თამაზ ცხადაძე
სასკოლო კურიკულუმების განვითარებისა და მხარდაჭერის პროგრამის ექსპერტი
ეროვნულ სასწავლო გეგმაში მოსწავლეთა, სკოლისა და სხვა დაინტერესებულ პირთა მოტივაციის, სასწავლო პროცესის ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობისთვის გათვალისწინებულია მატერიალური და მორალური წახალისება (კომპიუტერი, ოქროსა და ვერცხლის მედალი), რაც თავისთავად მისასალმებელია. დრომ, პრაქტიკულმა გამოცდილებამ და არსებულმა რეალობამ გვაჩვენა, რომ წახალისების ეს ფორმა ამჟამად საჭიროებს გადახედვას, დახვეწას, შინაარსობრივ ცვლილებას.
ზოგადად, ბუნებრივია, მატერიალური და, თუნდაც, მორალური წახალისება, თუ მას განხორციელებისას თან არ ახლავს დროისა და გარემოს შესაბამისი მექანიზმი, ყოველთვის იღებს უკეთესის სასურველ ხასიათს, რაც, ამ შემთხვევაში, აისახება არამარტო სასკოლო კლიმატზე. ნიშანდობლივია, რომ წახალისებისთვის წარმოქმნილი თანამდევი პერიპეტიები სკოლებში თავს იჩენს არა რაღაც ლოკალურ დროში, არამედ სასწავლო წლის დასაწყისიდანვე და კულმინაციას დასრულების დროს აღწევს. ამ პროცესში, ყოველწლიურად, თავიდანვე ჩართულია სკოლის დირექცია, მეორე-მესამე საფეხურის ყველა მასწავლებელი, წახალისების კანდიდატის მშობელი, განსაკუთრებით – კლასის ხელმძღვანელი, რადგან მან უნდა აკონტროლოს, მის კლასში შემავალი მასწავლებლების მიერ, კომპიუტერისა და მედლის კანდიდატისთვის დაწერილი ნიშნები (წლების განმავლობაში, ვიღაც ნაკლებ 10 ქულას მიიღებს ან, უნებლიედ, შეცდება ნიშნის დაწერაში). უფრო მეტიც, სკოლებში მოსწავლეთა აკადემიური შეფასების სისტემის დევალვაციასაც იწვევს ის, რომ წახალისების მსურველთათვის დაწერილი, უმეტესწილად, გაზრდილი ქულები თანამდევია კლასის, სკოლის დანარჩენი მოსწავლეებისთვისაც. ეს ფაქტი რომ ერთეულ სკოლებს ეხებოდეს, ამაზე საუბარს ნაკლები მნიშვნელობა ექნებოდა, მაგრამ სულ რამდენიმე სკოლიდან მოყვანილი მონაცემებიც კი საკითხის განსჯისკენ გვიბიძგებს.
⇑⇓ სტატისტიკური მონაცემებით:
⇒ ქვეყნის მასშტაბით, 2018-2019 ს/წ, მედალი 4 271 მოსწავლეს გადაეცა, ამათგან 3 246 ოქროს, ხოლო 1 025 ვერცხლის მედალოსანია. აქედან კონკრეტულად წარმოვადგინოთ რამდენიმე სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისა და მათზე გაცემული მედლების რაოდენობა:
თბილისის №…. საჯარო სკოლა, მოსწავლეთა რაოდენობა – 173, მედალოსანთა რაოდენობა – 38;
თბილისის №…. საჯარო სკოლა, მოსწავლეთა რაოდენობა – 119, მედალოსანთა რაოდენობა – 24;
ქუთაისის №…. საჯარო სკოლა, მოსწავლეთა რაოდენობა – 124, მედალოსანთა რაოდენობა – 22;
გორის №…. საჯარო სკოლა, მოსწავლეთა რაოდენობა – 84, მედალოსანთა რაოდენობა – 17;
ბორჯომის №…. საჯარო სკოლა, მოსწავლეთა რაოდენობა – 67, მედალოსანთა რაოდენობა – 16.
აქ მოცემული სკოლების დამამთავრებელი კლასების, თითქმის, ყოველი მეხუთე მედალოსანია?!
⇒ რეგიონების მიხედვით, 2020-2021 ს/წ
თბილისი – 1242 ოქრო, 457 ვერცხლი;
იმერეთი – 669 ოქრო,161 ვერცხლი;
კახეთი – 289 ოქრო, 61 ვერცხლი.
ოქროს მედალი მეტია, ვიდრე ვერცხლის მედალი?!
მოსწავლე უნდა წახალისდეს, მით უმეტეს კომპიუტერით, დღევანდელ ვითარებაში, მაგრამ არსებული შედეგები, ვფიქრობთ, აცდენილია რეალობას (ამ სიტყვების გადამოწმება შეიძლება მოსწავლეთა შედეგების მიხედვით სასკოლო ოლიმპიადებსა და ეროვნულ გამოცდებზე). მთლიანობაში, კეთილმა განზრახვამ, დადებითთან ერთად, მოსწავლეთა წახალისების მსურველთათვის თანდათან სხვა მახასიათებლებიც შეიძინა, რომლის გათვალისწინებაც, ვფიქრობ, უფრო მიმზიდველსა და ეფექტურს გახდის აღნიშნულ წახალისებას:
♦ ძირითადი აქცენტი მხოლოდ ნიშანზე, სხვა ყველა, ფორმალური თუ არაფორმალური, აქტივობა თითქმის უგულვებელყოფილია.
♦ წლების განმავლობაში, მოსწავლემ, სასწავლო პროცესის ყოველ დღეს, შეფასების ყველა კომპონენტსა და ყველა საგანში, მხოლოდ უმაღლესი შეფასება უნდა მიიღოს, რაც წარმოუდგენელია და სავსებით გამორიცხავს ადამიანურ ფაქტორებს.
♦ პოტენციური კონფლიქტური სიტუაციები, უმეტესად, სუბიექტური ფაქტორის გამო, რადგანაც წახალისების მექანიზმი უამრავი ამგვარი ფაქტორის დაშვების შესაძლებლობებს იძლევა.
♦ წახალისების არსებულმა ფორმამ, როგორც ადრე პოსტსაბჭოთა დროს, ისევ გამოავლინა ნეგატიური გვერდითი მოვლენები.
♦ სკოლის მცდელობა, ხელოვნურად გაზარდოს მედალოსანთა და კომპიუტერის მიმღებთა რაოდენობა, როგორც მისი საქმიანობის შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმი.
♦ სკოლაში, ყოველი სემესტრის თუ ს/წ დასასრულს, ჩვეულებრივი სასკოლო სამუშაო გარემოს ნაცვლად, მიზანს აცდენილი აქტივობები, ნიშნების გამოყვანასთან დაკავშირებით.
თუკი წახალისების მექანიზმს იმ მიმართულებით დავხვეწთ, რომ გამოვრიცხოთ სუბიექტური ფაქტორი, შესაძლოა, მან მეტად დადებითი როლი ითამაშოს მოსწავლისა და სკოლის განვითარებაში. განვიხილოთ ერთ-ერთი ალტერნატიული გზაც — როგორ მოვახდინოთ წახალისების მექანიზმისა და შინაარსის გაფართოება, გაუმჯობესება:
1) წახალისების კანდიდატობის ნებაყოფლობით მსურველთა აკადემიური ცოდნის შეფასება, საგნობრივ სტანდარტთან მიმართებაში. უნდა დადგინდეს შესატყვისი განმსაზღვრელი შეფასება, ამჟამად მოქმედი საგნობრივი ოლიმპიადების მეშვეობით, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაკვეთით ახორციელებს ეროვნული გამოცდებისა და შეფასების ცენტრი, სკოლებთან თანამშრომლობით, იმიტომ, რომ მას ობიექტური შეფასების გაცილებით მეტი რესურსი და ნდობაც აქვს ამ მიმართებით, ის მოქმედებს შეფასების ერთიანი სტანდარტით მთელი ქვეყნის მასშტაბით.
აქვე აღვნიშნავთ, რომ მოსწავლეთათვის, სკოლებისა და დაინტერესებულ პირთათვის საგნობრივი ოლიმპიადა გამოყენებული იქნება, მხოლოდ და მხოლოდ, როგორც საშუალება, უფრო გამართული სერვისით მომსახურებისთვის, რომ წარმატებულ მოსწავლეთა საგნობრივი შეფასება დროისა და ადამიანური რესურსების მინიმიზების ხარჯზე მოხდეს.
ოლიმპიადის შედეგების მიხედვით, მედლებისა და კომპიუტერის მისაღებად, ქულათა საშუალო, გონივრული ქვედა ზღვარი უნდა დადგინდეს სკოლებისა და წახალისების გამცემი მხარის ერთობლივი შეთანხმებით.
მოსალოდნელი შედეგი:
♦ მკვეთრად შემცირდება ნიშნის გამოყვანის თანამდევი დამღლელი პერიპეტიები;
♦ სკოლა გამოთავისუფლებულ დროს უფრო მიზნობრივად გადაანაწილებს;
♦ სკოლაში შემცირდება კონფლიქტური სიტუაციები;
♦ მინიმუმამდე დაეცემა ნეპოტიზმი, კომპიუტერებისა და მედლების გაცემასთან დაკავშირებით;
მოსწავლეთათვის მედლისა და კომპიუტერის გაცემა-მიღება სკოლებს მეტ პრესტიჟს შესძენს.
2) ტექნიკურად, ეს პროცესი — შეფასებების მიბმა ჩვეულებრივ სასკოლო საგნობრივი ოლიმპიადების შედეგებზე, არ საჭიროებს არავითარ განსხვავებულ, შეუჩვეველ, დამატებით მექანიზმებსა თუ სახსრებს.
მოსალოდნელი შედეგი:
♦ სკოლები, ზედმეტი ხმაურის გარეშე, ნაკლები დანახარჯებით, უფრო ობიექტურ შეფასებას მიიღებენ, მოსწავლეთა წახალისებისთვის.
3) საგნების ჩამონათვალი, რომლის შედეგებითაც – მეორე საფეხურის ბოლოს (კომპიუტერისთვის), მესამე საფეხურის ბოლოს (მედლისთვის) და სასკოლო საგნობრივი ოლიმპიადის ყოველი სასწავლო წლის შედეგების მიხედვით, მოსწავლე განაცხადს გააკეთებს წახალისების მისაღებად – 1. სახელმწიფო ენა; 2.ფიზიკა ან მათემატიკა; 3. საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; 4. საზოგადოებრივი მეცნიერებები. თითოეული ჯგუფიდან ერთი საგანი, მოსწავლის არჩევანის მიხედვით, სულ – ოთხი საგანი.
მოსალოდნელი შედეგი:
♦ შემცირდება საგნების რაოდენობა (12-ის ნაცვლად, 4), რომლებიც გავლენას ახდენს წახალისების მიღებაზე. მათი ერთ დონეზე სწავლა, წლების განმავლობაში, ზედმეტ დატვირთვას ახდენს მოსწავლეზე, მის ჯანმრთელობაზე, აფერხებს, აკადემიური ცოდნის გარდა, სხვა უნარების განვითარებას.
4) კომპიუტერის (მეორე საფეხურზე) და მედლის მისაღებად (მესამე საფეხურზე), ყოველ სასწავლო წელს, სასკოლო საგნობრივი ოლიმპიადის ბოლო ეტაპზე, მოსწავლეს უნდა უფიქსირდებოდეს, მის მიერვე არჩეული, ოთხივე საგნის საერთო ქულა: ოქროს მედლისთვის – 8,5 ქულა, დამრგვალებით; ვერცხლის მედლისთვის – 8 ქულა, დამრგვალებით (ნაცვლად დღევანდელი 10 და 9.8 ქულისა, დაუმრგვალებლად); კომპიუტერის მსურველებს – 8 ქულა, დამრგვალებით.
მოსალოდნელი შედეგი:
♦ ვიხრებით მოსწავლისკენ, რადგან თითქმის შეუძლებელია, ან მხოლოდ ერთეულებისთვის, წლების განმავლობაში, ყველა საგნის დაძლევა დაუმრგვალებელ 10 ქულაზე.
♦ ამ გათვლით, მოსწავლე არ ზარალდება რამდენიმე უზუსტობის დაშვების ან ყოველდღიური რუტინის გამო;
♦ ეძლევა არჩევნის საშუალება;
♦ წახალისებისთვის უფრო მეტ მოსწავლეს ეზრდება მოტივაცია და მიზანი უფრო შესაძლებელი, ხელმისაწვდომი ხდება.
5) საგნობრივ ოლიმპიადაზე გამოვლენილ აკადემიურ მოსწრებასთან ერთად, კომპიუტერისა და მედლების მისაღებად, მოსწავლემ სკოლას უნდა წარუდგინოს, საფეხურების მიხედვით, ყოველწლიური აქტივობები, მინიმუმ – თითო, როგორც კლასგარეშე, ასევე სკოლის გარეშე, რომელიც დაფიქსირებული იქნება მის პორტფოლიოში და ამ აქტივობებს დაადასტურებს პედაგოგიური საბჭო/სპეციალური კომისია.
მოსალოდნელი შედეგი:
1) ნაცვლად „მოსწავლის აკადემიური მიღწევის აღიარებისა“, შემდგომში იქნება „მოსწავლის წარმატების აღიარება“;
2) მოსწავლეთა შეფასებისას, საყრდენი ცენტრი გადაინაცვლებს, მხოლოდ აკადემიური მოსწრებიდან, სხვა სასიცოცხლოდ აუცილებელ აქტივობებზე;
3) გაიზრდება მოსწავლეთა ჩართულობა არაფორმალურ განათლებასა თუ სხვა აქტივობებში.
ეროვნულ სასწავლო გეგმაში შესატანი ცვლილების პროექტი
მუხლი 37. მოსწავლის წარმატების მიღწევის აღიარება.
- წარმატების მაღალი დონე გულისხმობს სასწავლო წლის ან საფეხურის აკადემიური მოსწრების (ქულები 8-10-ის ჩათვლით) და სასკოლო და სკოლისგარეშე აქტივობებით წარჩინებით დამთავრებას. წარჩინებული მოსწავლეების წახალისების წესს, სურვილისამებრ, განსაზღვრავს სკოლა სასკოლო სასწავლო გეგმით.
- მოსწავლე ოქროს მედლითა და შესაბამისი სერტიფიკატით წახალისდება:
2.1 თუ საშუალო საფეხურზე, სასკოლო ოლიმპიადაზე საგნობრივი ჯგუფებიდან ( 1) ქართული ენა და ლიტერატურა, ქართული ენა არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებისათვის, 2) მათემატიკა, 3) ქიმია, ბიოლოგია, ფიზიკა 4) ისტორია, გეოგრაფია) არჩეული თითო საგნის (სულ ოთხი) მესამე საფეხურის საერთო ქულა არის 8,5 და მეტი, დამრგვალებით.
2.2 პედაგოგიური საბჭოს/სპეციალური კომისიის მიერ დადასტურებულია, წელიწადში, მოსწავლის, სულ მცირე, თითო კლასგარეშე და სკოლის გარეშე აქტივობაში წარმატებული მონაწილეობა.
კლასგარეშე და სკოლისგარეშე აქტივობებს მოსწავლე წლების მიხედვით აფიქსირებს პორტფოლიოში და ამ აქტივობებს, საფეხურის დამთავრებისას, წარუდგენს პედაგოგიურ საბჭოს/სპეციალურ კომისიას. აქტივობების შეფასების კრიტერიუმს შეიმუშავებს სკოლა.
- მოსწავლე ვერცხლის მედლითა და შესაბამისი სერტიფიკატით წახალისდება:
3.1 თუ საშუალო საფეხურზე, სასკოლო ოლიმპიადაზე საგნობრივი ჯგუფებიდან (1) ქართული ენა და ლიტერატურა, ქართული ენა არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებისათვის, 2) მათემატიკა, 3) ქიმია, ბიოლოგია, ფიზიკა 4) ისტორია, გეოგრაფია) არჩეული თითო საგნის (სულ ოთხი) ბოლო ეტაპების საერთო ქულა არის 8 და მეტი, დამრგვალებით.
3.2 პედაგოგიური საბჭოს/სპეციალური კომისიის მიერ დადასტურებულია წელიწადში, მოსწავლის, სულ მცირე, თითო კლასგარეშე და სკოლის გარეშე, აქტივობაში წარმატებული მონაწილეობა.
კლასგარეშე და სკოლისგარეშე აქტივობებს მოსწავლე წლების მიხედვით აფიქსირებს პორტფოლიოში და ამ აქტივობებს, საფეხურის დამთავრებისას, წარუდგენს პედაგოგიურ საბჭოს/სპეციალურ კომისიას. აქტივობების შეფასების კრიტერიუმს შეიმუშავებს სკოლა.
- მოსწავლე კომპიუტერით წახალისდება:
4.1 თუ საბაზო საფეხურზე, სასკოლო ოლიმპიადაზე საგნობრივი ჯგუფებიდან (1) ქართული ენა და ლიტერატურა, ქართული ენა არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებისათვის, 2) მათემატიკა, 3) ქიმია, ბიოლოგია, ფიზიკა, 4) ისტორია, გეოგრაფია) არჩეული თითო საგნის (სულ ოთხი) მეორე საფეხურის საერთო ქულა არის 8 და მეტი, დამრგვალებით.
4.2 პედაგოგიური საბჭოს/სპეციალური კომისიის მიერ დადასტურებულია წელიწადში, მოსწავლის, სულ მცირე, თითო კლასგარეშე და სკოლის გარეშე აქტივობაში წარმატებული მონაწილეობა.
კლასგარეშე და სკოლისგარეშე აქტივობებს მოსწავლე წლების მიხედვით აფიქსირებს პორტფოლიოში და, საფეხურის დამთავრებისას, წარუდგენს პედაგოგიურ საბჭოს/სპეციალურ კომისიას. აქტივობების შეფასების კრიტერიუმს შეიმუშავებს სკოლა.
- თუ პირმა წარჩინებით დაძლია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის კლასის/კლასების ან საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამა/პროგრამები ექსტერნატის ფორმით, ამასთანავე, დააკმაყოფილა მე-2 და მე-3 პუნქტების პირობები, მასზე გაიცემა შესაბამისი ოქროსა და ვერცხლის მედალი სერტიფიკატით.
ამ მუხლის მე-5 პუნქტის მოქმედება ვრცელდება იმ პირებზე, რომლებმაც „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის 98/ნ ბრძანების საფუძველზე, უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების აღიარების შემდეგ, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სავალდებულო საგნები, რომლებთან შესაბამისობაც არ იქნა დადგენილი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაძლიეს ექსტერნატის ფორმით.
სკოლას შეუძლია, თავისი შეხედულებისამებრ, ამ მუხლის 2, 3, 4 პუნქტით გათვალისწინებულ, წახალისებისთვის მითითებულ, საგნების ჩამონათვალს საათობრივი ბადიდან სხვა საგანი დაამატოს, რომელიც არ არის სასკოლო ოლიმპიადის საგნობრივი სიით განსაზღვრული. დამატებული საგნებისთვის ჩატარების წესსა და შეფასების კრიტერიუმებს განსაზღვრავს სკოლა.