რუბრიკის „ქართველი სტუდენტები უცხოეთში“ სტუმარია დავით კახაბერი
? საუბარი მოსწავლეობის პერიოდიდან დავიწყოთ… საინტერესო პროფესიებიდან, საბოლოო არჩევანს, ფილოსოფიაზე აკეთებ, შემდეგ სასწავლებლად უცხოეთში მიემგზავრები… რამ განაპირობა პროფესიის არჩევა?
? ვსწავლობდი თბილისის 51-ე საჯარო სკოლაში. ჯერ კიდევ მოზარდობისას დავინტერესდი ქრისტიანული თეოლოგიით, მაგრამ სკოლის დამთავრების შემდეგ ჟურნალისტიკისა და სოციალური მეცნიერებების შესწავლა გადავწყვიტე. პირველ კურსზე ფილოსოფიის შესავალს გავდიოდი და სწორედ მაშინ გადავწყვიტე, ეს სფერო ჩემს პროფესიად მექცია. თავიდან დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში ვსწავლობდი. იქიდან გამომდინარე, რომ ეს უნივერსიტეტი კომპეტენტური კადრებითა და მაღალი სტანდარტებით არ გამოირჩეოდა, სასწავლებლის შეცვლა გადავწყვიტე და ილიას უნივერსიტეტში გადავედი. იქ კი, სახელდობრ ფილოსოფია ავირჩიე პროფესიად. ოთხწლიანი ბაკალავრიატი სადიპლომო ნაშრომით — „ფროიდის „შემზარავის“ ასპექტები რენე ჟირარის „განტევების ვაცის“ თეორიაში“ — დავასრულე. ამის შემდეგ მაგისტრატურაში ვაპირებდი სწავლის გაგრძელებას და საბუთები ერაზმუს მუნდუსის პროგრამაზე — „ევროფილოსოფია — გერმანული და ფრანგული ფილოსოფიები ევროპულ სივრცეში“ — გავგზავნე. დადებითი პასუხის შემდეგ სასწავლებლად ტულუზის უნივერსიტეტში წავედი.
? რა სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს კანდიდატი, ტულუზის უნივერსიტეტში რომ ჩაირიცხოს, რამდენწლიანია და რა ღირს სწავლა? სტიპენდიის შენარჩუნება რთულია?
? ევროფილოსოფია ერაზმუს მუნდუსის პირველი აქტივობის პროგრამაა, რაც ოთხი სემესტრის განმავლობაში სხვადასხვა უნივერსიტეტში მობილობასა და გამუდმებულ მოძრაობას გულისხმობს. ჩემი ინტერესიდან გამომდინარე, რომელიც ფრანგულ ფილოსოფიას უკავშირდება, მხოლოდ ფრანკოფონულ უნივერსიტეტებზე შევჩერდი და ტულუზასა და პრაღაში ვისწავლე ფრანგულ ენაზე. ამ პროგრამის შესარჩევი ეტაპები მარტივია, თუმცა მრავალ დოკუმენტს მოითხოვს. შესაბამისად, ყველა ის კრიტერიუმი, რომლითაც კანდიდატი ფასდება, სხვადასხვა სტანდარტის დაკმაყოფილებას ითხოვს — იქნება ეს ნიშნების ფურცელი, სარეკომენდაციო წერილი თუ კვლევითი პროექტი. თითოეული მათგანი სტუდენტის შესაძლებლობების წარმოჩენას ემსახურება. სწორედ ამ დოკუმენტების განხილვის შემდეგ წყვეტს აკადემიური საბჭო მიანიჭოს თუ არა სტუდენტს სტიპენდია, რომელიც ფარავს როგორც ცხოვრების, ასევე სწავლის საფასურს. ფილოსოფიას ტულუზისა და პრაღის კარლის უნივერსიტეტებში ვსწავლობდი. პროგრამის ფარგლებში, სწავლა ორწლიანია და თითო სემესტრი, თუ არ ვცდები, ოთხი ათას ევრომდე ღირს, რასაც სტიპენდიანტი სტუდენტებისათვის პროგრამა ფარავს. სტიპენდიის შენარჩუნება კრედიტების მოპოვებაზეა დამოკიდებული.
? მოთხოვრამდენად ნადი პროფესიაა “ფილოსოფია” საქართველოში და საზღვარგარეთ? რასთან არის დაკავშირებული თანამედროვე ფილოსოფიის ძირითდი ტენდენციები?
? ფილოსოფია ანტიკურ საბერძნეთში წარმოიშვა და, მოგეხსენებათ, მაშინდელი ბერძნული საზოგადოების სტრუქტურა საშუალებას იძლეოდა ეარსებათ ადამიანებს, რომელთა საქმიანობაც მხოლოდ ფიქრი და განსჯა იქნებოდა. ამიტომ მიმაჩნია, იმისათვის, რომ იყო ფილოსოფოსი მთელი შენი პროფესია აზროვნებასა და განსჯას უნდა დაუთმო ან პროფესიული სამუშაოს შემდეგ, ძალიან ბევრი თავისუფალი დრო უნდა გქონდეს.
თანამედროვე სამყაროში, სადაც სამეცნიერო დისციპლინები იმდენად დავიწროვდა, რომ ისეთი დისციპლინაც არსებობს, როგორიცაა კონფლიქტოლოგია, ფილოსოფია დღითი დღე ნაკლებად მოთხოვნადი ხდება. აქედან გამომდინარე, აკადემიური დაწესებულებებისათვის ფილოსოფიის დეპარტამენტებისა და ფაკულტეტების შენარჩუნება ერთგვარ ფუფუნებად იქცა.
დიდ ევროპულ უნივერსიტეტებში ფილოსოფიის სწავლება უკვე ტრადიციაა და აკადემიური სივრცის სიმბოლოდ იქცა. საქართველოში, უნივერსიტეტების სიმრავლის მიუხედავად, სტუდენტებს მხოლოდ ერთეულებში შეუძლიათ დაეუფლონ ფილოსოფიას, როგორც პროფესიას. დღესდღეობით, როგორც მთელ მსოფლიოში, საქართველოშიც ბიზნესის ადმინისტრირება და სამართალმცოდნეობა უფრო მოთხოვნადი სფეროებია, ვინაიდან ამ პროფესიების წარმომადგენლები უფრო ხილვად და სწრაფ პროდუქტს ქმნიან, ვიდრე ფილოსოფოსები, რომელთა საქმიანობაც, გარკვეულ შემთხვევაში, შეიძლება უფრო მნიშვნელოვანიც კი იყოს.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, თანამედროვე ფილოსოფია თავის გადარჩენას ინტერდისციპლინარულობით ცდილობს. მაგალითად, შემეცნების თეორიის მკვლევარი ფილოსოფოსები ხვდებიან, რომ ნეირომეცნიერებების შესწავლის გარეშე შეუძლებელია შემეცნებაზე საუბარი, ამიტომ წარმოიქმნა ისეთი მიმდინარეობა, როგორიცაა ნეიროფენომენოლოგია. ამის ფონზე ფრანგული თანამედროვე ფილოსოფია პოლიტიკურ და ფსიქოლოგიურ მეცნიერებებს იყენებს სხვადასხვა განსჯებისათვის და ა.შ. პირობითად, ორგვარ ფილოსოფიას გამოვყოფდი — ხალხურს და აკადემიურს. ხალხური ფილოსოფია პირველი მოაზროვნე ადამიანის წარმოქმნის დღიდან არსებობს და სანამ ადამიანებს აზროვნება შეგვეძლება, ისიც იარსებებს. ხალხური ფილოსოფიაა, როგორც აბორიგენული ტომების მიერ შექმნილი მითები მზის ჩასვლა-ამოსვლასთან დაკავშირებით, ასევე ქართულ სუფრაზე გაჟღერებული სადღეგრძელოებიც.
აკადემიური ფილოსოფია ზედმიწევნითი და კრიტიკულია. მასში არ არსებობს დოგმატიკა და ყოველთვის ექვემდებარება კრიტიკას. თუ ფილოსოფოსმა არ იცის კაცობრიობის აზროვნებისა და იდეების ისტორია, შეიძლება იმის მტკიცება დაიწყოს, რაც უკვე ბევრჯერ განმეორებულა. გარდა ამისა, როგორც უკვე აღვნიშნე, ფილოსოფიური აზრი არგუმენტებით გამყარებას ითხოვს, ამის მოხერხება კი აკადემიური ტრადიციის გარეშე შეუძლებელია.
? საქართველოს პატრიარქი ერთ-ერთ ქადაგებაში ამბობს: „კარგი იქნებოდა, ყველა უმაღლეს სასწავლებელში ისწავლებოდეს ზნეობრივი ფილოსოფიის კურსი. არ არსებობს ისეთი ღვთისმეტყველი ან ფილოსოფოსი, რომელიც არ ეხებოდეს ადამიანის ზნეობის საკითხებს. ამ ფილოსოფოსთა განსჯის გაცნობა მეტად გაამდიდრებს ჩვენი ახალგაზრდების სულიერ სამყაროს“.
შენი აზრით, სად ხედავ შენი პროფესიის როლს, რა სარგებლობის მოტანა შეუძლია მას ქვეყნისთვის?
? ილიას უნივერსიტეტში ვასწავლით საგანს, რომელსაც ეწოდება „შესავალი თანამედროვე აზროვნებაში“. ამ საგნის ფარგლებში, პირველი კურსის სტუდენტები ეცნობიან ისეთ ავტორებს, როგორებიც არიან: პლატონი, პავლე მოციქული, მაკიაველი, კანტი და სხვები. ეს კურსი, ჩემთვის, ქართული აკადემიური სივრცის ძალიან დიდი მიღწევაა, ვინაიდან ამ ავტორთა იდეები და, ზოგადად, ეს ტექსტები სტუდენტებს ანახებს გზას სამოქალაქო საზოგადოებამდე და სამოქალაქო ცნობიერებამდე.
დღეს, როდესაც საქართველოში დარღვეულია ყველა ის პრინციპი, რომლებსაც ცივილიზებული საზოგადოება ეფუძნება, ვფიქრობ, ეთიკის ფილოსოფიის წარმოება და სწავლება ვიტალურ საჭიროებას წარმოადგენს.
განსაკუთრებით საყურადღებოა პიროვნებისა და თავისუფლების მნიშვნელობის გაგება. ჩვენ არაერთხელ გვინახავს საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ერთმანეთს ცხოველური აგრესიით ეპყრობიან. ამ აგრესიას ვაწყდებით როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ასევე უზარმაზარი მასშტაბით, როდესაც ერიც და ბერიც, ხუთიათასამდე ადამიანი, მოსაკლავად მისდევს ოცდაათ ადამიანს.
ეს ყველაფერი იმის მაგალითია, რომ თანამედროვე ქართულ საზოგადოებაში ადამიანები ერთმანეთს აღიქვამენ საშუალებად და არა მიზნად. ინსტიტუციები, რომლებიც უნდა ზრუნავდნენ ერის ზნეობრივ განვითარებაზე, დღეს, საკუთარ ფუნქციას ვერ ასრულებენ. ამიტომ ფილოსოფიას ბევრი საქმე აქვს. დღეს, ჩემი აზრით, ქართული ფილოსოფია სწორედ ეთიკური ნორმატივების კულტივირების პროცესში შეიძლება განვითარდეს და საბოლოო პროდუქტად ჯანსაღი სამოქალაქო ცნობიერება შექმნას, რომელიც სიძულვილისა და სტერეოტიპული აზროვნებისაგან იქნება დაცლილი.
? ამბობენ: ბევრისთვის ფილოსოფია ფუჭად დროის ხარჯვაა, რადგან ფილოსოფიურ კითხვებს პასუხი მანამ არ გაეცემა, სანამ კაცობრიობა იარსებებს — ეთანხმები, დავით, ამ მოსაზრებას?
? წინა შეკითხვის პასუხიდან გამომდინარე ვიტყვი, რომ ფილოსოფია ხშირად ისეთ იდეებს ქმნის,რომლებიც რევოლუციური მნიშვნელობისაა ხოლმე საზოგადოებისათვის. ამის საუკეთესო მაგალითია განმანათლებლობა და საფრანგეთის რევოლუცია. ფილოსოფიურ კითხვებზე პასუხის გაცემა აბსოლუტურად შესაძლებელია და ამას უკვე ვხედავთ, თანამედროვე დასავლური საზოგადოებისა და ცივილიზაციის სახით. ვფიქრობ, ფილოსოფია მას შემდეგ ხდება დროის ფუჭი ხარჯვა, როცა აკადემიურ სივრცეს სცილდება და, ბევრ შემთხვევაში, ეზოთერიკას ემსგავსება.
? პროფესიიდან გამომდინარე, ალბათ, ძალიან ბევრ საინტერესო ადამიანთან მოგიწია შეხვედრა. მიამბე, ტულუზის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამებისა და ლექციების შესახებ, საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკების მნიშვნელობაზე…
? ტულუზის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში საშუალება მქონდა შევხვედროდი სხვადასხვა საინტერესო მოაზროვნეს. პირველ სემესტრში, სწავლის დაწყებამდე, საზაფხულო სკოლის მსგავსი საინტეგრაციო სემინარები გვქონდა. ამ სემინარებისა და ატელიეების ფარგლებში, ერთ საინტერესო და საკმაოდ ცნობილ თანამედროვე ფილოსოფოსთან მომიწია შეხვედრა — ლუის გორდონი ნიუ-იორკის უნივერსიტეტიდან გვეწვია. ძალიან საინტერესო პიროვნება იყო, გერმანელი ფილოსოფოსების ფონზე, რომლებიც ძირითადად ეტიკეტის ყველა წესს იცავენ, ფეხშიშველი იყო და გულზე პატარა საქსოფონი ეკიდა. მოგვიანებით გაგვიმხილა, რომ ფილოსოფიისგან თავისუფალ დროს ჯაზს უკრავდა. ეს პიროვნება თანამედროვე ფილოსოფიაში ე.წ. შავი ეგზისტენციალიზმის კვლევებითაა ცნობილი. ეს მიმდინარეობა შეისწავლის რასობრივ უმცირესობებს ეგზიტენციალურ და ფენომენოლოგიურ ჭრილში.
რაც შეეხება ტულუზის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას, საკმაოდ დიდია. თუმცა აღსანიშნავია, რომ ქალაქის მედიათეკა გაცილებით უფრო ფართო არჩევანს იძლევა და ჩემი საყვარელი შენობა იყო, უთვალავი წიგნითა და სხვა აუდიო და ვიზუალური მასალით. ყოველივე ეს, სტუდენტებს, ჩვენი კვლევების დროს, სასიცოცხლო დახმარებას გვიწევდა.
? ზოგადად, რა შეგიძლია მიამბო ფრანგული საუნივერსიტეტო განათლებაზე
? ფრანგულ უნივერსიტეტებს ლიბერალური განათლების პოლიტიკა აქვთ არჩეული, რაც იმასაც გულისხმობს, რომ სტუდენტი უფრო მეტ დროს უთმობს კვლევას, ვიდრე კონკრეტული ფორმულის დაზეპირებას. ეს იმის საშუალებასაც იძლევა, რომ შეინარჩუნო შენი ინტერდისციპლინარული ინტერესები, რასაც, როგორც წესი, უნივერსიტეტები მხარს უჭერენ და ახალი იდეებისთვის ბოლომდე ღია რჩებიან.
? სწავლის პერიოდში ხომ არ მოგიწია სასწავლებლიდან რომელიმე ქვეყანაში სტუმრობა? კერძოდ სად და რა მიზნით?
? სწავლის პერიოდში, პროგრამის მონაწილეები, ორ-ორი კვირით, ორჯერ ვიყავით სამუშაო სემინარებზე. ერთხელ — ბარსელონას ავტონომიურ უნივერსიტეტში და მეორედ — პარიზში, ეკოლ ნორმალ სუპერიორში. სემინარებზე საშუალება გვქონდა, ჩვენ თვითონ დაგვეორგანიზებინა ატელიეები სხვადასხვა თემებზე, იქნებოდა ეს სპინოზას ფილოსოფია, ჰუსერლის ფენომენოლოგია თუ ფემინიზმის უახლესი დისკურსი.
? მიამბე, როგორია ფრანგი ხალხის, ახალგაზრდების ცხოვრება, რა არის მათთვის პრიორიტეტული?
? საფრანგეთი ჩემი საყვარელი ქვეყანაა. მიუხედავად იმისა, რომ საცხოვრებლად უძვირესი და ინფრასტრუქტურულად არც ისე „იუზერფრენდლი“ ქვეყანაა, მაინც ძალიან მიყვარს. ქალაქი, რომელშიც ვცხოვრობდი — ტულუზა, დაახლოებით თბილისის ზომისაა, მაგრამ შედარებით ნაკლები მოსახლეობით. შუა საუკუნეების ქალაქია და მის გულში ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთი უდიდესი მოღვაწე — თომა აქვინელი განისვენებს. მსგავსი მედიავისტიკური მისტიკური ესთეტიკის ფონზე, ტულუზა სტუდენტური ქალაქია და ყოველთვის მოძრაობაშია. ყოველ საღამოს კაფე-ბარების მაგიდები იშლება ვიწრო ქუჩებში და გვიანობამდე ხმაურია.
სტუდენტები სხვადასხვა სპეციალობებს ეუფლებიან, მაგრამ, როგორც პირადი საუბრებიდან ვიცი, საფრანგეთშიც ბიზნეს ადმინისტრირება და სამართალმცოდნეობა გამოირჩევა პოპულარობით. თუმცა, მიუხედავად ამისა, ჰუმანიტარული ფაკულტეტები მაინც არ უჩივიან სტუდენტთა რაოდენობასა და ინტერესს.
? სტუდენტური არდადეგების პერიოდში, გქონდა საშუალება სხვა ქვეყნებში გემოგზაურა?
? სწავლის პერიოდში ხშირად გვქონდა ერთკვირიანი დასვენებები, რაც საშუალებას იძლეოდა მემოგზაურა. საფრანგეთსა და ჩეხეთში სწავლის პერიოდში სხვა ბევრ ევროპულ ქალაქსა და ქვეყანას ვესტუმრე. თანამედროვე ხელოვნება მაინტერესებს და ამიტომ, ჩემი მიმართულება ხშირად გალერეებისა და მუზეუმების კალენდრებითაც განისაზღვრებოდა ხოლმე.
? მომავალი როგორ გესახება, სად აპირებ დამკვიდრებას? ამჟამად რა საქმიანობას ეწევი?
? ამჟამად თბილისში ვიმყოფები. ჩემს მეორე სამაგისტრო პროგრამას — პოლიტიკის ანთროპოლოგიას დავუბრუნდი. მიმაჩნია, რომ პოლიტიკის ანთროპოლოგია გაცილებით მულტიდისციპლინარულია, ვიდრე ფილოსოფია. გადავწყვიტე, ჩემი აკადემიური ცოდნა ჩემს წარსულ სამუშაო გამოცდილებას დავუკავშირო და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების შესწავლას მივყო ხელი. გარდა ამისა, მიმაჩნია, რომ დღეს საქართველოში ეს სფერო სასიცოცხლო მნიშვნელობისაა და მინდა ჩემი წვლილი შევიტანო ამ პროცესში. არ მინდა გავუშვა შანსი, ვიყო ისტორიის ნათელ მხარეს.
? როგორ ფიქრობ, საზღვარგარეთ მიღებული განათლება, საქართველოში დასაქმებაში გადამწყვეტ როლს ითამაშებს?
? ბუნებრივია, საქართველოში დიდი მნიშვნელობისაა ევროპული და დასავლური განათლება. თუმცა, მე იმ ადამიანთა რიცხვს მივეკუთვნები, ვისთვისაც სამუშაო გამოცდილება უფრო ფასობს, ვიდრე კარგი ნიშნებით მოპოვებული სერტიფიკატი, ამიტომ მიმაჩნია, რომ საქართველოშიც და ზოგადად დასავლურ ქვეყანათა უმრავლესობაში, მთავარი გამოცდილებაა და არა სერტიფიკატების რაოდენობა.
ესაუბრა მაკა ყიფიანი