ნიკა უთალიშვილი
თბილისის არქიმედეს სკოლის იტორიის მასწავლებელი
„მოსწავლეებს უნდა ვასწავლოთ ისე, რომ მათ გაიგონ ისტორია და ის, რომ რასაც ვასწავლით, არ არის ერთხელ და სამუდამოდ ქვაში ამოკვეთილი. წარსული არასოდეს არ შეიძლება აღვადგინოთ მთელი სიზუსტით და ისტორიის სწავლება არასოდეს შეწყდება – შეუძლებელია ისტორიის სრული და საბოლოო შეცნობა…“
დევიდ ლოუვენტალი
⇓ ეთანხმებით თუ არა დოქტორ დევიდ ლოუვენტალის ამ შეხედულებას?
ჩვენ თუ ამ საკითხს მივუდგებით ისტორიის როგორც სამეცნიერო დარგის შეფასებას – რასაკვირველია, აქ ერთი პოზიცია არ არსებობს. პირველ რიგში, ისტორია ეს არის მეცნიერება, რომელიც ხელს უწყობს საზოგადოების განვითარებას და, თანამედროვე გაგებით, მისი მთავარი დანიშნულება, ბევრ სხვა საკითხთან ერთად, არის ის, რომ ადამიანმა ობიექტურად გააანალიზოს მის გარშემო, ზოგადად, საზოგადოებაში, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ მიმდინარე ფაქტები, მოვლენები დროსთან კავშირში. ამიტომ ისტორია, თავის მხრივ, როგორც მეცნიერება, პირველ რიგში, საზოგადოების განვითარების საფეხურებს შეისწავლის, სხვადასხვა ეპოქებისა და პერიოდების მიხედვით, თუ როგორ მოახდინა საზოგადოებამ დღემდე ტრანსფორმაცია და რატომ არის მნიშვნელოვანი ისტორიის სწავლების პროცესში, ერთი მხრივ, ადამიანის, ინდივიდის განვითარება და, მეორე მხრივ, ინდივიდის როლი საზოგადოებაში. აქედან გამომდინარეა ისტორია, როგორც საზოგადოებრივი მეცნიერება. თავისთავად, ისტორიის შესწავლა, გარკვეულწილად, დამყარებულია ფაქტებზე, სხვადასხვა ისტორიულ წყაროებზე, თუმცა ფაქტებიც და ისტორიული წყაროებიც გარკვეულ ინტერპრეტაციას საჭიროებს ხოლმე. ინტერპრეტაციაში იგულისხმება ის, რომ ერთი ისტორიკოსის მოსაზრება და შეხედულება, შეიძლება, მეორე ისტორიკოსის მიერ იყოს გადაფასებული ან კრიტიკულად შეფასებული. ამიტომაც, გარკვეულწილად, ლოუვენტალის ეს შეფასება ნაწილობრივ შეიძლება ჩავთვალოთ მისაღებად, რომ ნებისმიერი ფაქტი თუ მოვლენა შეიძლება გარკვეულ ინტერპრეტაციას საჭიროებდეს. თუმცა, ვერ ვიტყვით ნებისმიერ ისტორიულ ფაქტზე თუ მოვლენაზე, რომ მცდარია ან ყალბი, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც აუცილებელია გადამოწმება. ამიტომ, თანამედროვე ისტორიკოსმა და ისტორიის მასწავლებელმა მოსწავლე, პირველ რიგში, იმაზე უნდა დააფიქროს, რომ ნებისმიერ ისტორიულ მოვლენას თუ ფაქტს აქვს თავისი გარკვეული წყარო, რომლის მიხედვითაც ვასწავლით. რა თქმა უნდა, მხოლოდ ისტორიკოსების მოსაზრებებითა და ნააზრევით კი არ უნდა ვასწავლიდეთ ბავშვებს, თანამედროვე მოსწავლეს ადამიანის პერსპექტივიდან უნდა შევახედოთ, გადააზრებით, ანალიტიკური თუ კრიტიკული აზროვნებით ან თუნდაც, ალტერნატიული შეხედულებებით ვასწავლოთ. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან ისტორია დროსთან ერთად ტრანსფორმირდება და დროსთან ერთადვე ახდენს გარკვეული მოსაზრებების, კონცეფციების ჩამოყალიბებას. მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა ისტორია ობიექტურად, მაგრამ კრიტიკულად გაააზრებინოს მოსწავლეს.
რომ შევაჯამო, რა თქმა უნდა, ისტორია ემყარება გარკვეულ ფაქტებს, მოვლენებსა და თარიღებს, რომელიც ჩვენამდეა მოსული ამა თუ იმ ისტორიული წყაროთი. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს მოსაზრებები ჩვენეული შეხედულებებით არ წარმოვადგინოთ. მაგალითად, მარტივად რომ ვთქვათ, ჰეროდოტეს ცნობები, რომ კოლხები ეგვიპტიდან იყვნენ წამოსულები, შემდგომ, ჯავახიშვილის და სხვა მეცნიერთა მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით უარყოფილია. რა თქმა უნდა, მოსწავლეს იმთავითვე არ ვუბიძგებთ, რომ ეს მოსაზრება ღრმა მეცნიერულ ჭრილში განიხილოს, მაგრამ აუცილებელია, თანამედროვე ისტორიის სწავლების პროცესში, მას კვლევა-ძიების უნარი გამოუმუშავდეს. თუკი ვფიქრობთ, რომ მოსწავლეს ეს უნარები უნდა ჩამოუყალიბდეს, ის, გარკვეულწილად, მკვლევარი უნდა გახდეს (ეს არ გულისიხმობს სიღრმისეულ კვლევებს, არამედ საკუთარი მოსაზრებების ჩამოყალიბების კომპონენტს), კრიტიკულად შეაფასოს ესა თუ ის ისტორიული მოვლენა. ამის გარეშე თანამედროვე ისტორიის სწავლება, პრაქტიკულად, წარმოუდგენლად მიმაჩნია. გარდა ამისა, ნებისმიერი საგნის, ამ შემთხვევაში კი ისტორიის, სწავლების მთავარი მიზანი ხომ ის არის, რომ მოსწავლე ჩამოყალიბდეს ჯანსაღ, სწორი ღირებულებების მქონე მოქალაქედ, რომელიც, საბოლოო ჯამში, საკუთარი ქვეყნის, საზოგადოების განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს. ეს არის ნებისმიერი საგნის სწავლების მთავარი მიზანი, რაც ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებითაც განსაზღვრულია. ბუნებრივია, ისტორიის სწავლებამაც ამისკენ უნდა უბიძგოს მოსწავლეს.
⇒ პასუხობს თუ არა დღევანდელი სკოლა, სახელმძღვანელო, რესურსები ამ მიზანს?
ერთია საგნობრივი კომპეტენცია, რომელიც მოსწავლემ უნდა გაიაზროს სიღრმისეულად და მეორეა, ამ საგნობრივი კომპეტენციის მიხედვით, იმ ზოგადი უნარების განვითარება, რომელიც მას აქტიურ მოქალაქედ აყალიბებს, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების და იმ ღირებულებითი ნაწილის ჩამოყალიბებაში დაეხმარება, რაც აუცილებელია დღევანდელ ეპოქაში. ეს ერთობლიობა – საგნის, დისციპლინის ცოდნა (ისტორიის ცოდნა) პლუს ზოგადსაკაცობრიო უნარების ჩამოყალიბება და განვითარება, საბოლოო ჯამში, განაპირობებს იმას, რომ ის იქნება აქტიური, სწორი ღირებულებებით შეიარაღებული მოქალაქე, რომელიც საკუთარი ქვეყნის განვითარებაში წვლილს შეიტანს. ეს ცალსახად მნიშვნელოვანია და ისტორიის საგნის სწავლების მიზანიც სწორედ ეს გახლავთ. მოსწავლემ აუცილებლად უნდა შეძლოს, ისტორიის სწავლის პროცესში, იმ ძირითადი ისტორიული საკითხების გააზრება, რომელიც განსაზღვრულია ეროვნული სასწავლო გეგმის და საგნობრივი სტანდარტის მიხედვით. პირველ რიგში, იმას, რომ მოსწავლემ ამა თუ იმ ფაქტების მიხედვით შეძლოს კონკრეტული მოვლენის გააზრება, სხვადასხვა წყაროების და ძეგლების მიხედვით (იქნება ეს წერილობითი, ეპიგრაფიკული, ლაპიდარული, მჭედლური თუ სხვადასხვა ტიპის წყაროები) დროის/პერიოდის აღდგენა და გაანალიზება, წყაროების ინტერპრეტირება – რამდენად იძლევა ეს წყაროები ისტორიის გაცოცხლების, გააზრების შესაძლებლობას. ეს მოსწავლეს უყალიბებს კრიტიკულ და შემოქმედებით აზროვნებას. მაგალითად, როცა ის რომელიმე მემუარულ ჩანაწერს გაეცნობა, შეუძლია ისტორიული რეალობის აღდგენა და მისი დროითი სივრცის ჭრილში გააზრება, ამ წყაროს მიხედვით – არის თუ არა სანდო, რამდენად არსებობს ისტორიკოსთა მხრიდან ინტერპრეტაციის საფუძველი და ა.შ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, დროის სივრცით ჭრილში, მოსწავლემ ამა თუ იმ ეპოქის მახასიათებლები გაიაზროს. მოგეხსენებათ, ისტორია პერიოდებად, ეპოქებად იყოფა. ამიტომ, თითოეულ პერიოდს გარკვეული კულტურული, ეკონომიკური, პოლიტიკური თუ სოციალური მახასიათებლები აქვს, ამას ემატება გეოგრაფიული სივრცეები, არეალები, სადაც ეს ეპოქები იმპერიების თუ სახელმწიფოების გაერთიანებების მიხედვით ყალიბდებოდა. მოსწავლემ უნდა დაინახოს მისი კავშირი თანამედროვეობასთან. საბოლოო ჯამში, თუ ჩვენ გვინდა, ბავშვი აქტიურ და სწორ ღირებულებებზე ორიენტირებულ სრულფასოვან მოქალაქედ ჩამოყალიბდეს, აუცილებლად ისტორიული ჭრილიდან უნდა შევახედოთ და დავაფიქროთ საკუთარ როლზე თანამედროვე საზოგადოებაში – როგორ ჩამოყალიბდეს ისეთ მოქალაქედ, რომელიც თანამედროვე სახელმწიფოს განვითარებაში შეიტანს წვლილს.
ბუნებრივია, სწავლების მიზნებს რომ მივაღწიოთ, პირველ რიგში, ვსვამთ კითხვას – როგორ? ანუ სკოლა პასუხობს თუ არა ამ მოთხოვნებს. სკოლის როლი აქ ცალსახად ერთგვარია – მისი მისია და მიზანია, რომ თითოეული საგნის მასწავლებელმა ხელი შეუწყოს სასწავლო პროცესში მოსწავლის ჩართულობას. აქ კი, ჩემი აზრით, პირველ რიგში, გადამწყვეტი როლი მასწავლებელს და მის პროფესიონალიზმს ენიჭება. თითოეული საკითხის სწავლებისას, აუცილებლად, მხოლოდ მოსწავლეთა ინტერესებიდან უნდა ამოვიდეთ. დღეს სწავლების პროცესი მხოლოდ სახელმძღვანელოს არ უნდა დაეყრდნოს, არამედ, სხვადასხვა ტიპის რესურსებს და მასალებს. აქედან გამომდინარე, ვერც ისტორიის სწავლება იქნება მხოლოდ სახელმძღვანელოს ამარა, რაც უნდა კარგი სახელმძღვანელოები გვქონდეს. ისტორიის შესწავლა არ არის მხოლოდ სახელმძღვანელოში შესული ნარატიული ტექსტების თუ წყაროების წაკითხვის და გაცნობის პროცესი. რა თქმა უნდა, არ არის მარტივი, გავარკვიოთ, რა არის თითოეული მოსწავლის ინტერესი, თუნდაც ისტორიის სწავლების პროცესში – თანამედროვე მოსწავლეს უკვე ჩამოყალიბებული აქვს საკუთარი ინტერესები, მისწრაფებები და შესაძლებლობები, რაც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ და მხოლოდ ამის შემდეგ დავგეგმოთ გაკვეთილი და მისი განხორციელების გზები. აქვე გეტყვით, რომ მოსწავლე-მასწავლებლის თანამშრომლობა მხოლოდ 45 წუთით არ უნდა შემოიფარგლოს.
პირველი მნიშვნელოვანი რესურსი, რა თქმა უნდა, სახელმძღვანელოა, მაგრამ არა ერთადერთი. კონცეპტუალურად სახელმძღვანელოები შედგენილია სტანდარტის მიხედვით და გააქტიურებულია ის ძირითადი პრინციპები, რაზეც ვისაუბრე, თუმცა, მეტ-ნაკლებად, შესაძლებელია და აუცილებელიცაა, ეს კომპონენტები კიდევ უფრო გაძლიერდეს. ყოველდღიურად იცვლება და ვითარდება პედაგოგიური მიდგომები. შესაბამისად, სახელმძღვანელოებიც მოითხოვს დახვეწას და განვითარებას.
ვისურვებდი, რომ ისტორიის სახელმძღვანელოებში უფრო მეტი საინტერესო ამბები იყოს გადმოცემული და ილუსტრაციებით იყოს დახუნძლული. მოსწავლეებს უფრო მოსწონთ და აინტერესებთ ხოლმე, როცა მეფეებზე, ისტორიულ პერსონაჟებზე საინტერესო ამბებია მოთხრობილი და ა.შ. ეს, გარკვეულწილად, უფრო ეფექტურს ხდის სახელმძღვანელოს. საშუალო საფეხურის, X-XI კლასების სახელმძღვანელოების შინაარსობრივ ნაწილზე შემიძლია გითხრათ, რომ ეს ძალიან თვალსაჩინოდაა წარმოდგენილი. ასევე, კარგი იქნება, თუკი პარაგრაფების რაოდენობას გადახედავენ. შეიძლება პარაგრაფების შინაარსი ისე დაჯგუფდეს, რომ მთელი წლის პროგრამის, რაც სახელმძღვანელოს მიხედვითაა გათვალისწინებული, ამოწურვა შეძლოს მოსწავლემ.
მაგრამ აქ ისევ იმ მოსაზრებას დავუბრუნდები, რომ ესეც მასწავლებელზეა დამოკიდებული. მას შეუძლია სახელმძღვანელოში წარმოდგენილი თემატური ბლოკების, ერთეულების სწავლება, რომლებიც კონკრეტული ეპოქების მიხედვითაა შერჩეული, ისე დაგეგმოს, რომ მოსწავლემ საკითხების ერთობლიობის მიხედვით ააგოს ცოდნა. ბუნებრივია, სახელმძღვანელო მის ასაკობრივ მოთხოვნებს უნდა პასუხობდეს.
როგორც მასწავლებელი, პირველ რიგში, ვისურვებდი, რომ თითოეული პარაგრაფი გვაწვდიდეს უფრო საინტერესო ცნობებს და წარმოდგენილი სავარჯიშოები თუ სხვადასხვა ტიპის შეკითხვები, ერთი მხრივ, ხელს უწყობდეს მოსწავლის შემოქმედებითი და ანალიტიკური აზროვნებისკენ წაყვანას და, მეორე მხრივ, კვლევა-ძიების უნარების ჩამოყალიბებასა და განვითარებას. როგორც აღვნიშნე, ეს ყველაფერი საშუალო საფეხურის (X-XI) სახელმძღვანელოებში მეტ-ნაკლებად გათვალისწინებულია, საბაზო საფეხურის ისტორიის წიგნები კი უფრო მეტად დასახვეწია.
სახელმძღვანელოს გარდა, უამრავი ციფრული რესურსია ხელმისაწვდომი პედაგოგებისთვის, მაგალითად, el.ge-ს რესურსების ბანკი, რომელიც აქტიურად შეუძლიათ გამოიყენონ. მე პირადად, ხშირად ვიყენებ, წარმოუდგენლადაც კი მიმაჩნია, ციფრული რესურსების გარეშე, დღეს, გაკვეთილის ჩატარება. ერთია, რამდენად კარგი და სრულფასოვანი სახელმძღვანელოები და მრავალფეროვანი რესურსები გვაქვს, მაგრამ მეორე და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რამდენად ართმევს თავს მასწავლებელი სრულფასოვან სასწავლო პროცესს.
ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ყოველდღიურად, რომ ყოველი მომდევნო გაკვეთილი კიდევ უფრო საინტერესო და სახალისო გავხადოთ მოსწავლისთვის. მხოლოდ ასე დავაინტერესებთ ბავშვებს დღევანდელ ეპოქაში და არა მხოლოდ ერთი სახელმძღვანელოთი ან რესურსით, რაც უნდა სრულფასოვანი იყოს ის.
⇒ როგორი გაკვეთილები მოსწონთ მოსწავლეებს
ჩემი მოსწავლეების მაგალითზე გეტყვით – ძირითადად, ისეთი, სადაც თვითონ არიან დიდი დოზით ჩართული. მაგალითად, როცა ერთად განვიხილავთ ამა თუ იმ ისტორიულ მოვლენას, ვმსჯელობთ კრიტიკულად, რომელიმე კონკრეტული ისტორიკოსის მიერ მოწოდებულ ცნობას ვაფასებთ კრიტიკულად და ა.შ. ძალიან მოსწონთ ბავშვებს, როცა საკუთარ მოსაზრებებს გამოთქვამენ, ამით შეფასებითი უნარიც უყალიბდებათ. ასევე, ძალიან მოსწოთ, როცა ჩართული არიან შემოქმედებით პროცესში. სულ ვცდილობ, ჩემი გაკვეთილები ისეთი იყოს, რომ მოსწავლემ გაიუმჯობესოს შემოქმედებითი უნარები. მაგალითად, ძალიან ხშირად ვიყენებ დილემებით სწავლებას, რომლის მთავარი მიზანია, მოსწავლემ განსხვავებულად შეძლოს ამა თუ იმ საკითხის ინტერპრეტირება, თანამედროვე ან სხვა ეპოქებთან დაკავშირება და შემდეგ, ანალიზის, შეჯამების სახით წარმოდგენა. ბუნებრივია, აქ მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა სწორად წარმართოს პროცესი, რომ არ გასცდეს საგაკვეთილო თემატიკას და გავიდეს იმ სამიზნე ორიენტირზე, რაც აქვს მოხაზული. ასევე მოსწონთ ბავშვებს, მაგალითად, კომპლექსური დავალება, რომელსაც ხშირად ვიყენებ როგორც დაწყებით, ისე ზედა საფეხურის მოსწავლეებთან. დავალებების შექმნის პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულები, მეტად თანამშრომლობენ ერთმანეთთან, სწავლობენ ერთმანეთისგან, მეტ შეკითხვას სვამენ. მოკლედ, ეს პროცესი უფრო სახალისოა მათთვის. კიდევ უფრო საინტერესოა უკვე შექმნილი შემოქმედებითი პროდუქტის/დავალების, მაგალითად, მემუარის, დღიურის, ჩანაწერების ან თუნდაც, გაციფრებული დავალებების (ვიდეორგოლები, სხვადასხვა პროგრამებში აწყობილი დავალებები და ა.შ.) კლასში წარდგენა. რამდენიმე დღის წინ, მაინქრაფტში შექმნილი არაჩვეულებრივი დავალებები მომიტანეს. ეს პროცესები მათთვის ბუნებრივად ხდის საინტერესოს გაკვეთილსაც და შესაბამისად, ისტორიის სწავლებასაც, უყალიბებთ პრეზენტაციის უნარსაც – აუდიტორიასთან საკუთარი შესაძლებლობების გაზიარების, წარმოჩენის. ცოდნის შეძენასთან ერთად, მრავალმხრივი სარგებელი აქვს – თანამშრომლობისა და კომუნიკაციის უნარების განვითარებას უწყობს ხელს და რაც მთავარია, საკუთარ ნამუშევარს თვითონვე აფასებენ, ხედავენ სუსტ და ძლიერ მხარეებს, რა არის გასაუმჯობესებელი. ასევე, ეცნობიან და აფასებენ ერთმანეთის ნამუშევრებსაც (თანამშრომლობის კულტურა უყალიბდებათ). ოღონდ შეფასება მხოლოდ პოზიტიურ ჭრილში უნდა წარიმართოს – რეკომენდაციები და რჩევები უნდა მისცენ ერთმანეთს. აი, ასეთი გაკვეთილები მოსწონთ. ამიტომ ვამბობ, რომ ისტორიის მასწავლებელი არ უნდა შემოისაზღვროს იმ ფაქტობრივი მოცემულობით და წყაროებით, რაც მხოლოდ სახელმძღვანელოებშია წარმოდგენილი.
⇒ როგორ და რა დოზით ისწავლება სკოლებში არც თუ შორეული წარსული – საბჭოთა ოკუპაცია
საბჭოთა ოკუპაცია ჩვენს სკოლებში ისწავლება როგორც საბაზო, ისე საშუალო საფეხურზე, კონკრეტულად, მეცხრედან მეთორმეტე კლასის პერიოდში, საკმაოდ ვრცელი პარაგრაფებით და საინტერესო რესურსებით წარმოდგენილი, მაგრამ, როგორც უკვე აღვნიშნე, ყოველთვის არ არის საკმარისი სახელმძღვანელოში მოცემული მასალა. ძალიან ბევრი წყარო არსებობს – სხვადასხვა ტიპის ჩანაწერები, პირველადი წყაროები, ვისაც უშუალოდ შეეხო ეს პერიოდი. მნიშვნელვანია, მასწავლებელმა სწორედ ამ ტიპის რესურსები გამოიყენოს, როცა 1918-21 წლების ისტორიას ასწავლის – ოკუპაციას და შემდგომ პერიოდს საქართველოში. რა თქმა უნდა, ეს ძალიან ტრაგიკული პერიოდია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, თუ როგორ ვასწავლით ახალ თაობებს. 70-წლიანი საბჭოთა პერიოდი ყველაზე ახლოსაა თანამედროვე ეპოქასთან. ჩვენ გვერდით ცხოვრობენ ადამიანები, რომელთა ოჯახებსაც მოუწიათ ამ პერიოდში ცხოვრება, ვისაც უშუალოდ შეეხო რეპრესიები. მათ იციან, თუნდაც საბჭოთა კავშირის ან მანამდე ცხოვრების პერიოდში, როგორი პოლიტიკურ-ეკონომიკური ვითარება იყო. ამიტომ, ამ საკითხების შესწავლის პროცესში, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა აქტიურად გამოიყენოს პირველ წყაროდ მიჩნეული ის ადამიანური რესურსი, რომელიც, საზოგადოების სახით, დღემდე გვყავს. შეგვიძლია, მოსწავლეებს შევთავაზოთ ისეთი ტიპის აქტივობების ან დავალებების შესრულება, სადაც მათი ოჯახის წევრებსაც ჩავრთავთ; შეუძლიათ გამოკითხვა ჩაატარონ, ინტერვიუები მოამზადონ. ეს ძალიან საინტერესოს გახდის ისტორიიის ამ მონაკვეთის შესახებ გაკვეთილებს. კვლევა-ძიებასთან ერთად, მშობლის ჩართულობაც გაიზრდება. მოსწავლისთვის საინტერესოა უშუალოდ საბჭოთა ეპოქაში მცხოვრები ადამიანების, ან მათი ოჯახის წევრების, ახლობლების თვალით დანახული და შეფასებული პერიოდი, რაც მეორე, ღირებულებითი ნაწილის, გააზრებაშიც დაეხმარებათ. საბჭოთა კავშირში მცხოვრები მოქალაქეების უმრავლესობამ გადააფასა ის ღირებულებები, რომელიც პროპაგანდის თუ სხვადასხვა მასობრივი საშუალებებით ინერგებოდა იმდროინდელ მოსახლეობაში. ამიტომ, ჩემი აზრით, ძალიან საინტერესოა თანამედროვე ბავშვისა და ყოფილ საბჭოთა კავშირში მცხოვრები ადამიანის მიერ, ერთობლივად, შეფასებული რუსული ოკუპაცია.
ოკუპაციის თემის სწავლებისას, ყოველთვის ვცდილობ, მოსწავლეები დაფიქრდნენ, როგორ უნდა დაიცვას საზოგადოებამ თავისუფლება. ერთია დამოუკიდებლობის მოპოვება და მეორეა მისი დაცვა, რაც პირდაპირ კავშირშია ერთმანეთთან. მინდა გაიაზრონ საკუთარი როლი ამ პროცესებში. მუდმივად ვცდილობ, იპოვონ კავშირები და გაავლონ პარალელები მაშინდელ და დღევანდელ საზოგადოებას შორის. დავანახო რა იყო მაშინდელი საზოგადოების ღირებულებები – ოკუპაციამდელი და ოკუპაციის შემდგომი საზოგადოების და მაშინ, როცა სასტიკი რეპრესიები დაიწყო. ვფიქრობ, ასეთი მიდგომებით დავეხმარებით ბავშვებს, ახალგაზრდებს სწორი ღირებულებების ჩამოყალიბების პროცესში. ეროვნული ღირებულებები, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებთან ერთად, აყალიბებს თანამედროვე მოთხოვნების მქონე სრულფასოვან საზოგადოების წევრს. საბჭოთა ოკუპაცია მაგალითადაც კი შეიძლება გამოიყენოს ნებისმიერმა ადამიანმა და მით უფრო ისტორიის მასწავლებელმა, როგორ ვასწავლოთ ბავშვებს თანამედროვე, დემოკრატიულ ღირებულებებსა და პრინციპებზე დაფუძნებული სახელმწიფოს მშენებლობა, სადაც თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ალტერნატივა არ აქვს და მას შენარჩუნება სჭირდება.
25 თებერვალი თითოეულ მოსწავლეს უნდა ახსენებდეს იმას, რომ თავისუფლებას სჭირდება დაცვა და რომ ყველა მოქალაქის როლი და ვალდებულება თანაბრად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის სასარგებლო საქმის კეთებაში. ყველამ პირნათლად უნდა შეასრულოს ეს ვალდებულება.
ბუნებრივია, ჩვენ გლობალური საზოგადოების ნაწილი ვართ, თანამედროვე სამყაროს ვაშენებთ. თანამედროვე საზოგადოების გამოწვევაც სწორედ ეს გახლავთ – უფრო გაძლიერდეს დემოკრატიული საზოგადოება, სადაც თითოეული მოქალაქის ხმა და როლი იქნება გააზრებული. ეს უნდა ვასწავლოთ ჩვენს მოსწავლეებს და ეს მისია ისტორიის სწავლებამ უნდა შეასრულოს, რადგან ისტორია, თავისი მსოფლმხედველობით, საზოგადოების განვითარებას შეისწავლის, საზოგადოებები კი დროსა და სივრცეში, სხვადასხვა ისტორიულ ეპოქებსა და პერიოდებში, განსხვავებული ღირებულებებით ერთიანდებოდნენ და ასევეა დღესაც. ეს ღირებულებები თანამედროვე საზოგადოებაში პლურალიზმს ეფუძნება და, რა თქმა უნდა, ამის სწავლება სკოლიდან უნდა დაიწყოს. ისტორიის სწავლებამ ამ გზით უნდა შეუწყოს ხელი ბავშვის აღზრდას, რომ შემდეგ ისეთ მოქალაქედ ჩამოყალიბდეს, რომელსაც მკაფიოდ ექნება განსაზღრული თანამედროვე საზოგადოებაში საკუთარი როლი და მისია.