რუბრიკის “ქართველი სტუდენტები უცხოეთში” სტუმარია არჩილ ჭეიშვილი — ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, ტექნოლოგიური კომპანიის „Palatine Analytics” დირექტორი
— გზა ოცნებიდან ჰარვარდამდე
— დაწყებით კლასებში ზოგს უნდა, კოსმონავტი გახდეს, ზოგს — მეხანძრე, ზოგს — ექიმი, ზოგსაც — პოლიციელი. მე მხოლოდ ერთი რამ მაინტერესებდა: ბიზნესი, ბიზნესი, ბიზნესი! ადრეული ასაკიდანვე ვოცნებობდი, შემექმნა მასშტაბური ბიზნესი, რომელიც უკეთესობისკენ შეცვლიდა ხალხის ცხოვრებას. ბავშვობიდან ვხედავდი, რომ ქვეყანაში დიდი პრობლემები იყო, რომელთა გადაჭრაც ჩემს მიზნად და პირად გამოწვევად მიმაჩნდა. ვიცოდი, ამისთვის კარგი განათლება დამჭირდებოდა. სკოლაში სწავლისას, „ჰარვარდი“ მხოლოდ კინოში მქონდა გაგონილი. იმ დროს, ერთადერთი, რაც მასთან მაკავშირებდა, იყო დიდი ოცნება.
ჰარვარდში ჩასაბარებლად დამეხმარა ლიდერის პოზიციები და კარგი აკადემიური შედეგები. სკოლის პერიოდში ვიყავი კლასის პრეზიდენტი და რამდენიმე სპორტული გუნდის კაპიტანი. ვცდილობდი ყველაფრის ეფექტურად კეთებას, ანუ განმევითარებინა უნარ-ჩვევები, მაქსიმალური შედეგი მიმეღო, რაც შეიძლება ნაკლებ დროში. ასევე, ვიყავი სხვადასხვა სასკოლო ოლიმპიადებში გამარჯვებული და ამერიკის ეროვნულ გამოცდებში, ამიერკავკასიაში, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ქულა მქონდა. ეს ყველაფერი დამეხმარა, რომ ჰარვარდში ჩამებარებინა — მოვიპოვე, დაახლოებით, 300 000-დოლარიანი სტიპენდია. პირველი ქართველი ბიჭი ვიყავი, რომელიც ჰარვარდის ბაკალავრიატზე, ეკონომიკის მიმართულებით ვსწავლობდი.
პირველად, ჰარვარდში კარიბჭიდან შევედი, სადაც ეწერა: „შედი, რომ სიბრძნეში გაიზარდო“. ამ დღიდან არ გამნელებია სულისკვეთება, მიმეღო კარგი განათლება და ჩამომეყალიბებინა ურთიერთობები, რათა მემსახურა ხალხისთვის და ჩემი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. ჰარვარდში, თითოეული სტუდენტი, პირველ რიგში, საკუთარ თავს სწავლობს: რა სუსტი და ძლიერი მხარეები აქვს და რა აინტერესებს. ჰარვადი არის ადგილი, სადაც ღრმა ურთიერთობებს ავითარებ შენი თაობის ყველაზე გავლენიან, ჭკვიან ადამიანებთან — დაწყებული სამეფო ოჯახების წევრებით, დამთავრებული მსოფლიო დონის ფიზიკოსებით. ჰარვარდი გაძლევს ყველა იმ რესურსს, რაც გჭირდება შენი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლისთვის.
— რას ურჩევ ახალგაზრდებს, რომლებსაც საზღვარგარეთ ცოდნის გაღრმავებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სურვილი აქვთ
— იმისთვის რომ ჰარვარდში ჩააბარო, საჭიროა, ან რაღაც კონკრეტულ სფეროში იყო მსოფლიო დონის ექსპერტი, ან ბევრ სფეროში იყო ნიჭიერი. ჩაბარების დროს მთავარია, ნათლად, ერთ წინადადებაში წარმოაჩინო, რატომ უნდა მიგიღოს ჰარვარდმა. მაგალითად, მე უნდა მიმიღოს ჰარვარდმა იმიტომ, რომ ვარ მსოფლიო დონის მათემატიკოსი. ამის შემდგომ, აპლიკაციის ყველა ნაწილი (პერსონალური ესე, ინტერვიუ, რეზიუმე, სარეკომენდაციო წერილები) უნდა ამყარებდეს ამ მთავარ მიზეზს.
სკოლის მოსწავლეებს ვეხმარები, რომ ჩააბარონ თავიანთ საოცნებო უნივერსიტეტში, ვუზიარებ იმ შიდა და დახურულ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას, რაზეც რთულია გქონდეს წვდომა, თუ ჰარვარდში არ გისწავლია.
— არჩილ, ჰარვარდში სწავლის პარალელურად, უნივერსიტეტში სამი სტუდენტური ორგანიზაციის პრეზიდენტი იყავი, მათ შორის ერთ-ერთის დამფუძნებელი. ასევე იყავი ერთ-ერთი ყველაზე ძველი და დიდი სტუდენტური ორგანიზაციის „Harvard College Entrepreneurship Forum“ წევრი. კერძოდ, რა მიზანს ემსახურება ჰარვარდის სტუდენტური ორგანიზაციები და რა საქმიანობას ეწეოდით?
— ლიდერის პოზიციის დაკავება პირველი კურსიდან მინდოდა. ამიტომ გადავწყვიტე, ჩემი კურსელები ჩემთვის საინტერესო იდეის გარშემო შემეკრიბა და დამეარსებინა სტუდენტური გაერთიანება. გუნდი შევქმენი და დავაფუძნე ორგანიზაცია, რომელსაც „ევროპული ბიზნეს ჯგუფი“ ჰქვია. ამჟამად, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჯგუფია ჰარვარდში. მისი ძირითადი მიზანია ევროპის მომავალი ლიდერების ერთ ორგანიზაციაში გაერთიანება და ერთმანეთთან დაკავშირება. ასევე, ვიყავი ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ძველი — „ჰარვარდის მეწარმეთა ორგანიზაციის“ ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტი.
— როგორც ვიცი, საქართველოში ადრეული ასაკიდან დაიწყე რამდენიმე მცირე ბიზნესის წარმოება. რა იყო შენი პირველი ბიზნესი და როგორ განვითარდა?
— ჩემს ბავშვობაში ძალიან პოპულარული იყო პოკემონებით თამაში, რომლის შეძენაც, ჩვენს მეზობლად, მაღაზიაში შეგვეძლო. ერთ დღესაც, მაღაზია დაიწვა და დაიკეტა. ჩემი მეგობრის ცნობით, მოშორებით, სხვა უბნის მაღაზიაში იყიდებოდა ჩვენი გასართობი. მახსოვს, მაღაზიაში რამდენი პოკემონიც იყო, ყველა ვიყიდე და შემდეგ ერთ კვირაში გავყიდე ორმაგ ფასად, რა თქმა უნდა, ჩემს სამეზობლოში. ამ დროს 8 წლის ვიყავი, სწორედ ამ ასაკში ვისწავლე ეკონომიკის და ფინანსების ორი ძირითადი პრინციპი: მოთხოვნა-მიწოდება და არბიტრაჟი.
— საფონდო ბირჟაზე ინვესტირება 14 წლიდან დაიწყე და წარმატებასაც მიაღწიე?
— დიახ, საფონდო ბირჟაზე ვაჭრობა 14 წლის ასაკში დავიწყე. ეს იყო 2007 წელს, როდესაც მსოფლიოში სწრაფი ეკონომიკური ზრდა იყო. ამ წელს, ჩემმა ფინანსურმა პორტფელმა ძალიან დიდი მოგება ნახა, თუმცა 2008 წელს, მოგებები ფინანსურმა კრიზისმა დაჩრდილა. ვისწავლე, რომ არასდროს უნდა იყო ზედმეტად თვითდაჯერებული, უნდა აკონტროლო ემოციები და აუცილებელია, იცოდე, რა არ იცი. მნიშვნელოვანია, საფონდო ბირჟის შესახებ სხვებისგან დამოუკიდებელი მოსაზრებები გქონდეს და ეს მოსაზრებები ყოველთვის, რაც შეიძლება ჭკვიან ადამიანებთან გამოსცადო.
— მესამე კურსის დასრულების შემდეგ მუშაობა დაიწყე მსოფლიოს ყველაზე დიდ ჰეჯ-ფონდში „Bridgewater Associates“, სადაც ყველაზე ახალგაზრდა თანამშრომელი იყავი და საფონდო ბირჟაზე ინვესტიციებს ახორციელებდი. როგორ აკეთებს ფულს ჰეჯ-ფონდი, რატომ არის ის დღეს ასე პოპულარული, ძირითადად, ვის ემსახურებიან ამ ტიპის ფონდები, არის თუ არა ტიპიურ ჰეჯ-ფონდებში ინვესტირება ხალხის ფართო მასებისთვის ხელმისაწვდომი თუ მხოლოდ პროფესიონალ ინვესტორებს ემსახურებიან?
— ინვესტირებამ ძალიან დამაინტერესა იმიტომ, რომ ბაზარი სწრაფად იცვლება და შესაძლებლობებს ლიმიტი არ აქვს. ამიტომ, ჰარვარდის მესამე კურსის დასრულების შემდეგ, მუშაობა დავიწყე მსოფლიოს ყველაზე დიდ და ბევრი რეიტინგის მიხედვით, ყველაზე წარმატებულ ჰეჯ-ფონდში „Bridgewater Associates“. კომპანიაში ვიყავი ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა თანამშრომელი და საფონდო ბირჟაზე ინვესტიციებს ვახორციელებდი. Bridgewater ცნობილია არა მარტო ფინანსური წარმატებებით, არამედ მუშაობის უნიკალური კულტურითაც. პირველ რიგში, ეს გულისხმობს უკიდურეს გამჭვირვალობას და სურვილს, ყველაფერი გაკეთდეს ჭეშმარიტების დასადგენად.
— მეგობრებთან ერთად, ბოსტონში ტექნოლოგიური კომპანია „Palatine Analytics“ დააფუძნე. შენ ამბობ, რომ კომპანია მომავლის თაობის ხელოვნურ ინტელექტს ავითარებს, რომელიც სხვადასხვა კომპანიის თანამშრომლებს საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეების გაგებაში ეხმარება. დაახლოებით რამდენ და რომელ კომპანიებთან თანამშრომლობთ, უფრო დეტალურად გვიამბე ამ კომპანიის საქმიანობისა და მიზნების შესახებ?
— ამ ეტაპზე, ჩემი საქმიანობა, ტექნოლოგიური კომპანია „პალატაინის“ განვითარებითაა განსაზღვრული. ეს ორგანიზაცია ბოსტონში, ჩემს უნივერსიტეტელებთან ერთად, რომლებიც Google-სა და Facebook-ში მუშაობდნენ, დავაარსე და ამჟამად ვუძღვები, როგორც კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი. დიახ, ჩვენი კომპანია მომავლის თაობის ხელოვნურ ინტელექტს ავითარებს. პროგრამის მომხმარებლები არიან სხვადასხვა კომპანიის თანამშრომლები, რომლებიც კვირის განმავლობაში ერთმანეთს აფასებენ სხვადასხვა უნარის მიხედვით. ვიყენებთ ხელოვნურ ინტელექტს, რომ დავეხმაროთ ჩვენს მომხმარებლებს საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეების გაგებაში. პლატფორმა ეხმარება არა მარტო თანამშრომლებს, თავიანთი პოტენციალის სრულად გამოყენებაში, არამედ დამსაქმებლებსაც, ინფორმაციის ფლობის შედეგად, მეტად ობიექტური გადაწყვეტილებები მიიღონ თანამშრომლების დაწინაურების შესახებ.
— არჩილ, როგორ გესახება მომავალი?
— მინდა შევქმნა გლობალური, მასშტაბური კომპანია, რომელიც ხალხის ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის.
ესაუბრა მაკა ყიფიანი