ნინო ელბაქიძე
პროფესიული განათლების პოლიტიკის ექსპერტი
⇒ რას ნიშნავს მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების პროგრამები და ვის შეუძლია ისარგებლოს ამ პროგრამით?
⇒ მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების პროგრამები ზრდასრულთა განათლების ერთ-ერთი ფორმაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ზრდასრულ მოქალაქეს საშუალება აქვს, ამ პროგრამის მეშვეობით, გამოიმუშაოს ის აუცილებელი კომპეტენციები, რომელიც ესაჭიროება დამსაქმებელს. ამ პროგრამის გავლით ზრდასრულს ეძლევა შესაძლებლობა, რომ შეძენილი უნარების საფუძველზე მისთვის საინტერესო სამუშაო იპოვოს და წარმატებით დასაქმდეს. უფრო გასაგებად რომ ავხსნა, მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების პროგრამების შემუშავება დამსაქმებლის დაკვეთის მიხედვით ხდება. კონკრეტული ბიზნესი პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას აძლევს დაკვეთას, რომ ესაჭიროება სამუშაო ძალა, რომელსაც აქვს პროფესიული კომპეტენციები. ბიზნესის დაკვეთის საფუძველზე, პროფესიული სასწავლებელი შეიმუშავებს მოკლევადინ პროგრამას, რომელიც შედგება სასწავლო გეგმისგან, სასწავლო რესურსებისგან, სწავლის შედეგების ჩამონათვალისა და პროფესიული მასწავლებლების კანდიდატურებისგან, რომელთაც უნდა განახორციელონ სწავლება სასწავლებელსა და პრაქტიკული სწავლების ადგილზე. მას შემდეგ, რაც პროფესიული სასწავლებელი, ბიზნესთან კომუნიკაციის საფუძველზე, შეიმუშავებს პროგრამას, წარადგენს ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, რათა მიიღოს პროგრამის განხორციელების უფლება. ეს იმას ნიშნავს, რომ პროგრამის ხარისხს სახელმწიფო ადებს საკუთარ ნიშანს.
შემდეგომ ეტაპზე უკვე სასწავლებელი აცხადებს მიღებას კონკრეტულ პროგრამაზე, რომელიც დაუკვეთა სასწავლებელს ბიზნესმა. შუალედებშიც არის რამდენიმე მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელსაც პროგრამის ამუშავებამდე გადის პროფესიული სასწავლებელი, მაგრამ ყველა დეტალს აქ ვერ მოვყვებით და ჩემი მცდელობაა, დაგანახოთ ის ძირითადი გზა, რომელიც აკავშირებს ბიზნესს, პროფესიულ სასწავლებელსა და სწავლის მსურველ მოქალაქეს ერთმანეთთან.
კონკრეტულ პროგრამაზე მსურველთა რეგისტრაციის შემდგომ იწყება სწავლა. რადგან თავიდანვე ბიზნესია მთავარი დამკვეთი ამ პროგრამისა. შესაბამისად, ბიზნესი თვალს ადევნებს პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტების პროგრესს და საკუთარ მომავალ თანამშრომლებსაც მათ შორის მოიაზრებს. მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების პროგრამები დასაქმების რეალური შესაძლებლობებია, თუმცა, თუ როგორი მონდომებით ისწავლის სტუდენტი და დააინტერესებს დამსაქმებელს, ეს თავად მოქალაქის, პროფესიული სტუდენტის გადასაწყვეტია. ყველა დამსაქმებელი ეძებს პასუხისმგებლიან, სწორი გადაწყვეტილებების მიმღებ, დამოუკიდებელ და კეთილსინდისიერ კადრს. ეს ის თვისებებია, რომლებიც მოკლევადიან პროგრამებში ასე პირდაპირ არ ისწავლება. ეს უნარები დასაქმების მსურველმა თავად უნდა გამოიმუშაოს და, პროფესიულ კომპეტენციებთან ერთად, აჩვენოს დამსაქმებელს. პროფესიული განათლების მიღების მსურველს რეალური და ყველაზე მარტივი გზა ეხსენება იმისათვის, რომ დასაქმდეს და იცხოვროს კეთილდღეობაში. მთავარი პასუხისმგებლობა ამაში თავად მოქალაქეს ენიჭება, სახელმწიფო კი ხელშემწყობ პირობებს ქმნის და აფინანსებს განათლებას ზრდასრულის კეთილდღეობისათვის.
⇒ რა საკანონმდებლო საფუძვლები აქვს ამ პროგრამებს?
⇒ პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების პროგრამების დანერგვას საქართველოში ხელი შეუწყო გაეროს განვითარების პროგრამამ, შვეიცარიის მთავრობის დაფინანსებით. ჩვენ ბევრი ვისწავლეთ უცხოური და განსაკუთრებით შვეიცარიული გამოცდილებიდან. პროფესიულ განათლებაში, მოგეხსენებათ, მსოფლიოს ოქროს სტანდარტი შვეიცარიაა. უცხოური გამოცდილებით საკანონმდებლო საფუძვლების შექმნა აუცილებელი გახდა იმისათვის, რომ პროცესი ლეგიტიმური ყოფილიყო. განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა ამ პროცესში იმ ფაქტს, რომ მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების პროგრამის დასრულების შემდგომ, მოქალაქეს ეძლევა სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატი. ეს სერტიფიკატი ერთგვარი ხარისხის ნიშანია იმისა, რომ პროფესიულმა სტუდენტმა მიიღო ხარისხიანი განათლება და დადასტურდა კონკრეტული სასწავლებლების მიერ. საკანონმდებლო საფუძვლების ჩამონათვალი განთავსებულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებგვერდზე და მსურველებს შეუძლიათ ნახონ აქ განთავსებულ ლინკზე:
http://mes.gov.ge/content.php?id=9133&lang=geo
აქვე, დაინტერესებული პირებისათვის, ონლაინ ინფორმაციის მოძიებასთან დაკავშირებით, აუცილებლად ვიტყვი შემდეგს: ინფორმაციის და განსაკუთრებით სწორი ინფორმაციის მოძიება ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია ადამიანის წარმატებისათვის. მათ შორის ონლაინ სივრცეში ინფორმაციის მოძიება (მაგალითად, პროფესიული სასწავლებლის, პროფესიის, დამსაქმებლის, შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიების შესახებ და ა.შ.) აუცილებელი უნარია დღევანდელ სამყაროში. ამიტომ, წარმატების ძიების გზაზე, ინფორმაციისა და სწორი ინფორმაციის მოძიების უნარების განვითარება ერთ-ერთი საწყისი და აუცილებელი პირობაა, რომ სასურველ სამსახურში, სასურველ გარემოში საყვარელი საქმის კეთება შევძლოთ.
⇒ რომელია დღეს მოთხოვნადი პროფესიები მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების პროგრამებში?
⇒ ამ შეკითხვას ხშირად სვამენ მოქალაქეები, პროფესიული განათლების მიღების მსურველები და მათი ინტერესი სავსებით ბუნებრივია. მათ სურთ დაეუფლონ იმ პროფესიას, რომელიც მოთხოვნადია დამსაქმებლის მხრიდან და რომელიც მათ დასაქმების რეალურ შესაძლებლობას სთავაზობს. ეს სავსებით ბუნებრივია. მაგრამ ამგვარი ინტერესი იქნებოდა არასაკმარისი, თუ ის ძალიან მნიშვნელოვან სფეროსთან არ იქნება დაკავშირებული — ეს არის თავად მოქალაქის, ზრდასრულის ინტერესის სფერო. მაგალითად, ბუნებით შემოქმედი ადამიანი ხართ, გიყვართ ფერების შერჩევა-შეხამება, მოდელების კეთება, სახლის შიდა ან გარე დიზაინში ვარჯიში, მაგრამ შრომის ბაზრის კვლევის საფუძველზე აღმოაჩინეთ, რომ ერთ-ერთი მოთხოვნადი პროფესიაა მზარეულობა და ამიტომ აქ ჩაბარება გადაწყვიტეთ, მიუხედავად იმისა, რომ სამზარეულოში ექსპერიმენტების კეთება თქვენი ინტერესის სფერო არ არის. ადრე თუ გვიან, აღმოაჩენთ, რომ აკეთებთ საქმეს, რომელიც არ გიყვართ. ასეთი მიდგომით კი, ერთი ფრუსტრაციიდან, მაგალითად, სამუშაოს ძიებიდან, მეორე ფრუსტრაციაში, არასასურველი საქმის კეთებაში გადავარდებით და ეს არ იქნება სასურველი მდგომარეობა. ამასთანავე, თუ ადამიანი საქმეს სიყვარულით არ აკეთებს, იმის შანსი, რომ ის პროფესიონალად ჩამოყალიბდეს, ნაკლებია. საკუთარი მდგომარეობით უკმაყოფილო და ფრუსტრირებულ სამუშაო კადრს არც დამსაქმებელი ირჩევს სიამოვნებით, ამიტომ ჩემი რეკომენდაცია ასეთია: თვალი ვადევნოთ შრომის ბაზარს, გარდა კვლევებისა, ამაში, ელემენტარულად, გამოცხადებული ვაკანსიების შესწავლაც დაგვეხმარება და შევუსაბამოთ შედეგები იმას, რაც გვიყვარს და გვაინტერესებს. ამგვარი შეთავსებით ზრდასრულს რეალური შანსი ეძლევა, ისწავლოს, დასაქმდეს, ანდა, სულაც, საკუთარი წარმატებული ბიზნესი წამოიწყოს. ამგვარი წარმატების მაგალითი არაერთია პროფესიულ განათლებაში.
⇒ რომელი კოლეჯები სთავაზობენ მოკლევადიან მომზადება/გადამზადების პროგრამებს და რომელ რეგიონებში?
— ჩვენი ინტერვიუ სარგებლის მომტანი უნდა იყოს, როგორც ეს სათაურშივე აღვნიშნეთ და დაინტერესებულ პირებს დაეხმაროს, მიიღონ სასარგებლო ინფორმაცია და დაიწყონ მოქმედება წარმატებისთვის. ეს გზა კი, სწორედ იმ სასწავლებლებით იწყება, რომლებიც მოკლევადიან და ასევე გრძელვადიან პროფესიულ პროგრამებს სთავაზობენ ზრდარულებსა და პროფესიული განათლების მიღების მსურველ პირებს.
ყველა საჯარო კოლეჯის, ყველა კერძო კოლეჯისა თუ სხვა დაწესებულების, რომელიც პროგრამებს ახორციელებს, სრული ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ აქ:
http://mes.gov.ge/content.php?id=215&lang=geo
დაუკავშირდით სასწავლებლებს, მოითხოვეთ კონსულტაცია, დანიშნეთ შეხვედრა, მიდით ადგილზე და ნახეთ სასწავლებელი, პერსონალი, მიიღეთ ინფორმაცია პროგრამების შესახებ, აარჩიეთ თქვენთვის სასურველი. იმ 200-ზე მეტ პროფესიაში, რომელთაც სასწავლებლები სთავაზობენ მსურველებს, აუცილებლად ნახავთ თქვენთვის საინტერესოს, რომელიც წარმატების გზაზე გაგიყვანთ.
⇒ მოკლევადიანი პროგრამები ასევე სარგებლის მომტანია ბიზნესისათვის, რა უნდა გააკეთოს ბიზნესმა , რომ ამ პროგრამით ისარგებლოს?
— ბიზნესს თავად შეუძლია გახდეს მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების პროგრამის ინიციატორიცა და განმახორციელებელიც. რა გზა უნდა გაიაროს ამისათვის ბიზნესმა, ამ თემაზე მომავალ ინტერვიუში ვისაუბრებთ, ბიზნესის წარმომადგენელთან ერთად.
მათე ტაკიძე
კოლეჯ „სპექტრის“ დირექტორი
⇒ ბატონო მათე, რას სთავაზობს თქვენი კოლეჯი მოქალაქეებს, ვის შეუძლია, რომ მოგმართოთ?
⇒ პროფესიული კოლეჯი „სპექტრი“ მოქალაქეებს სთავაზობს სამშენებლო ინჟინერიასთან დაკავშირებულ, როგორც გრძელვადიანი მომზადების, ასევე მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების პროგრამებს, ჯამში, 19 მიმართულებით. ჩვენთან სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული განათლების მიღება შეუძლიათ როგორც ზრდასრულებს, ასევე საბაზო განათლების მქონე ახალგაზრდებს. 2021-2022 სასწავლო წლისათვის ერთი კარგი სიახლე გვაქვს — 9 კლასის განათლების მქონე პირებს საშუალება ექნებათ, ინტეგრირებულ პროგრამაზე ისწავლონ, სამი მიმართულებით: ელექტროობა, ჰაერის კონდიცირება და სახვითი ხელოვნება. ეს 3-წლიანი პროგრამები მათ საშუალებას მისცემს, მიიღონ პროფესიული განათლება და ასევე, კოლეჯში, ადგილზევე, აიღონ სრული ზოგადი განათლების ატესტატი.
⇒ როგორია მომართვიანობა, თუ იჩენენ ინტერესს მოქალაქეები? რომელია ყველაზე მოთხოვნადი სპეციალობა?
⇒ გასული ორი წლის სტატისტიკას თუ გადავხედავთ, გრძელვადიან პროგრამებზე, საშემოდგომო და საგაზაფხულო მიღებებზე, წლიურად, ჯამში, 800-მდე მოქალაქე გახდა ჩვენი სტუდენტი. ძალიან მაღალია მოთხოვნა მოკლევადიან მომზადება-გადამზადების პროგრამაზე, ხშირად აკადემიური განათლების მქონე მოქალაქეებიც მოგვმართავენ, რომელთაც სურთ, თავიანთ სპეციალობაში აიმაღლონ პრაქტიკული კომპეტენციები ან ახალ პროფესიაში მოსინჯონ თავი. გასულ ორ წელიწადში პროფესიული მომზადების მოკლევადიანი პროგრამა, ჯამში, 250-მდე მოქალაქემ გაიარა.
კოლეჯში არსებული სპეციალობებიდან, ამჟამად, ყველაზე მოთხოვნადია: ელექტროობა, 3D მოდელირება, ჰაერის კონდიცირება, შედუღება. ბოლო წლებია, ამ პროგრამებზე მაღალი მომართვიანობაა.
⇒ ბიზნესთან კომუნიკაციის რა მეთოდები გაქვთ და რა სურს ბიზნესს დღეს პროფესიული განათლებისგან?
⇒ კოლეჯის განვითარების საწინდარი, დიდწილად, სწორედ ბიზნესის აქტიური მხარდაჭერაა. ჩვენს ინფრასტრუქტურულ განვითარებაში კერძო სექტორს დიდი კონტრიბუცია აქვს შეტანილი, ლაბორატორიების უმრავლესობა სწორედ ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერითაა აღჭურვილი თანამედროვე ტექნიკით. დუალური საგანმანათლებლო პროგრამების განვითარება „სპექტრის“ პრიორიტეტია. ჩვენი კარი ღიაა სამშენებლო ინჟინერიაში მოქმედი ყველა ბიზნესისათვის. მისასალმებელია, რომ მომართვიანობა და ნდობა ბიზნესის მხრიდან „სპექტრის“ მიმართ ყოველწლიურად მატულობს. ამას, დიდწილად, ჩვენს მუდმივ პარტნიორებთან პოზიტიური გამოცდილება განაპირობებს. მაქსიმალურად ვცდილობთ, ფეხდაფეხ მივყვეთ ბიზნესის მოთხოვნებს, მათთან ერთად გავაანალიზოთ ჩვენი უპირატესობები და სუსტი მხარეები, რათა გავზარდოთ როგორც სწავლების ხარისხი, ასევე კურსდამთავრებულების კონკურენტუნარიანობა დასაქმების ბაზარზე. ბიზნესს სურს კადრები, რომლებიც პასუხობენ დასაქმების ბაზრის დღევანდელ მოთხოვნებს. მოთხოვნები კი, ჩვენს სფეროში ძალიან სწრაფად იცვლება, ჩვენც ვცდილობთ, ყოველწლიურად გადავეწყოთ, ბაზრის დინამიკას რომ არ ჩამოვრჩეთ. ვფიქრობ, სწორედ ბიზნეს სექტორთან მდგრად თანამშრომლობაშია პროფესიული განათლების განვითარების მომავალი.