დღეს საგანმანათლებლო სისტემა ახალი რეალობისა და გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა – სკოლები ჩვეული საგაკვეთილო პროცესის ჩანაცვლებას დისტანციური სწავლებით ცდილობენ. ბუნებრივია, ობიექტური მიზეზების გამო, დისტანციური სწავლების ასე ნაჩქარევად დანერგვას ბევრი ხარვეზი და პრობლემა ახლავს. მეტიც, სავარაუდოდ, ხშირ შემთხვევაში, ონლაინმოდელი ვერ იმუშავებს იქ, სადაც, მინიმუმ, ინტერნეტზე წვდომა სერიოზული პრობლემაა. რა არის მთავარი გამოწვევა დისტანციური სწავლების დანერგვისას, რა ხარვეზების ფონზე უწევთ მასწავლებლებს გაკვეთლების ონლაინრეჟიმში ჩატარება. ამის შესახებ გვესაუბრებიან გამოცდილი მასწავლებლები, რომლებმაც დისტანციურად სწავლება უკვე დაიწყეს. რესპონდენტი მასწავლებლები რეგიონებისა და თბილისის სკოლებს წარმოადგენენ, რადგან გვინდა, რეალურად დავინახოთ, თბილისის სკოლების გარდა, რა შესაძლებლობები აქვთ რეგიონის სკოლებს, ან საერთოდ, აქვთ თუ არა ასეთი შესაძლებლობები.
და მაინც, რა არის მთავარი გამოწვევა ახალ გამოწვევაში?
ხათუნა გოგალაძე, ქიმიის დოქტორი, ბრიტანულ-ქართული აკადემიის ბიოლოგიის მენტორი მასწავლებელი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულის წევრი:
„დისტანციურ სწავლებასთან“ დაკავშირებით ჩვენმა სკოლამ ძალიან სწრაფად მიიღო გადაწყვეტილება. ერთ გუნდად იმუშავა ადმინისტრაციამ და მასწავლებლებმა. დისტანციური სწავლების პლატფორმად გამოვიყენეთ google classroom, მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს ელექტრონული ჟურნალი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია, თითოეულმა მოსწავლემ მიიღოს დავალება, მასწავლებლის რეკომენდაცია. აგრეთვე ადვილადაა შესაძლებელი მშობლის ჩართულობა და უკუკავშირი სწავლა-სწავლების პროცესში. თუმცა Google classroom-ში მუშაობა გამოწვევა იყო ჩვენთვის, რადგან ამ პროცესში ყველა მასწავლებელსა თუ მოსწავლეს გუნდურ პრინციპებზე დაყრდნობით უნდა ემუშავა.
დისტანციური სწავლების პროცესში მნიშვნელოვანია ერთი სკოლის მასწავლებლების თანამშრომლობა, ციფრული კომპეტენციების, სწავლების მეთოდური გამოცდილების გაზიარება და წამოჭრილ საკითხებზე სწრაფად კონსესუსის მიღება. ამდენად, ჩვენ ადვილად გადავჭერით პირველი გამოწვევა, თუმცა მთავარი გამოწვევები მაინც აქტუალურია: როგორ დაიგეგმოს სწავლების ფორმატი? როგორ ჩავრთოთ ყველა მოსწავლე ინსტენსიურად? როგორ გავხადოთ ეს პროცესი მოსწავლისთვის სარგებლიანი, სწავლების მოქნილი გრაფიკით? ვინ გაუწევს ამ პროცესებს მონიტორინგს? როგორი უკუკავშირი იქნება მშობლების მხრიდან და ხომ არ შეგვეშლება ხელი ტექნიკურ ასპექტში?
ვფიქრობ, რომ ეს გამოწვევები როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლებში მეტად აქტუალურია. ჩვენ ვცდილობთ გავუმკლავდეთ აღნიშნულ საკითხებს. თუმცა, დიდი ძალისხმევა და დრო სჭირდება ამ პროცესების მართვას. სწავლების პროცესში საგნობრივი ონლაინკონსულტაციების განრიგის შედგენა დაგვჭირდა. ონლაინკონსულტაციების დროს ხარვეზებმა იჩინა თავი, მათ შორის, ყველაზე მეტად ტექნიკურმა. მოსწავლეები მოტივირებულები არიან, მოსწონთ სიახლეებთან შეჭიდება. თუმცა, ყველა მოსწავლე ვერ ახერხებს მასწავლებელთან ჩართვას, ამიტომ ჩემი რეკომენდაციაა – ონლაინკონსულტაციაზე დისკუსიის თემის მონახაზის ან მასალის მიწოდება დანარჩენი მოსწავლეებისთვის, ვინც ვერ ახერხებს იმ პროცესში ჩართვას. ჩემთვის ერთ-ერთ გამოწვევად რჩება ის ფაქტი, რომ ონლაინკონსულტაცია ინტერაქტიული არ გამოდის, მაინც ლექციურ ხასიათს ატარებს. მოსწავლეებს კი, ჯერჯერობით, არ აქვთ დისტანციური სწავლების გამოცდილება და, შესაბამისად, დისტანციური სწავლების უნარები.
ვისურვებდი, ყველა დარგის პროფესიონალების მიერ შეიქმნას კონკრეტული მეთოდოლოგიური მასალები ესგ-ს მიხედვით, რომელიც ხელმისაწვდომი იქნებოდა ყველა სკოლისთვის. მასწავლებლის როლი იქნებოდა მხოლოდ სწავლა სწავლების პროცესის მონოტორინგი. ძალიან ბევრი დრო ეხარჯება მასწავლებელს – იყოს გამართული ციფრული ტექნოლოგიების კომპეტენციებში და მოამზადოს, ასწავლოს ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით, სახალისოდ, საინტერესოდ და მოქნილ გრაფიკზე მორგებულად. ამ ეტაპზე, ეს სიძნელეები იქნება, თუმცა მნიშვნელოვანია, დავიწყოთ საუბარი ხარვეზებზე. ძირითადი გამოწვევა – ეს პროცესი ყველა მოსწავლისთვის იყოს ხელმისაწვდომი, სარგებლიანი და მიზნობრივი.“
ეკა წულუკიძე, მესტიის მუნიციპალიტეტის ფარის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელი, „ათეულის კლუბის წევრი“:
„მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ვემხრობით თუ არ ვემხრობით, მასწავლებლებს ახალ რეალობაში გვიწევს ჩვენი წილი პასუხისმგებლობის აღება. მოსწავლეებს ჩვენი თანადგომა სჭირდებათ და ამას ჩვენი სამოქალაქო პასუხისმგებლობაც პირდაპირ გვავალებს. რეალური საკლასო ოთახებიდან დისტანციურ საკლასო ოთახებში გვიწევს ჩვენს მოსწავლეებთან მისალმება, კონკრეტული ინსტრუქციებისა და დავალებების მიცემა.
არ არის ადვილი, მაღალმთიან სოფლებში გამართო დისტანციური სწავლება და გახვიდე შედეგზე, მაგრამ, ცხადია, გულზე ხელდაკრეფილებიც ვერ ვისხდებით.
მაღალმთიანი სოფლების პრობლემებს თუ გადავხედავთ, ასე გამოიყურება:
1) მოსწავლეთა ნაწილს არ აქვს კომპიუტერი;
2) სოფლებში არ არსებობს უწყვეტი ინტერნეტკავშირი;
3) ვისაც ხელი მიუწვდება ინტერნეტზე, ისიც ტელეფონით აზიარებს და მათ მეგაბაიტების შეძენა ძალიან ძვირი უჯდებათ, თანაც ასეთი ინტერნეტი უხარისხოა და ნელი;
4) მასწავლებლებს არ აქვთ სათანადო კვალიფიკაცია და გამოცდილება დისტანციური სწავლების მიმართულებით, არ აქვთ მრავალფეროვანი ინსტრუმენტების გამოყენების გამოცდილება;
5) მასწავლებელთა ნაწილს თავად არ აქვს კომპიუტერი.
როცა პრობლემების ნუსხა ასე გამოიყურება, ძნელია სკოლებს მოვთხოვოთ, რომ პედაგოგებმა სრულფასოვნად ჩაატარონ გაკვეთილები.
დისტანციური სწავლება აქტიურად რომ განვახორციელოთ, მხოლოდ სამი რამ გვჭირდება – კომპიუტერი, ინტერნეტი და მასწავლებელთა კომპეტენცია.
მაღალმთიან სოფლებში, სადაც მოსწავლეთა 80% სიღარიბის ზღვარს მიღმაა და ოჯახის შემოსავლების ყოველი თეთრი განაწილებული და გათვლილია, ვერ მოვთხოვთ, იყიდონ კომპიუტერი და ინტერნეტი, ამას ოჯახი ვერ შეძლებს. ამიტომ, ამ საკითხთან დაკავშირებით, მე ასეთი ხედვა მაქვს – თითოეულმა სკოლამ გააკეთოს აღრიცხვა და სახელმწიფომ, საჭიროებიდან გამომდინარე, ან სკოლამ, რომელსაც შესაძლებლობა აქვს, საკუთარი სახსრებით შეიძინოს ლეპტოპები ან ტაბლეტები ინტერნეტ მოწყობილობით. ეს აღჭურვილობა, დროებითი ხელშეკრულების საფუძველზე, გადაეცეს მშობლებს იმ მიზნით, რომ ბავშვები მხოლოდ სასწავლო პროცესში გამოიყენებენ, შემდეგ ისევ სკოლას დაუბრუნდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან განათლების სამინისტრომ ყველა მოსწავლეს, თავის დროზე, აჩუქა ბუკები, წესით, დაწყებით კლასებში არ უნდა იყოს ამის პრობლემა, მაგრამ დღეს ეს მოწყობილობები გამოსულია მწყობრიდან, რადგან არავინ იყენებდა მათ დანიშნულებისამებრ, დაუდევრობამ გამოიყვანა მწყობრიდან.
ამ საგანგებო სიტუაციის დროს შეძენილი კომპიუტერები დარჩება სკოლის ბაზაზე და როცა ეს ყველაფერი ჩამთავრდება, სკოლებს ექნებათ ძალიან მდიდარი ისტ ლაბორატორია და სასწავლო პროცესში ყველა მოსწავლისთვის ხელმისაწვდომი გახდება ტექნოლოგიები.
მეორე, ასევე მნიშვნელოვანი საკითხია პედაგოგებისთვის ონლაინ ტრენინგების ჩატარება, რაც სავსებით შესაძლებელია და მასწავლებლის სახლს ამის დიდი გამოცდილება აქვს. მომავალში სკოლას დარჩება გადამზადებული კადრები და მრავალფეროვანი სასწავლო პროცესი.
მესამე თემა, რაც ვფიქრობ, ასევე საშური საქმეა, სამინისტროს ჰქონდეს საგანგებო სიტუაციების მართვის სტრატეგია, დაეხმაროს სკოლებს, განსაკუთრებით მაღალმთიან სოფლის სკოლებს, რადგან დიდთოვლობის დროს, შორი სოფლებიდან, მოსწავლეები კვირეების განმავლობაში ვერ ახერხებენ სკოლაში სიარულს და წყდებიან სასწავლო პროცესს, ამ სიტუაციაშიც კი ვერ ახერხებს სკოლა მართოს პროცესი. ძალიან მნიშვნელოვანია, სკოლებმა შექმნან ისეთი რესურსი, რომ ნებისმიერი გადაუდებელი სიტუაციის დროს ყველა მოსწავლე იყოს ჩართული საგაკვეთილო პროცესში და, რაც მთავარია, ამას დისტანციურად ახერხებდეს.
როგორ შევძელი მეპასუხა გამოწვევებისთვის? ვერ ვიტყვი, რომ საქმე იდეალურად მაქვს აწყობილი, ხელისშემშლელი მიზეზები აქაც ინტერნეტი და კომპიუტერული მოწყობილობების უქონლობაა.
ამ ეტაპზე, ინტენსიურ რეჟიმში ვატარებ გაკვეთილებს მე-5, მე-7 და მე-12 კლასებში, კვირის ბოლომდე ვგეგმავ, დანარჩენი ორი კლასიც მოვიცვა.
გაკვეთილის ჩასატარებლად, ამ ეტაპისთვის, საუკეთესო გამოსავლად მივიჩნიე ფეისბუქჯგუფი, სადაც გავაწევრიანე მოსწავლეთა მშობლები. რა თქმა უნდა, მოსწავლეთა ინტერესებიდან გამომდინარე, ვიდეოზარის მეშვეობით, ჩვენ ვახერხებთ პირდაპირ კომუნიკაციას, დისკუსიას, კითხვა-პასუხის რეჟიმში მუშაობას და კითხვას, პარალელურად, თითოეული კლასისთვის მაქვს one note -ინსტრუმენტი, სადაც ვათავსებ ყველა საჭირო რესურსს, დავალებებს, დავალების პირობებს, ვქმნი ტესტებს google forms ინსტუმენტში, რაც მარტივად ხელმისაწვდომია მოსწავლეებისთვის და ინტერნეტიც ნაკლები სჭირდებათ.
თუმცა, ამ კლასებში მყავს მოსწავლეები, რომლებიც ისეთ სოფლებში ცხოვრობენ, სადაც ინტერნეტს დაბალი სიჩქარე აქვს და ისინი ვერ ახერხებენ სრულფასოვან ჩართვას, ასეთი შემთხვევაში, წერილობით კომუნიკაციაზე გადავდივართ.
ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესში მშობლების ჩართულობა, მათთან კომუნიკაცია და მათი მხარდაჭერა დამეხმარა რიგ კლასებში ძალიან კარგ შედეგებზე გასვლაში.
შედეგად, მოსწავლეები მუშაობენ, ჩვენ ვახერხებთ, ესგ-ს სტანდარტის შესაბამისად, დასახულ მიზნებზე გასვლას.
სიტუაციაში სწრაფად ადაპტირებაში დამეხმარა ის გამოცდილება, რომელიც წლების განმავლობაში დამიგროვდა ისტ ტექნოლოგიების გამოყენების მიმართულებით, ამიტომ ვუსვამ ხშირად ხაზს, რომ უსწრაფესად უნდა მოხდეს პედაგოგებში ამ კვალიფიკაციის ამაღლება და ეს მოსწავლეებთან დისტანციური სწავლების პარალელურად უნდა განხორციელდეს.
დღეს ის დროა, როცა თითოეულმა ჩვენგანმა უნდა აიღოს თავისი წილი პასუხისმგებლობა, იზრუნოს ბავშვების განათლების ხელმისაწვდომობაზე, სახელმწიფომ უნდა გაიღოს რესურსი, მოხდეს მოსწავლეთა აღჭურვა ინტერნეტითა და კომპიუტერით, მასწავლებლების კი – კვალიფიკაციით ,აქტიურად უნდა ჩატარდეს ცნობიერების ასამაღლებელი ტრენინგები მშობლებისა და მასწავლებლებისათვის, რომ ამ სიტუაციაში დავიცვათ ბავშვთა უფლებები და კიბერუსაფრთხოება, რადგან მოულოდნელად თავსდატეხილმა სიტუაციამ ბევრი დეტალი დატოვა უყურადღებოდ, მაგალითად, ფოტოებისა და ვიდეომასალის გასაჯაროვება, მომრავლდა მოზარდების გახსნილი ფეისბუქექაუნტები, რაც არანაკლებ საფრთხეს უქმნის ბავშვებს, ამიტომ ინტენსიურ რეჟიმში უნდა ვიმუშაოთ მოსწავლეთა კიბერუსაფრთხოებაზე.“
ნათია კურტანიძე, ნოდარ ხადურის სახელობის გორის მინიციპალიტეტის სოფელ ქვეშის საჯარო სკოლისა და ვაჟა-ფშაველას სახელობის გორის მე-9 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურისა და ტექნოლოგიების მენტორი მასწავლებელი, „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ 2019 წლის ფინალური ხუთეულის წევრი:
„დისტანციურ სწავლებაზე გადასვლამ დამატებითი სირთულეები არა მარტო მასწავლებლებისთვის შექმნა. თუმცა, ჩემი სკოლის მაგალითზე რომ გითხრათ, მეტი წილი კოლეგებისა მონდომებულია და უმეტესს აქვს მოტივაცია, შეუდგეს ამ ტიპის მუშობას.
დიახ, ნამდვილად არ ვიყავით მზად დისტანციური სწავლებისათვის. არ ვიყავით მზად იმისთვის, რომ ასე მცირე დროში და ფორსმაჟორულ სიტუაციაში შევდგომოდით ფრიად მნიშვნლოვან, ურთულეს საქმეს. თუმცა, დღეს მოცემულობაა ასეთი და გულხელდაკრეფილნი ვერ დავხვდებით. არ გვაქვს მოლოდინი და ილუზია იმისა, რომ ეს ძალზე პროდუქტიული ჩარევა იქნება, მაგრამ რაც შეგვიძლია, იმისთვის ძალღონეს არ დავიშურებთ.
როგორც ცნობილია, ჩვენმა სამინისტრომ სკოლებს სამუშაოდ შესთავაზა Microsoft office 365-ის პლატფორმა, რომელიც ძალზე მოსახერხებელია. მასში გაერთიანებულია ბევრი საჭირო ინსტრუმენტი სრულფასოვანი სასწავლო პროცესის წარმართვისთვის. მე პირადად, აღნიშნულ პლატფორმაზე მუშაობის საკმაოდ დიდხნიანი გამოცდილება მაქვს და სწავლებაში აქტიურად ვიყენებ ონლაინ ინსტრუმენტს Teams. სწორედ ეს გამოცდილება მაძლევს საშუალებას, რომ კოლეგებს ტექნიკურად დავეხმარო.
ყველაზე მთავარი – ინტერნეტის პრობლემა, როგორც ბევრ ადგილას, ჩვენთანაც არსებობს. ხშირ შემთხვევაში, ვიყენებთ მობილურ ინტერნეტს, მაგრამ, როგორც იცით, ეს არ არის იოლი და იაფი „სიამოვნება“. თავად მოსწავლეთა მხრიდან კი, საკმაოდ დიდია მოლოდინი, მაღალია მათი მოტივაცია. ინტერესით ერთვებიან პროცესში ბუკებით, სმარტფონებით და ა.შ. ბავშვებთან, რომლებსაც არც ამის საშუალება აქვთ, მასწავლებლები ცდილობენ კომუნიკაციის სხვა არხების გამოყენებას.
რაოდენ მტკივნეულიც არ უნდა იყოს ამის აღიარება, დისტანციური სწავლების ერთ-ერთი პრობლემა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, პედაგოგთა დიდი ნაწილის დაბალი ციფრული უნარებია. მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებელთა სახლი, წლების განმავლობაში, ატარებს ტრენინგებს ტექნოლოგიების მიმართულებით, ამ მხრივ, სახარბიელო მდგომარეობა ნამდვილად არა გვაქვს. აღნიშნულ პრობლემასთან გასამკლავებლად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, შექმნილია ქვეპროგრამის „ახალი სკოლის მოდელი“ ტექნოლოგიების ექსპერტთა საკმაოდ კვალიფიციური გუნდი, რომლის წევრებიც მზად ვართ, მოხალისეობრივად დავეხმაროთ სკოლებს office 365-ის, კერძოდ კი Teams-ის დანერგვაში. აღნიშნულ პროექტში მონაწილე სკოლებში ამ ონლაინ ინსტრუმენტების გამოყენების გამოცდილება უკვე საკმაოდ დაგროვდა, შესაბამისად, ისინი, ასე თუ ისე, შეუდგნენ კიდეც საქმეს. ზუსტად იგივე იგეგმებოდა, მომავალში, სხვა სკოლებშიც, თუმცა მოცემულმა სიტუაციამ აიძულა მასწავლებლები დროის მოკლე მონაკვეთში დაუფლებოდნენ დისტანციური სწავლებისათვის საჭირო ტექნიკურ უნარებს, ეს კი არც თუ ისე იოლია.“
მოამზადა ლალი ჯელაძემ