რაჭის სპორტულ ტრადიციებზე საუბრისას ყველას ძირითადად თავისუფალი ჭიდაობა გაგვახსენდება ხოლმე. ამ ულამაზესმა მთიანმა კუთხემ ხომ, არა მარტო საქართველოს, მსოფლიოს სპორტს მისცა გამორჩეულად წარმატებული ფალავნები, მართლაც ჭიდაობის ლეგენდები და „მოცარტები“.
არადა, რაჭას თურმე ქალთა ფეხბურთიც ჰქონია და ჩვენი დღევანდელი რესპონდენტიც ამ სპორტის მიმდევარია ⇒ კესო მეტრეველი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხეთიდან. როგორ გახდა ის ფეხბურთის ქომაგი და როგორ შეხვდნენ ამას, ერთი შეხედვით, ტრადიციულ-კონსერვატიულ მთიან რეგიონში, რას გეგმავს სამომავლოდ და როგორ უმკლავდება ყოველდღიურ დატვირთულ გრაფიკს, ამაზე თვითონ მოგვითხრობს.
– როგორც ვიცი, სპორტით ბავშვობიდან ხართ გატაცებული…
– ძალიან პატარა ვიყავი, ალბათ, 4-5 წლისა, როცა „ბარსელონას“ თამაში ვნახე. ბუნებრივია, არ მახსოვს, ვის ხვდებოდა, მაგრამ მომეწონა და დღემდე ამ კლუბის ქომაგი ვარ. უფრო რომ დავაზუსტოთ, გუნდზე მეტად, ლიონელ მესის ქომაგი ვარ, მაგრამ ფეხბურთიც ძალიან მიყვარს. ისე, ყველაფერს ვთამაშობდი, რაც შემეძლო – ფრენბურთი, კალათბურთი, მაგრამ ფეხბურთი ყველაზე მეტად მიყვარდა.
– სხვა ბავშვური გატაცებები არ გქონდათ, როგორც თქვენს თანატოლ გოგონებს?
– ნაკლებად. ისე ვიყავი ფეხბურთზე გადართული, რომ დანარჩენი გასართობი ნაკლებად მაინტერესებდა.
– საინტერესოა, გარშემომყოფების რეაქცია თქვენს გატაცებაზე – როგორ მიიღეს ეს ოჯახში, სოფელში?
– მშვენიერი რეაქცია ჰქონდათ. თავიდანვე უხაროდათ, ფეხბურთი რომ მომეწონა, ხოლო ასეთ ასაკში ყველა ფეხბურთელი და მნიშვნელოვანი საფეხბურთო ამბები რომ ვიცოდი, ეს კი უკვე უკვირდათ. დღემდე ასე მომყვებიან და უხარიათ, ფეხბურთში რომ წავედი. ისინი დღემდე მქომაგობენ – ამბროლაურში თამაშზე რომ მივდივარ, სოფლიდან ბევრი მომყვება საგულშემატკივროდ. რომ მხვდებიან, ფეხბურთელი გოგოო, მეუბნებიან და უხარია ყველას.
– და-ძმა თუ გყავთ და თუ არიან სპორტით დაკავებულები?
– და-ძმა მყავს. და ჩემზე პატარაა და ისიც ფეხბურთს თამაშობს, ჩემთან ერთად. ძმა უფროსია — 25 წლის და ყველანაირად გვგულშემატკივრობს.
– გატაცება ერთია, მაგრამ ოცნებების, იდეების რეალიზება როგორ მოხდა, როგორ გადაიზარდა ეს პროფესიულ საქმიანობაში?
– ამბროლაურში რაღაც ტურნირი ტარდებოდა – პროგრამაში გოგონების ფეხბურთი და მარათონი იყო. მე ფეხბურთში გამოვედი, როგორც მახსოვს, ცაგერის გუნდს შევხვდით და მოვიგეთ. რაკი კარგად ვითამაშე, შეხვედრის შემდეგ ამბროლაურის ფეხბურთის მესვეური ბექა ოშხერელი მოვიდა და მითხრა, ხომ არ გინდა, ჩვენი გუნდი შევქმნათ და მოთამაშე-მწვრთნელი იყოო. ის გვერდში დამიდგა და ძალიან დამეხმარა, რომ აქამდე მოვსულიყავი.
??კესო მეტრეველი
ამბროლაურის გოგონათა საფეხბურთო გუნდის „რაჭა“ მოთამაშე/მწვრთნელი
– დადგა დრო, თქვენს ახლანდელ გუნდზეც გვითხრათ…
– ესაა გუნდი „რაჭა“, რომელშიც ჯერჯერობით 18 გოგო ვართ, თუმცა კიდევ შემოგვემატებიან სხვადასხვა რაიონებიდან — ცაგერიდანაც ჩვენთან ჩამოდიან და ონიდანაც. ვცდილობთ, მაქსიმალურად ვივარჯიშოთ. ჯერ ტურნირებში არ ჩავრთულვართ, მაგრამ, ვფიქრობ, მარტიდან მეორე ლიგაში დავიწყებთ გამოსვლას.
– სავარჯიშო პირობები გაქვთ?
– ძალიან კარგი პირობები გვაქვს – სტადიონი ახალი აშენებულია და ძალიან კარგადაა გაკეთებული. ყველაფერი გვაქვს, რაც გვჭირდება, კარგი სავარჯიშო პირობებია. ასევე უზრუნველყოფილი ვართ ბურთებით და სხვა საჭირო ინვენტარით.
– ამბროლაურში რითი დადიხართ გოგოები, სოფლებიდან დადის ასე ინტენსიურად ტრანსპორტი?
– ტრანსპორტის მოძრაობა, პანდემიის დროს, ცოტა ხნით შეჩერებული იყო, მაგრამ ახლა უკვე აღდგა და შეგვიძლია, ვიაროთ, ავტობუსები დადის. როცა ტრანსპორტი გაჩერებული იყო, მაშინ ბაბუას დავყავდი ვარჯიშებზე. გოგონებიდანაც ზოგი ამბროლაურში ცხოვრობს, მაგრამ ბევრი სოფლებიდან დადის. ცდილობენ, არ გააცდინონ ვარჯიში, მით უფრო ახლა, ყველა სოფელში აღდგა ავტობუსების მიმოსვლა. კვირაში 3 დღე ვვარჯიშობთ საათნახევარი ან 2 საათით, შაბათს ორსაათიანი ვარჯიში გვაქვს, სხვა დღეებში – საათნახევარი, რადგან მერე ავტობუსებს ვეღარ ვუსწრებთ.
– არ გიჭირთ მწვრთნელის ფუნქციის შეთავსება, კომუნიკაცია თანაგუნდელებთან?
– ზაფხულში ლაგოდეხში ვიყავი მწვრთნელთა სემინარზე. პატარა ვიყავი, მაგრამ მაინც წამიყვანეს და კარგად გავართვი თავი. იქ ფეხბურთელი გოგონებიც იყვნენ და ჩვენ, ვინც მწვრთნელებად ვიყავით მიწვეულები, მათთან გვამუშავებდნენ. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილიც იყო მოსული და ბევრ რამეზე გვესაუბრა.
გუნდიც ძალიან კარგია და თანაგუნდელებთან ურთიერთობაში სირთულეები არ მექმნება, პირიქით, ძალიან კარგი გოგონები არიან და ყველანაირად მიდგანან გვერდში. გუნდში ყველაზე პატარა ჩემი დაა – 11 წლის, ყველაზე უფროსი კი მე ვარ – 18 წლის ვხდები.
– მწვრთნელობა ჯობია თუ ფეხბურთელობა?
– ჯერჯერობით – ფეხბურთელობა, რადგან თამაში ახალი დაწყებული მაქვს და მიყვარს ფეხბურთი, თუმცა, ორივე კარგია. თანაც, მე მოთამაშე მწვრთნელი ვარ და შემიძლია, ვითამაშო კიდეც.
– სკოლა, სპორტი, საკმაოდ შორ მანძილზე კვირაში სამჯერ სავარჯიშოდ სიარული, ყოველდღიური ცხოვრება – როგორ ასწრებთ და როგორ უთავსებთ ამდენს ერთმანეთს?
– თან წელს აბიტურიენტი ვარ, უნდა ჩავაბარო და ცოტა მიჭირს, მაგრამ მაინც ვასწრებ ყველაფერს – მეცადინეობასაც, მასწავლებელთან სიარულსაც და ვარჯიშსაც.
– ანუ სპორტი სწავლაში ხელს არ გიშლით…
– არა, არანაირად. პირიქით – მიხარია, რომ თან ვსწავლობ და თან ასე სპორტულად ვცხოვრობ. სწავლითაც ცუდად არ ვსწავლობ – 9-იანზე ნაკლები ნიშანი არ მაქვს.
– სკოლაში რამდენადაა დატვირთული სპორტის გაკვეთილები, სპორტის რომელ სახეობებს ირჩევთ?
– სკოლაში უფრო ჭადრაკს ვთამაშობთ, თუმცა ყველაფერია, რაც გვინდა — ფეხბურთი, კალათბურთი, ღია მოედანიც გვაქვს და სპორტული დარბაზიც, ყველა საჭირო ინვენტარით, თუმცა ბავშვებს უფრო მეტად ჭადრაკი გვაინტერესებს.
– თქვენ ფეხბურთმა მოგცათ სურვილების რეალიზების შესაძლებლობა, მაგრამ სოფელში, რაიონში, რეგიონში ახალგაზრდებს რამდენად გაქვთ პირობები მიზნების ასასრულებლად, რამდენად ხელსაყრელი გარემოა საიმისოდ, რომ არა მხოლოდ სპორტში, არამედ სხვა მიმართულებითაც შეძლოთ მუშაობა და განვითარება?
– როგორც ვიცი, ფრენბურთზე და კალათბურთზე დადიან ბავშვები, არის ჭადრაკიც და ა.შ. ამბროლაურში სპორტის გარდაც არის ადგილები, სადაც შეიძლება შეკრება და სახელოვნებო თუ სხვა თემებზე მსჯელობა, დისკუსია, აზრთა გაზიარება.
– თვითონ სოფელში თუ გაქვთ ამის საშუალება?
– სოფელში – არა. ჯერ ერთი, ცოტანიც ვართ სკოლაში – 21, ხოლო კლასში – 3.
– მაინც რითი ერთობით სოფელში ახალგაზრდები, თავისუფალ დროს როგორ ატარებთ?
– ამ ბოლო დროს აღარ მცალია, მაგრამ როცა მეცალა, ჭალა გვაქვს ერთი და იქ ჩავდიოდი სათამაშოდ, ძირითადად, ფეხბურთს ვთამაშობდით.
– სპორტის გარდა, სხვა გატაცება არაფერი გაქვთ?
– ფსიქოლოგია მაინტერესებს და ძალიან მინდა ფსიქოლოგიურზე ჩაბარება. ეს სფერო ძალიან მიყვარს, როგორც ფეხბურთი, ფსიქოლოგიაც იმ დონეზე მაინტერესებს. დიდი სურვილი მაქვს, უნივერსიტეტში ჩავაბარო, მინდა, ფსიქოლოგია და ფეხბურთი ყოველთვის გვერდში მედგას — იმედია, მოვახერხებ.
– ალბათ, უცხოურ ფეხბურთსაც ადევნებთ თვალს?
– რა თქმა უნდა, როცა გადმოსცემენ, ყოველთვის ვუყურებ. უფრო ხშირად ლა ლიგას ვუყურებ, რადგან იქ „ბარსელონა“ თამაშობს, თუმცა სხვებსაც აქტიურად ვადევნებ თვალს — ბუნდესლიგას, პრემიერ ლიგას, მაგრამ ლა ლიგას გამორჩეულად ვქომაგობ.
– გაწბილებული დარჩებოდით ჩემპიონთა ლიგაზე „ბარსელონასა“ და პსჟ-ს შეხვედრის საერთო შედეგით
– ცოტა კი დამწყდა გული, „ბარსელონამ“ შინ 1:4 რომ წააგო, თუმცა დიდად მოულოდნელიც არ ყოფილა – ახლა გუნდი ისეთ დღეშია, ველოდი, რომ პსჟ-ს დონის კლუბთან გაუჭირდებოდა თამაში. მაინც მაქვს იმედი, რადგან განმეორებითი შეხვედრა ჩასატარებელია და, შეიძლება, ისე მოხდეს, როგორც შარშან.
– ქალთა ფეხბურთსაც ჰყავს ცნობილი ვარსკვლავები და მესის გარდა, სხვაც ხომ არ გაგიჩნდათ კუმირი?
– ამერიკელი ალექს მორგანია ჩემი საყვარელი ფეხბურთელი. თავიდანვე ვაჟთა ფეხბურთს უფრო ვუყურებდი, ქალთა ფეხბურთს კი ბოლო პერიოდში ვადევნებ თვალს, როცა მეც დავიწყე თამაში. ისე კი, ქალებსაც ბევრი კარგი მოთამაშე ჰყავთ. საქართველოშიც არიან კარგი ფეხბურთელები, ახლაც ვნახეთ ლანჩხუთის „გურია“ ჩემპიონთა ლიგაზე სადამდე მივიდა. ბუნებრივია, ჩვენ ისეთი განვითარებულები არ ვართ, როგორც უნდა ვიყოთ, მათ რაც გააკეთეს, ეს დიდი მიღწევაა.
უცხოურზე უფრო მეტად ქართულ ქალთა ფეხბურთს ვადევნებ თვალს, რადგან ეს უკვე ჩემი საქმიანობაა.
– როგორც რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდა, რის გამოსწორებას ისურვებდით?
– ვისურვებდი, რომ უფრო მეტი ჩართულობა იყოს ბავშვებისთვის. მაგალითად, როგორც მე შევედი ფეხბურთში, მინდა, სხვებმაც შეძლონ თავიანთი ინტერესების მიხედვით განვითარება. ამბროლაურში მეტ-ნაკლებად არის ამის საშუალება, მაგრამ კარგი იქნება, უფრო მეტი მიმართულებით იყოს ეს შესაძლებელი, რომ არც ბიჭებს და არც გოგონებს ჰობი აუსრულებელ ოცნებად არ დარჩეთ.
ირაკლი თავაძე