სპორტის ქართველ ქომაგებს სახელოვანი და წარმატებული ფალავნებით ნამდვილად ვერ გააკვირვებ, მსოფლიოს და ევროპის მასშტაბით, ტიტული არ დარჩენილა, ქართველ მოჭიდავეებს რომ არ მოეპოვებინოთ. თუმცა, ერთი ფალავანი გამორჩეულად ჩაეწერა ქართული სპორტის ისტორიაში – ორგზის ოლიმპიური, მსოფლიოს ოთხგზის, ევროპის სამგზის ჩემპიონი, ლევან თედიაშვილი. იგი ერთადერთი ფალავანია მსოფლიოში, რომელმაც, თავისუფალი ჭიდაობის პარალელურად, მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა სამბოში. ლევან თედიაშვილმა, მსოფლიო ჭიდაობის ისტორიაში, სამ წონით კატეგორიაში, სხვადასხვა დროს, მოიპოვა ჩემპიონის ტიტული, ასეთი რამ მსოფლიო სპორტის ისტორიას არ ახსოვს.
1965 წელს სოფელ კაკაბეთში ჩატარებულ ჭიდაობის დღესასწაულს ტიტულოვანი მოჭიდავე, „ჭიდაობის პროფესორად“ ცნობილი, ვახტანგ ბალავაძე სტუმრობდა. მის გამოცდილ თვალს არ გამოპარვია 16 წლის ლევან თედიაშვილის სხარტი და მოქნილი ჭიდაობა. პირველი მწვრთნელი ვალერი მეკოკიშვილი იყო. დაუვიწყარია პირველი ნაბიჯები, როცა მწვრთნელმა საჭიდაო ფორმა „ფინკა“ აჩუქა. სკოლის დამთავრების შემდეგ, ვახტანგ ბალავაძემ ლევანი თბილისში ჩამოიყვანა და თავის სახლში დააბინავა. პირველი ნათლობა, 1967 წელს, თბილისის საერთაშორისო ტურნირზე, აღიარებული ლეგენდების – შოთა ლომიძის, ვლადიმერ რუბაშვილის, გურამ საღარაძის, იური შახმურადოვის, ახმედ აიკის და მანსურ ჰეიტ-ზადესთან პირისპირ ბრძოლაში მიიღო.
1971 წელს, თეირანში, გაიმართა ჭიდაობის საერთაშორისო ტურნირი „არიამეჰრის“ სახელწოდებით. მრავალ ცნობილ მოჭიდავეთა შორის, გამოდიოდა 23 წლის ლევან თედიაშვილი. ჭიდაობას ესწრებოდა ირანის მონარქი შაჰინ-შახი ოჯახით. მის გვერდით იმყოფებოდა მისი დაუმარცხებელი ფალავანი – სულეიმანი, რომელთანაც ფინალური შეხვედრა ლევან თედიაშვილის გამარჯვებით დასრულდა. შაჰინ-შახი ისე მოიხიბლა ქართველი ფალავნის ოსტატობით, გამარჯვებული თავისთან იხმო და ძვირფასი ბეჭდით დაასაჩუქრა. სამშობლოში დაბრუნებულმა ლევანმა ბეჭედი თავის საცოლეს, ნანა მჭედლიშვილს მიართვა. საგულისხმოა ის ფაქტი, რომელიც არ გახმაურებულა, ირანელებმა საიდუმლოდ ინახულეს ქართველი ფალავანი და, წაგების სანაცვლოდ, 100 ათასი დოლარი შესთავაზეს. „გაყიდული შეხვედრით არავინ გამდიდრებულა, მერე როგორ შემეხედა თვალებში შვილებისათვის?!“ – იხსენებდა მოგვიანებით ლევანი. „არიამეჰრის“ პრიზი ლევან თედიაშვილმა კიდევ ორჯერ – 1972 და 1977 წლებში მოიპოვა.
1972 წლის ნოემბერში ლევანმა ოჯახი შექმნა და ბედი თანასკოლელ, მომავალში წარმატებულ ექიმს – ნანა მჭედლიშვილს დაუკავშირა. ბედნიერ ოჯახს ორი ვაჟი – ვახტანგი და ბესარიონი შეეძინათ, თუმცა, მოგვიანებით, მათ ოჯახსაც დაატყდა დიდი უბედურება – 1993 წელს აფხაზეთში გმირულად დაიღუპა ვახტანგი. ტრაგედია მაშინ მოხდა, როცა ბაბუშერას აეროპორტიდან ბრუნდებოდნენ თვითმფრინავით, რომელიც ლევანმა საჩუქრად გადასცა ქართულ სახელმწიფოს. ქალბატონმა ნანამ გაუსაძლისი ტკივილების გასამკლავებლად ძალა მოიკრიბა: „მე ლევანისთვის, ბესოსთვის და ჩემი ვახოს ხსოვნისათვის უნდა მეცოცხლა, ამ მძიმე მისიის შესრულებას უფალი შემაძლებინებდა“. აქვე გეტყვით, რომ თედიაშვილების ოჯახში იზრდება ბესარიონის შვილი – უმცროსი ვახტანგ თედიაშვილი.
1973 წელს თეირანმა თავისუფალი სტილის მოჭიდავეებს და სამბისტთა მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლა. ლევანმა თავისუფალ ჭიდაობაში ჩემპიონობა მოიპოვა, თუმცა მას სამბისტთა ნაკრების წევრის, გენადი რუხლიაევის მაგივრად უნდა ეჭიდავა, რომელიც უშიშროების სამსახურმა თვითმფრინავის ტრაპიდან ჩამოსვა. საბჭოთა დელეგაციის ხელმძღვანელმა, არკადი ლენცმა დახმარება ვახტანგ ბალავაძეს სთხოვა. ასე გახდა ლევან თედიაშვილი, ექვს დღეში, ორჯერ მსოფლიო ჩემპიონი. ეს უნიკალური მოვლენა იყო მსოფლიო სპორტის ისტორიაში. ამ გამარჯვებით ლევანმა უდიდესი სიხარული აჩუქა როგორც თავის სამშობლოს, ასევე ირანში მცხოვრებ ქართველებს.
ლევან თედიაშვილმა, 1974 წელს, სტამბოლში, მსოფლიო ჩემპიონატზე, შვეიცარიელ მარტინესს რეკორდულ დროში, 3 წამში მოუგო. სწორედ ამ ჭიდაობის შემდეგ სპეციალისტებმა იგი „მოკლემეტრაჟიანი“ შეხვედრების რეჟისორად მონათლეს. ალბათ ქართველ სტაჟიან გულშემატკივრებს დღესაც კარგად ახსოვთ, როცა ლევანი ჭიდაობდა, ტრიბუნები გუგუნებდა: სწრაფად ნუ გაიმარჯვებთ, გვანახეთ თქვენი ჭიდაობა ბოლომდეო. 17-წლიან საჭიდაო კარიერაში 640 ორთაბრძოლა ჩაატარა და მხოლოდ ორჯერ დატოვა ხალიჩა დამარცხებულმა.
1981 წლს 1 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო ტურნირის მსვლელობისას, ლევან თედიაშვილი დიდი სპორტიდან გააცილეს, მსგავსი გაცილება მაყურებელს არ უნახავს. მრისხანე მეტოქეები: იური შახმურადოვი, ივანე იარიგინი, სოსლან ანდიევი და ილია მატე თბილისში ლევანის სიყვარულმა და პატივისცემამ ჩამოიყვანა.
კარიერის დასრულების შემდეგაც არ მოჰკლებია სიყვარული და პატივისცემა ლევან თედიაშვილს. მას სთავაზობდნენ თანამდებობებს, იყო საქართველოს პარლამენტის წევრი 1995-99 წლებში. მეტად გულიანი და ხალისიანი კაცი იყო, ხშირად უთქვამს: „ბლომად ტიტულები მოვაქუჩე, მაგრამ საგარეჯოს ჩემპიონი მაინც ვერ გავხდი. უცხოელებთან ეს რომ ვთქვი, ხელებს შლიდნენ – სად არის საგარეჯოო, რუკაზე ეძებდნენ გაფაციცებით“.
სწორედ იუმორი და კახური კაცობა იქნა გათვალისწინებული, როცა რეჟისორმა, გიორგი შენგელაიამ ის და მისი მეწყვილე, ცხონებული ომარ ფხაკაძე ძლივს დაითანხმეს მთავარი როლების შესასრულებლად, კინოფილმში „ხარება და გოგია“. მისი კინოაღიარება ამით არ დამთავრებულა. ამ სამიოდე წლის წინ, მან წარმატებით ითამაშა ლევან კოღუაშვილის ფილმში „მეოთხე ბრაიტონი“, რომელმაც ნიუ-იორკში, „ტრაიბეკას“ საერთაშორისო კინოფესტივალზე, სამი ჯილდო მიიღო. მამის წარმატება იუმორით აღნიშნა შვილმა, ბესარიონ თედიაშვლმა: „ამ სიბერეში მამაჩემი, მგონი, ჰოლივუდის ვარსკვლავი ხდებაო“.
სამთავრობო და საერთაშორისო აღიარებებიც ამშვენებს ბატონი ლევანის შთამბეჭდავ ბიოგრაფიას. იგი არის ვახტანგ გორგასლის II ხარისხის და ღირსების ორდენის კავალერი, „სოკის“ და „ფილას“ ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციების აღიარებები ამის დასტურია.
ლევან თედიაშვილის დარი სპორტსმენი ძალიან ცოტა ჰყავს საქართველოს, არ დარჩენილა სპორტული ტიტული, რომელიც მას არ მოეპოვებინოს. ჩემპიონობასთან ერთად, მან მოიგო ყველაზე ძვირადღირებული, ქართველი ხალხის სიყვარული და უსაზღვრო პატივისცემა. ლევან თედიაშვილმა ფრიადზე შეასრულა ყოველივე და ღირსეულად შევიდა ქვეყნის ისტორიაში.
ლევან თედიაშვილი ერთია, ფენომენია, განუმეორებელია, მაგალითია მომავალი თაობებისთვის.
ლევან თედიაშვილი, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 2024 წლის 16 თებერვალს გარდაიცვალა, მისი გარდაცვალებით არა მხოლოდ ქართული სპორტი დაობლდა, არამედ დასრულდა მსოფლიო ჭიდაობის დიდი ეპოქა. შესაძლოა, ჩემპიონების ტიტულები განმეორდეს, მაგრამ ლევან თედიაშვილის დარი სპორტსმენი, ნაკლებ სავარაუდოა, რომ გამოჩნდეს ქართული სპორტის სივრცეში.
ქართული სახელმწიფო და სპორტული საზოგადოება არასოდეს დაივიწყებს მის სიყვარულს და ერთგულებას სამშობლოს წინაშე.
ბეჟან ჩხეიძე
საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწე