ზუსტად 100 წლის წინ, 1924 წლის სექტემბერში, ლეჩხუმის ერთ-ერთ ულამაზეს და ისტორიულ სოფელ თაბორში, პირველად დაირეკა სკოლის ზარი – მერხებს შემოუსხდნენ სოფლის მცხოვრებთა შვილები, განათლებას მოწყურებული პრველკლასელები, რომელთაც ექვსი კლასის ჩათვლით შეეძლოთ სწავლა. მას შემდეგ აქ, ავად თუ კარგად, საგანმანათლებლო პროცესი არ შეწყვეტილა. მხოლოდ მოგვიანებით, სკოლის ავარიულობის გამო, დღის წესრიგში ახალი სკოლის მშენებლობის საკითხი დადგა და 80-იანი წლების დასაწყისში აშენდა კიდეც 150 მოსწავლეზე გათვლილი ახალი შენობა, თუმცა, ასეთი კონტინგენტი, რეალურად, თაბორში არასოდეს ყოფილა. ეს ის პერიოდია, როცა ნელ-ნელა, თითქოს უმნიშვნელო რაოდენობით, მაგრამ საქართველოს სოფლებში მიგრაციული პროცესები იწყება – ოჯახები დიდ ქალაქებში ცდილობენ დამკვიდრებას თავიანთი შვილებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად. მათ შორისაა თაბორიც – აქაც იკლო მოსწავლეთა რაოდენობამ. ავარიული შეიქნა სკოლაც, სადაც სასწავლო პროცესი გარკვეული ხანი მაინც მიმდინარეობდა, უკვე ხუთი მოსწავლისთვის. ბოლოს, ამ შვიდიოდე წლის წინ, როცა შენობა სიცოცხლისთვის საშიში გახდა, სასწავლო პროცესი სოფლის ერთ-ერთი მკვიდრის ორსართულიან სახლში გაგრძელდა. მას შემდეგ 5 მოსწავლეზე მეტი არასოდეს გვყოლიაო, გვითხრა სკოლის ყოფილმა დირექტორმა, მაკა სილაგაძემ.
წელს, ამ საუკუნოვანი ისტორიის მქონე სკოლაში, პირველად არ დაირეკა ახალი სასწავლო წლის მაუწყებელი ზარი – მესამე და მეშვიდეკლასელმა ორმა მოსწავლემ სოფელ ლაილაშის სკოლაში გააგრძელა სწავლა; უმუშევარი დარჩა სკოლის ათივე თანამშრომელი, იმ ორი მასწავლებლის გარდა, რომელიც შეთავსებით სხვა სკოლაში მუშაობდა. „უმუშევრად დარჩენა თითოეული ჩვენი ოჯახისთვის დიდი დარტყმაა, მაგრამ აუნაზღაურებელია ის ზიანი, რაც სოფელს მიადგა. სულ 20 ოჯახია ამჟამად თაბორში, ათჯერ მეტი დაკეტილი სახლია, რომელიც მხოლოდ ზაფხულობით იღება და – არც ერთი ბავშვი! აი, ესაა სავალალო და ტრაგიკული,“ – ამბობს ქალბატონი მაკა. და ეს ხდება სოფელში, რომელიც ისტორიულ წყაროებში მე-18 საუკუნიდან მოიხსენიება. ვიცით, რომ ჩვენში, ებრაულის წაბაძვით, საეკლესიო ნაგებობებს არქმევდნენ ბიბლიურ სახელებს: „სიონი“, „ბეთლემი“, „ბეთანია“, „გეთსამანია“… თაბორი კი ნაზარეთთან ახლოს მდებარე მთაა, სადაც ქრისტეს ფერიცვალების სასწაული აღესრულა; სოფელში დღესაც დგას მე-6 საუკუნის ქართული ხუროთმოძვრობის ერთ-ერთი უძველესი და უმნიშვნელოვანესი ძეგლი, თაბორის ეკლესია; სოფლის განაპირას, მთის ქიმზე კი შირიმის კვადრებით ნაგები გვიანდელი შუასაუკუნეების კოშკია, რომელიც საგვარეულო საძვალე-სამლოცველო კოშკი ყოფილა… ჩამონათვალის გაგრძელება კიდევ შეიძლება, ლეგენდებისა და გადმოცემების მოყოლაც, მაგრამ, თითქოს ყველაფერს აზრი ეკარგება… აღარც ისტორიისა თუ გეოგრაფიის ან ლიტერატურის მასწავლებლები მოუყვებიან პატარებს როგორი ისტორიული მნიშვნელობის სოფლის მკვიდრები არიან; აღარც ექსკურსიებით აჟრიამულდებიან ისტორიით დამძიმებული ციხე-კოშკები, ღმერთმა ნუ ქნას და, აღარც მომლოცველი ეყოლება თაბორის ეკლესიას…
რამდენიმე ნომრის წინ, ჩემი კოლეგის, ირაკლი თავაძის იმედით აღსავსე წერილი დაიბეჭდა სათაურით: „ფუფუნება – ოთხი პირველკლასელი“. იგი სოფელ ზემოხეთის (ჩოხატაურის რაიონი) სკოლისა და სოფლისთვის სასიხარულო ამბავს გვამცნობდა, ბოლო ოცი წლის განმავლობაში, პირველად სკოლას ამდენი (4) პირველკლასელი ჰყავსო. ამ ოთხმა სიცოცხლემ ნასოფლარად ქცევისგან იხსნა ზემოხეთი, რაღაც დროით მაინც, ეს ოთხი პატარა ადამიანი მომავლის იმედია სოფლისთვის, ქვეყნისთვის… თაბორს ეს იმედიც აღარ აქვს, ან კი რისი იმედი უნდა ჰქონდეს მიგრაციით დალახვრულ სოფელს, სადაც მთელი წლით გამოკეტილი სახლები მხოლოდ ზაფხულობით იღება და ბავშვების საამო ჟრიამული მხოლოდ ერთი-ორი თვე აცოცხლებს სოფელს…
სამწუხაროდ, ბევრი ასეთი სოფელია საქართველოში, ზოგი ნასოფლარად ქცეული, ზოგიც, ამ საშინელი განაჩენის მომლოდინე. და თუ მიგრაციის დამანგრეველი პროცესის შესაჩერებლად ისევ ვერაფერი გავაკეთეთ, თაბორის მსგავსად, სოფლად ბავშვის დანახვა სანატრელი გახდება.
ანა ფირცხალაიშვილი