ლელი ბლაგონრავოვას ფოტო
ლუკა ხატიაშვილი
სულ ახლახან გამოიცა ნინო ხარატიშვილის საბავშვო პიესა „ლომგულები“. გამიმართლა – პრეზენტაციასაც დავესწარი, რომელშიც მწერალმა თქვა: ბავშვები ყველაზე საშიში მკითხველების კატეგორიაა, იმიტომ რომ ისინი არ მოგატყუებენ, შთაბეჭდილებას დაუფარავად, პირდაპირ გეტყვიან და შენც მოგეთხოვება, როგორც ავტორს, ბავშვებთან განსაკუთრებით გულწრფელი და ნამდვილი იყოო. ალბათ, ზუსტად გულწრფელობაა მთავარი, როდესაც საბავშვო ლიტერატურაზე ვსაუბრობთ და არა მხოლოდ მწერლის გადმოსახედიდან.
არასდროს მიცდია რამე ბავშვებისთვის დამეწერა. არც და ვერც, მაგრამ ეს სხვა ამბავია. მეც, როგორც მკითხველი, საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურაში მუდმივად გულწრფელობას ვეძებ და ვცდილობ, რაღაცები დავივიწყო, ზედმეტი ჩაკირკიტების გარეშე მივყვე პერსონაჟებს და მათთან ერთად გავიარო სხვადასხვა თავგადასავალი.
ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, როდის დაიწყებ კითხვას. არასდროსაა გვიანი მხატვრულ ლიტერატურას ეზიარო, მაგრამ მაინც მგონია, რომ ბავშვობა ყველაზე კარგი დროა წიგნის შესაყვარებლად. არსებობს ე. წ. „ბავშვური შთაბეჭდილება“, რომელსაც ზრდასრულობაში, სამწუხაროდ, ვეღარ განიცდი; ჯერ ერთი, იმიტომ, რომ წლებთან ერთად ბავშვური მიამიტობა გაკლდება, თუმცა მაგასაც რომ თავი დავანებოთ, ზრდასრულები სულ დროის უკმარისობაზე ვწუწუნებთ, ბავშვობაში კი გვგონია, რომ დრო ძალიან ნელა გადის და თავზესაყრელად გვაქვს. ალბათ ეგეც იმიტომ, რომ ბავშვობაში გაზრდა გვეჩქარებოდა, შემდეგ კიდევ უკან დასაბრუნებელ გზას ვეღარ ვპოულობთ.
წლების წინ რამდენიმე მეგობარმა ერთ-ერთ სოციალურ ქსელში პატარა ლიტერატურული ჯგუფის შექმნა გადავწყვიტეთ. პანდემიის პერიოდში დრო გაგვყავდა. ერთი მოზარდი წევრი ჰყავდა ჩვენს ჯგუფს, რომლის საჯარო პოსტსაც, მახსოვს, დიდი განხილვა და დავიდარაბა მოჰყვა.
პოსტის შინაარსი შემდეგი იყო: გამარჯობა, თოთხმეტი წლის ვარ. საერთოდ არ ვკითხულობ, მაგრამ კარზე საზაფხულო არდადეგები მომადგა და რას მირჩევთ, რით დავიწყო, რომ კითხვა შევიყვაროო. კომენტარებში პირველი გულის წუხილს ჯგუფის ერთ-ერთი უხუცესი წევრი გამოეხმაურა და, არც მეტი, არც ნაკლები, შენს ასაკში ყველაზე კარგი დროა, „დეკამერონის“ წასაკითხადო, გამოაცხადა. უკმაყოფილება ვერ დავმალე, რას ლაპარაკობთ, ბატონო ჩემო, რა დროს „დეკამერონია“, სულ ნუ შეაზიზღებთ ამ ადამიანს კითხვას-მეთქი, დავწერე. ასე, დაიწყო კომენტარების ველში თაობათა ჯახი.
საშინლად გავბრაზდი, რადგან ვიცი როგორია, როდესაც წიგნს ძალით კითხულობ; თავზე რომ გადგანან, გვერდებს რომ ითვლი, ერთი სული გაქვს დაამთავრო. საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურა ჩემთვის ძალიან დიდი ხანი არ არსებობდა, იმიტომ რომ არასერიოზული იყო და თუ კითხულობდი, აუცილებლად კლასიკად ქცეული, სავალდებულო საკითხავი წიგნები უნდა წაგეკითხა. ჯანდაბას! იყოს საყმაწვილოც, ოღონდ ან დიუმას „სამი მუშკეტერი“, ან ჟიულ ვერნის ნებისმიერი. სხვა შემთხვევაში, დროს ტყუილად დაკარგავ. არ მინდა, ზედმეტად სერიოზული წერილი გამომივიდეს და ამაზე ლაპარაკი შორს წაგვიყვანს, უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ არც ბავშვებისთვის და არც ზრდასრულებისთვის არ არსებობს ერთიანი, სავალდებულო საკითხავ წიგნთა სია, რომელსაც დაუფიქრებლად უნდა მიჰყვე. მკითხველობაც ხომ ეგაა – შენი წიგნების, ამბებისა და გმირების ძიება.
მგონი, მაშინაც ჩემი გავიტანე და ბევრი განსჯისა და კამათის შემდეგ ავხსენი, რომ წიგნის კითხვა, ყველაფერთან ერთად, სასიამოვნოც უნდა იყოს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პირველ ნაბიჯებს დგამ. დიდი პასუხისმგებლობაა ამ დროს მოზარდს წიგნი ურჩიო. შეიძლება მთელი მისი შემდგომი დამოკიდებულება ამ ერთმა წიგნმა განაპირობოს, ამიტომ ამ პასუხისმგებლობას ახლა თავიდან მოვიშორებ, არაფერსაც არ გირჩევთ, უბრალოდ მოგიყვებით იმ წიგნებზე, რომლებმაც თავის დროზე ჩემზე დიდი შთაბეჭდილება დატოვეს და ახლაც გულს მითბობენ, რომ ვიხსენებ.
ბავშვობაში ძალით ვკითხულობდი-მეთქი, უკვე ვთქვი, სამაგიეროდ თინეიჯერობაში გავთავისუფლდი და ნამდვილი თინეიჯერივით დავიწყე კითხვა – სწრაფად, ხარბად. რაც დამაკლდა, იმ პერიოდში ავინაზღაურე. ასე გამოვიდა. და დღემდე, როდესაც ყოველდღიურობით ძალიან ვიღლები, საბავშვო და საყმაწვილო პროზა ყველაზე კარგ თავშესაფრად მიმაჩნია. რამდენიმე კვირის წინ გადავიკითხე „ჰაკლბერი ფინის თავგადასავალი“ და „გულივერის მოგზაურობა“. სქელტანიან წიგნს ვებრძოდი და ერთ ღამეს ვაღიარე, რომ აღარც გონებას შეეძლო, აღარც თვალს. სანიშნი ჩავდე, გვერდით გადავდე და ნაცნობ თავგადასავლებში შევიჭერი.
მგონი გრძელი შესავალი გამოვიდა. ვერ შეგპირდებით, მაგრამ შევეცდები სათქმელი უკეთ დავალაგო და იმ რამდენიმე მნიშვნელოვან ტექსტზე მოვყვე, რომლებიც თავდავიწყებით მიყვარს. მოდი, პირველი შთაბეჭდილებით დავიწყებ.
ჰანს ქრისტიან ანდერსენის ზღაპრები
ცოდვა გამხელილი სჯობსო და, ზღაპრები დღემდე ძალიან მიყვარს, რაც მამაჩემის დამსახურებაა. სასაცილო ბავშვი ვიყავი. ღამე და სიბნელე არ მიყვარდა, ამიტომ მამა იძულებული იყო, ყოველ ღამით გამოეგონა ახალი ზღაპარი. ტყუილად არ ვამბობ, გამოეგონა-მეთქი. ზღაპრის ერთ-ერთი გმირი აუცილებლად მე უნდა ვყოფილიყავი და ჩემი საყვარელი ამბების თუ ანიმაციების გმირებთან ერთად მეხსნა სამყარო.
შემდეგ დიდი მეზღაპრეები გავიცანი და ამ მეზღაპრეებს შორის, პირველი ყოველთვის ბატონი ანდერსენი მახსენდება. ოღონდ მგონი ეს ის შემთხვევაა, როდესაც აზრების ნაკადს თუ გავყევი, საშინლად დავსევდიანდები. ზღაპრები და სევდა ვის გაუგიაო, იკითხავთ. ანდერსენს, ბატონო! ანდერსენს გაუგია.
ბევრი წლის წინ საახალწლოდ ზღაპრების კრებული მომიტანეს. უფრო სწორად, ლამაზად შეფუთული, ბაფთით შეკრული, თხელყდიანი, ერთმანეთს შეზელილი პატარა წიგნები. ახალ წლამდე რამდენიმე საათი იყო დარჩენილი. ყველაზე მეტად და, ახალ წელზე მეტადაც, საახალწლო სამზადისი მიყვარს. ოჯახის ყველა წევრი თავის საქმეში როა და თავისებურად ემზადება. მთელი დღე სხვადასხვა გემრიელი სუნი ტრიალებს. კაი, ერთ გოზინაყს მოიპარავ, მაგრამ ზედმეტი არ უნდა მოგივიდეს და თორმეტ საათს დაელოდო. მეც დავიწყე ზღაპრების კითხვა დროის გასაყვანად. „ასანთის გამყიდველი გოგონა“ ამოვარჩიე. ერთი შეხედვით, საყვარელი ამბავია. არამც და არამც! ახლაც გული მეკუმშება, ამას რომ ვწერ. ნაძვის ხის გვერდით ვიჯექი. ძალიან ბევრი ვიტირე. აი, თუ რჩევაზე მიდგა საქმე, არავითარ შემთხვევაში არ გირჩევთ სადღესასწაულოდ ამ ამბის წაკითხვას. მაშინ დავფიქრდი, რომ ზღაპარი იმაზე მეტია, ვიდრე უბრალოდ „ბოროტი კეთილს შეხვდა და მოდი ვნახოთ, რომელი უფრო მაგარია და რომელი რომელს ძლევს“. ზღაპარში ძალიან დიდი ადამიანური სევდა შეიძლება იყოს მოქცეული.
ანდერსენმა განწყობა არც შემდეგ გამომიკეთა. ალბათ, მისი ყველაზე ცნობილი ტექსტია, „დისნეის“ წყალობით, ნამდვილ კლასიკად ქცეული „პატარა სირინოზი“, რომელსაც ანიმაციისგან განსხვავებით არც ისეთი ბედნიერი დასასრული აქვს. ან შეიძლება ბედნიერი დასასრულიცაა, არ ვიცი, მაგრამ ანდერსენის პატარა სირინოზი განსხვავდება ქალთევზა არიელისგან და ბევრად ღრმა და რთულ გზას გადის.
კიდევ ერთი გაფრთხილება: თუ „დისნეის“ ანიმაციები თქვენთვის ისეთივე წმინდაა, როგორიც ჩემთვის, ჯერ ერთი, ახალი ფილმები არ ნახოთ და მეორე, ნუ ჩაუკირკიტებთ და ორიგინალ ზღაპრებს ნუ მიადგებით. ხშირ შემთხვევაში, ორიგინალები ბევრად ტრაგიკული, მძიმე და ბნელიც კია, ვიდრე ის ამბები, რომლებიც ბავშვობაში შევიყვარეთ. ხუმრობით ვამბობ ხოლმე, ბავშვობა მაშინ დამემსხვრა, როდესაც შარლ პეროს „მძინარე მზეთუნახავი“ წავიკითხე-მეთქი. გამგები გაიგებს, რატომაც.
გოდერძი ჩოხელი – „წითელი მგელი“
გოდერძი ჩოხელის სიყვარულით არ დავიღლები. საყმაწვილო წიგნებზეც პირველი სულ „წითელი მგელი“ მახსენდება. ასე პირდაპირ არავისგან მსმენია „წითელ მგელზე“, არიქა, აუცილებლად საყმაწვილოაო, მაგრამ მე ასე გადავწყვიტე და არავის არაფერს ვუშავებ.
პირველმა, რაც ამ წიგნში ძალიან გამახარა, იყო ის, რომ მთავარი პერსონაჟი ჩემი სეხნია აღმოჩნდა. კითხვა რომ დავიწყე, სულ სხვა შთაბეჭდილება შემექმნა. სხვა განვითარებას ველოდი, მაგრამ ნელ-ნელა ლუკას გაქცევასთან და ბებერი მგლის გამოჩენასთან ერთად, მაგიური ამბები დაიწყო და მეც რეალობისა და წარმოსახვის გზაგასაყარზე აღმოვჩნდი. ბევრი ღირსება აქვს ამ წიგნს და სიურრეალური გარემოს მიუხედავად, ძალიან ადამიანურ გრძნობებზე გესაუბრება.
ახლა ვფიქრობ და, ეს ამბები ისე კარგად აღარ მახსოვს, და მგონი დროა „წითელი მგელიც“ გადავიკითხო, მაგრამ თან გადაკითხვისაც მეშინია, იმიტომ რომ არ მინდა ის პირველი შთაბეჭდილება და ჩემს გონებაში შეკოწიწებული ლუკას ხატება შეიცვალოს. რამეს მოვიფიქრებ.
…ჰო, ამბებთან ერთად, ალბათ, ჩვენს საყვარელ პერსონაჟებსაც ვპოულობთ. მე არ ვარ მკითხველის ის კატეგორია, რომელიც პერსონაჟებთან მუდამ საკუთარ თავს აიგივებს. რა თქმა უნდა, ვეთანხმები და ვთვლი, რომ ყველაზე მეტად ის ამბები და პერსონაჟები გვიყვარს და გვამახსოვრდება, რომლებიც ჩვენს პიროვნებასთან ახლოს მოდის/საერთოს ვპოულობთ, მაგრამ მე ჩემს საყვარელ პერსონაჟებს ყოველთვის კარგ მეგობრებად აღვიქვამ და არასდროს მინდა მათი შესისხლხორცება. მგონია, რომ ეს განწყობა შემდეგ უკვე ჩემს წიგნშიც გადავიტანე, რაც სათაურშიც ჩანს, მაგრამ მაგაზე მერე…
იმის მოყოლა მინდოდა, რომ როდესაც ამ წერილის წერა დავიწყე, გამახსენდა ერთი კითხვა, რომელიც ერთმა ადამიანმა ძალიან უხეშად და მოურიდებლად დამისვა:
რომ შეგეძლოს, რომელი წიგნის პერსონაჟი იქნებოდიო?
როგორც მოგახსენეთ, რადგანაც პერსონაჟებთან გარკვეული დისტანციის დაცვას ვცდილობ, პასუხი თავიდან გამიჭირდა. ერთი აზრი გამიჩნდა. გამეღიმა. შემდეგ სულ სხვა საფიქრალმა წამიღო. ორს შორის უნდა ამერჩია. ორივე სიამოვნებით ვიქნებოდი. რაღაცით მართლა ორივე მგავს. ერთი გულუბრყვილოა და მეოცნებე; მეორე დიდი როხროხა ვინმე, შესაშური ზომა-წონის და ტკბილიც ჩემსავით უყვარს. სასწორის ორი პინა. პასუხი გამიგრძელდა. არა, პროპელერი ადრე თუ გვიან ნერვებს მომიშლის, თან სახურავზე ცხოვრება?
სვანტე სვანტენსონი – „სახურავის ბინადარი კარლსონი“
კითხვის ავტორი ნელ-ნელა გაღიზიანდა. ჰა, ვერ მოიფიქრეო? კიდევ ერთი პრობლემა იყო – ბიჭუნას სახელი არ მახსოვდა. ტელეფონი გავხსენი და ჩემს ხელოვნურ მეგობარს მივაკითხე დასახმარებლად. მოვიფიქრე, მოვიფიქრე! სვანტე სვანტენსონი ვიქნები-მეთქი. ეგ ვინ არისო? კარლსონის საუკეთესო მეგობარი, ბიჭუნა-მეთქი. კარლსონად ყოფნა არ ჯობსო? კარლსონობა ძალიან მაგარია, მაგრამ, როდესაც კარლსონი შენი საუკეთესო მეგობარია და თან, რაც არ უნდა თქვას, მაინც ძალიან უყვარხარ, ეგ მთლად გადასარევი და წარმოუდგენელი თავგადასავალია-მეთქი.
დღემდე ასე ვფიქრობ და ახლაც ან სვანტე ვიქნებოდი (მიუხედავად იმისა, რომ სახელი ძლივს დავიმახსოვრე) ან… (ბარაბანი)
არავინ არავისია – „სასაფლაოს წიგნი“
არავინ არავისია! შეიძლება კარლსონის ძმაკაცისგან განსხვავებით, ბატონი ვინი, იგივე არავინ არავისია, გაგონილი არ გქონდეთ, მაგრამ დამიჯერეთ, ძალიან საინტერესო ბიჭია. ალბათ იმიტომ, რომ ერთადერთი ცოცხალია, რომელიც სულებმა შეიფარეს და სასაფლაოზე ცხოვრობს. ცოცხლები სიკვდილით ემუქრებიან. რაღაც აირია. ზოგადად ხომ შეჩვეულები ვართ, რომ სულები დასდევენ ადამიანებს მოსაკლავად — არა, აქ, სასაფლაოზე იპოვა ვინიმ თავისი ოჯახი, უახლოესი მეგობარიც და, მე ვფიქრობ, რომ სასაფლაოზე დამარხული ალქაჯის მიმართაც არ არის ბოლომდე გულგრილი. იმედი მაქვს, უკვე დაგარწმუნეთ იმაში, რომ, როგორც კი ამ წერილს წაიკითხავთ, ნილ გეიმანის „სასაფლაოს წიგნის“ ძებნა დაიწყოთ და თუ მაინც არა, ავტორზეც გეტყვით ერთ-ორ სიტყვას.
ნილ გეიმანს ძირითადად „კორალაინით“ იცნობენ. აი, ჩემი ვინი შედარებით დაიჩაგრა. კორალაინიც შესანიშნავია, არც „არსადროს“ უნდა დაგვავიწყდეს. უყვარს ამ კაცს ტრადიციული ზღაპრებიდან ფაბულის აღება. მათი გადასხვაფერება. იმისთვისაც მზად უნდა იყოთ, რომ რაღაც მომენტში ისეთ საკითხებს შემოგაპარებს, რომ შეიძლება ზრდასრულიც ატირდე. დიდი ოსტატი ვინმეა და სამივე წიგნში იპოვით ბევრს საინტერესო პერსონაჟს თუ არაკს.
მგონი მაინც ისე გამომივიდა, რომ რაღაც წიგნები გირჩიეთ, მაგრამ არ ვინერვიულებ, იმიტომ რომ ჩამოთვლილი ამბები იმედებს არ გააცრუებენ. შეიძლება რომელიმე პერსონაჟი ჩემსავით შეგიყვარდეთ და შემდეგ ან მათ ადგილას ყოფნა, ან მათთან მეგობრობა ინატროთ.
ერთი წიგნების სერიაზეც ვიტყვი. ამ სერიის შეწყვეტის გამო ერთ-ერთ ქართულ გამომცემლობაზე ძალიან გაბრაზებული ვარ და ისიც საკმარისია ვთქვა, რომ ჩემს მსუქან კატას ამ წიგნების სერიის ერთ-ერთი პერსონაჟის პატივსაცემად დავარქვი სანი ბოდლერი. „უიღბლო ამბების სერია“ – ქართულად პირველ ოთხ წიგნს მოიძიებთ, მაგრამ დაიმახსოვრეთ მაინც სახელი, სადმე თუ გადაეყრებით სრულად ყველა წიგნს, ხელში ჩაიგდეთ. თავს დავდებ და მომაჭერით, თუ არ მოგეწონათ.
„ჭირის მეგობარი“
ბავშვებისთვის არ და ვერ ვწერ-მეთქი, უკვე ვთქვი, მაგრამ მეც ყველაზე მეტად მოთხრობებზე მუშაობისას მინდოდა ისეთი პერსონაჟების შექმნა, რომლებიც სწორ დროს მართლა კარგ მეგობრობას გაუწევდნენ მკითხველს.
„ჭირის მეგობარში“ ხუთი სხვადასხვა მოთხრობაა, ბევრი სხვადასხვა ნარატორი, მაგრამ ყველა თავისი პირით ჰყვება ამბავს: ხან წუწუნებენ, ხან ქოთქოთებენ. როგორც გვჩვევია. ყველა თავისას მიერეკება – რომელიმესთან მაინც იპოვი საერთოს.
სხვათა შორის, რამდენიმე შედარებით პატარა ასაკის მკითხველისგანაც მივიღე შთაბეჭდილება და, ზოგადად, ყველაზე მეტად მიხარია ხოლმე, როდესაც პირადად მწერენ ან წერენ, ეს წიგნი მართლა ჭირის მეგობარი გამოდგაო, და მეც ვფიქრობდი, ჩემთვის, ჩუმად, რა მაგარია და როგორ გამიმართლა, რომ რაღაცნაირად გამივარდა, გამომივიდა და ისეთი პერსონაჟები შევქმენი, რომლებსაც შეუძლიათ მკითხველის გულებამდე მივიდნენ-მეთქი.