის ზმანება:
„მაგრამ მე მუდამ მემახსოვრება
შენი თოვლივით მკრთალი ხელები.“
ანა კალანდაძე ცისკენ აფრენას ლამობს:
„ო, სულო ჩემო,
გეყო ლოდინი, –
აფრინდი ცისკენ!“
გალაკტიონი თეთრ აკლდამაზე ამაღლებას ნატრობს:
„ამაღლდი, სულო, თეთრ აკლდამაზე
მშვენიერების ლექსით მქებელი.“
გალაკტიონი ლექსში „სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში“ წერს:
„ღამენათევი და ნამთვრალევი,
დაღლილ ქალივით მივალ ხატებთან.“
ანა კალანდაძე ამბობს:
„მივეახლები კვლავ სახლსა წმინდას,
სახლს უსპეტაკესს ამ ცისა ქვეშე.“
აქ კი აუცილებლად გაახსენდება მკითხველს ტერენტი გრანელი:
„დავალ ქვეყანაზე, როგორც გაძარცული,
ღმერთო! დააჩქარე ჩემი აღსასრული.“
ანა კალანდაძეც და ტერენტი გრანელიც გულში არსებული ანგელოზის შემწეობით სულდგმულობენ ხალხთა შორის და ორივე ამ ანგელოზზე დაუფარავად ღაღადებს გულით:
„გულს ჩასახული
მყვა ანგელოსი
და სხივთა თოვით
ვიყავ მდიდარი…“ (ანა)
„გალაკტიონში არის დემონი
და ჩემში უფრო ანგელოზია“
(ტერენტი)
სიყვარულის დიადი გრძნობის გარეშე, როგორც ვიცით, „თვით უკვდავებაც არ არსებობს!“ რა თქმა უნდა, ანა კალანდაძესაც ეწვია ეს ყოვლისმომცველი გრძნობა, რომელიც მან მრავალ ლექსში ფარულად გადმოგვცა, ბუნებასთან შეკავშირების საშუალებით:
„ნაზის ნეკერჩხლის
ესე შრიალი…
გარდამესახოს, –
ხმად სატრფოისა,
მარად, ო, მარად!“
ქალი პოეტი, როგორც მორწმუნე ადამიანი, მრავალ წმინდანს უძღვნის თავის ლექსებს და მათ ღვაწლს საოცრად აღწერს. ლექსში „ქეთევან დედოფალი“ მგოსანი ამ უდრეკი დედოფლის წამებით აღსასრულს გვიხატავს, რომელიც თითქოს უნდა გვამწუხრებდეს, მაგრამ სინამდვილეში სიმშვიდე და სიფაქიზე ეუფლება ჩვენს სულს და ჩვენც წმინდანივით გვინდება წამოვიძახოთ – „არასოდეს!“:
„ცეცხლით სწვავდნენ
ტანშეძარულ დედოფალსა,
უდრეკ იყო დედოფალი.“
ანა კალანდაძეს დიდებულად აქვს აღწერილი წმინდა ნინოს შემოსვლა ქართლში და გამოუცდელი ქალწულის გრძნობებზე ნაზად საუბრობს. „მოციქულთა სწორს“ უფალი ამხნევებს მძიმე განსაცდელთა დასათმენად, მტკიცე რწმენა ქალწულს შეუძლებელს შეაძლებინებს:
„ნუ გეშინინ ეუბნება იესო…
გაეღვიძა… წუთით იგრძნო
მშობლის სევდა,
მაგრამ რწმენა ავალებდა რაოდენს?“
გასაოცარი ძველქართული სტილითა და მანერით დაწერილ ლექსს უძღვნის პოეტი წმინდა შუშანიკს, სადაც ბუნება ცოცხალი პერსონაჟია:
„მოჰყავთ შუშანიკი ტანჯული, გვემული…
მთათა მოიხადეს გვირგვინნი მეფურნი,
თვალთა სხივი მოწყდა ელვარებისაი
ტირიან, მოთქვამენ „დედანი ზეპურნი“,
ტირიან ყვავილნი ცხარედ ველისანი.
მარტვილს მოაცილებს ქარი მგლოვიარე,
კრძალვით კარს უღებენ ძალნი ზეცისანი…
ხენი თავებს ხრიან ძაძით შენამკობნი
მოკვდა შუშანიკი თთუესა სთულისასა
და ცხოვრებას მისას წერდა იაკობი.“
ამგვარად, წმინდანებზე, ცათა სასუფეველზე, სიყვარულსა და უფალზე სასოებით მღაღადებელი ამ ქალი პოეტის სული მართლაც იყო განათებული მზის შუქით და სხივებით, ღმერთის მიერ გამოგზავნილ იმ ნათელს წარმოადგენდა, რომელმაც ნუგეში სცა ურწმუნოებისგან და განუკითხაობისგან შერყეულ ქართველ ერს.
როგორც ქალბატონი ლუარა სორდია ამბობს: „ანა კალანდაძის სიდიადის აღიარების დასტურია მისი ხსენება ნიკოლოზ ბარათაშვილის, ვაჟა-ფშაველას, გალაკტიონ ტაბიძის გვერდით“ [სორდია, ანა კალანდაძის ესთეტიკის საკითხები, 2009 წ. გვ. 4].
ვის ხელეწიფება ბრბოდ ქცეული საზოგადოების გამოფხიზლება
მარიამ შარაბიძე
თბილისის ვლადიმირ კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლა-პანსიონის XII/6 კლასის მოსწავლე
ბრბოს ფსიქოლოგიასა და მის მიერ გამოწვეულ პრობლემებზე ბევრს უსაუბრია, ამის გამოსწორება უცდიათ კიდეც, მაგრამ საზოგადოება რატომღაც მიდრეკილია ამ საყოველთაო დაავადებისკენ. ბრბო ოდითგანვე პრობლემას წარმოადგენდა, ამ ანომალიის შესახებ ბევრი ნაწარმოებიც დაწერილა. თითქმის ყველა მხატვრულ ტექსტში საუბარია ბრბოს გამანადგურებელ თვისებებზე. როდესაც ამ თემატიკას ვეხებით, აუცილებლად გაგვახსენდება გიორგი ლეონიძის „მარიტა“ – უბრალო გოგონა, რომელიც ბრბოდ ქცეულმა თანასოფლელებმა უმოწყალოდ ჩაქოლეს; ან კიდევ „სარჩობელაზედ“, თოკით დაკიდული ბიჭის გარშემო შეკრებილი საზოგადოება, თუ როგორ აკვირდება, ყოველგვარი ემოციის გარეშე, ადამიანის ჩამოხრჩობის „სანახაობას“. საერთოდ, ბრბოს მსხვერპლი არა მხოლოდ მარიტას მსგავსი ადამიანები არიან, არამედ უგუნური გროვის უნებურად გამხდარი წევრებიც, როგორებიც არიან, მაგალითად, ბრბოში შემთხვევით აღმოჩენილი პეტრე და მიხეილ ჯავახიშილის მოთხრობის „ეშმაკის ქვა“ პერსონაჟი – სოფიო, რომელსაც არ სურდა „დამნაშავის“„ დასჯაში მონაწილეობა, მაგრამ ძალაუნებურად ხელში ქვა მაინც აიღო. მთავარი პრობლემაც ესაა, ძალიან რთულია შეეწინააღმდეგო ბრბოს დამთრგუნველ ძალას, რომელიც ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს შენზე. ეს მხოლოდ ისეთ ადამიანებს ძალუძთ, რომელებიც შინაგანად და სულიერად არ არიან უგუნურ ჯოგად ქცეული საზოგადოების ნაწილი.
გურამ რჩეულიშვილის მოთხრობაში „ალავერდობა“ კარგად ჩანს ზემოთ აღნიშნული მოვლენა. ნაწარმოების მთავარი გმირი, რომელიც თავად ავტორია, ყველანაირად ცდილობს დღესასწაულზე მისული ხალხის ყურადღების მიქცევას, რომ იქნებ, როგორმე გამოაფხიზლოს ღრეობაში თავდაკარგული საზოგადოება. გურამი თავის მიზანს აღასრულებს კიდეც და მიწას ჩაცქერებულ, მატერიალურზე მიჯაჭვულ, ადამიანთა მზერას ზეცისკენ მიაპყრობს. მაშასადამე, ღრეობის თავდაუვიწყარი ექსტაზით გაბრუებული ხალხი ერთმა ადამიანმა გამოაფხიზლა. ნაწარმოების დასაწყისშივე ვხედავთ, რომ გურამი, თავისი შინაგანი მრწამსით, არ არის უგუნური ბრბოს ნაწილი, რამდენადაც არ უნდა ეცადოს, რომ თვითონაც დათვრეს, იცეკვოს და იქნებ როგორმე გაუგოს სხვებს.
მსგავს პრობლემას ვხედავთ ჯემალ ქარჩხაძის მოთხრობაში „იგი“, რომლის მთავარი პერსონაჟია პირველყოფილ ადამიანთა ჯოგის ერთ-ერთი წევრი. ის, თანატომელებისგან განსხვავებით, გამართულია, რაც მისი გარიყულობის მიზეზი ხდება. იგი ცდილობს მოხრას, რაც გამოუვა კიდეც და ჯოგის მიერ „აღიარებული“ წევრი გახდება, მაგრამ სულიერად იგი მაინც არ არის მათი ნაწილი. საბოლოოდ, დაძინების ქარაფისაკენ მიმავალი მთავარი გმირი ისევ გამართულია. ეს მოვლენა ბრბოს გამოფხიზლების დასაწყისია, ვინაიდან იგი, უკან მოხედვისას, დაინახავს წელში გამართულ თანატომელ მეგობარს – ზუს. ამ შემთხვევაში, ერთი ადამიანის მიერ დატოვებული კვალი ხდება დასაწყისი სხვა ადამიანების პროგრესისა.
ასევე საინტერესოა, ამ თვალსაზრისით, ოთარ ჭილაძის თეთრი ლექსი „ადამიანი გაზეთის სვეტში“. ნაწარმოების მთავარი გმირი ჯარისკაცია, რომელიც არ დამორჩილდება ბრძანებას და აჯანყებულ მოქალაქეებს არ ესვრის, პირიქით, მათი ინტერესების დამცველი ხდება, რასაც ეწირება კიდეც. აქაც, მთავარი პერსონაჟი, მიუხედავად იმისა, რომ ჯარისკაცია და ბრძანების შესრულება მისი ვალდებულებაა, მაინც არ ესვრის მართალ ხალხს ტყვიას. მართალია, ის შეეწირა ადამიანების დაცვას, თუმცა დატოვა სიკეთის მარცვალი მათ გულებში, რომელიც აუცილებლად გაღვივდება და კეთილ ნაყოფს გამოიღებს. ეს კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯი გახდა ომში ჩაფლული სამყაროს გამოფხიზლებისაკენ.
როგორც ვხედავთ, ბრბოს ფსიქოლოგიასთან პირდაპირაა დაკავშირებული პიროვნებისა და საზოგადოების ურთიერთობის თემა, მასზე საუბრისას აუცილებლად გაგვახსენდება ვაჟა ფშაველას „ალუდა ქეთელაური“. ნაწარმოებში კონფლიქტის მიზეზი დრომოჭმული ტრადიციაა – მტრისთვის მარჯვენის მოჭრა. ალუდა მიხვდება, რომ ეს წესი არაქრისტიანული და, შესაბამისად, არასწორია. ამ დროს ჩნდება ბზარი პიროვნებასა და საზოგადოებას შორის და როცა მთავარი გმირი შეეწინაღმდეგება და დაარღვევს დოგმას ხალხის წინაშე, ამას აღარ პატიობს თემი. ალუდას თანასოფლელები, ერთ დროს მათთვის საქებ და სათაყვანო გმირს, სახლ-კარს უწვავენ და თემიდან ოჯახიანად აძევებენ, თუმცა აქაც სასიკვდილოდ განწირული ალუდა-ქეთელაური თავის ნაკვალევს მაინც დატოვებს.
ამდენად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საზოგადოების ბრბოდ ქცევისკენ მიდრეკილება უკურნებელი სენია, თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ გამოაფხიზლონ და საკუთარ თავს დაუბრუნონ უგუნური ბრბოს უნებურად დაზარალებული წევრები.