შალვა ხუციშვილი
სსიპ ქალაქ თბილისის №219 საჯარო სკოლის დირექტორი
ქალაქ თბილისის №219 საჯარო სკოლის დირექტორი, რესპუბლიკის დამსახურებული მენტორი მასწავლებელი შალვა ხუციშვილი, უკვე 28 წელია, ხელმძღვანელობს სკოლას და მუდმივად იღვწის მოსწავლე ახალგაზრდობის აღზრდა-განვითარებისთვის. სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების შემდეგ, სწორედ მისი ხელშეწყობით, მოსწავლეთა შესაძლებლობების წარმოჩენისა და შემოწმების, სკოლის მართვისა და სასწავლო პროცესებში ჩართვის მიზნით, ახლად არჩეულმა თვითმმართველობის წევრებმა დაგეგმეს წლიური მუშაობა, შეადგინეს სამოქმედო გეგმა, რომელშიც, ასევე, გათვალისწინებული იყო მოსწავლეთა თვითმმართველობის კვირეულის ჩატარება.
მოსწავლეთა თვითმმართველობის შემადგენლობა ფართო ასაკობრივ დიაპაზონს მოიცავს (VII-XII კლასები). პროგრამაში ჩართული იყო როგორც მოსწავლეთა კონტინგენტი, ისე მასწავლებელთა სრული სპექტრი, პასუხისმგებლობა ყველამ თანაბრად გადაინაწილა, ყველას ერთი მიზანი ამოძრავებდა. მოსწავლეებმა მოსინჯეს საკუთარი ძალები, გამოავლინეს ცოდნა, ასიამოვნეს სხვას და თვითონაც გაიხარეს.

თვითმმართველობის წევრებმა, ხელმძღვანელი მასწავლებლების დახმარებით, დაამტკიცეს კვირეულის საორგანიზაციო კომიტეტი, შეადგინეს გეგმა. სკოლის დირექტორად და მოადგილედ სასწავლო-აღმზრდელობით დარგში, კანდიდატებად, შეარჩიეს მეთორმეტეკლასელები – ანი წიწიკაშვილი და გიორგი ოთარაშვილი.
3 ნოემბერს, თვითმმართველობის კვირეული საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. საქართველოს ჰიმნის შემდეგ, სკოლის ჰიმნი აჟღერდა. კვირის თითოეული დღე საინტერესო ღონისძიებებით იყო დატვირთული. აქტიურობდა ყველა – დიდი თუ პატარა, მასწავლებელი თუ მოსწავლე, მშობელი თუ ადგილობრივი მცხოვრები. მოეწყო შემოდგომის თემაზე მოსწავლეთა მიერ შექმნილი კედლის გაზეთების გამოფენა, გასუფთავდა სკოლის მიმდებარე ტერიტორია, ჩატარდა სპორტული შეჯიბრი „მხიარული სტარტები“.
კვირეულის მეხუთე დღეს, ყველა მასწავლებელი ცრემლმორეული უყურებდა იმ ადგილს, სადაც ადრე თვითონ იდგა და ასწავლიდა, ახლა კი მისი აღსაზრდელი მისგან მიღებულ ცოდნას თავის პატარა მეგობრებს უზიარებდა. ამ დღეს თითოეულმა მოსწავლე-მასწავლებელმა უდიდესი პასუხისმგებლობით გაიზიარა ის მძიმე, მაგრამ საამაყო ტვირთი, რასაც მასწავლებლობა ჰქვია.




მასწავლებლების რანგში, საუკეთესო გაკვეთილები ჩაატარეს: მარიამ ქერაულმა, ლიკა გობეჯიშვილმა, ვაჟა ცინცაძემ, ანა არღვლიანმა – მათემატიკა, შალვა ხუციშვილის, ციცინო ფიფაიშვილის, ნონა სუხიშვილის და ბაბილინა კორძაიას ნაცვლად; ელენე მინდიკაურმა – ქიმია, მედეა ტატიშვილის ნაცვლად; ანი წიწიკაშვილმა – რუსული ენა, მაია კუდუხოვის ნაცვლად; ლიზი ინასარიძემ, ელენე ჭელიძემ, ნათია მსხილაძემ და ბარბარე სხირტლაძემ – ქართული ენა და ლიტერატურა, შორენა ძიძიკაშვილის, ნანა ქაცანაშვილის, ნინო ტაკაშვილის, ნანა გოგოჭურისა და მარინე პეტრიაშვილის ნაცვლად; თენგო გიორგაძემ – ჭადრაკი, ციცინო ფიფაიშვილის ნაცვლად; ბარბარე კუპატაძემ და მარიამ ტალახაძემ – ისტორია, ლია იობაშვილისა და მაია ავალიშვილის ნაცვლად; მარიამ ბელაშვილმა – გეოგრაფია, ნანა გიგაურის ნაცვლად; ნინი ცხადაიამ – ბიოლოგია, მარინა ასლანიშვილის ნაცვლად; ლილიკო ვარდიშვილმა – ბუნებისმეტყველება, თამარ ტატუნაშვილის ნაცვლად; ანა თელიამ – ფიზიკა, დალი ბაზარაშვილის ნაცვლად; ნიკოლოზ ომიაძემ, გიორგი ფიცხელაურმა და ლუკა ვარდიშვილმა – ინგლისური ენა, მარი ოდიშელიძის, ია ადიკაშვილისა და ნუნუ შინჯიკაშვილის ნაცვლად; საბა დაიაურმა და ანი ძიძიკაშვილმა – ხელოვნება, ლამარა ჭინჭარაულისა და მაია მამულაშვილის ნაცვლად; ელენე ძელურმა და ნინო ადუაშვილმა – მუსიკა, ნათია მაჭავარიანისა და ნათია კალანდაძის ნაცვლად; გიორგი ოთარაშვილმა და დათო ანდიაშვილმა – სპორტი, ირაკლი არაბულისა და ნანა მარღიშვილის ნაცვლად; ლაშა შეთეკაურმა – ისტ, მარიამ ტაბლიაშვილის ნაცვლად.


ელენე შეთეკაურმა და ლუკა ვარდიშვილმა მიკროფონი მოიმარჯვეს და ჟურნალისტების ამპლუაშიც მოგვევლინნენ. მათ მოამზადეს კვირეულის აქტივობების ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა. სკოლის ექიმის მოვალეობა ნია ტაკაშვილმა შეასრულა.
ანი წიწიკაშვილმა და გიორგი ოთარაშვილმა კარგად გაართვეს თავი დირექტორისა და მოადგილის მოვალეობების შესრულებას. თვითმმართველობის კვირეული მოსწავლე-პედაგოგების საბჭოს სხდომით დაგვირგვინდა. შეაფასეს და შეაჯამეს კვირის განმავლობაში ჩატარებული აქტივობები. ბევრმა მოსწავლემ, სკოლის დამთავრების შემდეგ, უნივერსიტეტში პედაგოგიურ ფაკულტეტზე ჩააბარების სურვილი გამოთქვა, რომ მომავალში, სკოლას მასწავლებლის რანგში დაუბრუნდეს.


ამავე კვირეულის მსვლელობისას, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის, მიუხედავად ასაკობრივი სხვაობისა, გაიბა მეგობრობის, სიყვარულის, თანამშრომლობისა და თანადგომის უხილავი ძაფები.

მოსწავლე-მასწავლებელმა ერთმანეთს მშვენიერი დღეები და დაუვიწყარი წუთები აჩუქეს, რაც სკოლის ისტორიაში კიდევ ერთ საინტერესო ფურცლად ჩაიწერა.
მომდევნო კვირას, თვითმმართველობის ყველა წევრი და ღონისძიებაში მონაწილე მოსწავლეები სკოლის დირექტორმა ქების სიგელებით დააჯილდოვა. ასევე დაიგეგმა გასვლითი ღონისძიება ბუნებაში.
თვითმმართველობის კვირეულმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მოსწავლეებში დამოუკიდებლობის, პასუხისმგებლობისა და ლიდერობის განვითარება მნიშვნელოვანია თანამედროვე სკოლისათვის.










