გასულ წელს, განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროების შეთანხმებით საქართველოს საჯარო სკოლებში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების/სკოლების სამედიცინო პერსონალის საქმიანობის სტანდარტი გაიწერა, რომლის თანახმად, სკოლებში მოსწავლეთა ჯანმრთელობის დაცვას სკოლის ექიმი („პედიატრი“; „ოჯახის ექიმი“; „ზოგადი პროფილის ექიმი პედიატრი)“ ემსახურება. სკოლის ექიმის სამედიცინო მომსახურების ძირითადი მიზანია მოსწავლეთა ჯანმრთელობის მონიტორინგი, პირველადი სამედიცინო დახმარება, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარება და პრევენცია. გარდა ამისა, სკოლის ექიმს მრავალი ფუნქციური პასუხისმგებლობა აკისრია, მაგალითად, ფიზიკური განვითარების მონიტორინგი – შეაფასოს თუ როგორ იზრდებიან ჩვენი შვილები, როგორ იცვლება მათი წონა, როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა და მოუწოდოს მშობელს, ჩაუტაროს მოზარდს სიღრმისეული პროფილაქტიკური გამოკვლევები ყოველწლიურად და დადგენილ ასაკობრივ პერიოდებში. ასევე, სკოლის ექიმი აკონტროლებს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სანიტარიული და ჰიგიენური პირობების დაცვას, თვალყურს ადევნებს სასწავლო პროცესს, გაკვეთილების განრიგს.
ზოგადი პროფილის ექიმ-პედიატრს მაკა ლომინაძეს სკოლის ექიმობის 13-წლიანი სტაჟი აქვს. თავდაპირველად, 170-ე საჯარო სკოლაში მუშაობდა, დღეს კი თბილისის სკოლა-ლიცეუმ „მწიგნობართუხუცესის“ ექიმია. მრავალწლიანმა გამოცდილებამ კარგად დაანახა სასკოლო ასაკის ბავშვების ჯანმრთელობისა თუ ცხოვრების წესთან დაკავშირებული პრობლემები. მაკა ექიმისთვის მოსწავლეების ჯანმრთელობა ყველაზე მნიშვნელოვანია, მათი მისდამი სიყვარული კი – ყველაზე ძვირფასი.
სამუშაო დღე სკოლაში სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის შემოწმებით იწყება. „ყოველ დილით ვამოწმებ სველი წერტილების და საკლასო ოთახების სისუფთავეს, განათებას – საკლასო ოთახი უნდა ნათდებოდეს როგორც ბუნებრივი განათებით, ასევე ნათურით. ოთახი ხშირად უნდა განიავდეს და დამუშავდეს სველი წესით. ვმონაწილეობ სკოლის დღის რეჟიმის შედგენაში, ვაკვირდები ბავშვების განვითარებას, მოზარდებს ვურჩევ, გაკვეთილებს შორის, ფიზიკურად იაქტიურონ; მათი ასაკისა და ინდივიდუალური მდგომარეობის გათვალისწინებით, ვუხსნი პედაგოგებს, როგორ უნდა ისხდნენ მოსწავლეები მერხებთან, ვამოწმებ მერხების შესაბამისობას მათ ასაკსა და სიმაღლესთან. ამ წესების დაცვა აუცილებელია, რათა ძვალსახსროვანი და კუნთოვანი სისტემები ზედმეტად არ გადაიტვირთოს, ასევე, მოსწავლისთვის საკლასო ოთახში მხედველობის პრობლემების მიხედვით ვარჩევ სასურველ ადგილს, რეკომენდაციას ვაძლევ მშობლებს სკოლის გარეთ დღის რეჟიმის დაგეგმვის შესახებ.“
მაკა ექიმის საქმიანობის მთავარი ამოცანა პრევენციული სამედიცინო დახმარებაა. ეტაპობრივად, ყველა კლასში ატარებს მოსწავლეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს, რაც გულისხმობს ფიზიკური მონაცემების (სიმაღლის, წონის, გულმკერდის გარშემოწერილობის) შემოწმებას, გულ-სისხლძარღვთა სისტემის მოსმენით გამოკვლევას, ტანადობის შემოწმებას და სკოლიოზის, ტერფმრუდობის, ბრტყელტერფიანობის აღმოჩენას, მხედველობის დარღვევების გამოვლენას. სკოლის ექიმი მოსწავლეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ძირითად ინფორმაციას ბავშვების სიღრმისეული სამედიცინო გამოკვლევების შედეგად იღებს; მოსწავლეების სამედიცინო ფორმის მეშვეობით, თითოეული მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობას ზედმიწევნით ეცნობა, ამოწმებს ინფორმაციას ჩატარებული იმუნიზაციის შესახებ, შესაბამის მითითებებს აძლევს მშობელს დაგეგმილ ვაქცინაციებსა და გამოკვლევებთან დაკავშირებით. თუ მოსწავლეს საშიშ გადამდებ ინფექციურ დაავადებას აღმოუჩენს, საქმის კურსში ეპიდემიოლოგს აყენებს. „ყურადღებას ვამახვილებ ბავშვებზე, რომლებიც ხშირად ავადმყოფობენ. მათ მშობლებს ვურჩევ, ბავშვს გრიპის სეზონური ვაქცინაცია ჩაუტარონ. იმ მშობლებთან, რომლებიც არ არიან, ზოგადად, ვაქცინაციის მომხრე, მჭირდება საუბარი, რათა დავარწმუნო, რომ მათი შვილისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია. როგორც წესი, ისინი ჩემს რჩევას ითვალისწინებენ.
ბავშვები, შესვენების დროს, აქტიურად მოძრაობენ, დარბიან, ეცემიან, ერთმანეთს ეჯახებიან, ამიტომ, ხშირია ტრავმები და მიკროტრავმები. ზოგჯერ მოსწავლეს მაღალი ტემპერატურა აქვს, თავი ან მუცელი სტკივა, აქვს დიარეა… სკოლაში პირველ დახმარებას ვუწევ, შემდეგ კი მშობელს ვუკავშირდები, რომ ბავშვი სახლში ან საავადმყოფოში წაიყვანოს. თუ უფრო სერიოზულ პრობლემასთან გვაქვს საქმე, დაუყოვნებლივ სასწრაფო დახმარებას ვიძახებ. საბედნიეროდ, სერიოზული შემთხვევა ჯერ არ გვქონია.“
ბავშვის სწრაფად მზარდი ორგანიზმის ზრდასრულობამდე, ჯანმრთელობის უამრავი პრობლემა ჩნდება. ჯანმოს ექსპერტების მიერ გამოვლენილი ძირითადი პრობლემებია: სოციალურ-ეკონომიკური დეზორიენტაცია, მოწევა, სუიციდი, ფსიქიკური და ფსიქიატრიული დარღვევები. ამას ემატება ანემია, არაჯანსაღი კვება, კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და სასუნთქი ორგანოების დაავადებები… დღეს უკვე ყველას ესმის, რომ, ზოგადად, ბავშვების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მდგომარეობა რთულია, კლასში, მინიმუმ, ერთი ისეთი დაავადებაა, როგორიცაა: ბრტყელტერფიანობა, მხედველობის დაქვეითება, სკოლიოზი, ქრონიკული დაავადებები: დიაბეტი, ეპილეფსია, ასთმა, რომ აღარაფერი ვთქვათ სხვადასხვა ტიპის ალერგიით დაავადებულ მოსწავლეებზე. მაკა ექიმი ამბობს, რომ სკოლის მოსწავლეებში ყველაზე გავრცელებული რესპირატორული დაავადებებია – ქრონიკული ბრონქიტი და ზედა სასუნთქი გზების სხვადასხვა სახის დაზიანება, ასევე, საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები.
მოზარდი და კვება ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. ბავშვის რაციონი მრავალფეროვანი, დაბალანსებული უნდა იყოს, შეიცავდეს ყველა აუცილებელ ნივთიერებას: ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, ვიტამინებს, მიკრო და მაკროელემენტებს. საკვები უნდა იყოს ეკოლოგიურად სუფთა, ახალი და ნატურალური, მნიშვნელოვანია, მოზარდმა მიიღოს საკმაო ოდენობის ხილი და ბოსტნეული. სკოლის ექიმის ვალდებულებაში შედის, ზედამხედველობა გაუწიოს კვებას სკოლის სასადილოებში.
„დღეს მოზარდებში უფრო პოპულარული არაჯანსაღი საკვებია. ამიტომ გასტრიტების რიცხვი უკიდურესად მაღალია. მთავარი მიზეზი არარეგულარული კვებაა. ამ მხრივ, ჩვენი სკოლა გამორჩეულია – მოსწავლეები უზრუნველყოფილნი არიან დაბალანსებული და მრავალფეროვანი რაციონით. სკოლის სასადილოში ნებისმიერი კერძი ჯანსაღი პროდუქტით მზადდება. მოსწავლეებს აქვთ ორჯერადი კვება, მათ მენიუში არის წვნიანი, ხილი, ბოსტნეული… ის, რაც მოზარდისთვის აუცილებელია.
გვყავს ალერგიული მოსწავლეებიც, რომელთა შესახებ წინასწარ ვიცი, მათ კვებას განსაკუთრებული ყურადღებით ვეკიდები. მქონდა შემთხვევა, როცა სადილზე მოსწავლე ბარდის წვნიანს მიირთმევდა და მომენტალურად დაუსივდა ტუჩები. მისი ალერგიულობის შესახებ ინფორმაცია არ მქონდა, რადგან მშობელმაც არ იცოდა. რა თქმა უნდა, სასწრაფოდ გავუწიე პირველადი დახმარება და ვაცნობე მშობელს. როგორც შემდგომ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, ბავშვს მარცვლეულის მიმართ მაღალი მგრძნობელობა ჰქონია.
რადგან სკოლა მოსწავლეებს კვებით უზრუნველყოფს, საკვების სახლიდან წამოღება არ სჭირდებათ. მაგრამ თუ მაინც აქვთ ამის სურვილი, ვურჩევ, მხოლოდ ხილი ან ბოსტნეული წამოიღონ. ჰამბურგერებს, ფუნთუშებს, ჩიფსებს, გაზიან სასმელებს კატეგორიულად ვუკრძალავ.
სერიოზული პრობლემაა, ასევე, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებები – ოსტეოპოროზი, ხერხემლის გამრუდება, ბრტყელტერფიანობა. ამიტომაც ყოველთვის მოვუწოდებ მათ ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ფიზიკური აქტივობისკენ. “
სკოლის ექიმი ეფექტურად მუშაობას ვერ შეძლებს, თუ სამედიცინო კაბინეტი სათანადოდ არ იქნა აღჭურვილი. სტანდარტში ჩამოთვლილი ვალდებულებების მიხედვით, სკოლის ექიმმა უნდა აწარმოოს სამედიცინო შემთხვევების აღრიცხვის ჟურნალი, რომელიც უნდა მოიცავდეს ზოგად ინფორმაციას და რომელიც 5 წლის შემდეგ განადგურდება, წაშლის/მატერიალურად განადგურების გზით. კერძო სკოლა „მწიგნობართუხუცესის“ სამედიცინო კაბინეტი სტანდარტული კომპლექტითაა აღჭურვილი, რომელიც უზრუნველყოფილია სათანადო განათებით, შესაბამისი ჰაერიზაციით და მოსწავლესთან დისკრეტული საუბრების შესაძლებლობაცაა. ექიმის კაბინეტით სარგებლობა, მოსწავლეების გარდა, მასწავლებლებსა და სკოლის ადმინისტრაციის თითოეულ წევრსაც შეუძლია. პაციენტების მომართვიანობის რაოდენობა, ყოველდღიურად, 25-30-ს აღწევს. მოსწავლეებში ყველაზე მოთხოვნადი წამალი – „ნახშირი“, „ესპუმიზანის ბურთულები“, „ნუროფენი“, „პარაცეტამოლი“ და მაკა ექიმის „ჯადოსნური წვეთებია“.
„ბავშვების ძირითადი ჩივილებია მუცლის და თავის მსუბუქი ტკივილი. მათთვის მაქვს ასევე „ჯადოსნური წვეთები“, რომელიც ნებისმიერ „ცრუ განგაშით“ გამოწვეულ დაავადებას შველის. მქონდა ერთი შემთხვევა, როცა გოგონას სისტემატურად სტკიოდა მუცელი. როგორც გაირკვა, ეს იყო სკოლაში წამოსვლის სტრესისგან გამოწვეული ტკივილი, რაზეც „ჯადოსნურმა წვეთებმა“ დადებითად იმოქმედა. თუმცა, საქმე უფრო სერიოზულ შემთხვევებთანაც მქონია. მოსწავლე, რომელსაც მშობლები ემიგრაციაში ჰყავდა და ბებია ზრდიდა, ძალიან მოკლე დროში, საგრძნობლად გახდა. ვთხოვე ბებიას, სათანადო კვლევა ჩაეტარებინა. აღმოჩნდა, რომ უცაბედი წონაში კლება სისხლში გლუკოზის მაღალი მაჩვენებლით იყო გამოწვეული, რის შესახებაც ოჯახში არაფერი იცოდნენ. არაერთხელ აღმომიჩენია მოზარდებში ბრტყელტერფიანობა, რაც საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა და დიდი ყურადღება სჭირდება. ბრტყელი ტერფი, ხერხემლის გამრუდება და გულზე შუილები ერთმანეთთანაა დაკავშირებული… ამიტომ, ასეთი ბავშვებისთვის არ შეიძლება ზედმეტი ფიზიკური დატვირთვა, უნდა აკონტროლონ წონა, არ არის მიზანშეწონილი ფეხბურთის თამაში, მათთვის სასურველია ცურვა, რომელიც ჩვენი მოსწავლეებისთვის ხელმისაწვდომია კვირაში სამი დღე. ნებისმიერი დარღვევის აღმოჩენისას, პირველ რიგში, ინფორმაციას პედაგოგს ვაწვდი და შემდეგ მშობელს ვუკავშირდები“.
სკოლის ექიმის მოვალეობაა, მშობლებისგან ან კანონიერი წარმომადგენლებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, სამედიცინო მეთვალყურეობა გაუწიოს ქრონიკული დაავადების მქონე და ხშირად მოავადე მოსწავლეებს. მაკა ექიმი თითოეული მოსწავლის ჯანმრთელობის ცნობას დეტალურად სწავლობს, რათა მათზე ამომწურავი ინფორმაცია ჰქონდეს. სკოლაში არიან ქრონიკული დაავადების (დიაბეტი, ეპილეფსია) მქონე მოსწავლეები, რომლებიც აღრიცხვაზე არიან აყვანილი, რადგან ისინი განსაკუთრებულ ყურადღებასა და მიდგომას საჭიროებენ.
„მშობელმა და დამრიგებელმა იციან, რომ ყველა ასეთი მოსწავლის შესახებ უნდა მომაწოდონ სამედიცინო დასკვნა, რათა კრიტიკულ სიტუაციაში მზად ვიყო. რა თქმა უნდა, შშმ პირებთან განსაკუთრებული, მათ საჭიროებებზე მორგებული, მიდგომა მჭირდება. ბავშვები ჩემთან მოდიან არა მარტო ტკივილების დასაყუჩებლად, ხშირად თავიანთ სულიერ მდგომარეობაზეც მესაუბრებიან, განცდებზე, ფიქრებზე, შიშებზე. მე მათ ვეიმედები. ყოფილა შემთხვევა, როცა მშობლისთვის მირჩევია მოსწავლის ფსიქოლოგთან წაყვანა, მისი ქცევიდან გამომდინარე.“
თანამედროვე მოსწავლეების მთავარ პრობლემად სპეციალისტები კომპიუტერთან მიჯაჭვულობას, დაბალ ფიზიკურ აქტივობას და, გადატვირთული რეჟიმის გამო, დაუბალანსებელ კვებას ასახელებენ. ფიზიკური აქტიურობის პროპაგანდა ექიმების, პედაგოგების, მშობლების საერთო ამოცანა უნდა იყოს, რასაც მაკა ექიმიც ეთანხმება და მუდმივად ცდილობს, მოსწავლეების კომპიუტერთან ურთიერთობა რაციონალური და დროში შეზღუდული იყოს, სანაცვლოდ კი, აქტიურად მისდიონ ჯანსაღი ცხოვრების წესს.
„რა თქმა უნდა, 21-ე საუკუნეში მოსწავლის განვითარება კომპიუტერთან ურთიერთობის გარეშე შეუძლებელია, მაგრამ უნდა მოვახერხოთ, რომ ის ბავშვის მეგობარი იყოს და არა მისი მტერი. თითოეულ მოსწავლეს მოვუწოდებ, კომპიუტერისგან მეტი სარგებელი მიიღოს, ვიდრე ზიანი. კომპიუტერის უარყოფითი გავლენა რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ, აუცილებელია მოზარდების აქტიურად ჩართვა სპორტულ-გამაჯანსაღებელ დისციპლინებში. ამით თავიდან ავიცილებთ ისეთ დაავადებებს, როგორიცაა – სკოლიოზი, ჭარბი წონა, ელექტრომაგნიტური გამოსხივებისგან მიღებული უარყოფითი გავლენა-სტრესი, მხედველობის დაქვეითება და მრავალი სხვ.“
სკოლის ექიმის საქმიანობა იმითაცაა რთული და მრავალმხრივი, რომ ხშირად ფსიქოსოციალური ხასიათის რჩევების მიცემაც უხდება. ამიტომაც მიიჩნევს მაკა ექიმი, რომ აუცილებელია უწყვეტი პროფესიული განვითარება, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით. ახლახან პირველადი დახმარების კიდევ ერთი ტრენინგი გაიარა. ამბობს, რომ თანამედროვე მედიცინა სწრაფად ვითარდება და სკოლის ექიმისთვის ამ სიახლეების ცოდნა აუცილებელია.
როგორც პედაგოგის, ისე სკოლის ექიმის საქმიანობის ყველაზე კარგი შემფასებლები მოსწავლეები არიან. მათთან საუბარში კარგად ჩანს, როგორ ენდობიან და ეიმედებათ მაკა ექიმი. „ხანდახან საიდუმლოსაც მანდობენ, თან მეუბნებიან – ხომ არავის ეტყვითო. თავიანთ მეგობრად და მესაიდუმლედ მთვლიან, რაც მე ძალიან მახარებს,“ – გვეუბნება მაკა ექიმი.
ინტერვიუს ჩაწერის დროს, ოთახში პატარა ბიჭი შემოდის, მიზეზად თავის ტკივილს ასახელებს, თუმცა, როგორც საუბარში ირკვევა, მეგობარზეა ნაწყენი, რომელიც მის ჩანთას უდიერად მოეპყრო. ბიჭი გულის ნადებს მაკა ექიმს უმხელს და გულაჩუყებულს, ფუნთუშა ლოყაზე, ერთი ორი ცრემლიც უგორდება. მაკა ექიმი, დასამშვიდებლად „ჯადოსნურ წვეთებს“ სთავაზობს და ბიჭიც, ცოტა ხანში, კმაყოფილი და ბედნიერი გადის ოთახიდან.
დაბოლოს, მაკა ექიმი მოსწავლეებს ჯანსაღი ცხოვრებისკენ მოუწოდებს, მისი რჩევაა:
- სწორი კვება;
- ფიზიკური აქტივობა;
- კომპიუტერის რაციონალურად გამოყენება. კომპიუტერი ბავშვის მეგობარი უნდა იყოს და არა მტერი.
„მაკა ექიმი, ჩვენს სკოლაში, ყველასთვის საყვარელი და საჭირო ადამიანია. პროფესიონალის გარდა, ძალიან თბილი, მეგობრული და ყურადღებიანი მუდამ ჩვენს სამსახურშია. მუშაობს დაუღალავად, რათა ჩვენი ჯანმრთელობა დაიცვას როგორც ფიზიკური, ისე მენტალური. მაკა ექიმი თითოეული მოსწავლის კარგი მესაიდუმლეა.“
„როცა მაკა ექიმი ჩვენ გვერდითაა, არაფრის გვეშინია. გვეიმედება. პანდემიის პერიოდში განსაკუთრებულად ზრუნავდა ჩვენს ჯანმრთელობაზე, გვასწავლიდა სავალდებულო რეგულაციების ზედმიწევნით დაცვას. მისგან ყოველთვის ვგრძნობთ ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას. ჩვენ მიმართ გაწეული დაუღალავი შრომისა და სიყვარულისთვის, მე და ჩემი მეგობრები უზომოდ მადლიერნი ვართ მისი. მაკა ექიმი თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალია.“
„ყველა ექიმი უნდა იყოს ისეთი, როგორიც ჩვენი სკოლის მაკა ექიმია. ის გულისხმიერი, კეთილი და თბილი ადამიანია, კრიტიკულ სიტუაციაში ყოველთვის მობილიზებული. ყველა მოსწავლის მეგობარი, მუდამ კეთილგანწყობილი ღიმილით, გულისყურით გვისმენს და საჭირო რჩევა-დარიგებას გვაძლევს. მომწონს მისი „ჯადოსნური წამლები“, რომელსაც ნებისმიერი ავადმყოფობის დამარცხება შეუძლია.“
მაკა ყიფიანი